ავტორი:

რა არის ცნობილი Astrazeneca-ს ვაქცინის შესახებ, რომლითაც უკვე საქართველოშია -  რამდენად უსაფრთხო და ეფექტიანია ის

რა არის ცნობილი Astrazeneca-ს ვაქცინის შესახებ, რომლითაც უკვე საქართველოშია -  რამდენად უსაფრთხო და ეფექტიანია ის

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია საქართველოში დღეს შემოვიდა. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია 10:30 საათზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გაიმართება, მას ეკატერინე ტიკარაძე გახსნის.

  • პირველ რიგში, ვინ უნდა მიიღოს "ასტრაზენეკას“ ვაქცინა?

ჯანმოს რეკომენდაციის მიხედვით, უპირატესობა უნდა მიენიჭოთ მოწყვლად ჯგუფებს, სამედიცინო სფეროს მუშაკებს და ხანში შესულ ადამიანებს, მათ შორის, 65 წელს გადაცილებულებს.

ვაქცინა რეკომენდებულია იმ თანმხლები დაავადებების მქონე პირებისთვის, რომელიც ზრდის კორონავირუსით ინფიცირებისა და დაავადების გართულების შესაძლებლობას. ვაქცინა რეკომენდებულია ჭარბწონიანებისთვის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, ასევე დიაბეტით დაავადებულთათვის. ვაქცინაცია შეიძლება ჩაუტარდეთ იმ პირებსაც, რომლებმაც უკვე გადაიტანეს კოვიდი.

"ასტრაზენეკას" ვაქცინა რეკომენდებულია მეძუძური ქალებისთვისაც, თუ ისინი ვაქცინაციისთვის მოწყვლად ჯგუფებში არიან (მაგალითად, აქვთ თანმდევი დაავადება). ჯანმო არ გირჩევთ ძუძუთი კვების შეწყვეტას ვაქცინაციის შემდეგ.

  • შესაძლებელია თუ არა ვაქცინაცია ორსულობის დროს?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ორსული ქალებისთვის კოვიდი საკმაოდ დიდი რისკია, მაგრამ არის თუ არა ვაქცინის მიღება ორსულობისას უსაფრთხო, ეს საკითხი საკმარისად შესწავლილი ჯერ არ გახლავთ. თუ ორსულ ქალს აქვს რაიმე თანმდევი დაავადება, რომლის გამოც, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში შესაძლოა, მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას, ასეთ დროს უნდა აიცრას სპეციალისტების რეკომენდაციის შესაბამისად. ექიმმა უნდა შეაფასოს მისი მდგომარეობის სირთულე.

  • ვისთვის არ არის რეკომენდებული ვაქცინა?

ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სერიოზული ალერგიული რეაქციების ისტორია ვაქცინის შემადგენელ რომელიმე კომპონენტზე, მათ "ასტრაზენეკა" არ უნდა მიიღონ. ასევე, ვაქცინა რეკომენდებული არ არის 18 წლამდე პირებისთვის. სანამ მოზარდებში მის მიღებას რეკომენდაციას გაუწევენ, შესაბამისი კვლევები უნდა ჩატარდეს.

  • ვაქცინის რა დოზა უნდა მიიღოთ?

ჯანმოს რეკომენდაციით, ეფექტიანობისთვის, 8-დან 12 კვირამდე ინტერვალით, ორი დოზის გაკეთებაა საჭირო. თითო დოზა 0,5 მილიგრამი.

  • უსაფრთხოება და ეფექტიანობა

ჯანმოს ინფორმაციით, "ასტრაზენეკას" ვაქცინა აკმაყოფილებს ევროპის მედიკამენტების სააგენტოსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უსაფრთხოების კრიტერიუმებს. ევროპის მედიკამენტების სააგენტომ საფუძვლიანად შეაფასა ხარისხი, უსაფრთხოება და ეფექტიანობა და დართო ნებართვა მის გამოყენებას. "ასტრაზენეკას" ვაქცინის ეფექტიანობა 63,09%-ია (შენიშვნა: ეფექტიანობასთან დაკავშირებით არსებობს განსხვავებული მონაცემებიც, რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებთ).

