ავტორი:

"100 000 ძლივს მიაშავა ამხელა ქონებიდან ცოლს" - ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ბასილაშვილი შვილს ალიმენტს არ უხდის, რას პასუხობს მას ჩოგბურთელის ადვოკატი?

"100 000 ძლივს მიაშავა ამხელა ქონებიდან ცოლს" - ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ბასილაშვილი შვილს ალიმენტს არ უხდის, რას პასუხობს მას ჩოგბურთელის ადვოკატი?

ჩოგბურთის დოჰას საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი გახდა და ამით მან კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. დაჯილდოვების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას ბასილაშვილმა ქართულად მიმართა შვილს: "ლუკას, მამიკო, მინდა დაიმახსოვრო, შენ ხარ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი, მიყვარხარ და მენატრები. მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს საქართველოში, დიდი მადლობა გვერდით დგომისთვის".

საზოგადოებისთვის ცნობილია, ნიკოლოზ ბასილაშვილს ერთადერთი ვაჟი, ლუკასი ჰყავს, რომელიც დედასთან, ნელი (ნეკა) დოროყაშვილთან იზრდება. წყვილი სკანდალურად დაშორდა ერთმანეთს. ცოლმა ის ძალადობაში დაადანაშაულა, რის მერე ჩოგბურთელი დააკავეს კიდეც, თუმცა ბასილაშვილი სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა. თავად ბასილაშვილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ამ საქმეზე საბოლოო სასამართლო განხილვა ჯერ არ გამართულა.

ნეკა დოროყაშვილის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის იცავს". ყოფილ ცოლ-ქმარს შორის დავა გრძელდება.

გუშინდელი ტრიუმფის შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილის შვილისადმი ემოციურ მიმართვას მისი ყოფილი მეუღლის ადვოკატი, ანა აბაშიძე გამოეხმურა:

"ამას არ დავწერდი ნამდვილად, რომ არა ბასილაშვილის ეპატაჟური სიტყვა შვილის შესახებ. მას შვილისთვის წელიწადნახევარია ალიმენტი არ გადაუხდია. უფრო მეტიც, საკუთარ შვილს სახლს ართმევს სასამართლოს გზით", - დაწერა ანა აბაშიძემ.

ადვოკატის პოსტს გამოეხმაურა უფლებადამცველი ბაია პატარაიაც:

"ესეც თქვენი სანაქებო კაცი, შვილს (და არა ცოლს, ცოლს უკვე წაართვა) სახლს ართმევს სასამართლოთი და წელიწადნახევარია ალიმენტს არ უხდის ბავშვს. ასევე, სასამართლოთი აქვს აკრძალული შვილთან მიახლოვება - ნეტა რატო? პ.ს. არაიურისტებისთვის დავამატებ, რომ ალიმენტის არგადახდა ეკონომიკური ძალადობის ფორმაა.

პ.პ.ს. მალე ყველა გაიგებს ვინაა ეგ კაცი სინამდვილეში", - წერს ბაია პატარაია.

პატარაიას სტატუსს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოყვა. ზოგმა მხარი დაუჭირა მას, ზოგიერთი პირიქით, ბასილაშვილის ყოფილ ცოლს ადანაშაულებს ამ სკანდალში. ინტერნეტმომხმარებელი ლაშა ბექაური წერს:

"შვილი იარაღად არ უნდა აქციო ფულის მისაღებად, ამ საჯარო დაპირისპირებამდე რა თანხას იღებდა ყოფილი ცოლი? ძაან ვცდილობ შენი გადასახედიან შევხედო, საკუთარ ფემინისტობასაც ვადასტურებ და ქალთა უფლებებს, მაგრამ ესეთი ქეისები განცდას მიჩენს, რომ ქალის როლს სწორედ ესეთი ფულზე მონადირე ინდივიდები აკნინებენ, ჩემს სიტყვებს უკან წავიღებ თუ მაგ გოგოს ქონებიდან წილი და ათასები არ მოუთხოვია და არ მიუღია განქორწინების შემდეგ... და თან მხოლოდ ქართველ ქალთან რომ აქვს ამ ბიჭს პრობლემები, ქართულ პროკურატურასთან და ის გერმანელი გოგო მაზოხისტია ალბათ ხომ?!".

