ავტორი:

როგორ მოხვდა დიმიტრი ხვთისიაშვილი მედეა ჯაფარიძესთან, ლენა ყიფშიძესა და დოდო ჭიჭინაძესთან ერთად ექსტრასენს იზასთან - საინტერესო ამბები რეჟისორისგან

როგორ მოხვდა დიმიტრი ხვთისიაშვილი მედეა ჯაფარიძესთან, ლენა ყიფშიძესა და დოდო ჭიჭინაძესთან ერთად ექსტრასენს იზასთან - საინტერესო ამბები რეჟისორისგან

მოზარდმაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა ცოტა ხნის წინ "ფეისბუქის" პირად გვერდზე სტატუსების სახით ცნობილ რეჟისორებსა თუ მსახიობებზე საინტერესო ამბების თხრობა დაიწყო. ზოგიერთი ამა თუ იმ თარიღის (დაბადებისა თუ გარდაცვალების) გამოძახილია, ზოგიც ისე, უბრალოდ, სიტუაციურად ახსენდება. რაც მთავარია, თითოეული ამბავი მკითხველის ინტერესს იწვევს და მათში გარკვეულ მოლოდინსაც აჩენს, - მორიგ ჯერზე ამბავს ვის მიუძღვნის ბატონი დიმა.

რამ გადააწყვეტინა რეჟისორს ეს, რა აძლევს ამისთვის მუხტს და ეს ამბები საბოლოოდ წიგნად აიკინძება თუ არა? - ამ შეკითხვებით თავად დიმიტრი ხვთისიაშვილს მივმართეთ...

"საერთოდ, წერა მიყვარს - 30 წელია, ვწერ და ვაქვეყნებ წერილებს. 90-იანებში "ივერია ექსპრესის" ხელოვნების გვერდის რედაქტორი ვიყავი, დიდხანს ვთანამშრომლობდი ჟურნალთან "თეატრი და ცხოვრება", გაზეთთან "ქართული თეატრის დღე", მაგრამ რაზეც ახლა მეკითხებით, ეს სპონტანურად დაიწყო. 26 იანვარს ეროსი მანჯგალაძის გარდაცვალების დღე იყო და მომინდა, გამეხსენებინა დღე, როდესაც მე, დედასთან ერთად, სწორედ ამ ტრაგიკულ დღეს რუსთაველის თეატრში დავესწარი "რიჩარდ მესამეს"...

ამ სტატუსს გამოხმაურება მოჰყვა, მერე ვერიკო ანჯაფარიძის და ვასო გოძიაშვილის გარდაცვალების თარიღი მოდიოდა. ამასაც ჩემი მოგონებით გამოვეხმაურე, მერე რაკი ბევრი დამიგროვდა ბლოგიც შევქმენი", - გვიყვება რეჟისორი.

დიმიტრი ხვთისიაშვილი

- წიგნის გამოცემაზეც ხომ არ ფიქრობთ?

- თუ ბევრ ამბავს მოვუყარე თავი, შეიძლება წიგნადაც ვაქციო. ოღონდ, იმ ტექსტებში უკვე გარკვეულ ცვლილებას შევიტან. სხვანაირად არ გამოვა, რადგანაც "ფეისბუქპოსტი" სხვა რამაა და წიგნი - სხვა. გასუფთავდება, გასწორდება და ტექსტები სხვა სახეს მიიღებს.

თეატრის ისტორიის ფურცლებში ჩაკარგული ბევრი მივიწყებული სახელი და გვარი მინდა, რომ გავიხსენო, ყველას ვერ გავწვდები, მაგრამ ვისთანაც რაღაც ტიპის შეხება მქონია და პირადი ნაცნობობაც მაკავშირებდა, მათზე დავწერ, რატომაც არა.

