ავტორი:

"არის შემთხვევები, 11-12 წლის ბავშვს ეუბნებიან, ქალი ხარ, შენ გამოიწვიე და შენი ბრალია ასე რომ მოხდაო" - ბავშვებზე სექსუალური ძალადობის თავზარდამცემი ისტორიები (საგანგაშო სტატისტიკა)

"არის შემთხვევები, 11-12 წლის ბავშვს ეუბნებიან, ქალი ხარ, შენ გამოიწვიე და შენი ბრალია ასე რომ მოხდაო" - ბავშვებზე სექსუალური ძალადობის თავზარდამცემი ისტორიები (საგანგაშო სტატისტიკა)

"მამას ყველა ძმაკაცს ვიცნობდი, გარდა ერთისა. ის კაცი ცხოვრებაში ნანახი არ მყავდა. მამამ გამაცნო. ერთი შეხედვით ნორმალური ადამიანი იყო. ერთხელაც დაიწყეს დალევა. მე და ბებიაჩემი მეორე ოთახში ვიყავით. ბებია ტელეფონზე საუბრობდა და სამზარეულოში გავედი. დაახლოებით რამდენიმე წუთში ის კაცი შემოვიდა და მითხრა, რომ წყლის დალევა სურდა, მეც გავუვსე ჭიქა წყლით და მივაწოდე, დალიაა, ჭიქა მაგიდაზე დადო და შემომაშტერდა. ვკითხე, კიდევ რამე ხომ არ უნდოდა. წინ წამოიწია და ტუჩებში მაკოცა. სახე გვერდზე გავწიე. რომ აღარ შემეშვა, ის ჭიქა, რომელიც მაგიდაზე დადო, ვესროლე. ჭიქის დამტვრევის ხმაზე ბებიაჩემი შემოვარდა, მე დამიწყო ჩხუბი. ბებიაჩემმა ნამსხვრევები აიღო, ეს კაცი კი დაუბრუნდა ქეიფს. დედას ყველაფერი მოვუყევი. მითხრა, რომ მამაჩემს დაელაპარაკებოდა და ის კაცი აქ აღარ მოვიდოდა. მეორე დღეს დედა დაელაპარაკა, მაგრამ ბებიაჩემი ყველაფერში ერეოდა და მე მაბრალებდა ყველაფერს... მამაჩემიც მის მხარეს იჭერდა, და იმ დღეს დედამ მტკიცედ გადაწყვიტა მამასთან განშორება. ის კაცი კი ცხოვრებაში აღარ მინახავს, და იმედი მაქვს ადრე თუ გვიან დაისჯება", - ეს ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქი ისტორიაა იმ ასეულობით ანონიმურ ამბავს შორის, რომელიც კამპანიის "დამიცავი - პატარა ვარ“ ფარგლებში სოციალურ ქსელში ქვეყნდება. ამ სახელწოდების "ფეისბუქგვერდზე" თქვენ წაიკითხავთ ბავშვებზე სექსუალური ძალადობის თავზარდამცემ, დაუჯერებელ ისტორიებს, რომლებშიც მოძალადეებად გვევლინებიან მოზარდთათვის ისეთი ახლო ნათესავები როგორებიცაა: მამა, ძმა, ბიძა, ბაბუა და ა.შ.

პედოფილია რომ საქართველოში სერიოზული პრობლემაა, ამას ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს. 2019 წელს სექსუალურად 88 ბავშვზე იძალადეს, 2020 წლის რვა თვის განმავლობაში ასევე 88 ბავშვი გახდა უფროსების მსხვერპლი. ოფიციალურ სტატისტიკაში ჯერ არ ასახულა არც ქობულეთის გახმაურებული საქმე (სექსუალური ძალადობის შემედგ 14 წლის მსხვერპლმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა) და არც გორში მოხდარი შემზარავი ფაქტი (13 წლის გაუპატიურებულმა ბავშვმა შვილი გააჩინა).

საკითხზე მომუშავე პროფესიონალების თქმით, ეს მონაცემები მხოლოდ მცირე ნაწილს ასახავს იმ შემთხვევებისა, რაც რეალურად წლიდან წლამდე ხდება ქვეყანაში. ამას ისინი რამდენიმე ფაქტორით ხსნიან, მათ შორის დანაშაულის სპეციფიკითაც.

