ავტორი:

ნიკა მელია მხარდამჭერებს რუსთავის ციხიდან მიესალმა - ფოტოები

ნიკა მელია მხარდამჭერებს რუსთავის ციხიდან მიესალმა - ფოტოები

"ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები ავტომსვლელობით რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან მივიდნენ. ისინი აქციას მართავენ და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიას შეძახილებით: "ნიკა, ნიკა“ მიმართავენ.

ნიკა მელია "ნაცმოძრაობის” მხარდამჭერებს რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან მიესალმა.

მათ ხელში საქართველოს დროშები უჭირავთ, ასევე სახეზე ნაჭრები წარწერით Freedom for fox - თავისუფლება მელიას უკეთიათ.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, რამდენადაც გაიწელება დროში ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება, მით უფრო ცუდი იქნება "ქართული ოცნებისთვის”,

"ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულო იყო, რომ ნიკა მელიას ერთთვიანი პატიმრობის პერიოდში პირველად მომეცა საშუალება, დამენახა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ნიკა მელია მალე დატოვებს საპატიმროს. ეს არის აუცილებელი პირობა, რომ ჩვენ ნორმალურად მივუსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდას და განვიხილოთ რა არის აუცილებელი, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ კრიზისიდან. რამდენადაც გაიწელება დროში ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება მით უფრო ცუდი იქნება ,,ქართული ოცნებისთვის”, იმედია ამას ათვითცნობიერებენ”, - აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

მანამდე "ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებამდე, ავტოკოლონებით მსვლელობა - "თავისუფლებისთვის” გამართეს.

რუსთავის ციხესთან მისვლამდე, აქციის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მივიდნენ, სადაც პარტიის აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

უწყებასთან დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქტივისტებმა შენობის ტერიტორიაზე ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით სტიკერების გაკვრა სცადეს, რისი უფლებაც თავდაპირველად პოლიციის წარმოამდგენლებმა არ მისცეს. ამის მიუხედავად, აქტივისტებმა მოახერხეს და სტიკერები ასფალტზე გააკრეს.

აქციის მონაწილეების თქმით, საქართველოში ყველაფრის მმართველი ბიძინა ივანიშვილია და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მისი რეჟიმის მცველებად არიან გადაქცეული. აქტივისტების განცხადებით, პოლიციელები, რომლებიც კრიმინალს უნდა იცავდნენ, ივანიშვილის მილიარდების უსაფრთხოებას იცავენ.

მათი ორი მთავარი მოთხოვნა ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნაა.

"რაც არ უნდა "ტრიუკები” ჩაგვიტაროს ივანიშვილმა ლობისტების დახმარებით, ამ ბრძოლას ის ვერ შეაჩერებს, მოუწევს უკან დახევა და ხალხის მოთხოვნების გათვალისწინება. ეს მოთხოვნები არის, რომ გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები და ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები”, - აღნიშნა ბესო გაზდელიანმა.

ფოტოები: George Boochko

"მასთან ხშირად მქონდა ცხარე კამათი სხვადასხვა საკითხებზე" - რას ამბობენ უმრავლესობაში ივანე მაჭავარიანის წასვლაზე?

"მინდა გაცნობოთ ჩემი გადაწყვეტილება..." - ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი თანამდებობას ტოვებს

"ახლა ძალიან მოკლედ დავწერ..." - რას წერს ნიკა მელია მისი გირაოს გადახდასა და მიმდინარე მოვლენებზე?