ავტორი:

გრაგნილები, რომელთა შესწავლის შემდეგ, ისტორიის გადაწერა იქნება საჭირო - რას აცხადებენ მეცნიერები?

გრაგნილები, რომელთა შესწავლის შემდეგ, ისტორიის გადაწერა იქნება საჭირო - რას აცხადებენ მეცნიერები?

79 წ. ვეზუვის ცნობილი ამოფრქვევის შემდეგ, მხოლოდ პომპეი არ განადგურებულა. სანაპიროს სიახლოვეს მდებარე ჰერკულანუმი - პირველი ქალაქი იყო, რომელიც გამანადგურებელი სტიქიის მსხვერპლი გახდა. ის, ფაქტობრივად, მთლიანად აღიგავა პირისაგან მიწისა. ამ ქალაქში მდებარეობდა იულიუს კეისრის სიმამრის, ლუციუს კალპურნიუს პისოს მამული, რომელსაც მდიდარი ბიბლიოთეკა ჰქონდა. ის იმდენად დიდი იყო, რომ ექსპერტებმა მას პაპირუსების ვილა უწოდეს. სამწუხაროდ, ყველა გრაგნილი დანახშირებულია და მეცნიერებს აქამდე, მათი წაკითხვეს შესაძლებლობა არ ჰქონიათ...

თუმცა, ახლა სიტუაცია შეიცვალა და მულტი-სპექტრული გამოსახულების ტექნოლოგიის წყალობით, პისოს ბიბლიოთეკიდან ამოღებული 1800-ზე მეტი გრაგნილის დეშიფრირება უკვე შესაძლებელია.

ეს უძველესი გრაგნილები, ბერძნულ-რომაული ეპოქიდან შემორჩენილი, ყველაზე დიდი ბიბლიოთეკის ნაწილია, რომელიც 1749 წ. კარლ ვებერმა აღმოაჩინა. მეცნიერი იმ დროს, პომპეიში და ჰერკულანუმში პირველ კანონიერ გათხრებს ხელმძღვანელობდა. გარდა ამისა, ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გრაგნილების წაკითხვა სცადა და მიუხედავად დიდი სიფრთხილისა, რომელსაც ვებერი გრაგნილების გახსნისას იჩენდა, არტიფაქტები იმსხვრეოდა და იმაზე მეტი ინფორმაცია ნადგურდებოდა, ვიდრე გადარჩენილი ტექსტის ნაწილების დეშიფრირებით იკრიბებოდა.

კენტუკის (აშშ) უნივერსიტეტის მეცნიერებმა, პროფ. ბრენტ სილზის (Brent Seales) ხელმძღვანელობით, გაერთიანებული სამეფოს ვიზუალიზაციის და ვირტუალური გარემოს, Diamond Light Source ცენტრის დირექტორთან ერთად, კვლევის ახალი მიმართულება აირჩიეს - მათ გრაგნილის გახსნის ნაცვლად, მისი მაღალი ენერგიის რენტგენის სხივებით დასხივება გადაწყვიტეს. ხოლო, მიღებული შედეგი სპეციალური კომპიუტერული პროგრამით დაამუშავეს, რომელიც პროფ. სილზის მიერ იყო დაწერილი.

მეცნიერთა განმარტებით, ამ გზით გრაგნილების შიდა სტრუქტურა ეკრანზე მაშინვე გამოჩნდება და მისი შინაარსის წაკითხვა იქნება შესაძლებლი.

ამჟამად, ჰერკულანუმის გრაგნილების (Herculaneum Papyri) უმეტესობა ნეაპოლის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (Biblioteca Nazionale di Napoli) ინახება და ბრენტ სილზი, 13 წელზე მეტია, მათი კვლევის უფლების მოპოვებას ცდილობდა. მაგრამ, ბიბლიოთეკების ხელმძღვანელები, რომლებშიც გრაგნილებია დაცული, არტიფაქტების უსაფრთხოების მიზნით, მას ამის უფლებას არ აძლევდნენ. ბოლოს, 2 წლის წინ, როგორც იქნა, Institut de France-მ, რომელიც 6 გრაგნილს ფლობს, იმ 3 ფრაგმენტის შესწავლის უფლება მისცა, რომელიც პაპირუსის გახსნის მცდელობისას იყო დაზიანებული.

არაერთი კვლევის ჩატარების და პროგრამის დახვეწის შემდეგ, მეცნიერმა საკუთარი კვლევის პრეზენტაცია ოქსფორდში მოაწყო და დაამტკიცა, რომ მისი მეთოდი ნამდვილად მუშაობს! მან სამგანზომილებიანი გამოსახულება წარმოადგინა, გრაგნილის ცალკეული ფურცლებით, რომლის გაყოფა აქამდე, წარმოუდგენლად ითვლებოდა. ეს საოცარი შედეგი ბევრმა მეცნიერმა რევოლუციურ გარღვევად ჩათვალა, იმ ათასობით ხელნაწერის საქმეში, რომლის კვლევა, პაპირუსების მყიფე მდგომარეობის გამო, აქამდე შეჩერებული იყო.

სილზის თქმით, გრაგნილები შეიძლება ეპიკურიზმის სწავლების პრინციპებს შეიცავდეს, რომელიც ძვ. წ. აღრ. I საუკუნის დასაწყისიდან, რომის ტერიტორიაზე ფართოდ იყო გავრცელებული. გარდა ამისა, გრაგნილები, შეიძლება, ლათინურ ტექსტებსაც შეიცავდეს, რადგან იმ პერიოდის კლასიკურ ბიბლიოთეკებში, როგორც ბერძნული, ისე ლათინური სექციები იყო და არც ის არის გამორიცხული, რომ ბიბლიოთეკის დიდი ნაწილი, ჯერაც არ იყოს აღმოჩენილი. წაიკითხეთ სრულად

13 მარტის ახალმთვარეობაა - ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება ეს დღე მნიშვნელოვანი და რა უნდა გაითვალისწინონ?

გიგი და რატი გაჩეჩილაძეების დედა, მოცეკვავე ლარისა გაჩეჩილაძე გარდაიცვალა - "რთულია სიტყვებით გადმოსცე უდიდესი ტკივილი"

"გეტყვით, როგორ დავიკელი 55 კგ, სულ ვიცავთ 3 წესს...“ - აკაკი საღინაძე თავის გამოცდილებასა და რჩევებს გვიზიარებს