ამბობს, რომ პოლიტიკაში ყოფნა მისი თვითმიზანი არასდროს ყოფილა, - არც ის მიფიქრია, ბიზნესის გასაუმჯობესებლად მოვსულიყავი პოლიტიკაში. ვიტყოდი, რომ სახელმწიფო სამსახური არის ნამდვილად კარგი შესაძლებლობა და საშუალება იმისა, რომ ადამიანმა თავისი ქვეყნისთვის რაღაც კარგი გააკეთოსო.... ამის შანსი მიეცა და სურვილი აქვს გამოიყენოს. ძმებ ხოჯევანიშვილებზე ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციებს სიმშვიდით ხვდება, არ სიამოვნებს, მაგრამ მაინც, რადგან მიაჩნია, რომ სიმართლე ერთია და ვინც მათ იცნობს, ის ყველამ იცის.
იქიდან გამომდინარე, რომ მას ექსპრემიერ გიორგი გახარიას გუნდის წევრად მოიაზრებენ, ახლახან მასზე ის ინფორმაციაც გავრცელდა, თითქოს პარლამენტს ტოვებს. "მინდა გითხრათ, რომ ხალხმა ამირჩია და, შესაბამისად, არც კი ვფიქრობ, პარლამენტი დავტოვო. ასე რომ, ამაზე საუბარიც კი არასერიოზულია“, - გვეუბნება და თავის ნატვრასაც გვიმხელს. "იმ რეგიონის მაჟორიტარი ვარ, რომელმაც მწარედ იწვნია ოკუპაციის სიმძიმე. ასაკიდან გამომდინარე, ალბათ კარგად არ მაქვს შეგრძნებული არც აფხაზეთი, არც ცხინვალის რეგიონი და ჩემი ნატვრა იქნება იმ ტერიტორიებზე იმ ადამიანებთან ერთად დაბრუნება, რომელ მიწაზეც ისინი ცხოვრობდნენ. ეს არა მარტო ჩემი, ალბათ ნებისმიერი ქართველის ყოველდღიური ნატვრაა“.
საქართველოს პარლამენტის წევრი გიგი ხოჯევანიშვილი ambebi.ge-სთან აპოლიტიკურ ინტერვიუს ბავშვობის მოგონებებით იწყებს.
- ქალაქ გორში დავიბადე და გავიზარდე, სკოლაც იქ დავამთავრე. პედაგოგებისა და ექიმების ტრადიციულ ოჯახში ვიზრდებოდი. მგონი, კარგად ვსწავლობდი და სკოლაც წარმატებით დავამთავრე. ერთი სული მქონდა, გაკვეთილები სწრაფად მომემზადებინა და მერე მთელ საღამოს მეგობრებთან ერთად ვატარებდი, ძირითადად, კალათბურთს და ფეხბურთს ვთამაშობდით. დედა ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორია, მამა პროფესიით მშენებელი ინჟინერი იყო, სამწუხაროდ, 5 წლის წინ გარდაიცვალა. ერთი პაპა წლების განმავლობაში გორის უნივერსიტეტის პრორექტორი იყო. მეორე - ექიმი, გორის რაიონის ჯანმრთელობის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. დედის და მამის მშობლებს საერთო ტრადიციები და შეხედულებები ჰქონდათ, აქედან გამომდინარე, ოჯახები მეგობრობდნენ. მათგან ბევრი კარგი რამ ვისწავლე.
მე და ჩემი უფროსი ძმა - ალექსანდრე სიყვარულის გარემოცვაში ვიზრდებოდით. ერთი ძმა მყავს და ჩვენ ბავშვობიდან დღემდე კარგი და, მგონია, სამაგალითო ძმობა გვაქვს. ბავშვობაში კალათბურთზე დავდიოდი და ბევრს ვთამაშობდი ფეხბურთსაც. ქართული სპორტის გულმხურვალე მხარდამჭერი ვარ, განსაკუთრებით - ფეხბურთის. საქართველოს ეროვნული ნაკრები ყოველთვის იყო და არის ჩემი საფიქრალი, უცხოური გუნდებიდან კი ბავშვობიდან ტურინის "იუვენტუსსაც“ ვგულშემატკივრობ.
