ავტორი:

"2008 წლის ომი გამოვიარე... მალევე თავდაცვაში ჩემი თანამდებობა გაუქმდა. ომის შემდეგ, ეს ისეთი გულსატკენი იყო" - ქართველი ემიგრანტის გზა იტალიაში

"2008 წლის ომი გამოვიარე... მალევე თავდაცვაში ჩემი თანამდებობა გაუქმდა. ომის შემდეგ, ეს ისეთი გულსატკენი იყო" - ქართველი ემიგრანტის გზა იტალიაში

ნათია ზაზაშვილი, როგორც ბევრი ქართველი, წლებია, იტალიაში ცხოვრობს. საქართველოდან უცხო ქვეყანაში ჩასული ნამდვილად არ დაკარგულა და დიდი მონდომებით და შრომით წარმატებასაც მიაღწია.

"2003-2008 წლებში თავდაცვის სამინისტროში ვიმსახურე. 2008 წლის ომი გამოვიარე და მალევე რეორგანიზაციის გამო, კადრების განკარგულებაში მომიწია გადასვლა, რადგან ჩემი თანამდებობა გაუქმდა. ეს ომის შემდეგ, იმდენად გულსატკენი იყო, რომ სურვილი გამიჩნდა, ჩემს ცხოვრებაში რაღაც შემეცვალა. ამიტომ გადავწყვიტე, ძველ პროფესიას დავბრუნებოდი. გამოცდები ჩავაბარე და საქართველოს უნივერსიტეტში მედიამენეჯმენტის განხრით, მაგისტრატურაში ჩავირიცხე, ერთი წლის შემდეგ კი (სწავლა არ დამისრულებია), იტალიაში ჩემს დასთან, ნიასთან ჩამოვედი და საქართველოში აღარ დავბრუნებულვარ," - გვეუბნება, ნათია ზაზაშვილი, რომელსაც განათლება სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში კორექციული ფსიქოლოგიის განხრით აქვს მიღებული, გავლილი აქვს ასევე კრიმინალური ჟურნალისტიკის კურსი, ამჟამად კი იტალიაში საერთაშორისო თანამედროვე მედიამენეჯმენტის ფაკულტეტზე სწავლობს.

ნათია ზაზაშვილი ambebi.ge-ს სტუმარია, რომელსაც იტალიაში დავუკავშირდით.

- უცხო ქვეყანაში ადაპტაცია და ინტეგრაცია, ფაქტობრივად, ისე გავიარე, ვერც კი მივხვდი, იტალიას უფრო ამიტომ შემოვრჩი. არადა, აქ დარჩენის მიზნით არ ჩამოვსულვარ!

პირველი, რაც აქ გავაკეთე, რამდენიმე თვეში ქართულ-იტალიური კულტურული ორგანიზაცია "ჟალეთი" დავაფუძნე. ამასთანავე, გავხსენი ამავე სახელწოდების პირველი ქართული საკვირაო სკოლა. დღეს ჩვენი ორგანიზაცია საკმაოდ ცნობილია, რომელმაც ტოსკანაში "ქართული ფერების" შეტანა მოახერხა. ის ჩართულია საერთაშორისო პროექტებში და ქართული კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება.

- ამდენი კარგი საქმის წამოწყება და განხორციელება როგორ შეძელით?

- სიმართლე გითხრათ, ამას ხანდახან მეც ვეკითხები ჩემს თავს, არა იმიტომ, რომ რამე იყო შეუძლებელი! არა, უფრო მეტსაც შევძლებდი, თანმემამულეებისგან მეტი გვერდში დგომა რომ მქონოდა! რა თქმა უნდა, ყველას არ შეეხება, მაგრამ უცხო ქვეყანაში ერთიც რომ გიღალატებს და გიმტრობს, ეს შენს ქვეყანაში 10-ის ღალატის ტოლფასია!

ეს ცუდი თვისება ოდითგანვე რომ არ მოგვდგამდეს, ალბათ ჩვენი ქვეყანაც უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა, ვიდრე დღეს არის.

- რას ნიშნავს ეს ყველაფერი თქვენთვის?

- "ჟალეთი" საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მჭიდროდ თანამშრომლობს და ძირითადად დიასპორას ემსახურება. ასევე ახორციელებს ქართულ-იტალიურ კულტურულ და შემეცნებით პროექტებს.

