ავტორი:

"ევროკავშირის ვაქცინ-ფიასკო და ბრიტანელებზე "შურისძიება", ანუ რა მოხდა სინამდვილეში?" - ზურაბ გურული "ასტრაზენეკას" სკანდალს გლობალური პოლიტიკის ჭრილში განიხილავს

"ევროკავშირის ვაქცინ-ფიასკო და ბრიტანელებზე "შურისძიება", ანუ რა მოხდა სინამდვილეში?" - ზურაბ გურული "ასტრაზენეკას" სკანდალს გლობალური პოლიტიკის ჭრილში განიხილავს

"ასტრაზენეკათი უკვე აცრილებს არა აქვთ პანიკის ობიექტური საფუძველი"

მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი, აშშ-ში მომუშავე ქართველი ექიმი ზურაბ გურული "ასტრაზენეკას" ვაქცინის გარშემო მსოფლიოში აგორებულ სკანდალს ეხმაურება და შექმნილ ვითარებას გლობალური პოლიტიკის ჭრილში მიმოიხილავს:

"ძალიან ბევრი ობიექტური მტკიცებულება დაგროვდა უკვე, რომ "ასტრაზენეკას" წინააღმდეგ ევროკავშირის დიდი ქვეყნების შეთანხმებული "დარტყმა" ძირითადად პოლიტიკური მოტივაციით არის გაპირობებული. ბევრმა მტკიცებულებამ უკვე გაჟონა პრესაში. როგორც ჩანს, ამ დღეებში კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია დაიდება გერმანია-საფრანგეთის ერთობლივი "ანტიბრიტანული ოპერაციის" წინააღმდეგ. ტყუილად არ დაიბეჭდა გასულ თვეში გერმანულ "ბილდში" სტატია სათაურით: "ძვირფასო ბრიტანელებო, ჩვენ თქვენი გვშურს!". ბევრი საინტერესო "აღმოჩენის" მოწმენი გავხდებით.

საოცარი უსინდისობაა, კრიმინალის რანგში აყვანილი, ადამიანების შიშისა და ნერვიულობის ხარჯზე პოლიტიკური ანგარიშსწორება. ეს გამოუძიებელი არ და ვერ დარჩება.

მანამ კი - "ასტრაზენეკათი" უკვე აცრილებს არა აქვთ პანიკის ობიექტური საფუძველი. გაირკვევა ორიოდე კვირაში ბევრი რამ. იმედია, საქართველოს ოფიციოზი შესაბამის მოქმედებებს განახორციელებს საზოგადოების დასამშვიდებლად და ვაქცინაციის უსაფრთხოდ გასაგრძელებლად, რათა ქვეყანამ დროულად და უმტკივნეულოდ შეძლოს ნორმალური ფუნქციონირების აღდგენა", - წერს ექიმი.

***

ძალიან დიდი აღშფოთება გამოიწვია ჩემმა დღევანდელმა ლოგიკურმა სპეკულაციამ იმის შესახებ, რომ დიდი ალბათობით, "ასტრაზენეკასთან" დაკავშირებული აურზაური ევროკავშირის გერმანო-ფრანგულ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას წარმოადგენს „განდგომილი“ ბრიტანეთის მიმართ. განსაკუთრებით განაწყენებული ქართველი გერმანელები დარჩნენ. ჩემი მსჯელობა უსაფუძვლო და თითიდან გამოწოვილი არ ყოფილა; ფაქტებს ემყარება. ფაქტებს, რომლებსაც მოძიება და ერთად ლოგიკური დალაგება სჭირდება. შევეცადე სწორედ გერმანულ წყაროებზე დაყრდნობით დამეწერა ეს სტატუსი, რათა პრიმიტიული ანტიგერმანული განწყობა არ დამბრალდეს.

Wolfgang Münchau ცნობილი გერმანელი ჟურნალისტია. ის „Financial Times“-ის ასოცირებული რედაქტორია და ყოველკვირეულ მიმოხილვით სტატიებს წერს ევროკავშირისა და ევროპული ეკონომიკის შესახებ.

„ჩვენი ყველაზე უარესი პოლიტიკური შეცდომა“ - ასე ერქვა მიმოხილვას, რომელიც მან 23 იანვარს გამოაქვეყნა.