მას ბაია პატარაიამ ასე უპასუხა:

"და რა თანხას იღებდა? არაფერს, ნულს! ქონებაც კი არ გაუყო ნახევარი, რაის ნახევარი? ერთი 100 000 ძლივს მიაშავა მთელი ამხელა ქონებიდან ცოლს. შვილს კიდევ სახლს ართმევს. ასევე ალიმენტი ბავშვისაა და არა ცოლის, იქნებ ოდესმე შეიგნოთ ეგ ქართველმა კაცებმა".

თემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს ასევე ნეკა დოროყაშვილის კიდევ ერთი ადვოკატი, ანა თავხელიძე:

"ბასილაშვილის საქმეზე ვინც შემაკავებელ ორდერებს ეჭვის თვალით უყურებთ, მინდა მათთვის დავწერო რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება:

1. პოლიციამ 6 შემაკავებელი ორდერი ბასილაშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ გამოწერა გამოძიების დაწყების შემდეგ.

2. შემაკავებელი ორდერების განხილვის დროს ადვოაკტებმა წარვადგინეთ იმაზე მეტი მტკიცებულებები, ვიდრე დაკავებას და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას დაედო საფუძვლად.

3. შემაკავებელი ორდერების ძალაში დატოვების საკითხს სასამართლო იხილავდა დაახლოებით 18 საათი.

4. შემაკავებელი ორდერების განხილვისას დაზარალებულის ჩვენების გარდა, დავკითხეთ მოწმეები, გამოვიკვლიეთ აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, სამედიცინო დოკუმენტაცია და სხვა არაერთი მტკიცებულება.

5. ამ საქმეში შემაკავებელი ორდერების ძალაში დატოვებაზე მსჯელობისას სასამართლომ იმაზე უფრო მაღალი მტკიცებულებითი სტანდარტი გამოიყენა, ვიდრე სხვა "ჩვეულებრივ" საქმეებში იყენებს.

6. სასამართლომ ჯერ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ოჯახში ძალადობის ფაქტს და შემდეგ იმსჯელა ხედავდა თუ არა ძალადობის განმეორების რისკებს. ვინაიდან რისკები დაინახა, მან ძალაში დატოვა შემაკავებელი ორდერები.

7. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ დაინახავდა ძალადობის განმეორების რისკებს, შეეძლო შემაკავებელი ორდერის პირობები შეეცვალა, მაგალითად, შეემცირებინა ვადა, დაერთო კომუნიკაციის აღდგენის ნება და ა.შ. რაც არ გააკეთა სასამართლომ.

8. თუ მხარე ხედავს, რომ სასამარლო იღებს უკანონო ან/და დაუსაბუთებელ გადაწვეტილებას, შეუძლია ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივროს, რაც მხარემ არ გააკეთა. ცხადია, გასაჩივრება მათი უფლებაა და არა ვალდებულება.

9. შემაკავებელი ორდერების გამოცემის შემდეგ სისხლის სამართლის საქმეს დაემატა ძალიან ბევრი მტკიცებულება ექსპერტიზის დასკვნების, მოწმეების და სხვა მტკიცებულებების სახით.

შევეცადე შემაკავებელ ორდერებთან დაკავშირებით შეკითხვები შემეჯამებინა. აი, ამიტომ ვამბობთ, რომ სასამართლომ დაადგინა ოჯახში ძალადობის ფაქტი და ამის შემდეგ დატოვა ძალაში შემაკავებელი ორდერები".

დავინტერესდით გაგვეგო რატომ ართმევს შვილს სახლს სპორტსმენი და რატომ არ უხდის ალიმენტს? - ვესუბრებით ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატ ირმა ჭკადუას.

