ინტერნეტმომხმარებელმა გუგა, იგივე გურამ მგელაძემ "ფეისბუქის“ პირად გვერდზე ვაჟა-ფშაველას "გაცოცხლებული“ ფოტო გამოაქვეყნა, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა...
დავინტერესდით, ვინ არის ამ ნამუშევრის ავტორი და როგორ შეძლო ეს?
გურამ მგელაძე ბათუმის მკვიდრია, დამთავრებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კერძოდ, ინგლისური ფილოლოგიის მაგისტრატურა ანგლო-ამერიკული ლიტერატურის განხრით. პარალელურად დაკავშირებულია თეატრთან.
"ბოლო სამი წელია, აქტიურად ვარ ჩართული ბათუმის მონოპიესების საერთაშორისო ფესტივალში, რომელშიც მონაწილეობენ არა მხოლოდ ქართველი დრამატურგები, რეჟისორები და მსახიობები, არამედ უცხოელი ხელოვანებიც,“ - გვიყვება გურამი.
რაც შეხება ვაჟა-ფშაველას "გაცოცხლებულ“ ფოტოს, მასზე გვეუბნება:
"სრულიად შემთხვევით, ჩემი ერთ-ერთი მეგობრის "ფეისბუქგვერდზე“ ილიას "გაცოცხლებული“ ფოტო აღმოვაჩინე, ძალიან მომეწონა, რომელსაც მეგობრებისგანაც ასევე დიდი მწონება ჰქონდა. შემდეგ დავინტერესდი, - მეც შევძლებდი თუ არა იმავეს. როგორც გავარკვიე, არსებობს საიტი, რომელიც იმისთვისაა, რომ ადამიანებმა წინაპრების ძველი, გახუნებული ფოტოები "გააცოცხლონ“, რომ დროსთან კონტაქტი შედგეს. საიტს ასევე აქვს ფუნქცია - შეადგინოს ოჯახის საგვარეულო ხე. იქ დარეგისტრირება ყველას შეუძლია. თავიდან, ერთი კვირის განმავლობაში, ადამინებს შეუძლიათ, უფასოდ ჩაერთონ მათ სისტემაში, მერე უკვე ფასიანი ხდება...
მოკლედ, გადავწყვიტე, ვაჟა-ფშაველა "გამეცოცხლებინა“, დიდი მწერალი, რომლის შემოქმედებაშიც იგრძნობა მოდერნისტული ესთეტიკა, რაც ევროპული კულტურისთვის უფრო ფუნქციური იყო. ის ნიშნები, რაც ჩვენ სხვა ავტორებთან დაგვიანებით შემოვიდა, ვაჟასთან გაცილებით ადრე გაჩნდა. ამიტომაც დამაინტერესა ამ მწერალმა. გარდა ამისა, შევარჩიე ისეთი ფოტო, სადაც მას უკვე ცალი თვალი ციმბირის წყლულის შედეგად გაფუჭებული ჰქონდა და შეგრძნების დონეზე ესეც ემოციური აღმოჩნდა“ - ამბობს გურამი.
- ე.ი. დანარჩენი უკვე საიტმა გააკეთა, ხომ?
- კი, ჩემი მხრიდან მხოლოდ ის იყო, რომ ფოტო შევარჩიე, დანარჩენი, თავად ვებგვერდმა გააკეთა, რამაც მართლა გამაოცა...
- საინტერესოა ისიც, რომ მისი შედარებით ნაკლებად ცნობილი ფოტო შეარჩიეთ...
- საერთოდ, ცნობილი კლასიკოსი ავტორების უცნობი ფოტოები მიყვარს, რადგანაც მათში უფრო იგრძნობა ხასიათი... მოკლედ, ამ შედეგით კმაყოფილი ვარ.
რაც შეეხება თავად იმას, რას ამბობს ეს ფოტო - ამაზე ფრანგი ფილოსოფოსის ბარტის ციტატით გიპასუხებთ: "ფოტო ჩემთვის წარმოადგენს უცნაურ მედიუმს, ჰალუცინაციის ახალ ფორმას“. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფოტოგრაფია გამოსახულებას აქვავებს დროში - თან ცოცხალია და თან - არა.
შესაბამისად, როცა თანამედროვე ტექნოლოგიას შეუძლია ფოტო "გააცოცხლოს,“ აამეტყველოს, ჩვენ ვეხებით წარსულ დროს, იმ ეპოქას, პერიოდს, რომელიც დაკარგულია დ გაბნეულია ტექსტებში, ფოტოსურათებში, ალბომებში. სიძველის ეფექტით დიალოგის მომენტი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამასთანავე, თითქოს დიალოგი ჩემსა და მწერალს შორის თვალებით შედგა... მეგობრებიც გაოცებულები იყვნენ, ზოგიერთმა მითხრა, - ცრემლიც კი მოგვერია, ემოციურად ისეთი იყო, გავშეშდითო... მაგრამ ვიმეორებ, გაცილებით მეტი გამოხმაურება ჰქონდა ილიას ერთ-ერთ ცნობილ ფოტოს.
- და რა გითხრათ ვაჟამ?
- კონკრეტულად ვერ ვიტყვი, მაგრამ სევდიანი მზერა ჰქონდა. ალბათ იმიტომ, რომ იცის, რაც ხდება დღეს...
კარგი იქნება კლასიკოსებს უკეთ ვიცნობდეთ, ვიდრე "ვიცნობთ“. ზოგჯერ სადღეგრძელოს დონეზე გვიყვარს ხოლმე, რაღაც ციტატებით, ფრაზებით. სასურველი იქნება, რეალურად ვკითხულობდეთ მათ შემოქმედებას, როგორც სკოლაში, ისე სკოლის შემდეგ. დიახ, ლიტერატურას უნდა მივუბრუნდეთ...