- რაღაც პერიოდი, იურისტის პროფესიით დავინტერესდი და ავირჩიე კიდეც საერთაშორისო სამართლის სპეციალობა. სკოლის დამთავრების შემდეგ, თბილისში წამოვედი სასწავლებლად და ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე. ოჯახიც დადებითად შეხვდა ჩემს ამ გადაწყვეტილებას. თბილისში ჩვენი ბინა გვქონდა და სტუდენტობის წლებში მე და ჩემი ძმა ერთად ვცხოვრობდით, ერთად ვეზიარეთ დამოუკიდებელ ცხოვრებას. რაღაც პერიოდი, მარტოსაც მომიწია ცხოვრება...
თანდათან, დამოუკიდებელი ცხოვრების სტილი მისაღები გახდა ჩემთვის - უფრო უკეთესად ვანაწილებდი და ვუთმობდი დროს სწავლასაც, მუშაობასაც, მეგობრებსაც და გართობასაც. დროის სწორად განაწილება ვისწავლე... მათ შორის, უცხოეთშიც მომიწია სწავლის გაგრძელება და დამოუკიდებლად ცხოვრება არც იქ გამჭირვებია. რიგაში დავამთავრე მაგისტრატურა. დამოუკიდებელი ცხოვრების განმავლობაში, გადაწყვეტილების მიღებაც ვისწავლე და მეტ დროს ვუთმობდი საკუთარი თავის განვითარებას. მგონი, რაღაც გამომივიდა კიდეც.. არ არსებობს ერთი კონკრეტული ადამიანი, ვინც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ჩემს წარმატებაში, თუმცა ყოველთვის გვერდში მედგნენ ოჯახის წევრები და მათ შორის, უფროსმა ძმამაც იქონია ჩემზე დადებითი გავლენა. ჩემმა წინაპრებმა ბევრი ცხოვრებისეული მაგალითი მომცეს, რაც ყველა ეტაპზე სასიკეთოდ წამდგომია და დამხმარებია.
- ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე იყო ბევრი სირთულე, რომელთაც შეძლებისდაგვარად ვუმკლავდებოდი, მაგრამ ყველაზე ურთულესი და მძიმე პერიოდი ჩემს ცხოვრებაში მამის გარდაცვალება იყო. ვერც კი ვუშვებდით იმას, ასე მოულოდნელად დაგვეკარგა მამა, რომელიც ჩვენი საიმედო და ძლიერი საყრდენი იყო. 2016 წელს უკურნებელი სენით გარდაიცვალა და ეს ოჯახური ტრაგედია ძალიან მძიმედ გადავიტანეთ. არა და, აბსოლუტურად ჯანმრთელი და ენერგიული ადამიანი იყო, რომელიც დღედაღამ შრომობდა და ოჯახზე ზრუნავდა. მამა სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობას ეწეოდა, მათ შორის აგროსექტორში, კომერციულ სფეროში. მისი გარდაცვალების შემდეგ, ამ საქმიანობის გაგრძელება ოჯახს მოუწია.
- მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში მოვედი, მამისგან დატოვებული საოჯახო ბიზნესისთვის ვეღარ მოვიცალე და არაფრით გაუმჯობესებულა. პოლიტიკა არც ფაქტობრივად და არც თეორიულად, ჩემთვის არასდროს ყოფილა ბიზნესის გაფართოების და მოგების წყარო და საშუალება, არ დამიგეგმავს და არ მქონდა ის მიზანი, ბიზნესის გასაუმჯობესებლად მოვსულიყავი პოლიტიკაში, როგორც ეს ბევრს წარმოუდგენია.
2018 წელს, სახელმწიფო სამსახურში იყო შემოთავაზება მაღალ პოზიციაზე, კონკრეტულად - გუბერნატორის პოსტზე. ეს შემოთავაზება დაკავშირებული იყო მშობლიურ რეგიონთან, რომელთანაც ბევრი რამ მაკავშირებდა და აქედან გამომდინარე, დავთანხმდი. მას შემდეგ, რაც გუბერნატორი გავხდი, აღმოვჩნდი კიდეც პოლიტიკაში, დღეს კი უფრო აქტიურ პოლიტიკაში ვარ, რაც პარლამენტის წევრობაში გამოიხატება. სხვათა შორის, ვიდრე გუბერნატორი გავხდებოდი, "მაგთიკომში“ - ერთ-ერთ პრესტიჟულ ქართულ კომპანიაში - ვმუშაობდი, საკმაოდ მაღალანაზღაურებად პოზიციაზე, მაგრამ დავთანხმდი ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირებას იმიტომ, რომ ჩემი ქვეყნის სამსახურში ვყოფილიყავი.