„ვაქცინების შესყიდვასთან დაკავშირებული კატასტროფული პოლიტიკით ევროკავშირმა დაუშვა გადამწყვეტი შეცდომა: მათ რაციონალური მიზეზი მისცეს ადამიანებს, წინ აღდგომოდნენ ევროპულ ინტეგრაციას. “კორონა-პანდემიამ ბევრი პოლიტიკური „თავი“ გააგორა და იმსხვერპლა. ეს ბუნებრივი იყო. პანდემია ომია და ომს ძალიან კომპლექსური პოლიტიკურ-ეკონომიკური მიდგომა სჭირდება. ამერიკამ პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით ბრწყინვალედ იმუშავა, როგორც ვაქცინების გასავითარებლად, ასევე მისი ბიუროკრატიული მხარის ეფექტურად, უმოკლეს ვადებში მოსაგვარებლად. „ზოზინა, ბებერი კუ“ - ასე უწოდა FDA-ს ტრამპმა, უჩვეულოდ სწრაფად „დაფაცურდა“ და გზა გაუხსნა "პფაიზერისა" და "მოდერნას" ვაქცინის ოფიციალურ აღიარებას.

კორონას საწინააღმდეგო ვაქცინების განვითარების ისტორია სპეციალურ სტატიას იმსახურებს, რადგან ეს იყო მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახელმწიფო „გემბლინგი“, როდესაც დაახლოებით 2 მილიარდიანი ფსონით წახალისებულმა კერძო კომპანიებმა უმოკლეს დროში მოახერხეს უახლესი ტექნოლოგიების ეფექტურად ამუშავება და თვეების განმავლობაში შეძლეს შთამბეჭდავი „იარაღის“ შექმნა. ოპერაცია „კოსმოსური სისწრაფე“ ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა.

რას აკეთებდა ამ დროს ევროკავშირი? ამერიკის სრულყოფილმა საპირწონე ფინანსურმა მონსტრმა არათუ ვაქცინების განვითარება ვერ შეძლო, (მაშინ როდესაც ამას თავისუფლად გაუმკლავდა რუსეთი), არამედ გამზადებული ვაქცინების დროული დაბევება და შესყიდვაც ვერ მოახერხა; რადგან როგორც ბატონი ვოლფგანგი მოხდენილად აღნიშნავს, ევროკავშირს ჰიპოთეტურადაც კი არ გააჩნია ამერიკული პრინციპი: Whatever it takes! (რადაც არ უნდა დაჯდეს!) და ვაქცინების მწარმოებელ კომპანიებს „ცენტებზე“ ევაჭრა უკანასკნელი წუწურაქივით.

„ტრიანგულაცია ბრიუსელის, გერმანიისა და საფრანგეთის ეკონომიკურ ინტერესებს შორის - ეს არის ის, რითაც სულდგმულობს ევროკავშირი“ - ესეც ჰერ ვოლფგანგის შეფასება გახლავთ.

ეს არ იყო უბრალო შეცდომა. ამ შეცდომის მიღმა მილიონობით ადამიანის დაკარგული სიცოცხლე და ჯანმრთელობა დგას. ასეთ შეცდომებს მარტო თანამდებობიდან გადადგომა არ მოჰყვება ხოლმე, უფრო სერიოზული შედეგები ექნება. და ევროკავშირის ამ კატასტროფული ფიასკოს ფონზე „განდგომილი“ ბრიტანეთი თავისი ვაქცინით ფრიად სოლიდურად გამოიყურება და კიდევ ერთხელ ადასტურებს, ამჟამად ემპირიულად, რომ დროულად ჩამოსცილდა ევროკავშირის ბიუროკრატიულ მონსტრს და ამით მილიონობით საკუთარი მოქალაქის სიცოცხლე გადაარჩინა.

აი ეს გახლავთ მოკლედ იმ პოლიტიკური სიტუაციის მიმოხილვა, რომელიც ფონად დაედო "ასტრა-ზენეკასთან" დაკავშირებულ „სამედიცინო“ კრიზისს.

ვინაიდან გრძელ სტატუსებს ქართველი მკითხველი დიდად არ სწყალობს, დანარჩენს შემდგომ სტატიებში განვავრცობ", - წერს ზურაბ გურული.

"ვკითხე, ბატონო გურამ, გახსოვთ განავლის მზიდი მანქანის ამბავი-მეთქი. ჩაეცინა... ასეთი იყო. პირველივე შეხვედრაზე მიმანიშნა, როგორიც უნდა იყოს ნორმალური კაცი" - რას იხსენებს დოჩანაშვილზე გურამ მეგრელიშვილი

სოფო ნიჟარაძე საბავშვო ეტლით - მომღერლის პირველი ფოტო შვილთან ერთად

"პირველად გრენობლში შევხვდით ერთმანეთს, ისე ვიკამათეთ მეპატრონეს ჩხუბი ეგონა" - როგორ იხსენებს საზოგადოება საყვარელ მწერალს?