მე და ჩემი და - ნია აქტიურად ვართ ჩართულები ევროპის მიგრაციის პროექტებშიც. როდესაც პირველ ფორუმს დავესწარი, რომელზეც ტოსკანის რეგიონში მიგრაციის სტატისტიკის საკითხს განიხილავდნენ (ღონისძიება ჯანმრთელობის სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული), ფრაზა "საქართველოს მოქალაქე" სტატისტიკის გრაფაში ნახსენებიც არ იყო. იმ დღიდან მოყოლებული ყველა სისტემაში ოფიციალურად ვითხოვდი ამის დარეგისტრირებას და საბედნიეროდ, ამას მივაღწიე. ამის უკან კი დგას გათენებული ღამეები, საჯარო გამოსვლები თუ უამრავი წერილი.

- პანდემიის პერიოდი იტალიაში ძალიან რთულად დაიწყო... როგორ ცხოვრობს დღეს ეს ქვეყანა?

- ცნობილია, რომ პანდემიამ სერიოზული კრიზისი გამოიწვია როგორც მსოფლიოში, ასევე იტალიაშიც. ყველა სფერო - პოლიტიკა, ეკონომიკა, ჯანდაცვა, კულტურა, სპორტი, განათლება დაზარალებულია. იტალიის მთავრობის საქმიანობის შესახებ ალბათ ნიუსებს თვალყურს ადევნებთ. მმართველ გუნდშიც ქაოსია. სპორტული, კულტურული ღონისძიებები შეჩერებულია. ჯანდაცვის სისტემა ებრძვის კოვიდს და ნაკლები რესურსი რჩება სხვა დაავადებების მქონე პაციენტებისთვის. კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანებს წარმოდგენაც არ აქვთ, როდის შეძლებენ, დაუბრუნდნენ სცენას და მაყურებელს.

იტალია ტურისტული ქვეყანაა და ეკონომიკის ზრდა მოგეხსენებათ, ტურიზმთან პირდაპირ კავშირშია. წელიწადია, რაც უკვე დაკეტილია ტურისტული მომსახურების ყველა ობიექტი. მე და ჩემი და ნია პატარა ტურისტული კომპანიის მფლობელები ვართ, მაგრამ 2020 წლის თებერვლიდან დღემდე, ფაქტობრივად, ობიექტები დახურული გვაქვს, ერთი ტურისტიც არ მიგვიღია. ბარები, რესტორნები კრიზისულ ვითარებაშია - ბევრი მათგანი იყიდება. შორს წავედი, მაგრამ შევეცადე, აქაური ყოფის წარმოსადგენად, გარკვეული სურათი შემექმნა. იმ სფეროების წარმომადგენლები, რომლებიც ვახსენე, სამსახურის გარეშე არიან დარჩენილი... ველოდებით ვაქცინაციას. ვაქცინაც საკმარისი რაოდენობით არაა შემოსული და ეს პროცესი საკმაოდ ნელი ტემპით მიმდინარეობს. სავარაუდოდ, 2021 წელში ბევრი არაფერი შეიცვლება. მოგვიწევს, შევეგუოთ წელსაც ასეთი მდორე რიტმით სვლას...

- საქართველოში დაბრუნებას არ აპირებთ?

- ამ კითხვას ვერასდროს ვპასუხობ. ადრე სულ მიკვირდა, როგორ ტოვებდნენ სამშობლოს და მიდიოდნენ საზღვარგარეთ საცხოვრებლად. ვერ წარმომედგინა, ამას თუ შევძლებდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ქვეყანა მეც თავად დავტოვე... ახლაც არ ვიცი, მომავალში რა ვითარებაში აღმოვჩნდები. ნებისმიერი მოქმედება სიტუაციას მოაქვს. სიტუაციების დაგეგმვა ნამდვილად არ ძალმიძს. ამიტომ "ხვალემ იფიქროს ხვალისა". ვცდილობ, დღეს ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთო და ამის შედეგი იქნება უკეთესი ხვალინდელი დღე.

საქართველოში მყავს მშობლები და უფროსი და - ეკა ოჯახით, ხოლო მე და უმცროსი და - ნია იტალიაში ვცხოვრობთ. საქართველოში ჩამოვდივართ ხოლმე. ბოლოს 2017 წელს ვიყავი. შემდეგ წლებში (2018-2019) საპატიო მიზეზი ნამდვილად მაქვს - 2-ჯერ დედა გავხდი და ვერ მოვახერხე. ახლა კი პანდემია გვიშლის ხელს. სამსახურიდანაც არ არის იოლი შვებულების აღება და ვიმედოვნებ, რომ სამშობლოს წელს ახალი პროექტებით აუცილებლად ვესტუმრები.

