ავტორი:

რა ხდებოდა 100 წლის წინ მოსკოვში: "ბათუმი - ჩვენ, ართვინ-არტაანი - თქვენ" -  ლენინის წერილის მიხედვით, რაზე უნდა დალაპარაკებოდა სტალინი თურქებს?

რა ხდებოდა 100 წლის წინ მოსკოვში: "ბათუმი - ჩვენ, ართვინ-არტაანი - თქვენ" -  ლენინის წერილის მიხედვით, რაზე უნდა დალაპარაკებოდა სტალინი თურქებს?

1921 წლის 16 მარტი. მოსკოვში, საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის შენობაში ერთობ მნიშვნელოვანი დიპლომატიური მოლაპარაკების ფინალი იწყება - ხელი უნდა მოეწეროს "რუსეთ-თურქეთის მეგობრობისა და ძმობის ხელშეკრულებას".

აი, სხდომათა დარბაზში შედის თურქეთის დელეგაცია: ეკონომიკის მინისტრი იუსუფ ქემალი (მეთაური), თურქეთის ელჩი რუსეთში, გენერალი ალი ფუად ჯებესოი, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი რიზა ნური-ბეი...

რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი გიორგი ჩიჩერინი თურქეთის დელეგაციის წევრებს მაგიდასთან იწვევს, რომელზეც ხელშეკრულების პარაფირებული ტექსტი დევს. დგება ისტორიული მომენტი: დოკუმენტს ხელს ჯერ აწერენ გიორგი ჩიჩერინი და სრულიად რუსეთის ცაკ-ის წარმომადგენელი ჯელალედინ კორკმასოვი, შემდეგ კი იუსუფ ქემალი, რიზა ნური და ალი ფუადი.

მოსკოვში ხელმოწერილი "რუსეთ-თურქეთის მეგობრობისა და ძმობის ხელშეკრულებით", საქართველოს ტერიტორიების ბედიც გადაწყდა - ქართველთა დაუკითხავად, რუსეთის წითელი არმიის მიერ ოკუპირებული თბილისიდან შორს... იგივე ხელშეკრულება ეხებოდა აგრეთვე სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიას და საზღვრებს.

  • ისტორიიდან: სან-სტეფანოს ზავის მნიშვნელობა საქართველოსთვის

საქართველო-თურქეთის (ოსმალეთის) ურთიერთობა მჭიდროდაა დაკავშირებული რუსეთ-თურქეთის ურთიერთობასთან, უფრო მეტიც, ძალზე ხშირად ორი დიდი იმპერიის სამხედრო დაპირისპირება განსაზღვრავდა ხოლმე საქართველოს ბედს. ასე იყო XVIII საუკუნეში (იასის სამშვიდობო ხელშეკრულება, 1792 წელს); XIX საუკუნეში (ადრიანოპოლის სამშვიდობო ხელშეკრულება, 1829 წელს; სან-სტეფანოს სამშვიდობო (საზავო) ხელშეკრულება 1878 წელს). საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო სან-სტეფანოს ხელშეკრულება, რომლის თანახმად, რუსეთის იმპერიამ 1878-79 წლების ომში დამარცხებული ოსმალეთისაგან ისტორიული ქართული ტერიტორიები (ტაო-კლარჯეთი, ერუშეთი... აჭარა და ართვინ-არტაანი) მიიღო - კონტრიბუციის სახით. აქვე შევნიშნავთ, რომ სან-სტეფანოს ხელშეკრულებით და მოგვიანებით, ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით დადგენილი რუსეთ-ოსმალეთის სახელმწიფო საზღვარი იურიდიულად უცვლელი იყო 37 წლის განმავლობაში.

გიორგი ჩიჩერინი

პირველი მსოფლიო ომში ანტანტასა და "ოთხთა კავშირს" შორის საომარი მოქმედებები კავკასიაშიც გაჩაღდა. რუსეთი, როგორც ანტანტის წევრი, "ოთხთა კავშირის" წევრ ოსმალეთთან ომში ჩაება. კავკასიის ფრონტზე მომხდარმა მოვლენებმა კორექტივები შეიტანა სასაზღვრო-ტერიტორიულ საკითხებშიც: ბათუმსა და ართვინს ჯერ ოსმალები (ბრესტის 1918 წლის 3 მარტის ზავით და ბათუმის 1918 წლის 4 ივნისის უსამართლო ხელშეკრულებით), მოგვიანებით კი, ოსმალეთის დამარცხების შემდგომ, ბრიტანელები დაეუფლნენ (მუდროსის 1918 წლის ოქტომბრის ზავით), არტაანი კი პროთურქული ელემენტებისაგან ჩამოყალიბებულმა თვითმარქვია ე. წ. "ყარსის რესპუბლიკამ" ჩაიგდო ხელში. საქართველოს მთავრობის დიპლომატიისა და ქართული შეიარაღებული ძალების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი თურქეთთან საკმაოდ სწრაფად აღდგა თითქმის იმავე სახით, როგორიც პირველ მსოფლიო ომამდე იყო: 1920 წლის ივლისში, როცა აჭარა (ბათუმის ოლქი ართვინითურთ) საქართველოს დაუბრუნდა, ქვეყნის ხელისუფლების მიერ კონტროლირებული სახელმწიფო ტერიტორიის ფართობმა თითქმის აბსოლუტურ მაქსიმუმს მიაღწია. ეს იყო უდიდესი მიღწევა XIV საუკუნის 30-იანი წლების შემდგომ, როცა გიორგი ბრწყინვალემ საქართველო კვლავ გააერთიანა. აქვე დავამატებთ, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო-პოლიტიკური ორიენტაცია მკვეთრად იყო გამოხატული დასავლური ვექტორით.

აი, ასეთი მდგომარეობა ჰქონდა საქართველოს 1920 წლის ივლისში, მაგრამ რა ხდება თურქეთში?

