ავტორი:

"საქართველოში რეგისტრირებული სიკვდილის შემთხვევების თითქმის ნახევარი მომატებული არტერიული წნევით არის განპირობებული"  - რას გვირჩევს სპეციალისტი?

"საქართველოში რეგისტრირებული სიკვდილის შემთხვევების თითქმის ნახევარი მომატებული არტერიული წნევით არის განპირობებული"  - რას გვირჩევს სპეციალისტი?

მსოფლიოში კორონავირუსული ინფექციით გარდაცვლილთა უმრავლესობას (მათ შორის საქართველოშიც) თანმხლები, სხვადასხვა არაგადამდები დაავადებები აღენიშნებოდა. არაგადამდები დაავადებების მქონე ადამიანებს COVID-19-ის გართულებების და სიკვდილის გაცილებით მაღალი რისკი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში COVID 19-მა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, სიკვდილის გამომწვევ ძირითად მიზეზებად სწორედ არაგადამდები დაავადებები რჩება. შესაბამისად, მათი პრევენცია, კონტროლი და მართვა კიდევ უფრო აქტუალური გახდა პანდემიის დროს.

არაგადამდები დაავადებების შედეგად, ყოველწლიურად, მსოფლიოში 41 მლნ ადამიანი იღუპება, რაც სიკვდილობის გლობალური მაჩვენებლის 71%-ს შეადგენს.

არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილის შემთხვევების 80% უკავშირდება დაავადებათა 4 ჯგუფს:

  • გულ-სისხლძრღვთა დაავადებები - 17.9 მილიონი,
  • კიბო - 9 მილიონი,
  • ქრონიკული რესპირაციული დაავადებები - 3.9 მილიონი,
  • დიაბეტი - 1.6 მილიონი.

სიკვდილი განპირობებულია არაგადამდები დაავადებების გამომწვევი ძირითადი რისკ-ფაქტორებით; მაგალითად, ყოველწლიურად თამბაქოს აქტიური და პასიური მოხმარება 8 მილიონი ადამიანის გარდაცვალებას იწვევს, მარილის ჭარბი მოხმარება - 4.1 მილიონის, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება 1.7 მილიონი ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება და სხვ.

სიკვდილიანობის გლობალურ მაჩვენებლებში არაგადამდები დაავადებების წილი მსოფლიოში 60-65%-ია, ევროპაში 80-85%, საქართველოში დაახლოებით 94%-ია. სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები გულსისხლძარღვთა დაავადებებზე მოდის: მსოფლიოში დაახლოებით 60%, საქართველოში კი 70%.

ლელა სტურუა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

- მდგომარეობა სერიოზული და სავალალოა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ამ დაავადებების და მათგან გამოწვეული სიკვდილის პრევენცია შესაძლებელია, განსაკუთრებით ახალგაზრდა, 70 წლამდე ასაკის მოსახლეობაში. მთავარია ავირჩიოთ ცხოვრების ჯანსაღი წესი - უარი ვთქვათ თამბაქოზე, არ მივიღოთ ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლი, ვიყოთ ფიზიკურად აქტიური, უარი ვთქვათ მარილით, ცხიმებით და შაქრით მდიდარი საკვების მიღებაზე.

- საქართველოში რომელი რისკ-ფაქტორებია განსაკუთრებით აქტუალური?

- საქართველოში ბიოლოგიური რისკ-ფაქტორები, მაღალი სისხლის წნევა, სისხლში გლუკოზისა და ქოლესტეროლის მაღალი შემცველობა, ჭარბი წონა და სიმსუქნე განსაკუთრებით გავრცელებულია, რასაც ემატება ქცევითი რისკ-ფაქტორი თამბაქოს მოხმარება. ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვით შეგვიძლია თავიდან ავირიდოთ ამ დაავადებების განვითარების, გართულებების ჩამოყალიბებისა და ნაადრევი სიკვდილის რისკი; სხვადასხვა დაავადებების შემთხვევებში ეს რისკი სხვადასხვაა, მაგალითად შესაძლებელია 50-70%-ით შევამციროთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი; 40-70%-ით კიბოს რისკი ლოკალიზაციის მიხედვით; მხოლოდ თამბაქოზე უარის თქმით ვანახევრებთ ქრონიკული რესპირაციული დაავადებებით გამოწვეული ავადობისა და სიკვდილობის რისკს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იგივე თამბაქოზე თავის დანაბებისას, ადამიანის ინსულტის, ინფარქტისა და ფილტვის ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკი 1 წელიწადში უკვე უახლოვდება არამწეველი ადამიანის რისკებს.

- ადამიანთა უმრავლესობა ამბობს, რომ ფიზიკური აქტივობისთვის მატერიალურად არ მიუწვდებათ ხელი სპორტდარბაზებსა და საცურაო აუზებზე...

- ფიზიკური აქტივობისთვის აუცილებელი არ არის ძვირადღირებული დარბაზები და აუზები, არც ბრენდული სპორტული სამოსი; მთავარია ვიყოთ ფიზიკურად აქტიური - ვისეირნოთ, ვიცეკვოთ, აქტიურად ვითამაშოთ... სისხლის მაღალი წნევა, ყველაზე გავრცელებული ბიოლოგიური რისკ-ფაქტორი, რომელსაც საქართველოში სიკვდილის შემთხვევების 50% უკავშირდება, შესაძლებელია ეფექტურად ვმართოთ, თუ მივიღებთ ექიმის მიერ დანიშნულ მედიკამენტებს და ამავდროულად, ჩავიტარებთ არამედიკამენტოზურ თერაპიას - ვივლით ფეხით, ვისეირნებთ, ტრანსპორტს ველოსიპედით ჩავანაცვლებთ, შევამცირებთ მარილისა და ალკოჰოლის მოხმარებას, თავს დავანებებთ თამბაქოს და ა.შ.

