ავტორი:

"გამოვასწორეთ კობახიძის გუშინდელი, უხეში შეცდომა" - როგორ აფასებენ ოპოზიციის ლიდერები დანიელსონის საქართველოში დარჩენას და რას ამბობენ მოლაპარაკებების პროცესზე

"გამოვასწორეთ კობახიძის გუშინდელი, უხეში შეცდომა" - როგორ აფასებენ ოპოზიციის ლიდერები დანიელსონის საქართველოში დარჩენას და რას ამბობენ მოლაპარაკებების პროცესზე

ძალიან კარგი იქნებოდა ხელისუფლებას პასუხისმგებლობა გამოეჩინა და პრემიერი ბრიუსელში ხელმოწერილი შეთანხმებით წასულიყო და არა ცარიელი ხელებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის სპეციალურ წარმომადგენელ, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, მთავარი, რაც ამ შეხვედრაზე ოპოზიციამ მოისმინა, არის ის რომ „მოლაპარაკებები არ სრულდება“, მეტიც, დანიელსონი აქ იქნება მანამ, სანამ მხარეები შეთანხმებამდე არ მივლენ.

„გუშინდელი დღისა და „ოცნების“ განცხადებების შემდეგ, რომლითაც პრაქტიკულად, დაგვიანონსეს, რომ მოლაპარაკებები უნდა შეწყდეს, დანიელსონი დარჩა საქართველოში და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო ის, რაც დღეს მისგან მოვისმინეთ, რომ ეს დარჩენა არ არის მხოლოდ ერთდღიანი და ის მზად არის იმუშაოს მხარეებთან ერთად მანამ, სანამ შეთანხმება არ იქნება მიღწეული.

ყველას გვესმის, რომ არსებობს გონივრული ვადები და ეს მოლაპარაკება თვეების განმავლობაში ვერ გაიწელება. კარგია, რომ მინიმუმ უახლოესი დღეების განმავლობაში გვექნება საშუალება გავაგრძელოთ მუშაობა და გვექნება შანსი შეთანხმების გზით გამოვიყვანოთ ქვეყანა კრიზისიდან. მთავარი, რაც ამ შეხვედრაზე მოვისმინეთ, გახლდათ სწორედ ეს, რომ მოლაპარაკებები არ სრულდება, და უფრო მეტიც, დანიელსონი აქ იქნება მანამ, სანამ მხარეები შეთანხმებამდე არ მივლენ ან რომელიმე მხარე ღიად არ განაცხადებს, რომ მას არ სურს შეთანხმება.

რაც შეეხება გონივრულ ვადებს, ეს ხელოვნური შეზღუდვები და ვადები არ უნდა იყოს. საღი აზრის ფარგლებში ყველას გვესმის, რომ დღეს პრემიერის ვიზიტი ბრიუსელში და საქართველო-ევროსაბჭოს სხდომა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ბუნებრივი ვადა, როცა ეს საკითხი უნდა გადაწყდეს. ძალიან კარგი იქნებოდა ხელისუფლებას გამოეჩინა პასუხისმგებლობა და პრემიერი ბრიუსელში წასულიყო ხელმოწერილი შეთანხმებით და არა ცარიელი ხელებით, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ხელისუფლებამ არ გააკეთა. ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები ამის მიუხედავად მოლაპარაკებებს აგრძელებენ. გონივრული ვადა გვესმის ისე, რომ ეს უსასრულოდ ვერ გაგრძელდება, ვერ გაიწელება პროცესი, მხარეებმა დროის გაწელვა არ უნდა გამოიყენონ როგორც მოლაპარაკების ტაქტიკა. ჩვენ ამას არ ვაპირებთ და არ გავაკეთებთ. პროცესი უნდა დასრულდეს კონკრეტულ ვადებში, მაგრამ ის, რომ არ აქვს ხელოვნური შეზღუდვა, რომ გუშინ ღამე უნდა დასრულებულიყო, როგორც ეს „ოცნებამ“ დაგვიანონსა ან დღეს უნდა დამთავრდეს, ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან ეს გვაძლევს შანსს, რომ ეს ბოლომდე მივიყვანოთ“, - განაცხადა ბაქრაძემ.