  • თურქული "ეროვნული აღთქმა" და ბათუმის საკითხი

პირველ მსოფლიომ ომში დამარცხებული ოსმალეთის ტერიტორია გამარჯვებულებმა - ანტანტის წევრებმა - გავლენის სფეროებად გადაინაწილეს. გენერალი მუსტაფა ქემალი, თავის თანამზრახველებთან ერთად, არ შეურიგდა შექმნილ სიტუაციას და ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა დაიწყო: რეგიონებში ჩამოაყალიბა "თურქთა უფლებების დაცვის საზოგადოებები", მიიმხრო ოსმალეთის პარლამენტის დეპუტატთა ნაწილი, სახელმწიფო და საზოგადოებრივი მოღვაწეები და ჯერ ერზერუმში (1919 წლის აგვისტო), შემდეგ კი სივასში (1919 წლის სექტემბერი) "უფლებების დაცვის საზოგადოებათა" წარმომადგენლების ყრილობები ჩაატარა "სამშობლოს გადარჩენის გზების" ძიების მიზნით. აქვე აუცილებელია ითქვას, რომ კონსტანტინოპოლში, ანტანტის წარმომადგენლების კონტროლით, ოსმალეთის სულთნის მეჰმედ VI-ის მთავრობა ჯერ კიდევ არსებობას განაგრძობდა. მართალია, სულთნის მთავრობას მუსტაფა ქემალის მიმართ სიმპათიები არ ჰქონდა, მაგრამ მაინც დათანხმდა პარლამენტის (დეპუტატთა პალატის) არჩევნების ჩატარებას. არჩევნების შედეგებმა ანტანტის წარმომადგენლებს იმედი გაუცრუა - დეპუტატთა უმრავლესობამ მუსტაფა ქემალის მხარე დაიკავა: მათ პირველივე სხდომაზე, 1920 წლის 28 იანვარს მიიღეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი - "თურქეთის დამოუკიდებლობის დეკლარაცია", ანუ "ეროვნული აღთქმა", რომლითაც თურქეთის მომავალი საზღვრები და სახელმწიფო მოწყობა განისაზღვრა. სხვათა შორის, ამ დეკლარაციის მეორე პუნქტში ბათუმის ოლქი თურქეთის ტერიტორიად არის წარმოდგენილი, "რომელიც "დედა-სამშობლოს" ჯერ კიდევ 1918 წლის ივნისში დაუბრუნდა". ამასთან, პარლამენტმა "ეროვნულ აღთქმაში" ბათუმის ოლქის მოსახლეობის ნების პლებისციტით გამოხატვის პრინციპიც შეიტანა.

მუსტაფა ქემალი

1920 წლის 16 მარტის შემდეგ კი, როცა ანტანტამ კონსტანტინოპოლის ოკუპირება მოახდინა და ოსმალეთის ახლადარჩეული, მაგრამ ჯიუტი პარლამენტი დაშალა, მუსტაფა ქემალმა ანატოლიის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ ანგორაში (ანკარაში) თავისი მთავრობა და საკანონმდებლო ორგანო - დიდი ეროვნული კრება ჩამოაყალიბა, რომელშიც კონსტანტინოპოლიდან გამოქცეული 105 დეპუტატი შევიდა, დანარჩენი კი - 233 დეპუტატი, ხელახლა აირჩიეს.

საინტერესოა, რომ იმ პერიოდში რუსეთისა და თურქეთის ლიდერების - ვლადიმერ ლენინისა და მუსტაფა ქემალის ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა: ორივე ანტანტის ქვეყნებისა და მათი მოკავშირეების ინტერვენციას ებრძოდა, ევროპას ორივე - მოსკოვიც და ანგორაც მტრად თვლიდნენ. ბუნებრივია, საერთო პრობლემებმა საგარეო-პოლიტიკურ ინტერესთა დამთხვევა გამოიწვია - რუსეთის კომუნისტურმა და თურქეთის ქემალისტურმა მთავრობებმა ერთმანეთს დახმარების ხელი გაუწოდეს. 1920 წლის მაისში მუსტაფა ქემალმა მოსკოვში თავისი მთავრობის "საგარეო საქმეთა სახკომი" (ასე უწოდებდნენ თურქი ქემალისტები მინისტრებს, რუსი კომუნისტების მსგავსად) ბექირ სამი-ბეი და მისი მოადგილე იუსუფ ქემალი მოსკოვში გაგზავნა. ისინი ჯერ თავიანთ საბჭოტა კოლეგებს - სახკომ გიორგი ჩიჩერინს და მის მოადგილეს - ლევ კარახანს შეხვდნენ, შემდეგ კი თვით სახკომსაბჭოს თავმჯდომარეს ვლადიმერ ლენინს. თურქები მოსკოვში საკმაოდ ხანგრძლივი დროით დარჩნენ - აგვისტოს ბოლომდე. ამ ხნის განმავლობაში შემუშავდა "მეგობრობა-ძმობის ხელშეკრულების" პროექტი, აგრეთვე შეთანხმება ფინანსებით და იარაღით დახმარების თაობაზე (დაახლოებით 8 ტონა ოქრო, რამდენიმე ათასი შაშხანა, ქვემეხები და ჭურვები).

ეხმარებოდნე რა თურქ "ამხანაგებს", რუს ბოლშევიკებს უფრო შორს მიმავალი მიზნები ჰქონდათ - საბჭოთა რუსეთი ქემალისტურ მთავრობას ახლო აღმოსავლეთში ბოლშევიკური იდეების გატარების (მსოფლიო რევოლუციის) ინსტრუმენტად განიხილავდა. რასაკვირველია, როგორც ქემალისტები, ასევე კომუნისტები ქართველ სოციალ-დემოკრატებს ეჭვითა და უნდობლობით უყურებდნენ და თბილისის დასავლური დიპლომატია აშკარად არ მოსწონდათ.