მოკლედ, თუ წიგნად ჩამოყალიბდა, რუბრიკები აუცილებელი იქნება, ასე მიმობნევა არ გამოვა და მერე უკვე დაიყოფა - ციკლიდან "მივიწყებული სახელები", "სევდიანი მოგონებები" და ა.შ. ვნახოთ, რა გამომივა, შევხედავ, ავწონ-დავწონი რა შეიძლება დაიწეროს და რა - არა...

- რა არის თქვენთვის ემოციურად ამ ყველაფრის წერა?

- მიხარია, რომ ბევრი კარგი ამბის მომსწრე ვარ, რომ ბევრ ადამიანთან მქონდა ურთიერთობა... მაგალითად, ჩემი პირველი მანქანა "ზაპოროჟეცი" იყო და ეს იმ დროს, როცა ბენზინი ძალიან ჭირდა. მცირელიტრაჟიანი გახლდათ და გარკვეული შეღავათი მქონდა. მაგრამ რაც იმ მანქანაში ვარსკვლავები მსხდარან, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს არაკომფორტული იყო, ვერც დავითვლი... უცებ ვინც გამახსენდა ჩამოგითვლით: გივი ბერიკაშვილი, ელენე ყიფშიძე, ირაკლი უჩანეიშვილი, მედეა ჯაფარიძე, კოტე თოლორაია, სოფიკო ჭიაურელი, ჟანრი ლოლაშვილი, დოდო ჭიჭინაძე, გოგი გელოვანი, თამარ სხირტლაძე, ლეო ანთაძე... ხომ შთამბეჭდავია?

თამარ სხირტლაძე და დიმიტრი ხვთისიაშვილი

მარტში ნოდარი მგალობლიშვილის გარდაცვალების თარიღია, თან, საიუბილეო წელიც არის, 90 წლის გახდებოდა. იყო ასეთი შემთხვევა:

ნოდარს მოულოდნელად გადაღებებზე საზღვარგარეთ მოუწია წასვლა. თეატრის დირექტორი ბატონი გაიოზ კანდელაკი გააფრთხილა, - გავფრინდები, კვირამდე სპექტაკლი არ მაქვს და შაბათ ღამეს ჩამოვალო. ბატონმა გაიოზმა ჩახედა სპექტაკლების გრაფიკს, ნამდვილად არ ჰქონდა სპექტაკლი ბატონ ნოდარს. ოღონდ, დირექტორი რას წარმოიდგენდა, რომ იმ საღამოს დანიშნული სპექტაკლი მას არ ახსოვდა. მოკლედ, საღამოს სპექტაკლზე არ მოვიდა, რადგან, დირექტორის კაბინეტიდან პირდაპირ აეროპორტში წასულა. მოკლედ, ასე მოულოდნელად სპექტაკლში მე შემაგდეს. ეს იყო "ბედი მდევარი" მიხეილ ჯავახიშვილის "ლამბალო და ყაშას" მიხედვით, სადაც ბატონი ნოდარი ეპისკოპოსი პავლეს უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა.

- ამბობთ, რომ თქვენ უბრალოდ, ამბებს ჰყვებით და ეს არავითარ შემთხვევაში არ არის კრიტიკული შეფასებები, რადგან ეს თეატრმცოდნეების საქმეა...

- კი, ეს მათი საქმეა... როდესაც რეჟისორ ანზორ ქუთათელაძეზე დავწერე, იქ მინიშნებაც არ გავაკეთე, ვინ იყო ანზორ ქუთათელაძე. ამ შემთხვევაში ამბავი უფრო მნიშვნელოვანია. ადამიანმა ასე იცხოვრა და სიკვდილის წინა დღეს საყვარელ მეუღლეს ასეთი პაემანი მოუწყო...

