მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ქართული ოპოზიციის მიმართ ერთადერთი მოწოდება და რჩევა მექნება - მოერიდონ როგორც კეთროვანს და მისი ზეგავლენის ქვეშ ნუ იქნებიან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" დეპუტატმა სოზარ სუბარმა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის პოზიციის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
სუბარმა აქვე დასძინა, რომ ამ შემთხვევაში, მოლაპარაკებების პროცესი წინ მშვიდად, კონსტრუქციულად წავა და შედეგი პარლამენტში ოპოზიციის შემოსვლა იქნება.
„კუბილიუს ვერ დავეთანხმები, სიტყვა არაფორმალურ მმართველზე, როცა საუბარია ბიძინა ივანიშვილზე. ის იყო პარტიის თავმჯდომარე, პოლიტიკიდან მართლა გავიდა მიუხედავად იმისა, ვის სჯერა და ვის - არა, ვის მოსწონს და ვის - არა. ჩემდა გასაოცრად, ყველაზე დიდი ლუსტრაცია, ვისშიც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლამ მოახდინა, ქართული ოპოზიცია იყო, რადგან უსაგნოდ დარჩნენ ჰაერში, აღარ იციან, რა გააკეთონ. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ის ვერაფერში ჩაერთვება, რადგან არ არის საქართველოს მოქალაქე და აქვს მისჯილი არაერთ საქმეზე", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი მიიჩნევს, რომ პრობლემის მოგვარებისთვის უფრო ეფექტიანი იქნება, თუ ევროპელი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი დაელაპარაკება რეალურ ლიდერებს, რომლებიც დღემდე მოლაპარაკებებში არ მონაწილეობენ. "გაცილებით ეფექტური იქნება, თუ არაფორმალური ლიდერები, რომლებიც აცხადებენ, რომ ლიდერები არ არიან, მაგრამ პოლიტიკური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით კვლავ ლიდერები არიან მათი პოლიტიკური პარტიების, მათ აიღონ პასუხისმგებლობა და მონაწილეობა მიიღონ მოლაპარაკებებში, რათა ღიად განაცხადონ თავიანთი ხედვები, რისი მიღწევა სურთ. მზად არიან თუ არა კომპრომისისთვის. მზად არიან თუ არა პრობლემის მოგვარებისთვის", - თქვა კუბილიუსმა "ფორმულას" ეთერში.