კიდევ ერთი მიზანი, რომელიც თურქ ქემალისტებსა და რუს კომუნისტებს აერთიანებდათ: ორივენი ცდილობდნენ ყოფილი იმპერიების რაც შეიძლება მეტი ტერიტორია გაეკონტროლებინათ. უფრო მეტიც, ანგორის მთავრობა მოქმედებდა 1918 წლის 4 ივნისს ბათუმში საქართველოსა და სომხეთთან დადებული კაბალურ ხელშეკრულებათა დებულებებით და როგორც საქართველოს ისტორიულ აჭარა-ტაო-კლარჯეთს, ასევე სომხურ ყარსსა და ყაგიზმანს (ანუ თურქეთის აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ვილაიეთებს) თავის ტერიტორიებად მიიჩნევდა.

უნდა აღინიშნოს, რომ "აღთქმის" საფუძველზე პირველი პროტესტი ტერიტორიების გამო თურქეთმა საქართველოს ჯერ კიდევ 1920 წლის ივლისში გამოუცხადა, როცა დიდმა ბრიტანეთმა აჭარიდან ჯარები გაიყვანა და ბათუმი საქართველოს დაუბრუნა, თუმცა იმ დროს ქემალისტების პროტესტისათვის თბილისს ჯეროვანი ყურადღება არ მიუქცევია. არადა, თითქმის იგივე განმეორდა 1921 წლის იანვარშიც, როცა საქართველოს დიპლომატიური მისია სიმონ მდივნის ხელმძღვანელობით ანგორაში ჩავიდა: "შეხვედრის დროს, საზღვრებზე საუბრისას, მუსტაფა ქემალმა "ეროვნული აღთქმა" შეგვახსენა და მისი ტექსტი გადმოგვცა", - ატყობინებდა ქართველი ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროს თბილისში. სხვადასხვა წყაროების მიხედვით, "ეროვნული აღთქმა" თურქეთისთვის დღესაც მოქმედი იურიდიული დოკუმენტია, რადგან სწორედ მასში არის დაფიქსირებული თურქეთის ტერიტორიის ფარგლები.

  • თურქები მოსკოვში: "ბათუმი და ართვინ-არტაანი ჩვენია!"

1920 წლის მეორე ნახევარში თურქეთ-რუსეთის ურთიერთობა სულ უფრო მტკიცდებოდა. წლის დასასრულს გადაწყდა მეგობრობის ხელშეკრულების გაფორმებაც. საინტერესოა, რომ ბაქოს გავლით მოსკოვს მიმავალი ანგორის მთავრობის დელეგაცია იუსუფ ქემალის მეთაურობით ბათუმიდან თბილისში 4 თებერვალს, რუსეთის თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვიდა. საქართველოს ხელისუფლებამ თურქები დიდი პატივით მიიღო, გაიმართა ხანმოკლე მოლაპარაკება, რომლის დროსაც ქემალისტებმა დაადასტურეს ახლო მომავალში საქართველოსთან ხელშეკრულების დადების სურვილი.

საბჭოთა სარკინიგზო ტრანსპორტის ცუდი მუშაობის გამო თურქეთის დელეგაციამ მოსკოვში ჩასვლა დააგვიანა. თურმე ბაქოში მათი ვაგონი შეცდომით რომელიღაც მეორეხარისხოვანი ნელმავალი ეშელონისთვის ჩაუბამთ. იუსუფ ქემალი თითქმის ყოველი სადგურიდან ტელეფონით უკავშირდებოდა საგარეო საქმეთა სახკომს გიორგი ჩიჩერინს და დახმარებას სთხოვდა, სპეციალური ორთქლმავალი გვჭირდებაო. როგორც იქნა, 19 თებერვალს, თურქები მოსკოვში ჩავიდნენ...

სანამ დელეგაციის წევრები მილაგ-მოლაგდებოდნენ და პოლიტიკურ სიტუაციას გაეცნობოდნენ, მათ შორის კავკასიაშიც (სადაც რუსეთ-საქართველოს ომი იყო უკვე დაწყებული), რამდენიმე დღე გავიდა, 26 თებერვალს კი რუსეთ-თურქეთის მოლაპარაკება (კონფერენცია) დაიწყო. თურქებმა მთავარი მოთხოვნა დააფიქსირეს: 1920 წლის აგვისტოში შედგენილ ძმობა-მეგობრობის ხელშეკრულების პროექტში ცვლილებები უნდა შესულიყო კავკასიაში მომხდარი მოვლენების გათვალისწინებით: დოკუმენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დებულება უნდა ყოფილიყო თურქეთის ტერიტორიისა და მისი აღმოსავლეთის საზღვრის აღიარება რუსეთის მიერ.

ამ დროს კი საქართველოში ყოველი მხრიდან შემოსეულმა რუსეთის ჯარებმა თბილისი დაიკავეს, მთავრობა ევაკუირებულია ჯერ ქუთაისში, შემდეგ ბათუმში... მარტის დასაწყისში ანგორიდან (ანკარიდან) მიღებული დირექტივების საფუძველზე იუსუფ ქემალმა რუსეთის მთავრობას ბათუმის, ართვინისა და არტაანის, აგრეთვე ყარსის თურქეთის შემადგენლობაში აღიარება მოსთხოვა. ამით მან ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ეს ქალაქები მხოლოდ და მხოლოდ თურქეთს ეკუთვნის...

როგორც თურქული, რუსული და სომხური წყაროებით ირკვევა, გიორგი ჩიჩერინი წინააღმდეგი ყოფილა, რომ თურქეთს ყარსის ოლქი გადასცემოდა. სამეცნიერო ლიტერატურაში სომეხთა ლობისტად წოდებული გიორგი ჩიჩერინი მართლაც "კბილებით იცავდა" სომეხთა ინტერესებს, კატეგორიულად მოითხოვდა თურქებს დაებრუნებინათ ყარსი და ალექსანდროპოლი (დღევანდელი გიუმრი, ყოფილი ლენინაკანი), რომლებიც ქემალისტებმა სომხეთთან 1920 წლის აგვისტოს ბოლოს დაწყებული ომის დროს ჩაიგდეს ხელში. ცნობილი რუსი დიპლომატის ამგვარ მოქმედებას თურქეთის დელეგაცია ძალზე გაუნაწყენებია, მოლაპარაკების გაგრძელებაზე უარიც კი უთქვამთ.

საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ საქართველოს მხარდამჭერი არც ანკარაში და არც მოსკოვში არავინ იყო. ჩვენი მოსკოველი ელჩი, სოციალ-დემოკრატი გერასიმე მახარაძე ჩეკამ დააპატიმრა, ხოლო ანკარაში საქართველოს ელჩს სიმონ მდივანს მუსტაფა ქემალი სიტყვით დახმარებას ჰპირდებოდა, საქმით კი პირიქით აკეთებდა - ულტიმატუმი წამოგვიყენეს, რომ ჩვენს სამხედრო გარნიზონებს უმოკლეს ვადაში ართვინი და არტაანი უნდა დაეტოვებინათ. ნათქვამია, ძალა აღმართსა ხნავსო. რა უნდა ექნა უთანასწოროდ ბრძოლაში მყოფ საქართველოს მთავრობას?

გერასიმე მახარაძე

თბილისმა ანგორას ალტერნატივა შესთავაზა: ჩვენ ჯარს გავიყვანთ, მაგრამ სამოქალაქო მართვა-გამგებლობა ჩვენი დარჩესო. თურქებმა უარი განაცხადეს. მათი არმია ბათუმისკენ მიიწევდა. 7 მარტს ქართულმა ჯარმა ართვინი და არტაანი დატოვა. მოსკოვში რუსეთის სახკომსაბჭოს თავმჯდომარე ვლადიმერ ლენინი შეშფოთებულია თურქების დელეგაციის ჯიუტობით. და აი, საქართველოსათვის ასეთ დრამატულ ჟამს არენაზე გამოჩნდა კავკასიის პრობლემათა მცოდნე, რუსეთის ეროვნებათა საქმეების სახალხო კომისარი იოსებ სტალინი.

  • ლენინი: "თურქებს სტალინი დაელაპარაკება"

9 მარტს ვლადიმერ ლენინი გიორგი ჩიჩერინს წერილს წერს: "ამხანაგო ჩიჩერინ! მე უკიდურესად ვარ შეშფოთებული იმით, რომ თურქები ბათუმის შესახებ თანხმობას აჭიანურებენ და დროს იგებენ, სანამ მათი არმია ქალაქისაკენ მიიწევს. ჩვენ არ უნდა მივცეთ მათ გაჭიანურების უფლება. განიხილეთ ასეთი ზომა: თქვენ მოლაპარაკებას წყვეტთ იმ მოტივით, რომ ჩემთან ნახევარსაათიანი შეხვედრა გსურთ, სტალინი კი ამასობაში თურქების დელეგაციასთან გულახდილად მოილაპარაკებს, რომ საქმე დღესვე ბოლომდე მიიყვანოს" (ვ.ი.ლენინი. თხზულებათა სრული კრებული, ტომი 52-ე, გვ.92, მოსკოვი, 1970 (რუს). // http://bolshevick.org/teoriya-i-praktika-bolshevizma/lenin/52.pdf

ვლადიმერ ლენინს სულაც არ სურდა თავისი თურქი კოლეგის, მუსტაფა ქემალის განაწყენება, რადგან კრემლი თურქეთს, როგორც უკვე ვთქვით, აღმოსავლეთში თავის მნიშვნელოვან რევოლუციურ მოკავშირედ მიაჩნევდა. როგორც თურქი მკვლევარები ამტკიცებენ, მოლაპარაკების დროს ბათუმის კუთვნილების ირგვლივ წარმოქმნილი უთანხმოების გადაჭრაში მთავარი როლი სწორედ იოსებ სტალინს შეუსრულებია. ამასვე ადასტურებენ სომეხი ისტორიკოსებიც.

როგორც ლენინის წერილიდან ხდება ცნობილი, 9 მარტს მან თურქებთან საკითხის გარკვევა იოსებ სტალინს დაავალა, 10 მარტს კი იუსუფ ქემალმა თავისი მოთხოვნები ბათუმის თურქეთის შემადგენლობაში აღიარებაზე უკან წაიღო, ორიოდე დღის შემდეგ კი ხელშეკრულების პროექტზე საზეიმო ხელმოწერის თარიღად 16 მარტი დაინიშნა.

  • სტალინი: "ბათუმი ჩვენ, ართვინ-არტაანი - თქვენ"

იბადება კითხვა: მაინც რა მოხდა 9 მარტის ღამეს ისეთი, რამაც თურქების პრეტენზიები დააცხრო? ზუსტად თქმა ძნელია (მოლაპარაკების სტენოგრამა საქართველოს არქივებში არ არის), მაგრამ შედეგი გვაფიქრებინებს, რომ სტალინი თურქებთან შეხვედრისას ერთგვარ კომპრომისზე წავიდა: მან პრიორიტეტი მიანიჭა ბათუმს, როგორც შავიზღვისპირეთის უმნიშვნელოვანეს ნავსადგურსა და ბაქოს ნავთობსადენის ბოლო მონაკვეთის შენარჩუნებას, სხვა ქართული მიწები კი, სომხურთან ერთად, თურქებს დაუთმო. თუმცაღა, ბათუმის შენარჩუნებაც საეჭვო კომპრომისად გამოიყურება: თურქებს თითქოსდა უთქვამთ, ბათუმი ჩვენია, მისი სიუზერენები ჩვენ ვართ, მაგრამ კარგი, გითმობთ, ოღონდ აჭარას ავტონომიის სტატუსი უნდა მიანიჭოთო.

რასაკვირველია, იოსებ სტალინმა კარგად იცოდა, რომ ისტორიული ტაო-კლარჯეთი ქართული ცივილიზაციის ერთ-ერთი აკვანი იყო - მას ხომ სასულიერო განათლება ჰქონდა მიღებული და ისიც იცოდა, რომ თურქეთისათვის გადაცემულ ტერიტორიაზე უამრავი ქართული ქრისტიანული ძეგლი იყო შემორჩენილი... მაშ, რატომ მოხდა, რომ შატბერდი, ბერთა, ანჩი, პარხალი და იშხანი თურქეთს დარჩა? შეიძლება სტალინი ფიქრობდა, რომ ეს მხოლოდ დროებითია, იმჟამად აუცილებელი იყო თურქეთთან მეგობრობის შენარჩუნება, ვითარებას კი მომავალში გამოასწორებდა? ასე იყო თუ ისე, საქართველომ ტერიტორიის თითქმის ერთი მესამედი დაკარგა.