დიმიტრი ხვთისიაშვილი და გივი ბერიკაშვილი

მაგალითად გივი ბერიკაშვილთან, კახი კავსაძესთან, თენგიზ არჩვაძესთან და თამარა სხირტლაძესთან დაკავშირებით, რა ამბავი გამოვარჩიო, არც ვიცი, კარგად უნდა დავფიქრდე, რადგან ძალიან შინაურები არიან. წარმოიდგინეთ, თამარას მეჯვარე ვარ. გვიან დაიწერეს ჯვარი, რადგან კოტე თოლორაია მონათლული არ იყო. როცა გადაწყვიტა, რომ მონათლულიყო, გივი ბერიკაშვილი აირჩია ნათლიად. თუ ვნათლავთ, მაშინ ჯვარიც დაიწერონო, - მათი შვილი, მსახიობი თაზო თოლორაია ცოცხალი იყო, მგონი, 2001 წელი გახლდათ. ქაშუეთის ტაძარში მოინათლა. წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა, ამხნის კაცი რომ ინათლებოდა. ხუმრობდნენ, იუმორში მამაოც აჰყვა... ნათლობის დასრულებისთანავე ჯვრისწერისთვის ქაშუეთის პირველ სართულზე გადავინაცვლეთ. ნეფეს სურვილით, თამარას მეჯვარე მე ვიყავი... მისი, როგორც თვითონ ამბობდა, ხელისმომკიდე კი სოსო გოგიჩაიშვილი... მღვდელმა პატარძალი თამარა რომ დაინახა - ახალგაზრდა კაცს ეს დაკუჭული ქალი რად გინდოდაო?! - გაიხუმრა. იქ ისეთი მოხდა, თამარამ კინაღამ "ანდერძი აუგო" მღვდელს... ასეთი უამრავი ამბავი, კურიოზი და მოგონებაა.

თუმცა მათგან ისეთ ეპიზოდებს ვარჩევ, სადაც მინდა, ესა თუ ის ადამიანი სხვა კუთხით წარმოვაჩინო, ან მოვყვე აქამდე უცნობი ისტორია.

ჩვენ ბატონი დიმას მოყოლილი ამბებიდან მედეა ჯაფარიძესთან დაკავშირებული რამდენიმე ისტორია შევარჩიეთ, რომელსაც ახლა გთავაზობთ.

ღვთაებრივი მშვენიერება

ამბავი 1

ერთ მშვენიერ დღეს, დამირეკა ქალბატონმა ლენა ყიფშიძემ და მთხოვა, - თუ დრო გაქვს იქნებ სოლოლაკში წამიყვანო, იქ ცნობილი ექსტრასენსი იზა ცხოვრობს, იმასთან ჩავეწერე, მისი სეანსები ძალიან მშველისო. უარს როგორ ვეტყოდი. იმ პერიოდში ჩემი ცისფერი "ზაპოროჟეცი" ერთობ პოპულარული იყო თეატრში... დანიშნულ დროს მივედი "შანხაიში" ქალბატონ ლენასთან, ის უკვე ეზოში მიცდიდა და წავედით სოლოლაკში, დავითაშვილის ქუჩაზე. მივედით ერთ-ერთ სახლთან. ქალბატონი ლენა გადმოვიდა მანქანიდან, მეც მთხოვა გადმოსვლა, რათა გაგვეგო, რამდენ ხანში მიმეკითხა მისთვის. გზაშივე შევუთანხმდი, არ მოგერიდოთ, სახლშიც მე წაგიყვანთ-მეთქი.

ლენა ყიფშიძე

დავრეკეთ ზარი, გაგვიღო კარი ექსტრასენსმა იზამ, რომელიც რომელიღაც ვოდევილის სასაცილო პერსონაჟს წააგავდა, მიხვრა-მოხვრითა თუ ლექსიკით მთლად დიდი მკურნალის შთაბეჭდილებას ვერ ტოვებდა, თუმცა ლაპარაკობდა ძალიან ბევრს და ეტყობა, ამით მომავალ "მსხვერპლს" "ავერბოვკებდა" და აჯერებდა, რომ მისი სეანსები მოარჩენდა.

