ავტორი:

"როგორ, ღარიბაშვილს უსმენენო... აბა, რა ჰგონიათ, მარტო ღარიბაშვილს? მასაც, მის დედიკოსაც და ყველას უსმენენ" - დანაშაულის რა ნიშნებს შეიცავს სკანდალური აუდიოჩანაწერი?

"როგორ, ღარიბაშვილს უსმენენო... აბა, რა ჰგონიათ, მარტო ღარიბაშვილს? მასაც, მის დედიკოსაც და ყველას უსმენენ" -  დანაშაულის რა ნიშნებს შეიცავს სკანდალური აუდიოჩანაწერი?

"იმედის“ ეთერში გასული ბერა ივანიშვილის ინტერვიუს შეფასებისას, ექსპერტებს ეჭვი თითქმის აღარ ეპარებათ იმაში, რომ გავრცელებული აუდიოჩანაწერი ავთენტურია. აღნიშნული ჩანაწერი, სავარაუდოდ, დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მიუხედავად იმისა, რომელ წლებს მოიცავს ბერა ივანიშვილსა და ამჟამინდელ მაღალჩინოსნებს შორის შემდგარი სატელეფონო საუბარი.

ambebi.ge-სთან საუბარში პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ჩანაწერის ავთენტურობაში დარწმუნებულია და არ გამორიცხავს იმასაც, რომ შესაძლოა ის "ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც უკავშირდებოდეს.

"ამ ინტერვიუდან დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ტექსტი ავთენტურია თუ არა, ამაზე ლაპარაკიც არ არის. მისივე განცხადებიდან გამომდინარე, ბერა ერთადერთი, "ტრის“ უარყოფს... ახლა მნიშვნელოვანი ისაა, დადგინდეს (თუ ვინმეს ამის დადგენა უნდა), როდინდელია ეს ჩანაწერი, ანუ დროის ფაქტორი. "ტვპირველს“ აქვს მთლიანი ჩანაწერი და შესაძლოა, იქ იყოს ისეთი ნაწილები, რომელიც დროსაც დააზუსტებს. ერთადერთი, რისი უარყოფაც მათ გააკეთეს, ეს არის ფრაზა "ტრი“, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ეს არის "ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაკეთებული ჩანაწერი და ამათ უნდოდათ ხაზი გაესვათ იმისთვის, რომ ჩანაწერი ახალი არ არის. ამ შემთხვევაში უკვე ლაპარაკი იმაზე, რომ მათ ძალაუფლება ბოროტად გამოიყენეს, არ იქნება, თანაც, ბერას მიერ ეს ყველაფერი ისე იქნა მიწოდებული, რომ მას დასდევდნენ და ავიწროებდნენ, რაც 2011 წლის ზაფხულში ნაკლებ სავარაუდოა. თუმცა გადაჭრით რაიმეს თქმა რთულია. არ მინდა ვიმკითხაო, ტექსტი არსებობს, საიდანაც შეიძლება დადგინდეს, როდის არის ეს ჩანაწერი გაკეთებული.

არა მგონია, ჩანაწერი "ნაციონალების" მიწოდებული იყოს. არ ვიცი, შეიძლება მათ ახლა მოიპოვეს ეს ჩანაწერი, მაგრამ მათ რომ ის ჰქონოდათ, ამას 2011-2012 წლებში გამოიყენებდნენ და შემდგომი არჩევნების დროსაც. "ნაციონალებს" საკმაოდ კარგი "გამოცდილება“ აქვთ ნიუსების შეკერვის, ფალსიფიცირების და მიწოდების. არის მეორე ვარიანტი - შესაძლოა, "ნაცებიდან" ვიღაცას ეს ჰქონდა, მაგრამ თავის დროზე დამალა, თავის გადარჩენის მიზნით ჰქონდა შემონახული. სახელმწიფო რომ თავის ფუნქციას ასრულებდეს, რა თქმა უნდა, პროკურატურა უნდა დაჯდეს და ყველაფერი გამოიძიოს, ვინაიდან, ფაქტია, ეს ჩანაწერი დანაშაულის ნიშნების შემცველია. საქართველოში როგორი ობიექტურიც არ უნდა იყოს გამოძიება, საზოგადოების ნაწილი ამას არც ერთ ვარიანტში არ გაიზიარებს, ამ პროცესისადმი მიდგომა იქნება პოლიტიკური გუნება-განწყობის მიხედვით - ვინც არ დაიჯერებს, ის ნაცმოს უჭერს მხარს და ვინც დაიჯერებს - "ოცნებას“. სამწუხაროდ, სხვაგვარად არ აზროვნებს ჩვენი საზოგადოება.