მოვლენებს თუ წინ გავუსწრებთ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ იოსებ სტალინმა მეორე მსოფლიო ომის მიწურულს საქართველოსა და სომხეთის ტერიტორიების საკითხი მართლაც გაიხსენა და თურქეთს მათი დაბრუნება ოფიციალურად მოსთხოვა... ალბათ, მძიმე ტვირთად აწვა 1921 წლის 9 მარტის ღამით გაწეული კომპრომისი თურქებთან....

მოსკოვის ხელშეკრულება:

ა) "თურქეთი თმობს სიუზერენიტეტს ბათუმზე"

მოსკოვში ხელმოწერილი 16-მუხლიანი დოკუმენტის მთავარი მარცვალი პირველ მუხლშია, რომელშიც თურქეთის ჩრდილო-დასავლეთი საზღვარია მოცემული (ანუ საზღვარი საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან). "ცნებაში "თურქეთი" იგულისხმება ის ტერიტორიები, რომლებიც განისაზღვრა ოსმალეთის დეპუტატთა პალატის მიერ შემუშავებული 1336 (1920) წლის 28 იანვრის "ეროვნული აღთქმით", - ნათქვამია მასში. შემდეგ აღწერილია თურქეთის ამჟამინდელი საზღვარი - სარფიდან ნახჭევანამდე. რაც შეეხება ბათუმის ოლქს, მეორე მუხლში ვკითხულობთ: "თურქეთი თანახმაა დაუთმოს თავისი სიუზერენიტეტი საქართველოს ბათუმის პორტზე, ქალაქსა და იმ ტერიტორიაზე, რომელიც ამ ხელშეკრულების პირველ მუხლში მოცემული საზღვრის ჩრდილოეთით მდებარეობს, იმ პირობით, რომ 1) ამ ადგილების მოსახლეობა ფართო ავტონომიით ისარგებლებს, რაც უზრუნველყოფს თითოეული თემის სარწმუნოებრივ-კულტურულ უფლებებს და მიიღებს ისეთ საადგილმამულო კანონს, რომელიც მათ სურვილებს ეთანხმება; 2) თურქეთს მიეცემა ბათუმის პორტით სხვადასხვა საქონლის თავისუფალი ტრანზიტის უფლება, უბაჟოდ და დაბრკოლებების გარეშე, ხარჯების დაუბეგრავად".

აქვე მოკლედ განვმარტოთ, თუ რას ნიშნავს ტერმინი "სიუზერენიტეტი" ("სუვერენიტეტისაგან" განსხვავებით). "სიუზერენი" - ფრანგული წარმოშობისაა და ნიშნავს მმართველს [მფლობელს], ხოლო "სიუზერენიტეტი" - ამა თუ იმ ტერიტორიის მართვის [ფლობის] უფლებას. ეს ტერმინი ძირითადად შუა საუკუნეებში იხმარებოდა, თუმცა დღესაც შემორჩენილია.

ხელშეკრულების სხვა მუხლებით განისაზღვრა ნახიჩევანის ოლქის საზღვრები და სტატუსი (ავტონომია აზერბაიჯანის პროტექტორატით), ორივე მხარე აუქმებდა ადრე ხელმოწერილ ყველა ხელშეკრულებას, რომლებიც მათ ინტერესებს ეწინააღმდეგებოდნენ, დაუშვებლად მიიჩნევდნენ ერთმანეთის ტერიტორიაზე მტრული ორგანიზაციების ან დაჯგუფებების არსებობას... ცალკეული მუხლები ეხებოდა საკონსულო კონვენციის დადებას, ვაჭრობას, მოსახლეობისათვის გადაადგილების თავისუფლებას და ოპტაციას (მოქალაქეობის შეცვლას, რაც ბათუმის ოლქის მოსახლეობაზეც ვრცელდებოდა), აგრეთვე ბოსფორ-დარდანელის სრუტეების სტატუსის შემუშავებას შავი ზღვის რეგიონის სახელმწიფოების კონფერენციაზე. მე-15 მუხლის მიხედვით, რუსეთი ვალდებულებას იღებდა, ამიერკავკასიის რესპუბლიკების - აზერბაიჯანის, საქართველოს და სომხების სსრ-ების - მიმართ ძალისხმევა განეხორციელებინა იმ მიზნით, რომ მათაც დაედოთ თურქეთთან მსგავსი ხელშეკრულება (რაც შესრულდა კიდეც 1921 წლის 13 ოქტომბერს ყარსში. იხ. ქვემოთ).

მოსკოვის ხელშეკრულებას თან ახლდა ორი დანართი, რომლებშიც მოცემულია თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი საზღვრის დელიმიტაცია (არაქსისა და არფაჩაის ზონების ჩათვლით, რუსეთის გენშტაბის მიერ შედგენილი ტოპოგრაფიული რუკების მიხედვით.

ბ) სამართლიანი თუ უსამართლო?

საერთოდ, ამ ხელშეკრულების ირგვლივ ბევრი კრიტიკა გამოთქმულა, განსაკუთრებით 1990-იანი წლებიდან დაწყებული და ახლაც ხშირად ითქმის: ყველაზე მეტად სომხები აქტიურობენ, რადგან მათ, ყარსზე და არარატის მთაზე რომ არაფერი ვთქვათ, დაკარგეს სევრის ხელშეკრულებით მოპოვებული შავ ზღვაზე გასასვლელი დაკარგეს.

მაინც როგორი სტატუსი აქვს მოსკოვის ხელშეკრულებას? რატომ უნდა იყოს ამ დოკუმენტით დადგენილი საქართველო-თურქეთისა და სომხეთ საქართველოს საზღვრები, როცა არც საქართველოს და არც სომხეთის წარმომადგენლებს მასზე ხელი არ მოუწერიათ? და რატომ არის დღესაც ძალაში ასი წლის წინ ხელმოწერილი დოკუმენტი? რატომ ვერ (არ) ხერხდება მისი დენონსირება?