„ევროპული საქართველოს“ კიდევ ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით კი, "როცა შეთანხმება შედგება, ბუნებრივია, ყველა გავიგებთ, ეს არ მომხდარა".

ბოკერიას განმარტებით, მოლაპარაკებები გრძელდება და ძალიან კარგია, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში რჩება.

„მან თქვა, რომ დავრჩები კიდევ რამდენიმე დღეო. ანუ, შეიძლება ითქვას, „დავრჩები რამდენიმე დღე, სანამ შედეგი არ იქნება“. ამისთვის ძალიან მადლობელი ვართ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამასთან, გიგა ბოკერიამ შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ მოლაპარაკებები ამ ეტაპზე დასრულებულია და დიალოგი გაგრძელდება მომდევნო პერიოდში.

„რაღაც გამოცდილება მაქვს, მაგრამ ასეთი შემთხვევის გამოცდილება, რომ მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელს ეთქვა, კარგად ბრძანდებოდეთო, ისე, რომ ჯერ მედიატორის პოზიცია არ ყოფილიყო ცნობილი და მერე გარკვეულიყო, რომ მედიატორი რჩება - ასეთი გამოცდილება არ მაქვს. ამიტომ, ჩვენი ამოცანა არის იგივე, რაც იყო. ჩვენ გვინდა, რომ ეს მოლაპარაკებები დასრულდეს წარმატებით, გონივრული კომპრომისით ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც პრეზიდენტმა მიშელმა მოხაზა და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ. რაც შეეხება შეკითხვას, არსებობს თუ არა გარანტია, ვინ შეიძლება მოგცეთ გარანტია? მე შემიძლია მოგცეთ გარანტია, რომ ჩვენი პოზიცია არის უცვლელი - ჩვენ მოწადინებული ვართ, რომ ეს მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდეს. ბუნებრივია ისეთი შეთანხმებით, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს...

გუშინდელი ინციდენტი ქვეყნისთვის ცუდია, რომ ასეთი რამ ხდება. სხვა მხრივ, როცა არსებითი ცვლილება იქნება ეს ცვლილება შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი, რომ შეთანხმება შედგა. როცა ეს შეთანხმება შედგება, ბუნებრივია, ყველა გავიგებთ, ეს არ მომხდარა“, - განაცხადა ბოკერიამ და დასძინა, რომ „საკითხები, რომელიც პრეზიდენტმა მიშელმა მოხაზა არ შეიცვლება“.

„ჩვენი პოზიციაც ეს არის და ეს ის საკითხებია, რაზეც უნდა მოხდეს პროგრესი. მათ შორის, როგორც იცით და ჩვენგან ბევრჯერ მოგისმენიათ, არის საკითხები, რაც ვერ გადაწყდება ორ და სამ დღეში, მაგრამ უნდა გადაწყდეს, თუ სწორი მიმართულებით მივდივართ. არის საკითხები, რომელიც სწრაფად უნდა გადაწყდეს იმისთვის, რომ მოლაპარაკების გაგრძელებას აზრი ჰქონდეს. ასეთია პოლიტპატიმრების საკითხი, ვადამდელი არჩევნები“, - განაცხადა ბოკერიამ.

„ნაციონალური მოძრაობისთვის“ მთავარი არის პოლიტპატიმრების თემა, განსაკუთრებით, ნიკა მელიას თემა იმიტომ, რომ ის არის მთავარი გადაწყვეტილების მიმღები და ბუნებრივია, უნდა იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აკაკი მინაშვილმა განაცხადა.

როგორც მინაშვილმა აღნიშნა, მოლაპარაკებები ემსახურება იმას, რომ ქვეყანა უმტკივნეულოდ გამოვიდეს კრიზისიდან, ამისთვის კი, აუცილებელია რეფორმების შედეგად ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები და მოხდეს ცვლილებები.

