გასულ კვირას სოციალურ ქსელში გავრცელდა იმ სიმღერების ათეული, რომელსაც იუთუბზე საქართველოში ყველაზე ხშირად უსმენდნენ. მეორე ადგილზე გავიდა თამარ ქუტიძის რუსულენოვანი სიმღერა Докурю и брошу. ქართველ მომღერალს სამშობლოში არ იცნობენ, თუმცა თამარას ძალიან საინტერესო ისტორია აქვს, რომელიც აფხაზეთიდან მოდის...
Ambebi.ge პირველი მედია აღმოჩნდა, სადაც გადაწყვიტა თავისი ცხოვრების შესახებ მოეყოლა. ამბობს, რომ თავს ყველაზე ბედნიერად საქართველოში გრძნობს.
აფხაზეთში, ქალაქ ტყვარჩელში დავიბადე. დედა თავის დროზე ოზურგეთში გათხოვდა, მამა იქიდან არის, მაგრამ აფხაზეთში ვცხოვრობდით. ორი წლის ვიყავი ომი რომ დაიწყო. ქალაქი დავტოვეთ და საცხოვრებლად ოზურგეთში გადმოვედით. თან წამოვიყვანეთ დედას მშობლები. ისინიც ჩვენთან ერთად ცხოვრობდნენ. ორი წელი ვსწავლობდი ოზურგეთის სკოლაში, თან მუსიკალურ სტუდიაში დავდიოდი, სადაც დედამ შეამჩნია, რომ სიმღერის ნიჭი მქონდა. შემდეგ მოსკოვში გადავედით საცხოვრებლად და მთელი ცხოვრება მუსიკას ვსწავლობდი.
- თქვენი პირველი სიმღერა რომ გაიხსენოთ, რომლითაც საზოგადოებაში გამოჩნდით?
- რუსეთში ბევრ კონკურსებზე გამოვდიოდი, ხშირად პირველ ადგილზე გავდიოდი. პირველი ჩემი სიმღერა იყო Саундтрек моей жизни, რომელსაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. უამრავი კომპლიმენტი მივიღე ქართველებისგან. შემდეგი სიმღერა, რომელსაც ძლაიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა იყო Докурю и брошу.
- მუდმივი საცხოვრებელი რომელ ქვეყანაში გაქვთ?
- დაოჯახებული ვარ, ჩემი მეუღლე ებრაელია. ურთიერთობა გვქონდა დიდი ხანი და შემდეგ დავქორწინდით. ჯერჯერობით შვილი არ გვყავს, მაგრამ დიდ, ლამაზ ოჯახზე ვოცნებობ. მეუღლე ჩემი პროდიუსერია და ყველანაირად მიწყობს ხელს. სამ ქვეყანაში ვცხოვრობ, ისრაელში, რუსეთს და საქართველოში.
- ქართულად არ მღერით?
- ახლა ვიწყებ ალბომზე მუშაობას, სადაც ვიმღერებ, რუსულ, ქართულ და ინგლისურენოვან სიმღერებს.
- აფხაზეთში თუ ყოფილხართ, მას შემდეგ რაც ქალაქი დატოვეთ?
- არა, არ ვყოფილვარ, მხოლოდ ფოტოებზე ვუყურებ ხოლმე. ბებია და ბაბუა აფხაზეთის დამსახურებული პედაგოგები იყვნენ. ბაბუა გეოგრაფი, ბებია ფილოლოგი - რუსული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი. ომის დაწყების შემდეგ როგორც გითხარით ყველა წამოვედით მამაჩემის ოჯახში. მამა ანსამბლ „რუსთავის“ სოლისტი იყო, ძალიან კარგად ცეკვავდა. მართალია, მამამ ცეკვა მიატოვა, მაგრამ ხელოვნების ნიჭი მე აღმომაჩნდა. საქართველოში ბევრი ნათესავები მყავს, თბილისში, მესტიაში, ოზურგეთში. საქართველო ძალიან მიყვარს, ასეთი თბილი ხალხი არსად არ ცხოვრობს.
- მოსკოვში როგორ შეგხვდნენ ქართული სახელითა და გვარით?
- ძალიან თბილად, რომ იგებდნენ ქართველი ვიყავი ყველა მეხმარებოდა, რომ ჩემი კარიერა წინ წასულიყო. ძალიან უყვართ ქართველები. გიჟდებიან ჩვენ სამზარეულოზე, ღვინოზე. ქართველობა ყოველთვის მეხმარება. მეც მიყვარს ძალიან ქართული სამზარეულო, განსაკუთრებულად ბადრიჯანი, კუბდარი, ხაჭაპური, თავადაც ვაკეთებ ხოლმე. ჩემს მეუღლეს ძალიან უყვარს საქართველო, ამბობს ნახევრად ქართველი ვარო. ჩემმა მეუღლემ პირველად სცენაზე მნახა, უიტნი ჰიუსტონის ჰიტს ვასრულებდი და ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება...
- როგორი იყო თქვენი რეაქცია, როდესაც გაიგეთ, რომ იუთუბზე სქართველოში ყველაზე მოსმენად ათ სიმღერაში თქვენი სიმღერაც მოხვდა.
- ძალიან ემოციურად, მადლიერი ვარ ყველასი. ყველას ვეფერები და სიყვარულს ვუხსნი, მიყვარს საქართველო და პირველი ინტერვიუც ქართულ მედიასთან მაქვს ახლა.
- ვისთან ოცნებობთ დუეტის ჩაწერაზე?
- ჩემი ოცნებაა ოდესმე დუეტი ჩავწერო ჩემ საყვარელ მომღერლებთან თამარა გვერწითელთან დ გრიგორი ლეპსთან. ვტირი, როდესაც თამარას სიმღერებს ვუსმენ... ბოლოს რუსეთში პანდემიამდე ვიყავი. რა გითხრათ, ძალიან უყვართ ქართველები და ჩემს მიმართ ცუდი არასოდეს არაფერი გამოუმჟღავნებიათ.
- როგორ ფიქრობთ, დავბრუნდებით აფხაზეთში?
- ძალიან კარგი იქნებოდა, ეს არის ჩვენი კუთხე. მე ოპტიმისტი ვარ და ვფიქრობ, რომ ოდესმე მაინც დავიბრუნებთ იმას, რაც ჩვენია. იმედი მაქვს, რომ ოდესმე ვიხილავ ჩემს აფხაზეთს. რამდენიმე დღეა რაც საქართველოში დავბრუნდი, ძალიან მომენატრა აქაურობა. ისეთი ბედნიერი ვარ, დავდივარ, ქალაქს ვათვალიერებ. მადლიერი ვარ ქართველების, იმ მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის რაც აქ დამხვდა.
ძალიან კარგ კომენტარებს ვკითხულობ ჩემი მისამართით და დიდი სურვილი მაქვს რომ კონცერტი მქონდეს თბილისში. მოსკოვში უფრო სიმღერების ჩაწერაზე ვმუშაობ, ისრაელი კი ჩემი მაინც მუდმივი საცხოვრებელია, რადგან ჩემი მეუღლე იქიდან არის. მე ვარ ქართველი და სადაც არ უნდა ვიყო ჩემი გული საქართველოშია და ძალიან მინდა, რომ ხალხი ბედნიერი იყოს... ყველაზე კარგად თავს მაინც აქ ვგრძნობ.