"სტატისტიკა საგანგაშოა, მაგრამ ის არ არის რეალური, საქმე გაცილებით მძიმედ არის სხვადასხვა ფაქტორების გამო. ეს ისეთი ტიპის დანაშაულია, სადაც მსხვერპლებს არ სურთ ლაპარაკი, არც ოჯახს უნდა ფაქტის გახმაურება, ამიტომ მომხდარს ხშირად საიდუმლოდ ინახავენ. გარდა ამისა, ხშირია შემთხვევები, როცა საქმე აღიძრება, მაგრამ კვალიფიკაციას სქესობრივი დანაშაულის მუხლით კი არ ანიჭებენ, არამედ სხვა მუხლით. არაერთი საქმე გვაქვს ასეთი“, - ეუბნება ambebi.ge -ს კავშირ "საფარის“ იურისტი თამარ ლუკავა.

ფსიქოლოგების დაკვირვებით, არასრულწლოვნები მომხდარის გამხელისგან თავს ხშირად იმ მიზეზით იკავებენ, რომ ოჯახის, გარშემომყოფების რეაქციის ეშინიათ. მსხვერპლი ბავშვები ფიქრობენ, რომ მათ არ დაუჯერებენ. სპეციალისტების დაკვირვებით, სწორედ ასეც ხდება - ბავშვის ნათქვამში ეჭვი შეაქვთ არათუ გარშემომყოფებს, სამართალდამცავებსაც კი. არსებობს მსგავს საქმეზე სასამართლოს პრეცედენტული, დისკრიმინაციული გადაწყვეტილება, რომლითაც საქალაქო სასამართლომ თქვა, რომ 10 წლამდე ბავშვს ფაქტების სწორად გადმოცემა არ შეუძლია.

  • როგორ, სად ხდება ბავშვი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი?

ამ საკითხზე ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ ხშირად ბავშვებზე მათი ახლობელი ადამიანები ძალადობენ. ისინი, ვინც ყოველდღიურად მათ სიახლოვეს ტრიალებენ და მათი ნდობით სარგებლობენ. არცთუ იშვიათად, მოძალადეები მსხვერპლის ოჯახის წევრებიც კი არიან. ფსიქოლოგი თაკო აბაშიძე რისკ-ფაქტორებიდან ორ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას:

"ეს არის მძიმე სოციალური გარემო და განათლების დაბალი დონე. ასევე, განქორწინებული მშობლების გარემოცვა. როდესაც საქმეში მამინაცვალი ფიგურირებს, ჩვენ უკვე ვგრძნობთ საფრთხეს. თუმცა არის მეორე ფაქტორიც, ბავშვი თითქოს ჯანსაღ გარემოში ცხოვრობს, ვითარდება, რისკი შეიძლება სულაც ვერ დაინახო, მაგრამ მაინც გახდეს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. ბოლო შემთხვევების 70% მოდის სოციალური ქსელებზე, რომლებიც სრულიად უმართავია. მამაკაცები ბავშვებს უგზავნიან შეტყობინებებს და ეუბნებიან, რომ ლამაზია, ბავშვები მათ მიზანს ვერ ხვდებიან და ერთვებიან კომუნიკაციაში. ამიტომ თუ მშობელი აქტიურად არ აკონტროლებს, რისთვის იყენებს ბავშვი სოციალურ ქსელს, დიდი რისკი ჩნდება", - ამბობს ფსიქოლოგი.

  • როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვზე იძალადეს?

ფსიქოლოგების დაკვირვებით, როცა ბავშვები საკუთარი სხეულის მიმართ უცხო ადამიანისგან არასათანადო შეხებას აფიქსირებენ, ქცევა ეცვლებათ - უფუჭდებათ განწყობა, აღარ სწავლობენ ძველებურად, არ მეგობრობენ იმ ბავშებთან, რომლებთანაც მანამდე მეგობრობდნენ, ხდებიან ჩაკეტილები და აგრესიულები მოძალადის სქესის მიმართ.

