ავტორი:

6 მთავარი გზავნილი ამერიკელი სენატორებისგან საქართველოს - საქართველოსთან დაკავშირებულ რა საკითხებზე იმსჯელეს აშშ-ის სენატში

6 მთავარი გზავნილი ამერიკელი სენატორებისგან საქართველოს - საქართველოსთან დაკავშირებულ რა საკითხებზე იმსჯელეს აშშ-ის სენატში

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ იმსჯელეს, სადაც სენატორებმა ქვეყანაში არსებული ვითარება შეაფასეს.

გთავაზობთ მთავარ გზავნილებს სხდომიდან

  • "თუ "ქართული ოცნება" ვერ შეძლებს, რომ საქართველოში დემოკრატია აამუშაოს ახლა, დაკარგავენ შესაძლებლობას, შეუერთდნენ ევროატლანტიკურ ინსტიტუტებს"

სენატორ ჯიმ რიშის განცხადებით, მმართველი პარტია "ქართული ოცნება" ატარებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, რომ გამოიყვანოს ქვეყანა კრიზისიდან, მისივე თქმით, კონფლიქტი საქართველოს ვნებს და კარს უხსნის მხოლოდ რუსეთს.

"პასუხისმგებლობა არსებულ კრიზისზე, რომლის წინაშეც საქართველოა, მოდის რამდენიმეწლიანი გაზრდილი დაძაბულობისა და ჩავარდნილი რეფორმების კულმინაციაზე, რაც მჯერა, რომ ნაწილდება ყველა მხარეზე. პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გაიაზრონ მათი მოვალეობა ქვეყნის წინაშე და დაძლიონ ეს უთანხმოება. მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მმართველი პარტია "ქართული ოცნება" ატარებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, რათა გამოიყვანოს საქართველო ამ კრიზისიდან, ეს კონფლიქტი მხოლოდ ვნებს ქვეყანას და მის ხალხს და უხსნის კარებს რუსეთს.

მე ვიცი, რომ ჩვენი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და მისი გუნდი დაუღალავად მუშაობენ, რათა ფასილიტაცია გაუწიონ გამოსავალს, რომელიც მოლაპარაკების გზით იქნება მიღწეული პარტიებს შორის და მოხარული ვარ მათ მიერ გაწეული ძალისხმევით. მე მოვუწოდებ მათ, რომ განაგრძონ ეს პროცესი და ცალსახად მოვუწოდებ "ქართულ ოცნებას" და ხელისუფლებას, რომ მოილაპარაკონ და გაიარონ ეს ეტაპი.

საქართველო არის კრიტიკულ მომენტში. თუ ისინი ვერ შეძლებენ, რომ დემოკრატია აამუშაონ ახლა, არ ვიცი, მაშინ როდის შეძლებენ, ისინი დაკარგავენ თავის შესაძლებლობას შეუერთდნენ ევროატლანტიკურ ინსტიტუციებს. საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა მოილაპარაკონ, რათა დაასრულონ არსებული კრიზისი და შეთანხმდნენ საჭირო რეფორმებზე, რათა გააუმჯობესონ საქართველოს მომავალი", - აღნიშნა ჯიმ რიშმა.

  • "ოლიგარქის გავლენის გაზრდა სასამართლოზე, მედიაზე და პოლიტიკურ პროცესზე"

სენატორ ჯიმ რიშის თქმით, ის, რაც ახლა ხდება, არის ოლიგარქის გავლენის გაზრდა სასამართლო სისტემაზე, მედიაზე და დიდწილად პოლიტიკურ პროცესებზე, მისივე განმარტებით, უკანასკნელ წლებში ხედავენ, რომ "საქართველო განიცდის დემოკრატიის უკუსვლას".

"1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან შესამჩნევი პროგრესია დემოკრატიულობის მშენებლობის მიმართულებით, ასევე ბაზარზე დაფუძნებული ეკონომიკური რეფორმების გატარების მიმართულებით, მათ ეს გააკეთეს რუსეთის მიერ ქვეყნის ტერიტორიის მეხუთედის უკანონო ოკუპაციის მიუხედავად. საქართველო ასევე იყო ამერიკის შეერთებული შტატების საიმედო პარტნიორი უსაფრთხოების მიმართულებით, ამბიციით, რომ გახდეს როგორც ევროკავშირის, ასევე ნატოს წევრი ქვეყანა.