საქმეზე ობიექტურობისა და ჭეშმარიტების დასადგენად ძაბირაძეს მიაჩნია, რომ უმჯობესი იქნება უცხოელი ექსპერტების ჩართულობა, თუ არა და ეს თემა მუდმივად პიარის თემად დარჩება.

დანაშაულის რა ნიშნებს შეიცავს აღნიშნული ჩანაწერი, ობიექტურად ჩატარდება თუ არა გამოძიება და ვის უკავშირებს სკანდალური მასალის სააშკარაოზე გამოტანას, ამ კითხვებზე იურისტი ლია მუხაშავრია გვპასუხობს:

"ვფიქრობ, ეს იყო კარგად დადგმული ინტერვიუ. ბერას არ უარყვია იმ ჩანაწერის შინაარსი, რომელმაც ასეთი აჟიოტაჟი გამოიწვია. უბრალოდ, ბერას ინტერვიუს პროდიუსერები, თუ რეჟისორები შეეცადნენ საზოგადოებისთვის ამ სატელეფონო საუბრების შინაარსის შელამაზებას - თითქოს ეს ქართულ-ვაჟკაცურ ტრადიციებზე იყო დამყარებული. მეორე ნაწილზე, რომელმაც ნამდვილად შოკი გამოიწვია და აშკარად სახელმწიფოებრივი ხასიათის ინსტიტუციურ სავარაუდო დანაშაულზე მიუთითებდა, არაფერი იყო ნათქვამი და ვიტყოდი, საზოგადოების ყურადღების გადატანის უსუსური მცდელობა იყო.

რა თქმა უნდა, დედის გინებაზე ახალგაზრდა კაცს რომ უარყოფითი რეაქცია ჰქონდეს, ეს დასაშვებია, თუმცა ჩვენს ავბედით დროში, სამწუხაროდ, დედის გინება ისეთ ჩვეულებრივ ფრაზეოლოგიად იქცა, საკუთარ დედებსაც აუგად მოიხსენიებენ ხოლმე.

ეს არ უნდა იწვევდეს იმ ტრადიციულ აღშფოთებას, რომელზეც ბერა საუბრობდა ინტერვიუში, თუმცა არც მას დაუკლია სხვისი დედების გინება. უწმაწური სატელეფონო დიალოგი ძალიან ამაზრზენი იყო, მაგრამ ეს არ არის მთავარი.

იცით, ჩვენ სააკაშვილმა მიგვაჩვია იმას, რომ შეიძლება მთავრობის სხდომაზე პრემიერმა მინისტრს აგინოს და ეს "მოსულა“. ახლა ამას მიეცა სულ სხვა გაქანება. ბერა ივანიშვილი თუ ასე აღშფოთდა, ვერ გავიგე, პრემიერ-მინისტრს, ან სახელმწიფო დაცვის უწყების ხელმძღვანელს რატომ უნდა დაავალო მაგინებლისთვის პასუხის მოთხოვნა? ამით თუ მართლა აღშფოთდი და ეს შენთვის მიუღებელია, მიდი და პირადად მოსთხოვე პასუხი. ეს შეიძლება იყოს, მაქსიმუმ, ქუჩური ჩხუბი...

სახელმწიფო უწყებებს უნდა იყენებდეს ამაში? ამ რანგის კაცი, გენერალი ჩუბინიძე, რომელსაც უმაღლესი კატეგორიის ოფიცრის ღირსება უნდა ჰქონდეს, არის არასრულწლოვანი ლაწირაკის უკანონო სურვილების და აღმაშფოთებელი მოთხოვნების შემსრულებელი?