  • მოდით, გავაანალიზოთ

პირველი:

საერთაშორისო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს სუვერენულ და საერთაშორისოდ აღიარებულ სახელმწიფოებს შორის - ასე იყო 1921 წლის დროინდელი საერთაშორისო სამართლით და ეს პრინციპი დღესაც არ შეცვლილა. იყვნენ თუ არა კომუნისტური რუსეთისა და ქემალისტური თურქეთის მთავრობები საერთაშორისოდ აღიარებულნი? თუ გადავხედავთ იმდროინდელი ევროპული (დასავლური) სახელმწიფოების დამოკიდებულებას ანგორისა და მოსკოვის მთავრობების მიმართ, დავინახავთ, რომ არც ერთი და არც მეორე დასავლეთის წამყვანი სახელმწიფოების მიერ იურიდიულად აღიარებულნი არ იყვნენ, ანუ მათ არ ჰქონდათ უფლებამოსილება რაიმე საერთაშორისო ხელშეკრულება დაედოთ. განსაკუთრებით ეს ეხება ქემალისტების მთავრობის სტატუსს: რადგან კონსტანტინოპოლში 1921 წლის მარტისათვის არსებობდა ოსმალეთის (თურქეთის) სულთნის კანონიერი მთავრობა, აქედან გამომდინარე, ოსმალეთის 1909 წლის კონსტიტუციის მიხედვით, ქემალისტური მთავრობა უკანონო იყო და ბუნებრივია, მას არანაირი საერთაშორისო უფლებამოსილება არ გააჩნდა. რა დასამალია და იმ დროს თვითონ მუსტაფა ქემალი სისხლის სამართლის დამნაშავედ (სულთნის მთავრობის მოწინააღმდეგედ) იყო შერაცხული და მას სამხედრო ტრიბუნალის მიერ 1920 წლის 11 მაისს გამოტანილი განაჩენით სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა.

მეორე:

წესით და რიგით, რადგანაც ქემალისტური მთავრობა უკანონო იყო, მას არ ჰქონდა უფლება მოსკოვში, რუსეთთან მოლაპარაკების დროს საქართველოს ტერიტორიისა და საზღვრების ბედი გადაეწყვიტა. მაგრამ თუნდაც ის კანონიერი ყოფილიყო, ამ შემთხვევაშიც კი ქემალისტების მიერ ხელშეკრულების გაფორმება მაინც უსამართლო იქნებოდა - მათ ხომ იურიდიულად ჰყავდათ აღიარებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რომლის მთავრობა 1921 წლის 16 მარტისთვის ჯერ კიდევ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა (ბათუმში). უფრო მეტიც, ანგორის მთავრობამ ფაქტიურად დაარღვია დიპლომატიური ურთიერთობა საქართველოსთან, რომელიც 1921 წლის 8 თებერვალს იყო დამყარებული.

მესამე - მოსკოვის ხელშეკრულება უკანონო და უსამართლოა საქართველოსთვის იმის გამოც, რომ მოლაპარაკებაში თბილისი არ მონაწილეობდა (ამის შესახებ ზემოთ უკვე ვთქვით) და მისი ტერიტორია, ისარგებლეს რა ქვეყნის უმწეო მდგომარეობით, ორმა მეზობელმა გაიყო. ეს იყო საქართველოსთვის, ქართველი ხალხისათვის იძულებით თავსმოხვეული ქემალისტურ-კომუნისტური გარიგება.

  • მოსკოვის ხელშეკრულების დენონსაციის მცდელობები

ასეთი არასამართლებრივი სტატუსის მქონე ხელშეკრულება, ბუნებრივია, დიდი ხნის დენონსირებული (გაუქმებული) უნდა იყოს, მაგრამ ის მაინც დღემდე არსებობს ისტორიული არტეფაქტის სახით. გასაგებია, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში მას კიდევ გააჩნდა მნიშვნელობა (იმ დროს სსრკ-ს და თურქეთს საზღვარი საერთო ჰქონდათ), მაგრამ საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ, როცა რუსეთის და თურქეთის ტერიტორიებს უკვე ერთმანეთისაგან მრავალი კილომეტრი აშორებთ, როცა საქართველო საერთაშორისო სამართალსუბიექტია, მოსკოვის ხელშეკრულება უიმედოდ მოძველებულია.

1921 წლიდან მოყოლებული, მოსკოვის ხელშეკრულების გაუქმების (დენონსაციის მცდელობა) რამდენჯერმე იყო: პირველად 1945 წლის მარტში, როცა იოსებ სტალინმა თურქეთს ტერიტორიული პრეტენზიები წაუყენა და ახალი ხელშეკრულების გაფორმება მოსთხოვა (მაგრამ უშედეგოდ), მეორედ - 2016 წლის თებერვალში, როცა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებმა, თურქეთთან ურთიერთობის გაუარესების ფონზე (სირიაში რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით), ხელშეკრულების დენონსაციის მიზნით საკანონმდებლო ინიციატივა შეიტანეს (მაგრამ ასევე უშედეგოდ). რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დოკუმენტის ცალმხრივი გაუქმება მიზანშეუწონლად მიიჩნია, რაც ანკარასთან დამოკიდებულებას კიდევ უფრო გაამწვავებდა.

  • ხელშეკრულების მოქმედების ვადა: მითები თუ სინამდვილე?

მოსკოვის ხელშეკრულების 100 წლისთავის მოახლოებასთან დაკავშირებით გაისმის ხმები, რომელთა თანახმად, 2021 წლის 16 მარტს დოკუმენტი თავის იურიდიულ ძალას კარგავს და ავტომატურად გაუქმდება. მავანნი ამტკიცებენ, რომ ხელშეკრულება 100 წლის ვადით არის დადებულიო. საინტერესოა, რატომ გავრცელდა ასეთი თვალსაზრისი, რა არგუმენტები აქვთ ავტორებს? თუ ყურადღებით წავიკითხავთ ტექსტს, მასში მოქმედების ვადა მითითებული არ არის, ესე იგი, ეს ნიშნავს რომ ხელშეკრულება უვადოა. მით უმეტეს, რომ როცა ხელშეკრულებით საზღვრები და ტერიტორიის ფარგლებია დადგენილი, იმ ხელშეკრულებაში ვადები არ იწერება, სამომავლოდ რაიმე კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად.