ბევრი ჩვენგანი ორივე მხარეს იყო საქართველოს ძლიერი მხარდამჭერი მრავალი წლის განმავლობაში. ჩვენ ვიყავით საქართველოში 2012 წელს და უნდა გითხრათ, რომ შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ვწვეოდით ორივე მხარის ბანაკებს, დილით არჩევნების შემდეგ ვიყავით როგორც დამარცხებულ, ასევე გამარჯვებულ მხარეს და შევხვდი პარტიების ლიდერებს სააკაშვილსა და ივანიშვილს და მე ვყოფილვარ 36 არჩევნებზე არჩევნების შემდეგ გამარჯვებულებისა და დამარცხებულების ბანაკებში, როგორც საპრეზიდენტო არჩევნებში, ასევე მის ქვემოთ და მინდა გითხრათ, რომ შეგრძნება ორივე ბანაკში მქონდა როგორც ამერიკული არჩევნებისას.

მაშინ ძალიან ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი, თუმცა დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტი პოლიტიკური დევნის მოწმე გავხდით, ამასთან ერთად უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ დავინახეთ, რომ ქვეყანა განიცდიდა დემოკრატიულ უკუსვლას და ეს რეალურად სამწუხაროა, რადგან ეს ქვეყანა იმსახურებს უკეთესს, ის უნიკალურ პოზიციაშია, რომ თავისი თავი განაცალკევოს მისი ისტორიისგან, რომელიც მას საბჭოთა კავშირთან აკავშირებს. ის, რაც ახლა ხდება, არის ოლიგარქის გავლენების გაზრდა სასამართლოს სისტემაზე, მედიაზე და დიდწილად პოლიტიკურ ცხოვრებაზე", - განაცხადა რიშმა.

  • ყოველი დღე, როდესაც ოპოზიციის წევრები არიან საპატიმროში, არის რუსეთის გამარჯვება...ყოველი დღე, როდესაც საქართველოს პარლამენტში ადგილები ცარიელია არის გამარჯვება რუსეთისთვის

"საქართველოში არსებული ვითარებით ერთადერთი მხარე იმარჯვებს და ეს არის რუსეთი, ის სარგებლობს არსებული უწესრიგობითა და ქაოსით და ყოველი დღე, როდესაც ოპოზიციის წევრები არიან საპატიმროში, ეს არის რუსეთის გამარჯვება, ყოველი დღე, როდესაც საქართველოს პარლამენტში ადგილები ცარიელია არის ზიანი საქართველოს მოსახლეობისთვის და გამარჯვება რუსეთისთვის",- ამის შესახებ სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა.

"ამერიკის შეერთებული შტატები იყო თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს მეგობარი და მოკავშირე და ეს დღესაც ასეა, თუმცა ეს ურთიერთობა დამოკიდებულია საქართველოს მიერ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით ვალდებულების შესრულებაზე. უფრო მკაფიოდ რომ ვთქვა, დემოკრატიულობის მიმართ ერთგულება გამოხატული უნდა იყოს ყველა ქართველის მიერ, მიუხედავად იმისა ისინი არიან ხელისუფლებასა თუ ოპოზიციაში.

იმპერატიულია, რომ ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა უზრუნველყოს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და იმუშაოს ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, რათა ამ კრიზისიდან გამონახოს გამოსავალი მოლაპარაკების გზით. ჩვენ ვიცით, რომ ნამდვილი დემოკრატიული ქვეყანა უნდა რეაგირებდეს მოსახლეობის სურვილისამებრ, მაგრამ წარმატებული დემოკრატია უნდა ფუნქციონირებდეს და პასუხობდეს მისი მოქალაქეების საჭიროებებს.

საქართველოში არსებული ვითარებით ერთადერთი მხარე იმარჯვებს და ეს არის რუსეთი, რუსეთი სარგებლობს არსებული უწესრიგობითა და ქაოსით და ყოველი დღე, როდესაც ოპოზიციის წევრები არიან საპატიმროში, ეს არის რუსეთის გამარჯვება, ყოველი დღე, როდესაც საქართველოს პარლამენტში ადგილები ცარიელია, არის ზიანი საქართველოს მოსახლეობისთვის და გამარჯვება რუსეთისთვის. სწორედ ამიტომ, ვარ გაოგნებული და იმედგაცრუებული, რომ ყველა მხარე უშვებს, რომ კრიზისი ამდენ ხანს გაგრძელდეს და დღეს მე მოვუწოდებ ყველა მხარეს, რომ გვერდზე გადადონ მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესები, რათა ამის ნაცვლად უზრუნველყონ საქართველოს დემოკრატიულობის გაძლიერება, იმედი მაქვს, რომ ეს მოსმენა ნათელს მოჰფენს, როგორ შეუძლია ამერიკის შეერთებულ შტატებს, დახმარება გაუწიოს თავის მოკავშირე საქართველოს, რომ დააკმაყოფილოს მისი დემოკრატიული ამოცანები“, - განაცხადა შაჰინმა.

  • მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მარცხი შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით, შეაფერხებს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას

"საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი შემაშფოთებელია", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ ჯორჯ კენტმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველომ, აშშ-ის მხარდაჭერით, დემოკრატიის განვითარებას და დამოუკიდებლობას მიაღწია. თუმცა, მან ჯერ კიდევ უნდა იმუშაოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ნორმების გასაძლიერებლად.

"სამწუხაროდ, ოპოზიციის უმეტესმა ნაწილმა, პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა,“- აღნიშნა ჯორჯ კენტმა. მან ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მელიას დაკავებამ კრიზისი კიდევ უფრო დაძაბა.

"ოპოზიციის ლიდერის, მელიას დაკავებამ კრიზისი კიდევ უფრო გააძლიერა. მელიას დაპატიმრება ქართული დემოკრატიისთვის უკანგადადგმული ნაბიჯი იყო“, - აღნიშნა ჯორჯ კენტმა.

"ეს მნიშვნელოვანი მომენტია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი აშშ უნდა იყოს გულწრფელი საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებთან, განსაკუთრებით მმართველ პარტიასთან : დასავლეთთან ინტეგრაცია გამოწვევებით სავსე გზაა, რომელიც დემოკრატიული წესების, საერთო ღირებულებების მიმართ აშკარა ერთგულებას მოითხოვს.

საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა გამოიჩინონ პოლიტიკური ნება, გადალახონ ეს კრიზისი. პასუხისმგებლობა, როგორც მარცხზე, ასევე წარმატებაზე მათ ეკისრებათ. მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მარცხი შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით, შეაფერხებს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას“, - აღნიშნა ჯორჯ კენტმა.

  • "მელიამ დაარღვია გათავისუფლების პირობები, მოიხსნა ელექტრონული სამაჯური - ვფიქრობ, ამ სიტუაციაში უდანაშაულო არავინაა"

"ბატონმა მელიამ დაარღვია გათავისუფლების პირობები, მოიხსნა ელექტრონული სამაჯური", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ ჯორჯ კენტმა განაცხადა, რითაც უპასუხა სენატორ ჯინ შაჰინის შეკითხვას, სჭირდებოდა თუ არა საქართველოს ხელისუფლებას ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრება და რამდენად მნიშვნელოვანი იქნება მისი გათავისუფლება იმისთვის, რომ ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდეს.

"კანონის უზენაესობას ყველა ქართველმა ლიდერმა პატივი უნდა სცეს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციაში უდანაშაულო არავინაა. მაგრამ ყველა ქართველს უნდა ჰქონდეს გამოსავლის პოვნის სურვილი, როგორც მათ გასულ წელს გააკეთეს, როდესაც 8 მარტის შეთანხმებას მიაღწიეს“, - განაცხადა ჯორჯ კენტიმ.

მისი თქმით, პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა მიაღწიონ შეთანხმებას ქვეყნის გამო, ვინაიდან, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისთვის.

  • საქართველო რჩება შეერთებული შტატების სტრატეგიულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში

ჯორჯ კენტის განცხადებთ, საქართველო რჩება შეერთებული შტატების მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში და ასევე მნიშვნელოვანი პარტნიორია შავი ზღვის რეგიონში. მისი თქმით, შეერთებული შტატები წლებია საქართველოს მხარს უჭერს რეფორმების გატარებასა და ეკონომიკური განვითარების კუთხით, ასევე ეხმარება მას რუსეთის აგრესიისგან თავის დაცვაში, რომელსაც საქართველოს 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული და ოკუპაციის გარდა საქართველოს წინააღმდეგ კიბერ თავდასხმებსა და დეზინფორმაციის კამპანიას ახორციელებს.

"ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას და მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საქართველო რჩება შეერთებული შტატების მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში და ასევე მნიშვნელოვანი პარტნიორი შავი ზღვის რეგიონში. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს არჩევანს, გახდეს ნატოს წევრი“,- აღნიშნა ჯორჯ კენტმა.

"თუ "ოცნებამ" შეთანხმება მარცხად აღიარა, მაშინ უნდა გადამდგარიყო კობახიძეც... კიდევ ერთი რამ მაეჭვებს" - ვინ ცდილობს შეთანხმების "გაჭედვას" და რატომ გადადგა თალაკვაძე?

"სააკაშვილმა უნდა გააცნობიეროს, რომ ალტერნატივა - ან ის, ან ბიძინა, აღარ არის რელევანტური" - სალომე სამადაშვილი

"ვერც ერთი პოლიტიკოსი, რომელსაც სავარაუდო მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, სხვა პირთან მიმართებაში პრივილეგირებული ვერ იქნება" - ოხანაშვილი