- სახელმწიფო რას აკეთებს არაგადამდებ დააავადებებთან ბრძოლის მიზნით?

- სახელმწიფომ ეს თემა პრიორიტეტულად მიიჩნია ჯერ კიდევ წინა საუკუნეში, როდესაც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში არაგადამდებ დაავადებათა სექტორი შეიქმნა, მასში შემავალი ჯანმრთელობის ხელშეწყობის და ქრონიკული დაავადებების ეპიდემიოლოგიის სამმართველოებით. არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის პირველი სახელმწიფო სტრატეგია 2017 წლის იანვარში დამტკიცდა და იგი 2017-2020 წლებს მოიცავდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა 2021-25 წლის სტრატეგიაზე. პრიორიტეტულ არაგადამდებ დაავადებებს დაემატა ფსიქიკური ჯანმრთელობა, რომელიც, მართალია, სიკვდილობის მაღალი მაჩვენებლით არ ხასიათდება, მაგრამ ავადობის და ინვალიდობის და ე.წ. DALY-ის (ინვალიდობის შედეგად დაკარგული წლები) ძალიან მაღალი მაჩვენებელი აქვს; შესაბამისად, საჭიროებს უზარმაზარ ფინანსურ დანახარჯებს. დღესაც მსოფლიოში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე, ფაქტობრივად, ტრილიონები იხარჯება და ექსპერტთა პროგნოზებით, ამ დაავადების მაჩვენებლები ყველა დაავადებასთან შედარებით გაიზრდება.

- რისკ-ფაქტორების შემცირების მხრივ რა ღონისძიებები ტარდება ან იგეგმება?

- ოთხი ძირთადი რისკ-ფაქტორის გარდა, ყურადღება მახვილდება ჰაერის დაბიძნურებაზე. შიდა დაბინძურების საკითხი მნიშვნელოვნად მოგვარდა თამბაქოს კონტროლის გამკაცრებით, როდესაც საზოგადოებრივ დახურულ სივრცეში მოწევა აიკრძალა. შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით ეს საუკეთესო მიღწევაა უკანასკნელი 1-2 დეკადის განმავლობაში. თანაც, აღსანიშნავია, რომ კანონის აღსრულებისთვის ერთდროულად მოქმედებს, როგორც სახელმწიფო აღმასრულებელი ნაწილი, ისევე საზოგადოება, რომელმაც კარგად მიიღო კანონი. ამიტომაც აღსრულება 96%-მდეა. დასანანია, რომ ხშირია დარღვევები სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მხრიდან და მინდა, მივმართო ყველა ექიმს, ექთანს, სანიტარს, ჩემს კოლეგებს, დავიცვათ კანონი და გავხდეთ მისაბაძი სხვებისთვის, იმისათვის, რომ რეალურად ჯანმრთელი საზოგადოება გვყავდეს, აუცილებელია. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თემების განვითარებაში უნდა ჩაიდოს თანხები და დაფინანსება მზარდი და მდგრადი იყოს. არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული პერსონალიებზე - მინისტრი ვინ იქნება, პარლამენტში ვინ იქნება, ვის რა პრიორიტეტი აქვს... მოსახლეობის ჯანმრთელობა ყველა ხელისუფალისთვის პრორიტეტული უნდა იყოს.

ვფიქრობთ, კარგი იქნება, მავნე პროდუქტებიდან შემოსული გადასახადები მიემართოს ნებისმიერი ჯანმრთელობის ხელშეწყობის ინტერვენციებისთვის, ბავშვების ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის და ა.შ. რასაც მსოფლიოს ბევრი ქვეყანა მიმართავს უკვე.

- ამ ეტაპზე რაზე მიგაჩნიათ ყურადღების მიქცევა განსაკუთრებით პრიორიტეტულად?

- ჩემთვის ნომერი 1-ლი პრობლემა არტერიული ჰიპერტენზია და მისი კონტროლია. როგორც აღვნიშნე, მომატებული არტერიული წნევით არის განპირობებული საქართველოში რეგისტრირებული სიკვდილის შემთხვევების თითქმის ნახევარი. ამ დროს არტერიული ჰიპერტენზიის პრევენცია და მართვა სრულიად შესაძლებელია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და პირველადი ჯანდაცვის რგოლის მიერ განხორციელებული ძალიან მარტივი ინტერვენციებით. ეს ინტერვენციებია მოსახლეობის გათვითცნობიერება მარილის, როგორც არტერიული წნევის რისკ-ფაქტორის შესახებ და მარილის მოხმარების შემცირებით არტერიული წნევის ციფრების მოდიფიცირების შესახებ, ცხოვრების ჯანსაღი წესის სარგებლისა და ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების მიღების აუცილებლობის შესახებ.

უნდა წამოვიწყოთ საზოგადოებრივი მოძრაობა ნაკლები მარილის მოხმარებისათვის!

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე არ გამორიცხავს, რომ მარტვილის ეპარქიაში მომხდართან დაკავშირებით მღვდელმსახურება სხვა სასულიერო პირებსაც შეუჩერდეს

"საქართველოში დედის კულტი, დედის მიმართ მოწიწება, სხვა სიმაღლეზე დგას - ვისაც ეს ღირებულებები არ ესმის, ვისაც დედიკო არ უყვარს, უბრალოდ საცოდავია" - ბერა

მეუფე იაკობი პეტრე ცაავას შესაძლო განკვეთაზე - "აუცილებლად მოხდება, იმსახურებს"