ავტორი:

"ყველა ამბობს, რომ მედიკოს ვგავარ... შვილებიდან დედას ყველაზე მეტად მამაჩემი  - თემური ჰგავს" " - როგორ დაიმსგავსა მედეა ჩახავამ პირველი შვილიშვილი პროფესიაშიც

"ყველა ამბობს, რომ მედიკოს ვგავარ... შვილებიდან დედას ყველაზე მეტად მამაჩემი  - თემური ჰგავს" " - როგორ დაიმსგავსა მედეა ჩახავამ პირველი შვილიშვილი პროფესიაშიც

"ვითომ?" - ასეთი წარწერა გაუკეთა მსახიობმა ეკა ჩხეიძემ ბებიის, მსახიობ მედეა ჩახავასა და თავის ფოტოებს, რომელიც "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოაქვეყნა. სატატუსს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ მსგავსება ბებიასა და შვილიშვილს შორის დიდია.

ეკა ჩხაიძე მართლაც ჰგავს ბებიას, რაზე დათანხმება თავად უჭირს... აქვე ერთი ფოტოპროექტი მახსენდება, რომელიც სწორედ ამ მსგავსების გამო წლების წინ გაკეთდა, სადაც ეს ყველაფერი უფრო მკაფიოდ გამოჩნდა.

ამჯერად ეკა ჩხეიძესთან საუბარი სწორედ იმ ფოტოპროექტით დავიწყეთ და აქვე დიდი მსახიობი და მისი დიდი, შემოქმედებითი ოჯახი მასთან ერთად გავიხსენეთ.

- რამდენიმე წლის წინ, რუსთაველის თეატრმა გააკეთა პროექტი, რომელშიც მედიკოს როლებიდან ფოტოები იყო შექმნილი და იმ როლების ფოტოგანსახიერება მის შთამომავლებსაც გვთხოვეს. მოკლედ ყველამ - მამიდაჩემმა მაკა მახარაძემ და მედიკოს ყველა შვილიშვილმა მივიღეთ მონაწილეობა. გადაგვიღეს იდენტური ფოტოები - თითოეული მედიკოს რომელიღაც სპექტაკლიდან მის ამა თუ იმ პერსონაჟს კოსტიუმით და გრიმით ვიყავით მიმსგავსებული...

რეალურად კი, თითქოს თითოეული ჩვენგანი რაღაცით ჰგავს მედიკოს - ზოგი ცხვირით, ზოგი ტუჩით, ამბობენ, რომ მე ყველაზე მეტად ვგავარ... ის ფოტო, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩემს "ფეისბუქგვერდზე" ავტვირთე, ნატო მურვანიძემ მომაწოდა. მერე ჩემი ფოტოებიდან ყველაზე ახლოს რომელიც იყო, გვერდით ის დავუდე...

მიუხედავად იმისა, რომ ერთი ამბავი ატყდა და ყველა ერთხმად ამბობს, რომ ვგავარ, თავს მაინცდამაინც ვერ ვამსგავსებ. ის კი არა, ჩემს შვილებზეც იმავეს მეუბნებიან, რომ ძალიან მგვანან, რასაც ასევე დიდად არ ვეთანხმები. ეტყობა, საკუთარი გარეგნობის გვერდიდან დანახვა და მიმსგავსება არ გამომდის. არადა, ყოფილა, რომ ჩემი და ჩემი შვილის ფოტო ერთმანეთში არევიათ... როგორც ჩანს, აქ იერს აქვს დიდი მნიშვნელობა და ყველაფერი ამის ბრალია.

- ალბათ უფრო გენეტიკას...

- შეიძლება... შვილებიდან მედიკოს ყველაზე მეტად თემური - მამაჩემი გავს და ალბათ, ესეც განსაზღვრავს ამას. ისე, რაღაც პერიოდში, განსაკუთრებით "თხუნელაში" თამაშისას გარეგნულად ძალიან მომწონდა, კარგად გამოიყურებოდა, თავის გადასარევი ნაკვთებით.

- ხასიათით თუ გავხართ ბებიას?

- რაც შეეხება ჩვენს ხასიათებს, მედიკოს ძალიან რბილი ხასიათი ჰქონდა, ადვილი იყო მასთან ურთიერთობა, თბილი ადამიანი იყო. მე ცოტა უფრო ხისტი ვარ, ბუტია და ზედმეტად ემოციური...

