ავტორი:

"ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მეწყრული პროცესების შესწავლაში გერმანელი გეოინჟინრები ჩაერთვებიან" - თბილისის მერის მოადგილე

"ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მეწყრული პროცესების შესწავლაში გერმანელი გეოინჟინრები ჩაერთვებიან" - თბილისის მერის მოადგილე

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე მეწყრული პროცესების ნაწილობრივ გააქტიურების გამო, მერიის მხრიდან შესაბამისი ღონისძიებები ტარდება. როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, მიმდინარეობს მეწყრული პროცესის მონიტორინგი და ასევე, დეტალური კვლევა ჩატარდება.

ამასთან, როგორც ირაკლი ბენდელიანმა აღნიშნა, პრობლემის მოგვარებაში მომდევნო კვირაში გერმანელი გეოინჟინრებიც ჩაერთვებიან.

„მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული მოქმედებების შედეგად, სტაბილიზაციაში მყოფი მეწყრული პროცესები ნაწილობრივ გააქტიურდა. ამ ფაქტის გამო, მერიის შესაბამისი სამსახურები დარგის შესაბამის სპეციალისტებთან ერთად ჩაერთნენ ამ პრობლემის მოგვარებაში. 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს ამ პრობლემის მოსაგვარებლად ღონისძიებები, არის რამდენიმე სახის რეკომენდაცია ექსპერტების მხრიდან, რომ პირველ რიგში მომხდარიყო მაჭავარიანის ქუჩის ჩაკეტვა, რაც მერიამ მოსახლეობას რამდენიმე დღის წინ შეატყობინა და ეს ქუჩა გადაიკეტა. ასევე, მათი რეკომენდაციაა, რომ მოხდეს მეწყრული პროცესის მონიტორინგი, რაც უკვე პირველივე წუთიდან მიმდინარეობს. ასევე, მათი რეკომენდაციაა, რომ მოხდეს დეტალური კვლევა, პროექტირება და შემდგომ შესაბამისი სამუშაოები განხორციელება, რაც უკვე მიმდინარეობს. კვლევა-პროექტირების ეტაპზე ვართ და უახლოეს დღეებში დასრულდება. ჩვენ გვექნება პირველადი მონაცემები, თუ რასთან გვაქვს საქმე, რა ღონისძიებები უნდა გატარდეს. ასევე, მომდევნო კვირაში გერმანელი გეოინჟინრები ჩამოგვყავს. ისინი მაღალი კვალიფიკაციის ხალხი არიან და ჩვენთვის მათი აზრიც მნიშვნელოვანია, ისინიც უშუალოდ ჩაერთვებიან ამ პროცესში. პირველ რიგში, მინდა მოსახლეობას ვუთხრა, ახლა პირველი რიგის ამოცანა არის, რომ მაჭავარიანის ქუჩა რაც შეიძლება მალე გაიხსნას, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ მას შემდგომ, რაც დარწმუნებულები ვიქნებით, რომ ამ ქუჩაზე გადადგილება სრულიად უსაფრთხო იქნება“, - განაცხადა ბენდელიანმა.

მისი განმარტებით, მაჭავარიანისა და მარშალ გელოვნის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობაზე სამუშაოების დაწყებამდე დეტალური პროექტი იყო გაკეთებული, იყო გეოლოგების დასკვნებიც, ჩატარებული იყო ექსპერტიზაც და ამის შემდეგ დაიწყო სამუშაოები.

კითხვაზე, ვისი პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს მეწყრული პროცესების გააქტიურება, მერის მოადგილემ უპასუხა, რომ ეს საკითხის დეტალური შესწავლის შემდეგ გაირკვევა.

„პასუხისმგებლობის საკითხი რომ დასვა და თქვა, რომ კონკრეტული პიროვნება ან ორგანიზაცია არის პასუხისმგებელი, მაშინ, პირველ რიგში, ზუსტად უნდა იცოდე, 100%-ით დარწმუნებული უნდა იყო, ამ მეწყერული პროცესის გამომწვევი მიზეზი. აქ არის რამდენიმე ფაქტორი, რასაც კონკრეტული და დეტალური კვლევები სჭირდება, რომ ზუსტად განისაზღვროს, რამ გამოიოწვია ეს ყველაფერი. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ეს გზა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვანძი დედაქალაქისთვის, აუცილებელია დროულად გაიხსნას ეს გზა. ნომერ პირველი ამოცანა ამ ქუჩის უსაფრთხოდ გახსნაა, დანარჩენი, ეტაპობრივად ყველა მოქმედება განხორციელდება“, - განაცხადა ბენდელიანმა.

მან აღნიშნა, რომ როგორც მედიისთვის, ასევე საზოგადოებისთვის ყველა ინფორმაცია ღია და საჯარო იქნება.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, რომელზეც ჩანს, რომ ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესი გააქტიურდა. "მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყრული პროცესები გააქტიურდა. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა." - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ 16 მარტს გავრცელებულ ინფორმაციაში.