„ნაციონალური მოძრაობისთვის“ მთავარი არის პოლიტპატიმრების თემა, განსაკუთრებით, ნიკა მელიას თემა იმიტომ, რომ ის არის მთავარი გადაწყვეტილების მიმღები და ბუნებრივია, უნდა იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან. ამიტომ ნებისმიერ შეხვედრაზე, სადაც ჩვენ ვართ, ამ თემაზე არის ძალიან ინტენსიური საუბარი. ასევე, საუბარია გიორგი რურუაზეც და ზოგადად, ქვეყანაში პოლიტიკური დევნის დასრულებაზე; ამის შემდგომ ვადამდელ არჩევნებზე. სწრაფი ვადამდელი არჩევნები არის ამ ქვეყანაში უმტკივნეულო გამოსავლის გზა. საუბარია სხვა რეფორმებზეც, მაგრამ პრიორიტეტები ესაა. „ქართული ოცნების“ ნაცვლად მე ვერაფერს გეტყვით. ჩვენ გუშინ ძალიან ცუდი რამ დავინახეთ. ეს იყო პროტესტის ელფერის მქონე ქცევა, რაც გუშინ განახორციელეს ბატონმა კობახიძემ და თალაკვაძემ და ეს პროტესტი იყო ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიმართ, რაც ძალიან ცუდია. ჩვენი ევროპელი პარტნიორების მთავარი მიზანია, რომ იმ საკითხებზე, რომელიც ჩამოთვლილი იყო ბატონი მიშელის შემოთავაზებაში, ამ საკითხებზე მოხდეს შეთანხმება. მთელი ეს შეხვედრები ამას ემსახუურება და ძალიან კარგია, რომ შეხვედრები გაგრძელდა. ძალიან კარგია, რომ კიდევ უფრო აქტიურია ჩართულობა. ყველაფერი ეს ემსახურება იმას, რომ ქვეყანა უმტკივნეულოდ გამოვიდეს კრიზისიდან და ქვეყანაში სწრაფად, აუცილებელი რეფორმების შედეგად ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები და მოხდეს ცვლილებები.

არ ვიცი დავბრუნდებით თუ არა დღეს შეხვედრაზე, მაგრამ ყველა ჩვენი პარტნიორი ამას ამბობს, რომ ეს არის განგრძობითი მოლაპარაკების პროცესი, ამიტომ ვერაფერს გამოვრიცხავთ. მთავარია, მოლაპარაკება არ შეწყდა, მთავარია, რომ მიუხედავად „ქართული ოცნების“ არასწორი ნაბიჯებისა, ჩვენი ევროპელი პარტნიორები აგრძელებენ საუბარს და შეხვედრებს. ამიტომ იმედიანად ვართ, თუმცა, კიდევ ვამბობ, „ქართული ოცნების“ ქცევის პროგნოზირება შეუძლებელია“, - განაცხადა მინაშვილმა.

“ლელო საქართველოსთვის" ლიდერის მამუკა ხაზარაძის შეფასებით, "დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო, გამოვასწორეთ ირაკლი კობახიძის გუშინდელი, საკმაოდ უხეში შეცდომა".

მისი თქმით, კრისტიან დანიელსონმა დაადასტურა, რომ საქართველოში იქამდე დარჩება, სანამ მხარეები შეთანხმებას არ მიაღწევენ.

„დღეს ჩვენ აქ ვართ, რომ ირაკლი კობახიძის გაფუჭებული საქმე გამოსწორდეს. იმიტომ, რომ გუშინ რა განცხადებაც გაკეთდა, არანორმალური იყო. ასე ცალმხრივად მაგიდის აყირავება, მოლაპარაკების გაჩერება არ შეიძლება, მითუმეტეს, როდესაც ასეთი დონის მედიატორები არიან ჩარეული. რა თქმა უნდა, მედიატორობა იმას ნიშნავს, რომ ძირითადი ხაზი მათ მიერაა დასმული, ორივე მხარეს უსმენენ და მათ დაახლოებას ცდილობენ. ვფიქრობ, მოთმინებით უნდა აღვიჭურვოთ, რომ პროცესი ბოლომდე მივიყვანოთ. ოპოზიცია მოლაპარაკებაში კონსტრუქციულია“, - აღნიშნა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიცია „ვერაფერს დათმობს“.

„სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებას“ აღქმული აქვს, რომ უნდა მოერიოს მეორე მხარეს. ავიწყდება, რომ აქ მოგება-წაგებაზე კი არა, ჩვენი საზოგადოების გამარჯვებაზეა საუბარი“, - აღნიშნა ხაზარაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით კი, კრისტიან დანიელსონი შეეცდება მანამ იყოს საქართველოში, ვიდრე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრა არ მოხდება.

ამის შესახებ ვაშაძემ ჟურნალისტებს დანიელსონთან ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, დანიელსონის დარჩენა ნიშნავს, რომ ვერც ერთი მხარე ვერ გაექცევა შეთანხმებას.

„რა არის კარგი ამბავი? - კარგი ამბავი არის ის, რომ ბატონი დანიელსონი შეეცდება მანამ იყოს საქართველოში, სანამ შეხვედრა არ მოხდება. მეორე - რომ გითხრათ რომ დღეს რამე განსხვავებული კუთხით წინ წავიწიეთ, ეს ასე არ არის. მივესალმები, რომ მოლაპარაკება არ შეფერხდა. ის, რაც გუშინ საღამოს „ქართული ოცნებისგან“ მოვისმინეთ, ძალიან ცუდია ქვეყნისთვის. მოლაპარაკებები გაგრძელდება. ოპოზიცია მზად ვართ რაციონალური კომპრომისებისთვის. დოკუმენტის შინაარსზე სამწუხაროდ, ვერ ვსაუბრობ, მაგრამ მინდა ჩვენს ყველა მხარდამჭერს ვუთხრა, რომ მაქსიმალურად ვიცავთ იმ პოზიციას, რა მანდატიც თქვენგან გვაქვს. ყველანაირად დავიცავთ ჩვენს ძირითად საკითხებს. სიტუაცია მარტივი არ არის. შეიძლება ჩვენი შეხვედრა უკვე იყოს ხვალ და არა დღეს. გაერთიანებული იქნება თუ ცალკე, დაზუსტდება. არის ბევრი საკითხი, რაზეც აზრთა სხვადასხვაობაა. მაგრამ უახლოეს დღეებში პროცესის დასრულებამდე უნდა მივიდეთ“, - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, რაზე იქნება საბოლოო შეთანხმება, წინასწარ თქმა გაუჭირდება, თუმცა, ვაშაძე ამბობს, რომ წარმოუდგენელია პატიმრები ისევ ციხეში დატოვონ.

„დოკუმენტზე, რომელზეც ვმუშაობთ, არ არის არც ოპოზიციისა და არც „ქართული ოცნების“ დოკუმენტი. ეს არის მედიატორების, ევროსაბჭოს პრეზიდენტის სახელით შემოთავაზებული დოკუმენტი, რომელსაც ამერიკის მხარე ეთანხმება. შესაბამისად, დოკუმენტზე, რომელზეც გვესაუბრებიან, ჩვენც ბევრი კითხვა გვაქვს და მეორე მხარესაც შეიძლება ჰქონდეს.

დანიელსონის დარჩენა ნიშნავს, რომ ვერც ერთი მხარე ვერ გაექცევა შეთანხმებას. ევროკავშირისთვის ერთია, რომ საქართველოს შიდა სტაბილიზაცია უნდა მოხდეს, ევროპული ინტეგრაცია, მაგრამ შეგახსენებთ შარლ მიშელის ნათქვამს წინა ვიზიტზე, რომ ახლო პერიოდში მოსალოდნელია გარკვეული პრობლემები რეგიონში, შესაბამისად, ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება ძალიან სწრაფად მოხერხდეს შიდა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა ქვეყანაში. ამიტომაც არის ლამის ყოველდღიური, ინტენსიური ჩართულობა.

