ავტორი:

იტალია კვლავ მკაცრ კარანტინში - ისევ დაკეტილი სკოლები, მაღაზიები, შეზღუდვა გადაადგილებაზე: "ეს ძალიან მძიმედ აისახება ჩვენს ფსიქიკაზე"

იტალია კვლავ მკაცრ კარანტინში - ისევ დაკეტილი სკოლები, მაღაზიები, შეზღუდვა გადაადგილებაზე: "ეს ძალიან მძიმედ აისახება ჩვენს ფსიქიკაზე"

ევროპის ქვეყნების დიდ ნაწილში კორონავირუსის ე.წ. მესამე ტალღის მოლოდინში არიან, ზოგან კი უკვე მნიშვნელოვნად მოიმატა ინფიცირების მაჩვენებელმა, განსაკუთრებით რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება იტალიაშია, სადაც ზოგიერ რეგიონში კვლავ დაუბრუნდნენ კარანტინის მკაცრ რეჟიმს, ხოლო აღდგომის კვირაში ხელისუფლება მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმავს "ლოქდაუნის" გამოცხადებას. მიზანი ხალხმრავალი შეკრებების თავიდან არიდებაა.

15 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა იტალიის 9 რეგიონში, მათ შორის ლაციოში, სადაც რომი მდებარეობს. ცხრავე რეგიონი წითელ ზონად გამოცხადდა. მოსწავლეები კვლავ დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდნენ, დაიკეტა ბარ-რესტორნები, შეზღუდულია ერთი რეგიონიდან მეორეში, ერთი ქალაქიდან მეორეში მოგზაურობა და ამისთვის მოქალაქეებს სპეციალური საშვი სჭირდებათ, რომელსაც მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გასცემენ. ასევე, მოქალაქეებს ეკრძალებათ სახლიდან გასვლა გადაუდებელი აუცილებლობის გარდა.

როგორც "ევრონიუსი" წერს, კლინიკები ინფიცირებული პაციენტებით გადატვირთულია. მთელი ქვეყნის მასშტაბით კარანტინის დაწესება 3-დან 5 აპრილამდე იგეგმება. სწორედ ეს არის აღდგომის კვირა. ხელისუფლება შეზღუდვების მოხსნას 6 აპრილიდან გეგმავს, თუმცა აცხადებენ, რომ შესაძლოა, გეგმა შეიცვალოს - "ეს დამოკიდებული იქნება იმ დროისთვის არსებულ ეპიდვითარებაზე", - აცხადებს იტალიის პრემიერ-მინისტრი, მარიო დრაგი.

მისივე განმარტებით, შეზღუდვების დაწესება შექმნილმა ვითარებამ გამოიწვია:

"შეზღუდვების დაწესება აუცილებელია, რადგანაც სამწუხაროდ, ჩვენ კორონავირუსის ახალი ტალღის წინაშე ვართ. ვიცი, რომ ამ ღონისძიებებს გავლენა ექნება ბავშვების განათლებაზე, ქვეყნის ეკონომიკაზე და ასევე ყველა ჩვენგანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე“, - ამბობს იტალიის პრემიერ-მინისტრი და დასძენს, რომ სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს.

ყველაფერს ისიც ართულებს, რომ ქვეყანაში ვირუსის სხვა ვარიანტებიც გავრცელებულია, თუმცა ყველაზე უფრო ხშირი შემთხვევა ე.წ. ბრიტანულ ვარიანტს უკავშირდება. ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, გავრცელებულია "ბრაზილიური ვარიანტიც", თუმცა შედარებით უფრო პატარა კლასტერებში.

ბოლო დღეებია იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება:

  • 12 მარტი - 26 793 შემთხვევა
  • 13 მარტი - 26 051 შემთხვევა
  • 14 მარტი - 21 300 შემთხვევა
  • 15 მარტი - 15 241 შემთხვევა
  • 16 მარტი - 20 396 შემთხვევა

მსგავსი მაჩვენებელი გასული წლის ნოემბრის შემდეგ პირველად დაფიქსირდა. გარდა ამისა, იტალია ამ დროისთვის ევროპის მეორე ქვეყანაა, სადაც კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100 000-ს გადააჭრაბა. ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 100 000-ს მანამდე დიდ ბრიტანეთში გადააჭარბა.

რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, მართალია დაწყებულია ვაქცინაცია, თუმცა შეფერხებით მიმდინარეობს. ქვეყანაში Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინით ცრიან მოქალაქეებს, თუმცა ამ უკანასკნელის გამოყენებით ვაქცინაცია ბოლო რამდენიმე დღეა შეაჩერეს. პრემიერ-მინისტრის თქმით, შეჩერების გადაწყვეტილება "სიფრთხილის ზომებით" არის განპირობებული.

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ზოგიერთ აცრილ ადამიანს სისხლის შედედება განუვითარდა. ამ დროისთვის ვაქცინასა და სისხლის შედედებას შორის კავშირი არ დასტურდება, ჯანმო კი იტალიას და დანარჩენ ქვეყნებს, რომლებმაც ვაქცინაცია შეაჩერეს, პროცესის გაგრძელებისკენ მოუწოდებს, რადგანაც მათი ინფორმაციით, ვაქცინა უსაფრთხოა.

იტალიაში ამ დროისთვის მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 3,08%-ს აქვს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიღებული.

ვირუსის გამოვლენის დღიდან ამ დრომდე ქვეყანაში კორონავირუსის 3,2 მილიონი შემთხვევაა აღწერილი და ამ მონაცემებით ის მსოფლიოს მეშვიდე ქვეყანაა.

"დაბომბილია "ჰამასის“ სადაზვერვო ცენტრი დაბომბა, სადაც ათობით საიდუმლო აგენტი იმყოფებოდა" - ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის არმიამ ღაზას სექტორიდან გამოშვებული ე.წ. კამიკაძე დრონი ჩამოაგდო

"არაფერი ამართლებს ებრაელების მიერ არაბების ლინჩის წესით გასამართლებას და არც არაბების მიერ ებრაელების ლინჩის წესით გასამართლებას" - ნეთანიაჰუ