- ქალბატონო ირმა, ეპატაჟურს უწოდებენ ნიკოლოზ ბასილაშვილის გამოსვლას ნელა დოროყაშვილის ადვოკატები და ამბობენ, წელიწადნახევარია მას შვილისთვის ალიმენტი არ გადაუხდიაო, რატომ არ უხდის ალიმენტს შვილს?

- ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, რომ მისი ყოფილი მეუღლე და ბავშვი სრულად უზრუნვეყოფილი არიან როგორც სოციალურად, ასევე ეკონომიურად. კონტრაქტის საფუძველზე მათ მიიღეს მილიონზე მეტის ღირებულების ქონება, რაც მოიცავს საცხოვრებელ სახლს და კომერციულ ფართს. ფართიდან ყოველთვიურად რამდენიმე ათასი ლარი აქვთ შემოსავალი. ასევე 2020 წლის დეკემბერში ცოლმა ნიკასგან საკმაოდ სოლიდური თანხა მიიღო, თანხის დასახელებისგან თავს შევიკავებ. მერწმუნეთ ის სრულად არის უზრუნველყოფილი. ჩვენ დავინახეთ ნიკოლოზ ბასილაშვილის დამოკიდებულება შვილისადმი, თუ რამდენად გულწრფელია და დანარჩენის შეფასება საზოგადოებისთვის მიგვინდვია. ვინ არის გულწრფელი და ვინ არის ყალბი ამ ისტორიაში, ეს აშკარად ჩანს.

- რაც შეეხება ალიმენტს, რა თანხის გადახდა აქვს მას დაკისრებული ალიმენტის სახით და რატომ არ იხდის?

- ალიმენტი ცალკე მას დაკისრებული არ აქვს, ვინაიდან მათ შორის საკონტრაქტო სხვა პირობები იყო გათვალისწინებული. რას ქვია ალიმენტი, როცა სხვა შემოსავლებით ხარ უზრულველყოფილი. მას ჰქონდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ალიმენტიც გადახდილი, ხოლო ამჟამად ახალი სარჩელით მიმართა სასამართლოს ნელი დოროყაშვილმა და ითხოვს გარკვეულ ალიმენტს.

- მაინც რა თანხა აქვს დაკისრებული მას სასამართლოს მიერ?

- საერთოდ არ აქვს მას დაკისრებული ალიმენტი სასამართლოს მხრიდან.

- ქალთა უფლებების დამცველები - ანა აბაშიძე და ბაია პატარაია წერენ, ბასილაშვილი შვილს სახლს ართმევსო, ამაზე რას იტყვით?

- მართალი გითხრათ, ვცდილობ საერთოდ არ წავიკითხო აღნიშნული სტატუსები, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი არ ამბობენ სიმართლეს. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ბავშვს აქვს საცხოვრებელი სახლი, სადაც ის ცხოვრობს და კომერციული ფართი, საიდანაც იღებენ შემოსავლებს და არის სრულად უზრუნველყოფილი.

- ამ სახლის წართმევაზე შეტანილია საჩივარი სასამართლოში?

- არა ეს ტყუილია, დოროყაშვილი დამატებით ითხოვს კიდევ სხვა სახლს.

- ბაია პატარაია წერს, მამას შვილთან ურთიერთობა აკრძალული აქვსო, რატომ?

- ესეც არის ტყუილი, რომ მას აქვს სასამართლოთი აკრძალული შვილთან მიახლოვება და კომუნიკაცია. ყველამ გაიგო, ვინ არის სინამდვილეში მართალი ამ ისტორიაში. იქნებ დაინტერესდეთ, ვის ნაყიდ სახლში ცხოვრობს ამჟამად ნელი დოროყაშვილი, რომლის ღირებულება დაახლოებით მილიონ ლარამდეა.