"ეს ის პირველი სიმპტომებია, რაზეც მშობელმა რეაგირება უნდა მოხდინონ. მათ უნდა იცოდნენ, რომ სამწუხაროდ, ჩვენ დღეს უსაფრთხო ქვეყანაში არ ვცხოვრობთ. როცა ჩვენთან ძალადობის მსხვერპლი ბავშვები მოჰყავთ, ძალიან დიდი შრომა გვჭირდება იმისთვის, რომ მათ საუბარი შეძლონ. ვიწყებთ სხვადასხვა თერაპიებს, რომლითაც ჩვენს უპირობო გაგებას, მხარდაჭერას ვუცხადებთ. ამის შემდეგ, თანდათან მოდიან თანამშრომლობაზე. სწორედ ასეთ დამოკიდებულებას უნდა გრძნობდეს ბავშვი აბსოლუტურად ყველასგან“, დედისგან, მამისგან, ბებიისგან, ბაბუისგან, დედმამიშვილისგან და ა.შ. თუ ოჯახის ერთი წევრი მაინც მას განსჯის, საყვედურობს, აუცილებელია, ბავშვი განრიდებული იქნას ასეთი ოჯახისგან.“ - გვიხსნის თაკო აბაშიძე.

  • როგორ ამოვიცნოთ მოძალადე?

ფსიქოლოგის თქმით, მოძალადის გამოცნობა ხშირად სპეციალისტებსაც კი უჭირთ. რადგან როგორც წესი, მათ აქვთ ძალიან კარგი, ჩამოყალიბებული, გაწონასწორებული ქცევა.

"ხშირად მოძალადეები, ერთი შეხედვით, საუკეთესო, მოწესრიგებული, განათლებული ადამიანები არიან. როცა ბავშვებს ვეკითხებით, როგორ მოიპოვა მოძალადემ შენი ნდობა, რატომ გაჰყევი ან ა.შ. გვეუბნებიან, - ძალიან თბილად გვესაუბრებოდა, ისე მომეფერა, როგორც მამიკო და ბაბუაო..." - გვეუბნება ფსიქოლოგი.

  • როგორ იცავს სისტემა ბავშვებს სექსუალური ძალადობისგან?

"საფარის“ იურისტი თამარ ლუკავა გვეუბნება, რომ ბავშვების სექსუალური ძალადობისგან დაცვა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი არ არის. მისი შეფასებით, სამართლებრივ ბრძოლაში მონაწილე ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია ხარვეზიანად მუშაობს, რაც ზოგჯერ ფატალური შედეგების მიზეზიც ხდება.

"ყველაზე დიდი პრეტენზია გვაქვს პროკურატურასთან, მაშინ როცა ყველა ქმედება ჩატარებულია, ყველა მტკიცებულება მოპოვებულია, ბრალს არ უყენებენ დამნაშავეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათთვის სქესობრივი დანაშაულები არ არის პრიორიტეტი, განსხვავებით ქალთა მიმართ ჩადენილი სხვა ტიპის ძალადობის შემთხვევებისგან. წლობით უდევთ ასეთი საქმეები თაროზე და არ იძიებენ", - ეუბნება ambebi.ge -ს იურისტი.

ბავშვთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წევრი ანა თავხელიძე საკანონმდებლო ხარვეზებზე აკეთებს აქცენტს. იურისტის შეფასებით, არსებული კანონმდებლობა არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

"მაგალითად, ჩვენი კანონმდებლობით გაუპატიურებად ითვლება მხოლოდ ისეთი შემთხვევა, სადაც სახეზეა ძალადობა, ძალადობობის მუქარა ან უმწეო მდგომარეობა, სხვა არცერთ შემთხვევებს კანონი გაუპატიურებად არ განიხილავს. მაშინ, როდესაც ლანცეროტის და სტამბულის კონვენციები, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ავალდებულებს საქართველოს, რომ გაუპატიურებად მიიჩნიოს ისეთი შემთხვევებიც, სადაც არ არის ძალადობა, მაგრამ არც თანხმობაა მეორე მხრიდან.

