ავტორი:

რა ვიცით კორონავირუსის ვაქცინაციის დამადასტურებელი "მწვანე პასპორტების" შესახებ, რომელი ქვეყნები იყენებენ მათ უკვე და რა გეგმა აქვს მსოფლიოს

რა ვიცით კორონავირუსის ვაქცინაციის დამადასტურებელი "მწვანე პასპორტების" შესახებ, რომელი ქვეყნები იყენებენ მათ უკვე და რა გეგმა აქვს მსოფლიოს

მას შემდეგ, რაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს, სულ უფრო მეტს საუბრობენ ძველებური ცხოვრების დაბრუნების, ეკონომიკის გახსნის, შეზღუდვების შემსუბუქების და რა თქმა უნდა, მოგზაურობის შესაძლებლობაზე.

ამ კონტექსტში კი საუბარია ე.წ. კოვიდ პასპორტის, ან "მწვანე პასპორტის“ შემოღებაზე, რომელიც კოვიდზე აცრილ ადამიანებს სხვადასხვა შესაძლებლობას გაუხსნის. ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე დაიწყო მისი გამოყენება, ზოგიც ამავე წლის ზაფხულისთვის გეგმავს.

  • რა არის "მწვანე პასპორტი“?

ეს არის იმის დამადასტურებელი სერთიფიკატი, რომ პირს კორონავირუსის ვაქცინა გაკეთებული აქვს. მისი ფლობის აუცილებლობა სხვადასხვა ქვეყანაში სამოგზაუროდ, იმაზე უფრო მალე შეიძლება გახდეს საჭირო, ვიდრე მოლოდინი იყო.

მაგალითად, ევროკავშირის ლიდერებმა უკვე მხარი დაუჭირეს "ციფრული მწვანე სერტიფიკატის“ დანერგვას. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა და ასევე ზოგიერთმა არაწევრმა სახელმწიფომ წარადგინა გეგმა კოვიდვაქცინის გაკეთების დამადასტურებელი დოკუმენტის შემოღების შესახებ.

ევროკავშირის ლიდერებმა ამ საკითხზე იურიდიული და ტექნიკური მუშაობის გაგრძელება მოითხოვეს. არსებული გეგმის მიხედვით, ზაფხულისთვის უკვე უნდა არსებობდეს კოვიდ პასპორტები, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ შესაძლოა, ვერ მოესწროს, რადგანაც ზაფხულამდე მცირე დროა დარჩენილი.

საერთაშორისო მოგზაურობისთვის შესაძლოა, კოვიდ პასპორტი გახდეს საჭირო

სერთიფიკატი იქნება ფურცელზე, ან ციფრული სახით და ის საშუალებას მისცემს ყველას, ვისაც ვაქცინა აქვს გაკეთებული, ან ახლახან გამოჯანმრთელდა კოვიდისგან, იმოგზაუროს ევროკავშირის წევრ 27 ქვეყანაში. ევროკავშირს ასევე სურს, რომ ყოველივეში ჩაერთონ არაწევრი ქვეყნებიც, როგორებიცაა ნორვეგია, ისლანდია და შვეიცარია.

ციფრული სერთიფიკატის გასაღები არის QR კოდი, რომელზეც დაშიფრულია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მისი ვაქცინაციის შესახებ პერსონალური მონაცემები. ევროკავშირში აცხადებენ, რომ ეს იქნება აბსოლუტურად უსაფრთხო.

ამასთან, იგეგმება შესაბამისი სამუშაოები და მოლაპარაკებების წარმართვა, რათა სერტიფიკატი აღიარებულ იქნას ევროკავშირის მიღმა, სხვა ქვეყნებშიც.

ვნახოთ ზოგიერთი ქვეყანა, სადაც "კოვიდპასპორტს" შიდა დონეზე იყენებენ, ან გეგმავენ მის შემოღებას:

  • დანია

Coronapas - ასე უწოდებენ დანიაში კოვიდპასპორტს, რომლის დანერგვასაც შიდა დონეზე აღდგომის შემდეგ გეგმავენ. ხოლო მოგვიანებით, დიდი ალბათობით, ის გახდება საერთაშორისო მოგზაურობის ინსტრუმენტი.

