ავტორი:

"ვიდრე დასავლეთი არ დაადგა თავზე, ისე ვერ მივიდნენ სალაპარაკოდ - სამარცხვინოა" - როგორ აფასებენ შარლ მიშელის მიერ მედიატორის დანიშვნის ფაქტს

"ვიდრე დასავლეთი არ დაადგა თავზე, ისე ვერ მივიდნენ სალაპარაკოდ - სამარცხვინოა" - როგორ აფასებენ შარლ მიშელის მიერ მედიატორის დანიშვნის ფაქტს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, კრისტიან დანიელსონი საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პოლიტიკური დიალოგის მედიატორად დანიშნა.

დანიელსონი მედიაციას გაუწევს საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის განახლებულ დიალოგს, რომელიც ქვეყანაში დაძაბული პოლიტიკური ვითარების განმუხტვას ემსახურება და ამ მიზნით ის საქართველოში ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან მჭიდროდ ითანამშრომლებს.

ექსპერტ თორნიკე შარაშენიძის თქმით, სამარცხვინოა ის ფაქტი, რომ ვიდრე დასავლეთი არ დაადგა თავზე, ისე ვერ მივიდნენ სალაპარაკოდ.

ექსპერტის მოსაზრებით, ახლა, ორივე მხარე - ოპოზიცია და ხელისუფლება ცდილობს, დასავლეთს თავი მოაწონოს და თავი უფრო კონსტრუქციულად წარმოაჩინოს, ხოლო თუ ჩაიშლება მოლაპარაკებები „დაბრალდეს მოწინააღმდეგ ბანაკს“. მისივე თქმით, სამწუხაროდ, ყველაფერი აქამდე დადის.

"აუდიო ჩანაწერების სკანდალის შემდეგ ოპოზიციის მიერ გამოთქმულო პროტესტი, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან არ დაჯდება მოლაპარაკებებზე, საბოლოო ჯამში, დასავლეთში ვის გამარჯვებად და ვის დამარცხებად ჩაითვლება, მე მგონი, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის. ოპოზიცია ამბობს, რომ „აი, არ დავჯდები, რადგან მართალი ვარ“, „ქართული ოცენება“ ამბობს, რომ „არ ჯდებიან და არაკონსტუქციულები არიან“.

მოკლედ რომ ვთქვათ, ამ დონემდე დადის ყველაფერი. შევხედოთ, ახლა დასავლეთი ვის მიიჩნევს უფრო კონსტრუქციულად. ასე ვთქვთ, ტრაგიკომიკურ სიტუაციაში ვართ. ქვეყანა 30 წელია დამოუკიდებელია და ვიდრე დასავლეთი არ დაადგათ თავზე, ისე ვერ მივიდნენ სალაპარაკოდ. სამარცხვინო ფაქტია, მაგრამ რა ვქნათ, ასეა“, - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ და აღნიშნა, რომ ორივე მხარეს ახლა, ერთდროულად დათმობა მაინც მოუწევთ.

"კი, წესით მოუწევთ. ეჭვი მაქვს, როცა ჩამოვა შარლ მიშელის წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ორივე მხარე კონსტრუქციულ განცხადებებს გააკეთებს. ჩემი აზრით, ოპოზიციას ახლა, საკმაოდ გაუჭირდება ბოიკოტის გაგრძელება და მოლაპარკების ჩაშლა ჩანაწერების სახით, ასე მგონია. არ იქნება მარტივი დასავლეთი დაარწმუნო, რომ ჩანაწერებში ღარიბაშვილი ფიგურირებს და ამიტომაც არ დავსხდებით მოლაპარაკების მაგიდასთანო“, - აცხადებს შარაშენიძე.

ექსპერტი ზურაბ ბატიაშვილი კი მიიჩნევს, რომ ეს არის მკაფიო გზავნილი იმის, რომ დასავლეთს საქართველო არ მიუტოვებია. მისივე თქმით, იმისათვის, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსენსუსი შედგეს, რაღაცები ორივე მხარემ უნდა დათმოს.