არის საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ხელშეკრულების ვადის იდეა სომეხ მკვლევარებს დაებადათ: ჯერ კიდევ 1990-იან წლებში სომეხი დიპლომატი ლევონ ეირამჯიანცი ვარაუდობდა, რომ მოსკოვის ხელშეკრულებას დანართის აქვს ე.წ. "საიდუმლო ოქმები" (რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის მსგავსად), რომლებშიც დოკუმენტის მოქმედების საბოლოო ვადაა მითითებული - 100 წელი და როგორც უკვე ვთქვით, მას ვადა გასდის. ლევონ ეირამჯიანცმა ეს ჰიპოთეზა საჯაროდ 2001 წელს გააჟღერა. მას შემდეგ მიმდინარეობს სპეკულაციაც ამ თემაზე. ლოგიკურია კითხვის გაჩენა: თუ სომეხმა მეცნიერებმა, რომლებსაც რუსულ (და თურქულ) არქივებში ყველგან ხელი მიუწვდებათ, დღემდე ვერ იპოვეს "საიდუმლო ოქმები", ესე იგი, მათი არსებობის იდეა მხოლოდ მითებს განეკუთვნება, რეალურად არავითარი "საიდუმლო ოქმები" არ არსებობს. სამწუხაროდ, "სომხური პოზიცია" ქართველმა პოლიტოლოგებმაც "გაიზიარეს" და მათი უსაფუძვლო განცხადებების წყალობით ბევრ ქართველს დღემდე სჯერა, რომ მოსკოვის ხელშეკრულება გაუქმდება და საქართველოს ისტორიული ტერიტორიების დაბრუნების შანსი გაუჩნდება...

  • მოსკოვის შემდეგ - ყარსში: დეჟავიუ

მოსკოვის ხელშეკრულების მე-15 მუხლით რუსეთი ვალდებულებას იღებდა, რომ ამიერკავკასიის რესპუბლიკები მოსკოვის ხელშეკრულების პირობებს აღიარებდნენ, ანუ კრემლი მათზე ზეწოლას მოახდენდა. მოვლენებს ისევ წინ გავუსწრებთ: საქმე ის იყო, რომ როგორც ქართველ კომუნისტებს, ისე მათ სომეხ კოლეგებს, ტერიტორიების დაკარგვა გულზე მაინცდამაინც არ ეხატებოდათ. შესაბამისად, როცა 1921 წლის ზაფხულში ცნობილი გახდა, მოლაპარაკება ყარსში გაიმართებაო, მათ რევანშის აღება განიზრახეს. პარტიის ცენტრალური ხაზიდან გადამხრელების ("უკლონისტების") განზრახვა ცნობილი გახდა რუსეთის კომპარტიის კავკასიის ბიუროსთვის (ორჯონიკიძე, კიროვი, ფიგატნერი, პლეშჩაკოვი და სხვები), რომელმაც მკაცრი დირექტივა მისცა ქართველ და სომეხ ამხანაგებს: ყარსში მოლაპარაკება ჩატარდეს მოსკოვის ხელშეკრულების ჩარჩოების მკაცრი დაცვით; კავკასიის საბჭოთა რესპუბლიკებმა მოახდინონ თურქეთთან სოლიდარობის დემონსტრაცია; არ დაუშვან ცალკეული რესპუბლიკების სეპარატისტული გამოსვლები; გამოიჩინონ ერთსულოვნება... ცხადია, ასეთი მკაცრი გაფრთხილების შემდეგ ძალზე რთული იქნებოდა პრეტენზიების წამოყენება, თუმცა ქართველმა უკლონისტებმა ბედი მაინც სცადეს.

რა მოხდა ყარსში, როგორი დიპლომატიური გაწევ-გამოწევა იყო მოლაპარაკების დროს, ეს ცალკე საუბრის თემას წარმოადგენს. ახლა კი ისევ მოსკოვის ხელშეკრულებაზე ვიმსჯელოთ.

  • 2008 წლის აგვისტო: რატომ არ შევიდნენ რუსი სამხედროები აჭარაში?

სხვათა შორის, სხვადასხვა წყაროებით ირკვევა, რომ 21-ე საუკუნეში იყო მომენტი, როცა 1921 წლის 16 მარტის ხელშეკრულება აქტიურ პოლიტიკაში იქნა გამოყენებული: 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს, როცა რუსეთის ჯარები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას მიუახლოვდნენ, თუმცა მის ტერიტორიაზე არ შესულან. სავარაუდოდ, თურქეთმა რუსეთი გააფრთხილა, ამ ტერიტორიის მთავარი სიუზერენი მე ვარო....

თუმცა არსებობს კიდევ ერთი თვალსაზრისი: თურქებს სურდათ აჭარაში ჯარების შეყვანა, მაგრამ კრემლმა წინასწარ მკაცრად განუცხადა ანკარას, რომ მსგავსი ნაბიჯი არ გადაედგა, რადგანაც რუსეთის ინტერესები იქნებოდა შელახული.

რამდენად შეესაბამება სინამდვილეს ეს ვარაუდები? ალბათ, მასში არის ჭეშმარიტების მარცვალი. გავიხსენოთ თურქეთის იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის რეჯეფ ერდოღანის სასწრაფო ვიზიტი მოსკოვში სწორედ იმ ხანებში, როცა მან რუსეთის ლიდერებს კავკასიის სტაბილურობის პლატფორმის პროექტი გაუზიარა....