იზა გაგვიძღვა კორიდორული პრინციპით განლაგებულ ბინაში ლოჯიისკენ. გზაზე ყველგან რაღაც გაუხსნელი ფუთები იყო. როგორც მერე დავადგინე, ჩვენი იზა შეთავსებით გადამყიდველობდა კიდეც. შევდივართ ლოჯში და რას ვხედავთ... პაციენტისთვის სპეციალურად მომზადებულ სავარძელში ზის ქალბატონი მედეა ჯაფარიძე. მასაც ეტყობა, ურჩიეს იზასთან ვიზიტი. ჩვენ რომ დაგვინახა, ცოტა შეცბა, თუმცა უხერხულ მდგომარეობაში რომ არ ჩავეგდე, განსაკუთრებით მე, არ შეიმჩნია. არადა, სულ არ მინდოდა იქ შესვლა, მთავარი იყო, ეთქვა იზას რამდენ ხანში მიმეკითხა ქალბატონი ლენასთვის. სწორედ ეს სასწრაფოდ ვიკითხე და უფრო სწრაფად გავეცალე იქაურობას, რათა ქალბატონი მედეას დისკომფორტი დიდხანს არ გაგრძელებულიყო. დათქმულ დროს მივბრუნდი იზასთან. ლენას სეანსიც დამთავრებული იყო, არც მედეა აღარ გაუშვიათ, ბარემ დიმულია (ასე მეძახდა ლენა ყიფშიძე) მიგვიყვანსო. ამასობაში ყავაც გაუმზადებიათ, საპატიო სტუმრების მოლოდინში იზამ ნამცხვრებიც "გაჩითა" და მეც იძულებითი მოლხენა გამომივიდა ექსტრასენსთან და ორ ქალღმერთთან ერთად.

დოდო ჭიჭინაძე

უცებ ირეკება ზარი. იზა გავიდა და ორიოდ წუთში შემოჰყავს არც მეტი, არც ნაკლები დოდო ჭიჭინაძე, თავისი არაჩვეულებრივი შლიაპითა და ვუალით. ვიფიქრე, მეჩვენება-მეთქი - ქალღმერთები გასამდნენ... ჩვენ უკვე სამზარეულოში გადავინაცვლეთ, დოდომ სეანსი ჩაიტარა და იქ გავიხუმრე, ვიდრე ლია ელიავა ან ლეილა აბაშიძე არ დაგვადგება დროზე, გავეცალოთ აქაურობას-მეთქი და ორიოდ წუთში ჩემს "ზაპოროჟეცში" სამი ლეგენდარული ქალბატონი იჯდა, მე კი ამაყად მივერეკებოდი თბილისის ქუჩებში.

გზაში გაირკვა, რომ ეს ვითომ ექსტრასენსი თეატრის ქალების ჩამცმელის ახლობელი ყოფილა და მას ჩაუწყვია "ვარსკვლავების" ვიზიტი სოლოლაკში, თანაც ისე, რომ ყველასთან ცალ-ცალკე იმუშავა და იქ შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს. იქვე ჩემს მანქანაში ლენამ სთხოვა ქალბატონ მედეას, ვოდევილები რომ აღვადგინე, არ გინახავს, აგერ დიმულიაც თამაშობსო, შოთიკო (მშვენიერაძეს გულისხმობდა) ხომ უნდა ნახო, მოდი, ხვალ სპექტაკლზე და იქედანაც სახლში ჩვენ წაგიყვანთო... ასე დასრულდა ერთი საოცარი დღე სამი ღვთაებრივი ვარსკვლავის გარემოცვაში.