რაც შეეხება აღსრულებას, იმ რეალობაში რა კანონებიც გვაქვს, აღსრულება უსუსტესი რგოლია. სახელმწიფოს ასეთი ფაქტების გამოვლენა უჭირს, რადგან საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სოცმუშაკებთან სათანადოდ არ მუშაობს და არ აკონტროლებს, ასრულებენ თუ არა ისინი მსგავსი ფაქტების შეტყობინების ვალდებულებას. და როცა საქმე პოლიციამდე მივა - რას აკეთებენ სამართალდამცავები? - მათ არ სჯერათ, რომ ბავშვი სიმართლეს ყვება, მუდმივად ეძებენ სხვა მტკიცებულებებს, რომ გადაამოწმონ მსხვერპლი სიმართლეს ამბობს თუ არა. ესეც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტს, რადგან, როგორც წესი, ასეთ რამეებს ბავშვები არ იტყუებიან და მათ მიმართ მოქმედებს სისწორის პრეზუმპცია და არა პირიქით", - ამბობს ანა თავხელიძე.

იურისტი მსგავს საქმეებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე ასკვნის, რომ სახელმწიფო ბავშვს არ უყურებს, როგორც განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტს. რაც სექსუალური ძალადობის ფაქტების გამოძიების მიმართ სისტემის დამოკიდებულებაში მჟღავნდება.

"იმის შემდეგ, რაც პოლიცია შეაგროვებს მტკიცებულებებს, ხშირია შემთხვევები, როცა ყოველგვარი პროტოკოლის დარღვევით კითხავენ ბავშვს. ხდება არასრულწლოვანი მსხვერპლის რამდენჯერმე გამოკითხვა, ისე, რომ პროცესს შეიძლება არ ესწრებოდეს ფსიქოლოგი, არ მიაწოდონ ბავშვს შესაბამისი სერვისები, რაც ბავშვის ხელხალი ტრავმირების მიზეზი ხდება. ამის შემდეგ საქმე სასამართლოში მიდის, სადაც კიდევ ერთხელ უწევს ბავშვს ჩვენების მიცემა მტრულ გარემოში, რაც მას კიდევ ერთხელ თრგუნავს. იმ შემთხვევაშიც კი, როცა გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს სასამრთლოს, ძალინ დიდი წნეხი მიდის ბავშვებზე ყველა მხრიდან. არის შემთხვევები, 11- 12 წლის ბავშვს ეუბნებიან, შენ ქალი ხარ, შენ გამოიწვიე და შენი ბრალია ასე რომ მოხდაო", - ამბობს ანა თავხელიძე.

  • როგორი არის/უნდა იყოს სასჯელი პედოფილებისთვის?

მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, როგორც ამერიკაში, ისე ევროპაში, პედოფილებს პატიმრობასთან ერთად სავალდებულო ქიმიურ კასტრაციას უსჯიან.

აშშ-ში პედოფილები პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით აღრიცხვაზე აჰყავთ. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად და როგორ ცხოვრობენ მსჯავრმოხდილი პედოფილები, მათ ფოტოებთან ერთად ინტერნეტში განთავსებულ ნაციონალურ ბაზაშია თავმოყრილი.

აშშ-ის 14 შტატში პედოფილებს ეკრძალებათ სკოლების, სასკოლო ავტობუსების გაჩერებების, ბაღებისა და საბავშვო მოედნების მიმდებარე ტერიტორიაზე დასახლება. არსებობს სპეციალური საფოსტო გზავნილები, რომელთა მიხედვითაც ამერიკელ მშობლებს შეუძლიათ გაიგონ, ცხოვრობს თუ არა ახლომახლო პედოფილი.

უფლებადამცველების თქმით, პედოფილიაზე სასჯელი საქართველოში საკმარისად მკაცრია და მისი კიდევ უფრო გამკაცრება რეალურად არაფერს შეცვლის. მოქმედი კანონმდებლობით, ბავშვის გაუპატიურება ითვალისწინებს 15-20 წლამდე ან თავისუფლების უვადო აღკვეთას. ანა თავხელიძის თქმით, სახელმწიფო გახმაურებული დანაშაულების შემდეგ ხშირად პოპულისტურ ქმედებას მიმართავს და კანონის გამკაცრების ინიციატვით გამოდის, რაც იურისტის შესაფებით, თვალში ნაცრის შეყრას ჰგავს.