რასაც მის სიცოცხლეში ვხედავდი და ვუყურებდი, რთულ სიტუაციებს მუდმივად ამარტივებდა და ნაკლებად აპრობლემებდა. ეს თვისება ჯერ მას უადვილებდა ცხოვრებას, ასევე უმარტივებდა შემდგომ იმ ადამიანებთან ურთიერთობას, ვისგანაც ეწყინებოდა რამე ან ვისზეც ბრაზობდა.

რაც მის ცხოვრებაში გარკვეული უსიამოვნო ეპიზოდები იყო, ყველაფერი ამ საოცარი თვისების გამო, მეტ-ნაკლებად მარტივად გადაიტანა. ცხოვრებამ რა სირთულეც მოუტანა, იმ სირთულის სწრაფად გადახარშვა შეძლო...

- როგორია შვილიშვილებისთვის მის გარეშე გავლილი წლები?

- მგონია, რომ დაირღვა ჩვენი ოჯახური შეკრებების ტრადიცია, რისი მოთავეც ის იყო. მუდმივად გვქონდა საახალწლო შეხვედრები, მედიკოს შთამომავლები მასთან ვიკრიბებოდით. რაც საოცარი რამ იყო... მერე ეს ყველაფერი ნელ-ნელა დაიკარგა, განსაკუთრებით მას მერე, რაც ჩვენი შვილები გაიზარდნენ, მათგან ნაწილი საზღვარგარეთ წავიდა, მიმოვიფანტეთ.

ახლა თითქოს მისი შვილები ცდილობენ იმავეს, მაგრამ როგორც ადრე, ისეთი გამთლიანება აღარ გამოდის. შეიძლება, იმის ბრალია, რომ ბავშვები გაიზარდნენ და ვეღარ ვიმორჩილებთ. მაგრამ იმაზე ძვირფასი არაფერია, როცა დიდი ოჯახი შეკრულია... ალბათ ყველაფერს თავის დრო და ხიბლი აქვს. ამ კოვიდმა ხომ კიდევ მეტად გაართულა საქმე.

- მედეა ჩახავას როგორც არტისტს და როგორც ბებიას, რა როლი აქვს თქვენს ცხოვრებაში?

- პირველი იყო, ვინც თქვა, - ძალიან მინდა, ეკა მსახიობი იყოსო. არადა, როცა ეს თქვა, პატარა ვიყავი, სკოლაში დავდიოდი და მომავალ პროფესიაზე ჯერ არც ვფიქრობდი. მერე გარშემო, ყველასგან, მასწავლებლებისგანაც მესმოდა, - შენ მსახიობი იქნებიო! ეს ცოტა მაღიზიანებდა, პროტესტი მქონდა. ხან ხატვა მინდოდა, ხან - ცეკვა, ექიმობაც... მედიკო კი ხშირად იმეორებდა, - მსახიობი უნდა გახდე, შენ სცენაზე უნდა იდგეო...

ერთხელ მეშვიდე კლასში ვიყავი და მითხრა - მინდა, გადაცემაში წამომყვეო. იქ შვილიშვილით არავინ იყო მისული. დღესაც არ ვიცი, რა შუაში ვიყავი მე, მაგრამ, წავყევი. მახსოვს, იქ თქვა, - ეს ჩემი პირველი შვილიშვილია და ჩემს გზას ეს გაყვებაო. ცოტა მეწყინა. მე არ მეკითხება? რატომ ამბობს ჩემ მაგივრად-მეთქი?! მაგრამ ისე გამოვიდა, რომ თითქოს მსახიობობა დამანათლა და მომავალი პროფესია გადამიწყვიტა. ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. მოკლედ, რაღაც კანონზომიერება ალბათ იყო... საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ მართლა მსახიობი გავხდი.

- მგონი, სწორად მოიქცა და დიდ მსახიობს არ შეშლია...

- ეგ უკვე აღარ ვიცი... მაგრამ არც ის ვიცი, ცხოვრებაში სხვა რამ რომ მეკეთებინა, რა იქნებოდა, მაგრამ ასე მოხდა, როგორც მოხდა...

ახლა კი ერთი წელია, პესიმისტურად ვარ განწყობილი. ალბათ კოვიდის გამო ასეა მთელი მსოფლიოს განწყობა. ცუდია, რომ ამ პანდემიურ სამყაროში პერსპექტივას ვეღარ ვხედავ. მგონია, რომ თეატრი აღარც არავის სჭირდება, თუმცა რაღაცას გვპირდებიან, უნდა გაიხსნასო, ვნახოთ...