ავტორი:

"მაია ასათიანი ტელეკომპანიის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებას აკეთებს... "პროფილი" მისი გადაწყვეტილებით დაიხურა" - პაატა სალიას განცხადება

"მაია ასათიანი ტელეკომპანიის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებას აკეთებს... "პროფილი" მისი გადაწყვეტილებით დაიხურა" - პაატა სალიას განცხადება

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ "პროფილის" დახურვა წამყვანის ინიციატივით მოხდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით სალიას განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც "რუსთავი 2" ავრცელებს.

"თავს ვალდებულად მივიჩნევ და მსურს გამოვეხმაურო გადაცემა - "პროფილის" ავტორის ემოციურ მონოლოგს, სადაც ის ტელეკომპანიის და მისი თანამშრომლების მიმართ დაუმსახურებელ და შეურაცხმყოფელ განცხადებას აკეთებს.

მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ახალი მფლობელის პირობებში არცერთი გადაცემის და მათ შორის "პროფილის" შემოქმედებითი ჯგუფის სარედაქციო საქმიანობაში, არცერთ ეტაპზე, რაიმე სახის ჩარევას ადგილი არ ჰქონია.

"პროფილის" დახურვა არ მომხდარა არხის მენეჯმენტის ინიციატივით, ეს გადაწყვეტილება გადაცემის ავტორმა, მაია ასათიანმა, გუნდთან ერთად, თავად მიიღო, მას შემდეგ, რაც ახალ საეთერო ბადეში შეჩერდა, ამავე გუნდის მიერ მომზადებული გადაცემა - "შორენას ეფექტი".

მაია ასათიანს ჰქონდა სრული გარანტია, რომ მიუხედევად არხზე მიმდინარე ცვლილებებისა, გადაცემა "პროფილის" შემოქმედებითი ჯგუფი ავტორთან ერთად, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობდა მუშაობას.

"რუსთავი 2" წარმატებას უსურვებს "პროფილის" შემოქმედებით ჯგუფს.

ტელეკომპანია კი მალე არხის მაყურებელს ბევრ ახალ და საინტერესო პროექტს შესთავაზებს და უმოკლეს დროში კვლავ გახდება ნომერ პირველი" - ნათქვამია პაატა სალიას განცხადებაში.

ცნობისთვის, "პროფილი" დაიხურა და დღეს "რუსთავი 2"-ის ეთერში ბოლო გადაცემა გადის. ტელეკომპანიას ტოვებს მაია ასათიანიც, რომელიც არხზე 20 წლის განმავლობაში მუშაობდა.

ტელეწამყვანი მაყურებელს ბოლო ეთერის საშუალებით ემოციურად დაემშვიდობა.

"დღეს მე აქ ამ არხზე, ჩემს 20 წლიან ისტორიას ვასრულებ. ბოლო გავდივარ, რადგან აქ იმ სინათლეს, წლების წინ მთელი საქართველოს მთავარი იმედი რომ იყო, ვეღარ ვხედავ. დღეს ბოლო პროფილია" - ამბობს მაია ასათიანი. გადაცემის ანონსი ცოტა ხნის წინ გავრცელდა.