ჩემთვის ძალზედ საპასუხისმგებლოა დღევანდელი პოზიცია, როცა არჩევნების პირველივე ტურში გამარჯვების შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოს წევრი და ჩემი რეგიონის (გორი-კასპი) მოსახლეობის ინტერესების დამცველი გავხდი. იმ შემთხვევაში, თუ ჩავთვლი, რომ ჩემი საქმიანობა აღარ იქნება პროდუქტიული, შედეგიანი და ამოვწურავ ჩემს თავს, მხოლოდ მაშინ დავტოვებ პოლიტიკას. თუმცა პოლიტიკაში ყოფნა ჩემთვის თვითმიზანი არასდროს ყოფილა. ვიტყოდი ასე, რომ სახელმწიფო სამსახური არის ნამდვილად კარგი შესაძლებლობა და საშუალება იმისა, რომ ადამიანმა თავისი ქვეყნისთვის ბევრი სასიკეთო გააკეთოს. ამის შანსი თუ გეძლევა ადამიანს, ეს უნდა გამოიყენო, მოინდომო და საქვეყნო საქმეები აკეთო.
- კრიტიკა ზოგადად მისაღებია და მნიშვნელოვანი, მხოლოდ, თუ ის ჯანსაღია. ძალიან ხშირად, არასერიოზული ადამიანების მხრიდან ხდება არასწორი, არაჯანსაღი, ცილისმწამებლური და უსამართლო ინფორმაციების გახმაურება. რა თქმა უნდა, ეს არასასიამოვნოა, თუმცა მაინც სიმშვიდით ვხვდები, რადგან სიმართლე ერთია და ის ყველა ადამიანმა იცის, ან შეიძლება გაიგოს, თუ ვინმე ამით დაინტერესდება. ყველაფერი ხელისგულზეა, ამიტომ ამას დიდ ყურადღებას და მნიშვნელობას არ ვანიჭებ. უბრალოდ, გულდასაწყვეტია, როდესაც ბოლო პერიოდში ადამიანები გადაუმოწმებელ ინფორმაციას მტკიცებით ფორმაში აწვდიან საზოგადოებას. საბოლოო ჯამში, ეს ადამიანების მცირე ჯგუფისთვის არის მისაღები, თორემ ვინც მე მიცნობს და ვისაც ჩემთან ჰქონია შეხება, იცის, რაა სიმართლე და რა - ცილისწამება. ვცდილობ, მორალის არმქონე ადამიანებთან არ შევიდე პოლემიკაში, სხვა შემთხვევაში, ჯანსაღ პაექრობას არასდროს გავურბივარ.
- უსაფუძვლოდ გავრცელდა ინორმაცია, თითქოს და, ბატონი გიორგი გახარიას თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, პარლამენტს ვტოვებ. მინდა გითხრათ, რომ ხალხმა ამირჩია და შესაბამისად, არც კი განვიხილავ პარლამენტის დატოვებას. ამიტომ, ამაზე საუბარიც კი არასერიოზულია. საბედნიეროდ, ბევრი მეგობარი მყავს და მათ შორის არიან სკოლის და უნივესიტეტის პერიოდის, ასევე, უცხოეთში სწავლისას და პოლიტიკაში ყოფნის დროს შეძენილი მეგობრებიც. ბევრ მათგანთან დღეს ნათესაობა და ნათელმირონობაც მაკავშირებს. სამეგობრო წრე ჩემთვის დიდი დასაყრდენია.