- როგორც შევიტყვე, აქ ძალოვანი სტრუქტურების საზოგადოებასთან ურთიერთობის ჟურნალი "ფარი" დაგიარსებიათ, სადაც საქმიანობდით, რის შემდეგაც შეიარაღებულ ძალებში გადაინაცვლეთ... ქალისთვის არ იყო რთული ჯარში სამსახური? რამ გადაგაწყვეტინათ ეს?

- როგორც აღნიშნეთ, ძალოვან სტრუქტურებთან უკვე შეხება მქონდა ჟურნალიდან "ფარი". 22-23 წლის ვიყავი და შემთხვევის ადგილებზე მთელი საქართველოს მასშტაბით დავდიოდით. მახსოვს, ჩემს დანიშვნაზე მოუთმენლად ველოდებოდი თავდაცვის მინისტრის ბრძანებას. ყველაზე მეტად მიხაროდა ის, რომ სასწავლო სროლები გვექნებოდა. ეს ჩემი ჰობია...

- როგორია იტალიდან დანახული საქართველო და რას ეტყვით ქართველებს, რომლებიც ახლა ფიქრობენ უცხოეთში სამუშაოდ გაემგზავრონ?

- უცხოეთიდან საქართველო უფრო ლამაზად ჩანს, ვიდრე სინამდვილეშია. ეს მონატრებული სამშობლოა.

ჩვენ დაკარგული თაობა ვართ, რომელმაც ვერ დავიმკვიდრეთ თავი ქვეყანაში, მაგრამ ვერ დავმკვიდრდით არსებული რეჟიმის გამო... ქვეყანაში იყო და არის კორუფცია, ნეპოტიზმი. 30 წელია, საქართველო ვერ შედგა ცივილიზაციის რელსებზე და პრორუსული სადგურიდან ვერ დაიძრა! ჩვენ კი, რომლებიც ამ "მატარებლის" მგზავრები უნდა ვყოფილიყავით, უმისამართოდ დავიფანტეთ...

არასოდეს არავის ვურჩევ სამშობლოდან გადახვეწას!

უცხო ქვეყანაში ყველაფერს 0-დან იწყებ და ფაქტობრივად, შენი ცხოვრებიდან რამდენიმე წელს კარგავ!

საქართველოს ყავს ნიჭიერი შვილები, ახალი თაობა, უნიჭიერესი ახალგაზრდები, რომლებიც იმიტომ არ ჩანან, რომ არ არიან "ვიღაცის" შვილები. 30 წელია, ერთი და იმავე სახეებს, შევარდნაძის "საბუდარიდან" აფრენილ "წიწილებს" ვუყურებთ, რომლებიც მორალს გვიკითხავენ. (სხვათა შორის ჟურნალისტებიც) და 30 წელია, "ხტუნაობენ გემიდან გემზე". ეს ხალხი დღეს უკვე თავიანთ შვილებს გვიპიარებენ, რათა პოზიციები გადააბარონ, "ვიღაცის გვირგვინი".

ხოლო თაობა, რომელიც ახლა ჯერ კიდევ სწავლის პროცეშია, სწორედ ისინი მაქსიმალურად უნდა გააქტიურდნენ. უცხო ქვეყანაში წასვლაზე კი არ უნდა იფიქრონ, საქართველოში შექმნან ორგანიზაციები და იბრძოლონ თავიანთი მომავლის გასაუმჯოსებლად, დემოკრატიული საქართველოსთვის, სადაც მოქალაქეები დასაქმდებიან არა ნაცნობობით, არამედ პროფესიული შერჩევით. ქვეყნის კრიზისი არაპროფესიონალების დასაქმების გამოა გამოწვეული.

არსებულ ჯანსაღ რესურსს არ ვიყენებთ. იგივე შემიძლია ვთქვა ბუნებრივ რესურსებზეც. მიწათმოქმედი ქვეყანაა და ერთ რაიონში არ არის სოფლის მეურნეობა განვითარებული ისე, როგორც საჭიროა, თუმცა 30 წელია, ყველა მინისტრი ამას გეგმავს პოსტზე დადგომისას. ამ ყველაფერზე გული ძალიან მტკივა. საქართველოს წარმატებულ მომავალს ვუსურვებ!