"ერთდაერთი რაც შსს-მ ქობულეთის საქმეზე განაცხადა იყო, რომ ჩვენ ახლა სასჯელს გავამკაცრებთ. ასეთი მიდგომა ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ვერ აცნობიერებს რა პრობლემასთან აქვს საქმე, რომ მას სისტემის ყველა რგოლში აქვს პრობლემა - არაკომპეტენტური პროკურორი, გამომძიებელი, სოცმუშაკი და ა.შ. გარდა იმისა, რომ არ არის საკმარისი რესურსი, არ იციან როგორ გამოიძიონ დანაშაული, არ არსებობს ცალკე სპეციალიზაცია. ეს არის ყველაზე მარტივი ნაბიჯი, რასაც აკეთებს შსს ყოველთვის, როცა რაიმე მძიმე დანაშაული მოხდება. როგორი მკაცრი სასჯელიც არ უნდა შემოიღონ, არაფერს შეცვლის, რადგან სასჯელი ვერ გადაფარავს, გამოვლენის ნაწილში არსებულ პრობლემებს, გამოძიების ხარვეზებს და ა.შ. " - ამბობს თავხელიძე.

  • საზოგადოება, როგორც დანაშაულის წამხალისებელი

საზოგადოება, რომელიც ბავშვების გაუპატიურების შემთხვევებში საკუთარ პასუხისმგებლობას უნდა ხედავდეს, ხშირად თითს მსხვერპლისკენ იშვერს. რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელის მომხმარებლები აღაშფოთა საზოგადოების გარკვეული ნაწილის რეაქციამ გორში მომხდარ პედოფილიის ფაქტზე - "ფეისბუქმომხმარებლების" ნაწილი 12 წლის ბავშვს ქალს უწოდებდნენ და ამუნათებდნენ, რომ მან გამოიწვია და წააქეზა დანაშაულისკენ 50 წლის კაცი. უფლებადამცველების შეფასებით, ამგვარი არაჯანსაღი დამოკიდებულებების უკან განათლების დაბალი დონე და გულგრილობა დგას, რომელიც ახალი დანაშაულის წაქეზების საფუძველი შეიძლება გახდეს. იურისტების აზრით, ყველა გზა მაინც სახელმწიფომდე მიდის - ამ შემთხვევაშიც სახელმწიფოს ევალება იზრუნოს საკუთარი მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებაზე, რათა დაიცვას ისინი მსგავსი ტრაგედიებისგან.

"თუ სახელმწიფოს და საზოგადოებას აქვს სწორი ღირებეულებები, ემპათია უნდა გაჩნდეს მსხვერპლის მიმართ და არა პირიქით. ჩვენთან იმდენად ბევრი გენდერული სტერეოტიპი არსებობს, რომ ცდილობენ დამნაშავე მსხვერპლში ეძებონ. მაგრამ აქაც სახელმწიფოს პასუხისმგებლობასთან მივდივართ. უმნიშვნელოვანესია საინფორმაციო კამპანიების წარმოება. ოჯახურ დანაშაულების შემთხვევაში ჩატარდა ასეთი ღონისძიებები, რამაც გამოიღო კიდეც შედეგი და გამოვლენა კიდევ უფრო გაიზარდა. აქაც სერიოზული სამუშაოა ჩასატარებელი. რაც მთავარია, განათლების სამინისტრომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და სასკოლო სახელმძღვანელოებში შეიტანოს სქესობრივი განათლების ნაწილი, რათა მოზარდებმა იცოდნენ რა არის სექსუალური ძალადობა და როგორ გამოავლინონ ის და როგორ დაიცვან თავი", - ამბობს ანა თავხელიძე.

"ხელიდან რომ გამომგლიჯა, ეტყობა არტერიაში მოარტყა... ბავშვს ახალი ნაჭამი ჰქონდა" - რას ამბობს დედა, რომლის 8 თვის შვილიც ცოლ-ქმრის ჩხუბის დროს გარდაიცვალა

თელავში, დედ-მამისა და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულ 28 წლის მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

"ეს 9-თვიანი შოუ დასრულდა..." - მირიან ნიკოლაძის კომენტარი გიორგი შაქარაშვილის საქმის განაჩენზე