ამბავი 2

მეორე დღეს ქალბატონი მედეა ნამდვილად მობრძანდა სპექტაკლზე, ძალიან ბევრი კომპლიმენტი გვითხრა თითოეულ მსახიობს, იყო საოცრად ბედნიერი, განსაკუთრებით ახალგაზრდებით. შეაქო შოთიკო, ჩაიხუტა ლენა და პირობისამებრ, წამოვიყვანე სახლში. მანქანიდან გადმოსვლის წინ, რაღაც უხერხულად გადმომხედა, შემდეგ ჩანთა გახსნა და დარცხვენილად ჩაილაპარაკა: მერიდება ძალიან, რაღაცით მინდოდა, აღმენიშნა თქვენი წარმატება, სხვა ვერაფერი უცებ ვერ მოვიფიქრე და თუ არ გამინაწყენდებით, რეზოს ნაქონი ჰალსტუხი მინდა, გაჩუქოთო... მე რა დამემართებოდა, იმედია, გამოიცნობთ. ის ჰალსტუხი დღემდე უძვირფასესი საჩუქარია ჩემთვის.

მედეა ჯაფარიძე და რეზო თაბუკაშვილი

ამბავი 3

1994 წლის 31 მარტს ქალბატონი მედეა გარდაიცვალა. ორწელიწად-ნახევრის მეტი ვერ გაძლო რეზოს გარეშე. მაშინ რამხელა გვეჩვენებოდა. არადა, სულ რაღაც 71 წლის იყო. მიუხედავად იმისა, რომ იმ წლებში უამრავი ახალგაზრდა იღუპებოდა, ყოველდღე და თითქოს სიკვდილი გაუფასურდა, ქალბატონი მედეას დაკრძალვაზე ისეთი ჭყლეტა იყო, რომ პოლიციის დიდი ჯგუფების დამატება დაგვჭირდა. და ერთი დეტალი არ მავიწყდება და არც არსოდეს დამავიწყდება ალბათ... თეატრიდან ქალბატონი მედეა მისმა კოლეგებმა გამოასვენეს, მათ შორის, ოთარ მეღვინეთუხუცესმა.

ოთარ მეღვინეთუხუცესი და მედეა ჯაფარიძე, სცენა სპექტაკლიდან: "ოიდიპოსი"

მარჯანიშვილის მოედნამდე გარდაცვლილი ხელით უნდა მიებრძანებინათ, შემდეგ კი აღმაშენებლის გამზირით დიდუბის პანთეონამდე. უცებ მოედანთან მიახლოვებისას ბატონმა ოთარმა ჩუმად თქვა კოლეგებთან - ბოლომდე ხელით მივაბრძანოთო, რაზეც მყისიერი თანხმობა მიიღო და იქვე უკვე ხალხშიც გაისმა აქა-იქ შეძახილები ხელით... ხელით... აი, როგორც იდგა იმ ოთხ ადამიანს შორის ბატონი ოთარი ქალბატონი მედეას სასახლესთან მარჯანიშვილის თეატრიდან გამოსვენებისას, ასე შეუცვლელად ბოლომდე თვითონ მიაბრძანა ქალბატონი დიდუბის პანთეონამდე!!! ის მედეა იყო!!! მედეა ჯაფარიძე!!! ის ყველანაირ დაფასებას, პატივისცემასა და სიყვარულს იმსახურებდა!!!

20 თებერვალს 98 წლის შესრულდებოდა!

"ეს ყველაზე მოულოდნელი და სასაცილო იყო!...როგორც მიხვდით, მოფრინავს" - როგორ გაატარეს უქმეები ქეთი ხატიაშვილმა და დავით კაჭარავამ

"გგონიათ, დეპარდიემ იცის, რომ აფხაზეთი საქართველოა? თუ მოვანანიებინებთ, კარგი არ იქნება?" - კოკოჩაშვილის ფილმის პროდიუსერი მათ მიმართ კრიტიკასა და სცენარზე

"ცოლზეც ათასი სისულელე ილაპარაკა. არადა, მე პირიქით ვიცი" - რას ჰყვებიან მიშა ანდღულაძის დედა და ძმა იუმორისტის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