ავტორი:

"ვუთხარი, "4 გიას" ბანი უკან მიდგას-მეთქი და კინაღამ ინტერნეტში გამოძვრა" - ებრაელი მამაკაცის უცნაური ვიდეოზარი და დამეგობრება ქართველ ემიგრანტებთან

"ვუთხარი, "4 გიას" ბანი უკან მიდგას-მეთქი და კინაღამ ინტერნეტში გამოძვრა" - ებრაელი მამაკაცის უცნაური ვიდეოზარი და დამეგობრება ქართველ ემიგრანტებთან

საოცარი "ვინმეა" "ფეისბუქი", სხვადასხვა "უნარითაა" აღჭურვილი - უცნობებს ამეგობრებს, დიდი ხნის უნახავ ადამიანებს ახვედრებს, უცნობში ნაცნობს აღმოაჩენინებს და ვინ იცის, კიდევ მისი დამსახურებით რა არ ხდება. შემდეგ კი იქმნება არაერთი "ფეისბუქ-თავგადასავალი"... ახლა რის მოყოლასაც ვაპირებთ, სწორედ "ფეისბუქის" წყალობით მომხდარი ნამდვილი ამბების ერთობლიობაა, რომლებიც ერთმანეთს წიგნის ფურცლებივით მიჰყვება. მე მას ფილმის სცენარსაც ვუწოდებდი.

მუსიკოლოგი და სიმღერების ტექსტების ავტორი თინა ნაცვლიშვილი, რომელიც ასევე ცნობილი ჯგუფის "4 გიას" ერთ-ერთი წევრის, გია ნაცვლიშვილის დაა, რამდენიმე ისეთ გასაოცარ ამბავს გვიყვება, რომლის მოსმენისას ბევრს, ალბათ, გული აუჩუყდება და ტანში დაბურძგლავს... მისი პირველი ამბავი კი სწორედ წარსულში პოპულარულ ჯგუფს "4 გიას“ უკავშირდება...

უცნაური ვიდეოზარი

რომ არა ერთი საოცარი Facebook-თავგადასავალი, ეს სტრიქონები არ დაიწერებოდა. ყველაფერი კი ასე დაიწყო: ერთ საღამოს მესენჯერზე მირეკავს, ვინმე Vitaly Haifa. გავოცდი, რადგან, როგორც გვარის მიხედვით გავიხსენე, ეს იყო ერთ-ერთი ებრაული საიტის ადმინისტრატორი, სადაც სულ მხიარული ამბები და ანეკდოტები იბეჭდებოდა და მას ხშირად ვსტუმრობდი.

რასაკვირველია, ვუპასუხე და ამ ახალგაზრდა მამაკაცმა მორიდებით ამიხსნა (რუსულ ენაზე) ჩემთან დაკავშირების მიზეზი. წლების წინ ყოფილა თბილისში, ბევრი რამ უნახავს, ბევრს შეხვედრია, მაგრამ ვერ ივიწყებს ერთ ქართულ მუსიკალურ ჯგუფს და მათ სიმღერებს, განსაკუთრებით კი ერთს - "წყალტუბოდან ქუთაისში მიმავალო ქარო".

მოკლედ, მწერდა, რომ ამ სიმღერას დიდი ხანია ეძებს... ვიფიქრე, ვიღაც მეხუმრებოდა, მით უმეტეს, რომ როცა ამ მესიჯის შემდეგ, ვიტალიმ ვიდეოზარი გამოუშვა, კამერაში აუცილებლად გამოჩნდებოდა ჩემს ზურგსუკან მდგარი გია, რომელიც იმ მომენტში ტელეფონზე ლაპარაკობდა, მაგრამ ეს ვიტალი, სრულიად უცნობი იყო და არც ხუმრობას არ ჰგავდა მისი ლაპარაკი. ამიტომ, ღიმილით ვუთხარი - „4 გიას“ ბანი, აგერ, ჩემს უკან დგას-მეთქი. კაცი კინაღამ ინტერნეტში გამოძვრა. კარგა ხანი ვერ იჯერებდა, მაგრამ როცა გიამ გაუგზავნა თავიანთი სიმღერები, დაიჯერა.

გია ნაცვლიშვილი, ჯგუფ "4 გიას" წევრი

ცოტა ხანში ისევ აწკრიალდა მესენჯერის ზარი და დიდი მორიდებით მთხოვა, იქნებ ეს სიმღერები ნიუ-იორკში მცხოვრებ დავით ბარლისაც გაუგზავნოთ, ის უკვე გიწვევთ სამეგობროდ, თან, იქნებ ესაუბროთ კიდეცო. სიცილი ამიტყდა, ინგლისური არ ვიცი და რა ენაზე ვესაუბრო-მეთქი? დამამშვიდა, თბილისელია, დათო ბალუაშვილი და ქართულის მოსმენა ძალიან გაუხარდება.

დამეგობრება დათო ბარლისთან

დათო ბარლი

მოკლედ, დავუმეგობრდი არაჩვეულებრივ დათო ბარლის და მის ოჯახს. ეს მეგობრობა ძალიან მტკიცე და სასიამოვნო აღმოჩნდა. ფაქტობრივად, 2 წლის განმავლობაში თითქმის ყოველდღე ვსაუბრობდით არა მარტო მე და დათო, არამედ ორივე ოჯახის წევრები - მისი მეუღლე ტანია, ჩემი მეუღლე, ძმა, ქალიშვილი, რძალი და ჩვენი მხრიდან დამეგობრებული კიდევ ბევრი ახლობელი...

