ავტორი:

"ბავშვზე განახორციელეს ზეწოლა, ვიდეოები ჩააწერინეს, სადაც ამბობს, ბებია და ბაბუა თავში მირტყამენო" - ნიკოლოზ ბასილაშვილის მამა

"ბავშვზე განახორციელეს ზეწოლა, ვიდეოები ჩააწერინეს, სადაც ამბობს, ბებია და ბაბუა თავში მირტყამენო" - ნიკოლოზ ბასილაშვილის მამა

ნიკოლოზ ბასილაშვილის მამა ნოდარ ბასილაშვილი ჩოგბურთელის გარშემო აგორებულ სკანდალს ეხმაურება. როგორც მან "ტვ პირველთან" საუბრისას განაცხადა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მის წინააღმდეგ შვილიშვილს ჩვენება ძალით მიაცემინეს.

"წარმოიდგინეთ, რომ ერთი დიდი სპექტაკლია ნიკას ირგვლივ. გაიმართება სასამართლო და გაირკვევა ყველაფერი. არ არსებობს, რომ ნიკამ ვინმეს ხელი დააკაროს. ბავშვთან დაკავშირებით ამ არასამთავრობებს, უფლებადამცველებს რომ ეძახიან თავს, კრიმინალური მიდგომა აქვთ. ბავშვს არ აჩვენებენ. გასაოცარი სიძულვილით მიდგომა აქვთ.

რატომ ვამბობ რომ დამნაშავეები არიან ეს ვითომ უფლებადამცველები. ბავშვზე განახორციელეს ზეწოლა, სამი ვიდეო ჩაიწერეს, სადაც ბავშვი ლაპარაკობს, რომ ბებია და ბაბუა თავში მირტყამენ, მცემენ, კოშმარები მესიზმრებაო და ასე შემდეგ, ჩემს წინააღმდეგ მიაცემინეს ჩვენება" - ამბობს ნოდარ ბასილაშვილი.

ცნობისთვის, ბასილაშვილის სკანდალზე ხელმეორედ მას შემდეგ ალაპარაკდა საზოგადოება, რაც ქართველმა ჩოგბურთელმა დოჰას საერთაშორისო ტურნირი მოიგო. დაჯილდოვების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას ბასილაშვილმა ქართულად მიმართა შვილს: "ლუკას, მამიკო, მინდა დაიმახსოვრო, შენ ხარ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი, მიყვარხარ და მენატრები. მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს საქართველოში, დიდი მადლობა გვერდით დგომისთვის".

საზოგადოებისთვის ცნობილია, ნიკოლოზ ბასილაშვილს ერთადერთი ვაჟი, ლუკასი ჰყავს, რომელიც დედასთან, ნელი (ნეკა) დოროყაშვილთან იზრდება. წყვილი სკანდალურად დაშორდა ერთმანეთს.

ცოლმა ის ძალადობაში დაადანაშაულა, რის მერე ჩოგბურთელი დააკავეს კიდეც, თუმცა ბასილაშვილი სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა. თავად ბასილაშვილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ამ საქმეზე საბოლოო სასამართლო განხილვა ჯერ არ გამართულა.

უბნები და ქუჩები თბილისში, სადაც ხვალ დენი გაითიშება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

რა სირთულეებს აწყდები, როცა პირველკურსელი ხარ