----------------

მოსკოვის ხელშეკრულებაზე კიდევ ბევრის თქმა შეიძლება (არის საკმაოდ ბევრი უცნობი და საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი დეტალები), მაგრამ მოკლე რეზიუმეს სახით პუბლიკაცია შეიძლება ასე დავასრულოთ:

ა) რადგან მოსკოვის უვადო ხელშეკრულების რიგი დებულებები დღეისათვის აშკარად ეწინააღმდეგებიან თანამედროვე საერთაშორისო სამართლის ნორმებს - ვენის კონვენციის პრინციპებს და უიმედოდ მოძველდნენ, ამიტომ მიზანშეწონილი იქნება, რომ ხელმომწერმა მხარეებმა ხელშეკრულების დენონსირება განახორციელონ (ერთობლივი განცხადების ან ნოტების მეშვეობით).

ბ) მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება უშუალოდ ეხება საქართველოს ტერიტორიას და საზღვრებს, სამწუხაროდ, იურიდიული თვალსაზრისით, საქართველო რაიმე პრაქტიკული პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმა არ შეუძლია, რადგან მის ხელმომწერ მხარეს არ წარმოადგენს.

----------------

დაბოლოს, ორიოდე სიტყვით, თუ რა ბედი ეწიათ იმ ადამიანებს, რომლებმაც 100 წლის წინ ხელი მოაწერეს მოსკოვის ხელშეკრულებას...

რუსეთის მხრიდან:

გიორგი ჩიჩერინი, დელეგაციის მეთაური, საგარეო საქმეთა სახკომი. თურქებთან მოლაპარაკების შემდეგ იგი მეთაურობდა საბჭოთა დელეგაციას გენუის კონფერენციაზე, ხელი მოაწერა რაპალოს შეტანხმებას. 1923 წელს მეთაურობდა საბჭოთა დელეგაციას ლოზანის კონფერენციაზე, რომლის დროსაც სრუტეების საკითხიც იქნა განხილული. 1925-27 წლებში ხელი მოაწერა სსრკ-თურქეთის შეთანხმებას მეგობრობისა და ნეიტრალიტეტის შესახებ (რომელიც 1945 წელს იოსებ სტალინის მიერ იქნა დენონსირებული), ასევე სპარსეთთან (ირანთან). გიორგი ჩიჩერინი 1930 წლიდან პენსიაზე იმყოფებოდა. გარდაიცვალა 1936 წელს.

ჯალალედინ კორკმასოვი, დელეგაციის წევრი, დაღესტნის ასსრ-ის სახკომსაბჭოს თავმჯდომარე, იმავდროულად მიწვეული იყო საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატში, თურქ ქემალისტების დელეგაციასთან მოლაპარაკების დროს. ხელსეკრულების გაფორმების შემდეგ იგი დაღესტანში თავის საქმიანობას დაუბრუნდა. 1931 წელს გადაიყვანეს მოსკოვში ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრად. 1937 წელს დააპატიმრეს და დახვრიტეს. 1956 წელს რეაბილიტირებული იქნა.

  • თურქეთის მხრიდან:

იუსუფ ქემალი, დელეგაციის მეთაური. მოსკოვიდან ანკარაში დაბრუნების შემდეგ მისი კარიერა აღმავალი გზით წავიდა: იყო ქემალისტთა მთავრობის წარმომადგენელი დიდ ბრიტანეთში, შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრი, იუსტიციის მინისტრი... 1933 წელს სახელმწიფო საქმიანობას ჩამოსცილდა და ანკარის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა, კითხულობდა ლექციებს ეკონონიკის საგანში. თურქეთში 1960 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ მცირე ხნით დაბრუნდა პოლიტიკაში - 1961 წელს იუსუფ ქემალი პარლამენტის დეპუტატად იქნა არჩეული. გარდაიცვალა 1969 წელს.

რიზა ნური, დელეგაციის წევრი. მოსკოვიდან ანკარაში დაბრუნების შემდეგ მონაწილეობდა ლოზანის კონფერენციაში თურქეთის დელეგაციის მეთაურის ისმეთ ინენიუს თანაშემწის რანგში. მოგვიანებით რიზა ნური დაუპირისპირდა მუსტაფა ქემალს, რის გამოც ემიგრაციაში წავიდა. თურქეთში დაბრუნდა ათა-თურქის გადრაცვალების შემდეგ, 1938 წელს. იყო ჯურნალ "თანდიდაღ"-ის რედაქტორი და პროპაგანდირებდა პანთურანულ და პანთურქულ იდეებს. მისი მნიშვნელოვანი ნაშრომია თურქეთის ისტორიოა 14 ტომად. გარდაიცვალა 1942 წელს.

ალი ფუად ჯებესოი, დელეგაციის წევრი, გენერალი, თურქეთის დიპლომატიური წარმომადგენელი რსფსრ-ში. მოსკოვური მისიის ვადის ამოწურვის შემდეგ იგი თურქეთის დიდი ეროვნული კრების დეპუტატად იქნა არჩეული, გახდა ოპოზიციური პარტიის წევრი და მისი ლიდერი, ქურთების აჯანყების (1925 წელი) დროს ალი ფუად ჯებესოის სახელმწიფო ღალატი დააბრალეს, დააკავბეს, მაგრამ 1926 წელს გაამართლეს. 1931 წელს იგი კვლავ იქნა არჩეული პარლამენტის წევრად, 1939-43 წლებში ეკავა საზოგადოებრივ საქმეთა მინისტრის პოსტი. 1948 წლიდან იგი ისევ დეპუტატი გახდა და სპიკერის თანამდებობაც ჰქონდა. 1960 წლის სამხედრო გადატრიალების დროს დააკავეს, თუმცა ისევ გაათავისუფლეს. ამის შემდეგ იგი პოლიტიკიდან საბოლოოდ წავიდა. გარდაიცვალა 1968 წელს. ალი ფუად ჯებესოიმ დაწერა მემუარების ოთხტომეული სახელწოდებით "მოსკოვური მოგონებები" (1956 წელს), რომელშიც მოსკოვის მოლაპარაკება ფართოდაა გადმოცემული და რომელიც, სამწუხაროდ, დღემდე არ არის თარგმნილი ქართულად. არადა, საჭიროა.

ავტორი: სიმონ კილაძე