- თქვენ აღნიშნეთ სოლიდური თანხა გადაუხადა დეკემბერშიო, ეს იყო შვილისთვის გაწეული დახმარება?

- ეს არის კონტრაქტის შედეგად გადახდილი თანხა.

- რა წერია კონტრაქტში?

- ამის თქმა არ შემიძლია. ამ საკითხებზეც ზოგადად არავისთან გვისაუბრია, რადგან ნიკა ბასილაშვილს არ უნდა ეკონომიკურ თემებზე ვილაპარაკოთ. ხედავთ ნეკა დოროყაშვილის ადვოკატები ყოველთვის აპელირებდნენ, რომ ამ ისტორიაში ფინანსები არაფერ შუაში არ იყო, მაგრამ მათი კომენტარებით ყველაფერი გამოჩნდა, რა არის ამ ისტორიაში მნიშვნელოვანი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ტყუილია, რომ საკუთარ შვილს სახლს ართმევს. სახლი, რომელშიც ცხოვრობენ, ნიკა ბასილაშვილის შეძენილია, საკუთარი ხელით გაკეთებული აქვს რემონტი, ასევე ყოფილ ცოლს ჰყავს ავტომანქანა, მისცა კომერციული ფართიც და საკმაოდ სოლიდური შემოსავალი აქვს იქიდან ყოველთვიურად. რაც შეეხება დამატებით სახლს, რომელსაც ახლა დოროყაშვილი ითხოვს, იყო ამ სახლზე საუბარი, საჩუქრად უნდა გადაეცა ბასილაშვილს კიდევ ერთი სახლი მისთვის, მაგრამ გარკვეული პირობების შეუსრულებლობის გამო, მეორე სახლის გადაცემის საკითხი შეჩერებულია. ეს დღეებია ნიკოლოზ ბასილაშვილის საწინააღმდეგო მოწოდებები ისმის. ბატონ ნიკოლოზს მიმდინარე საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ სურდა. მაგრამ იმ აღვირახსნილი, შეურაცხმყოფელი კამპანიის გამო, რომელიც მის ისტორიულ გამარჯვებას მოჰყვა, იძულებული გავხდით, განცხადება გაგვეკეთებინა.

ჩვენი ოპონენტები მას მოიხსენიებენ, როგორც მოძალადეს. ეს ადასტურებს, რომ ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს უფლებადამცველებს უწოდებენ, ცალსახად არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას და კონსტიტუციურ უფლებებს, ვინაიდან არც ერთ სასამართლოს არ დაუდგენია, რომ ბასილაშვილი გახლავთ მოძალადე ან დამნაშავე. სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ეს არასამთავრობო ორგანიზაციები საგრანტო პროგრამების მისაღებად იყენებენ. მინდა, მივმართო სახალხო დამცველს, რომ დაიცვას მისი ქვეყნის ყველაზე წარმატებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომლის მიმართაც ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია და არაერთხელ იქნა გამოყენებული სიძულვილის ენა.

- თქვენ აღნიშნეთ, რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები დოჰას ტურნირიდან ნიკოლოზ ბასილაშვილის მოხსნას მოითხოვდნენო, თუმცა დოროყაშვილის დაცვის მხარე აცხადებს, რომ თქვენი გავრცელებული ინფორმაცია არის ცრუ და ემსახურება ერთის მხრივ ხალხის მოტყუებას და სიცრუეში შეყვანას, არსებობს ასეთი დოკუმენტი მართლა და ვინ ითხოვდა კონკრეტულად ბასილაშვილის ტურნირიდან მოხსნას?

- ამაზე მე გავაკეთე კომენტარი. უფრო მეტს ვერ გეტყვით. ადვოკატებს გვაქვს უფლება არ დავასახელოთ ყველაფერი, უფრო მეტი გარემოებები. მე რაც მინდოდა და რაც დადასტურებულია, ის ვთქვი. ვინ რას უარყოფს ეს ერთია, მაგრამ სიმართლე სხვაა.