  • ამცირებს თუ არა ვირუსის გადაცემის რისკს "ასტრაზენეკას" ვაქცინა

არსებობს კვლევა, რომლის მიხედვითაც, "ასტრაზენეკას" ვაქცინა კორონავირუსის გადაცემას ამცირებს, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამ ინფორმაციას არასაკმარისად თვლის და წერენ, რომ არ არსებობს ზუსტი მონაცემები აღნიშნულის დასასაბუთებლად. ამიტომაც, ჯანმო გვირჩევს, რომ დავიცვათ დისტანცია, შესაბამისი ჰიგიენური ნორმები და ვატაროთ პირბადე.

ცნობისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გარდა, "ასტრაზენეკას" ვაქცინის შესახებ საინტერესო სტატიას აქვეყნებს ბრიტანული გამოცემა, BBC.

გამოცემა წერს, რომ ბრიტანეთში ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინის ერთი დოზა ძალზე ეფექტიანია, ის 80%-ზე უფრო მეტით ამცირებს დაავადების შანსს და ასევე ინფიცირების შემთხვევაში დაავადების გართულების შესაძლებლობას. როგორც BBC-ის სტატიაშია ნათქვამი, კვლევა გამოქვეყნდა Public Health England-ში და მასში მონაწილეობდნენ 80 წელს გადაცილებული ის ადამიანები, რომლებმაც აღნიშნული ვაქცინის ერთი დოზა მაინც მიიღეს. BBC-ის ცნობითვე, ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი ხნით იცავს ვაქცინა კორონავირუსისგან და მიმდინარეობს შესაბამისი კვლევები. წინასწარი ინფორმაციით, astrazeneca-ს ვაქცინა იცავს მინიმუმ 6 თვით.

  • რატომ ზღუდავს ზოგიერთი ქვეყანა ამ ვაქცინის გამოყენებას?

ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში "ასტრაზენეკას" ვაქცინით ცრიან 18-დან 65 წლამდე ადამიანებს, ვინაიდან როგორც ამბობენ, 65 წელს გადაცილებულ ადამიანებში ის ეფექტიანი არ არის. თუმცა ქვეყნების ნაწილმა, მაგალითად, საფრანგეთმა და გერმანიამ ეს შეზღუდვა მოხსნა. მწარმოებლები აცხადებენ, რომ ვაქცინა ისეთივე ეფექტიანია ხანდაზმულებშიც, როგორც ახალგაზრდებში.

გარდა ამისა, საყურადღებოა კიდევ რამდენიმე ფაქტი, როგორც cnbc.com წერს, დანიამ შეაჩერა "ასტრაზენეკას" ვაქცინით აცრის პროცესი, რადგანაც გამოვლინდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ვაქცინის მიღების შემდეგ პირს სისხლის შედედება განუვითარდა. გასულ კვირაში აღნიშნული რამ მოხდა ავსტრიაშიც, სადაც ვაქცინის მიღების შემდეგ, 59 წლის ქალი გარდაიცვალა. აღნიშნულ ქვეყანაშიც "ასტრაზენეკას" ვაქცინით აცრები ამ დროისთვის შეჩერებულია. ამ ეტაპზე უცნობია, გარდაცვალება და სისხლის შედედება გამოწვეული იყო თუ არა ვაქცინაციით.

ჩეჩნეთში "ჯადოქარი ქალები" დააკავეს -  "გრძნეულების“ დევნა ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკაში რამდენიმე წლის წინ დაიწყო"

რატომ არ ელაპარაკება კიმ ჩენ ინი ჯო ბაიდენს? - "ფხენიანთან დასაკავშირებლად სხვადასხვა მეთოდს ვიყენებთ, თუმცა კიმი კონტაქტზე არ გამოდის"

ქვიშის ქარიშხლისა და ჰაერის დაბინძურების გამო ჩინეთში განგაშის მეორე დონე გამოცხადდა - ნარინჯისფერი პეკინის დაუჯერებელი კადრები