იმაზე გამეცინა - როგორ, ღარიბაშვილს უსმენენო? აბა, რა ჰგონიათ, მარტო ღარიბაშვილს? მასაც, მის დედიკოსაც და ყველას უსმენენ. ის საშინელება, რაც ჩამოიტანეს, დაამონტაჟეს და მომართეს, ახლა არის ურჩხული და ყველას შეჭამს, პირველ რიგში - მათ შეჭამს და დაიწყო კიდეც ეს პროცესი.

პროკურატურის რეაქციაც ავლენს იმას, რომ ეს ქვეყანა სრულიად უკუღმართადაა დღეს მოწყობილი - სავარაუდო დანაშაულის ნიშნები სრულიად აშკარაა, თან ეს არის ძალიან მაღალი სამოხელეო დანაშაულის ნიშნები, როდესაც დანაშაულის ორგანიზებაში, განხორციელებაში და მერე მის შესახებ პატაკის ჩაბარებაში ეჭვმიტანილნი ძალიან მაღალი რანგის პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან. ბერა არასრულწლოვანი რომც ყოფილიყო და ესენი რომც არ ყოფილიყვნენ საჯარო მოხელეები, მაინც დანაშაულია, უდაოდ. მეორეც, ღარიბაშვილი პრემიერი რომ არ იყოს და ჩუბინიძეც თანამდებობაზე, ამათ რომც სდომოდათ, "ნაციონალების" დროს პიპინ-პიპინით და ოფიციალური მანქანებით, ივანიშვილის შვილის განკარგულებებს ვერ შეასრულებდნენ ან თუ შეასრულებდნენ, ამ საუბრის შესახებ მაშინ გავიგებდით.

კითხვაზე, ვის შეიძლებოდა აღნიშნული აუდიომასალის გასაჯაროვება, ლია მუხაშავრია პასუხობს, რომ: - კოკა შიგნიდანაა გატეხილი...

"დაგვავიწყდა, 10 დღის წინ ვინ გადადგა თანამდებობიდან და უთანხმოების გამო ვინ წავიდა გაბრაზებული? სულ არ გამიკვირდება, ეს გახარიას გაკეთებული იყოს, ვინაიდან ამ დონის ჩანაწერის სამზეოზე გამოტანა, საშუალო რგოლის და დონის წარმომადგენელს რომ ვერ ექნება, ამაზე უნდა შევთანხმდეთ. ამ საუბრების შესახებ შეიძლება ის საქმის კურსში იყო და არც ის დაგვავიწყდეს, მისი გადადგომა ბატონი ბიძინას დაბადების დღეს რომ ემთხვევა - ეს დაბადების დღის საჩუქარიც იყო და გახარიას მხრიდან შურისძიების მოტივიც ჩანდა 20 ივნისისთვის, რომელიც მეც მჯერა, მისი თაოსნობით არ განხორციელებულა, მაგრამ მას მიეწერა. თუ ეს ადამიანი შურისძიების მოტივით მოქმედებს, სულ არ გამოვრიცხავ, ეს ნაბიჯი გადაედგა. უფრო საშიშიც შეიძლება მოხდეს მომავალში...

ჩემი აზრით, ღარიბაშვილის ჩამოცილება უნდა ღირდეს იმად, რომ "ოცნებამ“ ტალახი ჩამოირეცხოს. ღარიბაშვილი პრემიერის სავაძელში არის უკვე ჩართული დეტონატორი იმ ბომბის, რომელსაც აფეთქებამდე ძალიან მოკლე დრო აქვს. ოპოზიცია თავისას რომ ცდილობს, რა გასაკვირია, მაგრამ შენ იმიტომ ხარ ხელისუფლება, რომ არც მტერს და არც მოყვარეს არ მისცე იმის საშუალება, რომ ესკალაცია გამოიწვიოს. ისინი თუ რამეს კარგად არ აკეთებენ, ესენი რომ ცეცხლზე ნავთს ასხამენ, ესეც ხომ ფაქტია?“