საბოლოო შეთანხმება რაზე იქნება, ვერ გეტყვით, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, რომ პატიმრები ისევ ციხეში დავტოვოთ. რა იქნება სხვა მხრიდან, ამას ვიტყვით. ადამიანს ციხეში ვერ დავტოვებთ! როგორ წარმოგიდგენიათ ეს გავაკეთოთ?!“ - განაცხადა ვაშაძემ და დასძინა, რომ საუბარი ისევ არის რიგგარეშე არჩევნებზე, პატიმრების გათავისუფლების საკითხზე და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებაზე.

მსგავსი რამ მე არ მინახავს, რომ გამოსულიყვნენ მასპინძლები და ეთქვათ, დავასრულეთ საუბარიო და მერე სტუმარი გამოსულიყოს და ეთქვას, რა დავასრულეთ, ხვალ ვაგრძელებთო - ბავშვზე ხომ არ არის საუბარი, ეს ადამიანი წარმოადგენს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ყველაზე მაღალი რანგის თანამდებობის პირს ევროკავშირის შიგნით, - ამის შესახებ პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების საკითხს უფრო სკეპტიკურად უყურებს, ვიდრე წინა დღეებში. ჯაფარიძის განმარტებით, სავარაუდოდ, მედიატორის ხელისუფლებასთან შეხვედრაზე რაღაც ისეთი მოხდა, რის გამოც „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ მოლაპარაკების გაგრძელებას აზრი არ აქვს.

„უცნაური სიტუაციაა. მეც იმედი მაქვს, რომ დღეს ამ შეხვედრაზე გავერკვევი, გუშინ რა მოხდა ხელისუფლებასთან შეხვედრაზე. ყველა აღმოვჩნდით გაურკვეველ სიტუაციაში, „ოცნების“ წარმომადგენლები გამოვიდნენ, საჯაროდ დაემშვიდობნენ ადამიანს, თქვეს, რომ მოლაპარაკებები ამ ეტაპზე დასრულებულია და ისინი ელოდებიან, როდის დაბრუნდება ღარიბაშვილი და ამის შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი გამოვიდა და თქვა, რომ მოლაპარაკებები გრძელდება და ის აპირებს გააგრძელოს შეხვედრები. რაც ჩვენ სურათი დავინახეთ, მიუთებებს იმაზე, რომ მინიმუმ ახლა გაგრძელება არ უნდათ მოლაპარაკებების.

თავისთავად ის ფაქტი, რომ ეს ყველაფერი ხდება „ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრის შემდეგ, უნდა ვიგულისხმოთ, რიმ იმ შეხვედრაზე რაღაც ისეთი მოხდა, რის გამოც მათ გადაწყვიტეს, რომ მოლაპარაკების გაგრძელებას აზრი არ აქვს.

ბევრად უფრო სკეპტიკურად ვარ განწყობილი, ვიდრე აქამდე ვიყავი.

ჩვენი მხრიდან ძალაშია ყველა ის პუნქტი, რა პუნქტებიც დატოვა შარლ მიშელმა. ყველა პუნქტის გარშემო ჩვენ ჩვენი პოზიციები ვთქვით, მათ შორის რამდენიმე ვერსია კომპრომისული პოზიციების“, - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში დარჩა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს.

რა შესთავაზა შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს - ევროსაბჭოს პრეზიდენტი სრულ დოკუმენტს აქვეყნებს

"მე არ მჯერა, რომ ეს დოკუმენტი კრიზისს განმუხტავს, თუმცა ის უკეთესია, ვიდრე წინა იყო" - ზურაბ ჯაფარიძე

"მკაფიოდ იყო შემოთავაზებული ევროკავშირის მხრიდან ნიკა მელიასთვის თანხის გადახდა" - ვახტანგ მეგრელიშვილი