ავტორი:

"2024 წელს საქართველო წარადგენს ოფიციალურ განაცხადს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე" - რას წერს ირაკლი კობახიძე ვიზალიბერალიზაციის მე-4 წლისთავზე

"2024 წელს საქართველო წარადგენს ოფიციალურ განაცხადს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე" - რას წერს ირაკლი კობახიძე ვიზალიბერალიზაციის მე-4 წლისთავზე

2024 წელს საქართველო წარადგენს ოფიციალურ განაცხადს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

“ზუსტად 4 წლის წინ, 2017 წლის 28 მარტს, ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილების უფლება მიიღო.

ეს იყო უდიდესი წარმატება, რომელიც შედეგად მოიტანა ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ, გახდეს დასავლური თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრი, აგრეთვე „ქართული ოცნების" ხელისუფლების ძალისხმევამ და დაუღალავმა მუშაობამ.

მეამაყება, რომ პირადად ვესწრებოდი ევროპარლამენტის სხდომას, რომელზეც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ვიზალიბერალიზაციის 4 წლის თავზე, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო და შეგახსენოთ, რომ 2024 წელს საქართველო წარადგენს ოფიციალურ განაცხადს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე“, - წერს კობახიძე „ფეისბუქზე“.

გასული ოთხი წლის განმავლობაში ნახევარ მილიონზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მილიონზე მეტი ვიზიტი განახორციელა ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს.

დავით ზალკალიანის განცხადებით, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია საქართველოსთვის განსაკუთრებული პოლიტიკური მნიშვნელობის მიღწევაა, ქვეყანა ამ ნაბიჯით კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროპის ერთიან ოჯახს.

“დღეს 4 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ მგზავრობენ ევროკავშირის ქვეყნებში/შენგენის სივრცეში.

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია საქართველოსთვის განსაკუთრებული პოლიტიკური მნიშვნელობის მიღწევაა, რასაც მრავალრიცხოვანი რეფორმები უძღოდა წინ. ჩვენი ქვეყანა ამ ნაბიჯით კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროპის ერთიან ოჯახს. ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მიერ ჩვენი მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობის მინიჭებით კიდევ უფრო განმტკიცდა საქართველოს, როგორც სანდო და ღირსეული პარტნიორის სტატუსი და დადასტურდა მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ. საქართველო აგრძელებს განუხრელ წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე, რაც ასოცირების საბჭოს რიგით მე-6 შეხვედრაზე დადასტურდა.

გასული ოთხი წლის განმავლობაში ნახევარ მილიონზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მილიონზე მეტი ვიზიტი განახორციელა ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში. უვიზო მიმოსვლამ საქართველოს მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი გახადა ახალი შესაძლებლობები - მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ტურიზმის განვითარებას, ბიზნეს კავშირების გაღრმავებას, სტუდენტური გაცვლითი პროგრამების გააქტიურებას, პროფესიონალური კავშირებისა თუ ზოგადად, ხალხთაშორისი ურთიერთობების გაძლიერებას. ამ პერიოდს თან ახლდა, ასევე, გამოწვევები, რის საპასუხოდაც საქართველოს მთავრობის, ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიერ კოორდინირებული და წარმატებული ნაბიჯები გადაიდგა.

სამწუხაროდ, დღეს გლობალური პანდემიის გამო თავისუფალი მიმოსვლა შეზღუდულია, მაგრამ გვჯერა, მალე შევძლებთ ამ გამოწვევის გადალახვას და შესაბამისი პასუხისმგებლობით, საქართველოს მოქალაქეები კვლავ შეუფერხებლად გააგრძელებენ ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეული ამ მნიშვნელოვანი მონაპოვრით სარგებლობას“, - წერს დავით ზალკალიანი „ფეისბუქზე“.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება - კიდევ რა გადაწყვეტილებები მიიღო უწყებათაშორისმა საბჭომ?

"პარტიების ნაწილი ნახევარი საათის წინ მოდიოდა და ბოლო წუთში რაღაც მოხდა..." - პრეზიდენტის მიწვევის მიუხედავად ოპოზიცია ღონისძიებაზე არ მივიდა