"უნდა აღინიშნოს, რომ დასავლეთს საქართველო არ მიუტოვებია და ეს არის მკაფიო მესიჯი იმასთან დაკავშირებით, რომ დასავლეთისთვის სულერთი არ არის როგორ განვითარდება პროცესები საქართველოში. ეს იმედისმომცემია იმ პერსპექტივით, რომ ქვეყანა საბოლოოდ არ მოექცეს რუსეთის გავლენის ქვეშ. ქვეყნის დასუსტება სწორედ რუსეთის ინტერესებში შედის. რა თქმა უნდა, სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა იქნება, დებატების გამართვა თუ შემდგომი პროცესები, ეს ყველაფერი არის ამ დიდი საქმის ნაწილი და ეს იმედით აღავსებს ქართულ საზოგადოებას, რომ დასავლეთისთვის სულერთი არ არის, რა მოხდება ჩვენს ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, რომ დასავლეთი თავის სიტყვას იტყვის, საქართველო არ გადაუხვევს დემოკრატიული განვითარების გზას, თუმცა საბრძოლველი ნამდვილად არის.

რა თქმა უნდა, ორივე მხარემ უნდა დათმოს რაღაცები იმისთვის, რომ კონსენსუსი შედგეს და იმისთვის, რომ რაღაც შეთანხმებამდე მივიდეს სიტუაცია. შეთანხმებაში ყველა ვარიანტში უნდა იყოს პოლიტიკური პატიმრების გამოშვება, უნდა იყოს საერთო ხედვა ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით - შეთანხმებაში მნიშვნელოვანია 6-პუნქტიანი გეგმა, მათ შორის, სასამართლოს დამოუკიდებლობის თემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის და ვნახოთ, დაველოდოთ, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი საგარეო ურთიერთობის საკითხებში, თენგიზ ფხალაძე ამბობს, რომ საერთაშორისო პარტნიორები საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად კიდევ უფრო გააქტიურდებიან.

"საქართველოს საკითხი უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორებისთვის და დიახ, ის მართლაც არის ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მხრიდან პირად კონტროლზე აყვანილი და არამხოლოდ მის კონტროლზე, ძალიან დიდი ყურადღებით აკვირდება ამას ყველა. კრისტიან დანიელსონი ეს არის ძალიან მაღალი კალიბრის დიპლომატი, რომელიც არაერთხელ არის საქართველოში ნამყოფი და შესანიშნავად იცის აქ არსებული სიტუაცია. ადამიანია, რომელსაც ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ევროპული ინტეგრაციისათვის, ვიზალიბერალიზაციისთვის და ა.შ. და მისი მოვლინება კიდევ ერთელ უსვამს ხაზს, თუ რაოდენ დიდი ყურადღება ექცევა ამ ყველაფერს. დღევანდელი დებატებიც ევროპარლამენტში ერთ-ერთი დადასტურებაა.

ძალიან სამწუხაროა, რომ მაინც და მაინც კარგად ვერ ვჩანვართ ამ დებატებისათვის იმიტომ, რომ დღეს მაგიდაზე დასადები, თავის მოსაწონებელი ძალიან ცოტა გვაქვს. კვირაზე მეტი გავიდა შარლ მიშელის ვიზიტიდან და წინ წაწევა ჯერჯერობით არ იგრძნობა, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო გააქტიურდებიან ჩვენი პარტნიორები იმისათვის, რომ კრიზისი განიმუხტოს ძალიან მალე და ისინი ყველა ღონეს გამოიყენებენ იმისათვის, რომ შეთანხმება შედგეს, საქართველო გამოვიდეს ამ ჩიხიდან და ქვეყანამ განაგრძოს წინსვლა.

ეს ადამიანები გვეუბნებიან და ცდილობენ დაგვეხმარონ იმაში, რაც სჭირდება ქვეყანას და თუ ჩვენ ვჯიუტდებით, გამოდის, რომ ქვეყანა საერთოდ არ გვაინტერესებს. შეთანხმების დარღვევას აქვს ძალიან ძვირი ფასი და ამ შემთხვევაში პოლიტიკური ფასიც საკმაოდ ძვირი იქნება და ნამდვილად არ მინდა, რომ მოვლენები ამ მიმართულებით განვითარდეს“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

"ქართული ოცნება" საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს - არჩილ თალაკვაძე

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

"ეს არ არის შესვლა... გვინდა, "გირჩის სამეფო“ გადავიტანოთ პარლამენტში" - "გირჩი" ჯერჯერობით მხოლოდ პარლამენტის დერეფანში გეგმავს შესვლას