დათო ცნობილი მათემატიკოსია, დოქტორი, რომელიც თავისი სპეციალობით სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა - მოსკოვში, გერმანიაში, ისრაელში და ამერიკაში საკმაოდ საპასუხისმგებლო პოსტებზე. ამჟამად პენსიონერია. მისი ვაჟებიც თავიანთი პროფესიის მიხედვით არიან დასაქმებულები, ბედნიერი ოჯახები აქვს. ერთადერთი, ტანჯავს ნოსტალგია და ოცნებობს თბილისზე, თბილისელ ნაცნობ-მეგობრებზე, საქართველოზე, ყველაფერ ქართულზე...

დათომ და მისმა მეუღლემ ავიაბილეთებიც კი შეიძინეს თბილისში წამოსასვლელი, მაგრამ კორონას შემოსევამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა... ისევ მესენჯერის ვიდეოზარებზე შევჩერდით... გავიხსენეთ უამრავი საერთო ნაცნობ-მეგობარი, თბილისური ამბები. ჩვენს "სასაუბრო წრეში" მალე დაგვემატა დათოს ყოფილი მეზობელი, მეგობარი და ყველასთვის საყვარელი ადამიანი, თინა კაკუშაძე.

სალაპარაკო თემას და მოსაგონარს რა დალევდა! ასე იზრდებოდა ჩვენი "ბარლის წრე"... ჩემი ოჯახის საუკეთესო მეგობარი იყო არაჩვეულებრივი პიროვნება, ფილოსოფოსი, პროფესორი თამაზ ყანდარელი.

თამაზ ყანდარელი

ჩემი მეუღლის თანაკლასელი გახლდათ, თემური, ყოველთვის აღიარებდა, რომ კლასში ნიჭიერებით გამოირჩეოდა, შესანიშნავად სწავლობდა, თან წარმატებული მოფარიკავეც იყო. ერთი პერიოდი ჩვენც ვმუშაობდით ერთად. მოკლედ, ოჯახებით ვმეგობრობდით. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ შვილები ყურადღებას არ აკლებდნენ, მაინც ძალიან გაუჭირდა მარტოობა და დაქორწინდა სიკეთით სავსე ქალბატონზე, მარინა ქებურიაზე, რომელსაც 8 ბედნიერი წელი აჩუქა...

თამაზის უეცარი გარდაცვალება შოკი იყო ყველა ახლობელისთვის. უმისობის ტკივილს დღესაც ვერ ვიშუშებთ და ყოველთვის ვიხსენებთ. სამწუხაროდ, თამაზის სამგლოვიარო ცერემონიალში მონაწილეობა ვერ მიიღო მისმა უფროსმა ვაჟმა, მიშომ, რომელიც მაშინ საცხოვრებლად ახალი გადასული იყო ამერიკაში და აშშ-ის კანონების მიხედვით, გარკვეული დროის მანძილზე, ვერაფრით მოახერხებდა ჩამოსვლას. ცოტა ხნის წინ მიშოს დავუკავშირდი, მოვიკითხე და ვუთხარი, რომ ამერიკაში მყავდა საუკეთესო მეგობარი დათო ბარლის სახით და აუცილებლად დავაკავშირებდი. ამის შემდეგ ვურეკავ დათოს და ვეკითხები, თუ ახსოვდა უნივერსიტეტიდან თამაზ ყანდარელი.

თამაზ ყანდარელი შვილთან ერთად

დათო გაგიჟდა, ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვიყავით და დედაჩემი მისთვის ყოველთვის ამზადებდა ხენაგსო. მისი გარდაცვალების ამბავი რომ გაიგო, საშინლად განიცადა. მერე მისი სახალისო ამბები გავიხსენეთ და ისიც, მრავალმხრივად ნიჭიერი ადამიანი რომ იყო!.. ვისაუბრეთ მის სამსახიობო მოღვაწეობაზე - როლი მხატვრულ ფილმში, მისი ნამღერი რომანსები, როცა აკომპანიმენტს მე ვუკეთებდი და რაც მთავარია, მისი სადღეგრძელოები - მჭერმეტყველების უმაღლესი ნიმუში! დათო მიშოს შეეხმიანა და დამეგობრდნენ. დედამიწა ვეებერთელაა და მაინც პატარაა.

აი, გუშინ კი საოცრების მოწმე გავხდი“... მირეკავს დათო და შოკისმომგვრელ ამბავს მიყვება - 1973 წელს, როცა მისი ოჯახი სამუდამოდ ტოვებდა საქართველოს, ემშვიდობებოდნენ თბილისს, დათომ ჩაირბინა მაღაზიაში, სამგზავროდ „ბორჯომის“ ამოსატანად და იქ შეხვდა თამაზ ყანდარელს ყვავილების დიდი თაიგულით ხელში. როგორც თამაზმა უთხრა, გასაცილებლად მოვიდა, ვინაიდან იქნებ ვერასოდეს ვერ შევხვდეთო... მერე ავიდა მათთან, დაიჩოქა დათოს დედის წინაშე, გადასცა თაიგული და დაემშვიდობა. დათო ბარლიმ მიშო შვილივით მიიღო და მიშომაც ეს კარგად დაინახა... თბილისი შორსაა და მაინც ახლოა... დედამიწა ვეებერთელაა და მაინც პატარაა... მეტს ვერაფერს ვიტყვი.

"თეთრმა სახლმა სულ ახლახანს დაადასტურა, რომ აშშ მზად არის საქართველოს გამოუყოს კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინები" - ჯინ შაჰინი

პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა - პოლიციამ ორი აქტივისტი დააკავა

"დედასავით გვექცევიან, არანაირი დასჯა არ არის ჩვენთან" - ნინოწმინდის პანსიონში შესულმა "ობიექტივმა" ბავშვებისგან მეუფის საქებარი კომენტარები ჩაწერა