უნდა ითქვას, რომ ბატონ გიორგი გახარიასთან ერთად მუშაობა ჩემთვის დიდი პატივი იყო, როცა ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა და მე - შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პოზიცია მეკავა. მისი, როგორც გუნდის ლიდერის და ძლიერი მენეჯერის თანამდებობიდან წასვლა ჩემთვის არასასიამოვნო ფაქტი იყო. ამის შემდეგაც, რა თქმა უნდა, ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდება, მეგობრობა მეგობრობად დარჩება... რა თქმა უნდა, პარლამენტშიც მყავს მეგობრები, არასწორი იქნება ჩამოთვლა, ვინმე რომ არ გამომრჩეს. დღევანდელი კოლეგებიდან ზოგიერთს სხვადასხვა სფეროდან ადრეც ვიცნობდი და მათთან დღესაც ვაგრძელებ მეგობრობას, ოღონდ, უკვე - პარლამენტში..
- ნათია ჯავახი - ჩემი მეუღლე საერთო სამეგობრო წრეში გავიცანი. ეს იყო 2008 წელს და დაახლოებით 1 წელიწადში ვიქორწინეთ კიდეც. დღეს ორი შესანიშნავი ქალბატონი გვყავს - ანასტასია და ბარბარე, ძალიან კარგი გოგონები, რომლებიც ცდილობენ, კარგად ისწავლონ და ამით გაახარონ მშობლები. ნათია PR-ის სპეციალისტია და ამ მიმართულებით სხვადასხვა კერძო კომპანიებში მუშაობდა, ამჟამად კი სახელმწიფო სამსახურშია. სხვათა შორის, ნათიაც წარმოშობით შიდა ქართლიდანაა. შეიძლება ითქვას, რომ ლამაზად აეწყო ჩვენი ურთიერთობა, ჩვენ მეგობრები ვართ და ჩემს წარმატებებში დიდი წვლილი ჩემს მეუღლესაც მიუძღვის. მართალია, ძალიან დაკავებული ვარ, მაგრამ ვცდილობ, ბავშვებისთვის მეტი დრო გამოვნახო და ვიყო ისეთი მამა, როგორიც მათ უნდათ.
რეგიონს, რომელმაც მწარედ იწვნია ოკუპაციის სიმძიმე, კარგად ვიცნობ. ოკუპაცია - ეს კიდევ ერთი დიდი ტკივილი და უმძიმესი მოვლენაა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. რა თქმა უნდა, ამ საკითხის მოგვარებისთვის ბევრი შრომაა საჭირო და მარტო ქვეყნის კონსოლიდაცია არაა საკმარისი, სხვა უამრავ გარე ფაქტორებსაც აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ქვეყნის შიგნით ბევრი შრომა, საქართველოს ერთგული მსახურებაა საჭირო იმისთვის, რომ ეს უდიდესი ჭრილობა მოიშუშოს ქვეყანამ. ოკუპაციის და ტერიტორიების დაკარგვის უკან, უამრავი უსახლკაროდ დარჩენილი, დევნილად ქცეული მოსახლეობა დგას, რომელთა ყოფაც უმძიმესია. ალბათ, ბევრ გარემოაბასთან ერთად, თითოეული ქართველის სწორ ნაბიჯებზეც არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე და გამთლიანება.
- მახარებს ის, რომ მიზანსწრაფული ვარ და ეს მეხმარება წარმატებაში... სხვადასხვა პერიოდში ბევრ ადგილას მიმუშავია, როგორც კერძო, ისე საჯარო სტრუქტურებში, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციაში - ევროსაბჭოში, სტრასბურგში მუშაობა ნამდვილად განსხვავებული გამოცდილება იყო.
ვერ ვიტყვი, რომელი უფრო რთულია - ბიზნესის კეთება, თუ პოლიტიკა, მაგრამ ის ვიცი, რომ მთავარია, ნებისმიერ საქმეს გულისხმიერად და პროფესიონალურად მიუდგე და თუ ადამიანი მოინდომებს, ყველაფერი გამოუვა. ჩემი ოცნებაა ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან გარემოში განვითარება. არსებული სიტუაციიდან და ჩემი ასაკიდან გამომდინარე, მხოლოდ ვირტუალურად ვიცნობ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს რეგიონს და ჩემი ნატვრა იქნება იმ ტერიტორიებზე იმ ადამიანებთან ერთად დაბრუნება, რომელ მიწაზეც ისინი ცხოვრობდნენ. ეს არა მარტო ჩემი, ალბათ ნებისმიერი ქართველის ყოველდღიური ნატვრაა.