ევროპის რიგი ქვეყნების მსგავსად, დანიაში უკვე არსებობს ციფრული პირადობის მოწმობის სისტემა და გეგმის მიხედვით, კოვიდ პასპორტიც მასში იქნება ინტეგრირებული.

აღნიშნული დოკუმენტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებაში. დანიელებს მოუწევთ ვაქცინის დამადასტურებელი პაპსორტი წარადგინონ ისეთ დაწესებულებებში შესასვლელად, როგორებიცაა სალონები, რესტორნები, კინოთეატრები და ა.შ.

  • ისრაელს უკვე აქვს კოვიდ პასპორტების სისტემა

ისრაელს მსოფლიოში ვაქცინაციის კუთხით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. მოსახლეობის ნახევარზე მეტს უკვე მიღებული აქვს ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზა. გასული თვიდან ქვეყანაში უკვე დაიწყო შეზღუდვების შემსუბუქება.

ე.წ. მწვანე პასპორტი ისრაელში ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვისაც აქვს ვაქცინის ორივე დოზა მიღებული, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. "მწვანე პასპორტი" უნდა წარადგინონ სასტუმროებში, სპორტდარბაზებში, თეატრებში და სხვა ობიექტებზე შესასვლელად. ის ხელმისაწვდომია, როგორც ქაღალდზე გაკეთებული სერტიფიკატის, ასევე აპლიკაციის სახით.

"მწვანე პაპსორტი“ აძლევს ადამიანებს საერთაშორისო მოგზაურობის შესაძლებლობას. ისრაელს უკვე აქვს გარიგებები საბერძნეთთან და კვიპროსთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პასპორტის მქონე ისრაელის მოქალაქეს შეუძლია ზემოთ აღნიშნულ ორ ქვეყანაში მოგზაურობა.

  • ესტონეთი

ესტონეთი ციფრული ტექნოლოგიების განვითარების თვალსაზრისით, მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა და ის გეგმავს ციფრული სერტიფიკატების გაცემას, რომელსაც ექნება QR კოდის სახე. აპრილის ბოლოსთვის უკვე დაიწყებენ მის გამოყენებას.

ადამიანებს შეეძლებათ ჩამოტვირთონ სპეციალური პლატფორმიდან თავიანთი უნიკალური კოდი, რომელიც იქნება დამადასტურებელი იმისა, არიან თუ არა ვაქცინირებულნი, რამდენი დოზა აქვთ გაკეთებული. შეუძლიათ ის ამობეჭდონ, ან სმარტფონში შეინახონ. "ესტონეთი მზად არის, რომ პირველივე დღიდან შეუერთდეს ევროკავშირის კოვიდპასპორტის იდეას", - აცხადებენ ქვეყნის ოფიციალური პირები.

  • დიდი ბრიტანეთი

დიდ ბრიტანეთში კოვიდპასპორტების საკითხს აქტიურად განიხილავენ, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული გეგმა და თარიღი, თუ როდის შემოიღებენ "მწვანე პასპორტებს", უცნობია.

"თუ სხვა ქვეყანა გეუბნება, რომ ვერ შეხვალ, ვერ იმოგზაურებ ვაქცინის დამადასტურებელი შესაბამისი ცნობის გარეშე, შენ უნდა შეძლო მისი წარდგენა“, - ამბობს ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანი მეთ ჰენკოკი.

რაც შეეხება შიდა დონეზე მის გამოყენებას, პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ სხვადასხვა დაწესებულებებში შესვლისას ადამიანებს შესაძლოა, დასჭირდეთ აცრის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარდგენა, თუმცა ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ უცნობია კორონავირუსის ყველა ვაქცინას ექნება თუ არა ერთი და იგივე ძალა "მწვანე პასპორტის" შემთხვევაში და ხომ არ გახდება დავუშვათ რუსული "სპუტნიკ V", ან ჩინური ვაქცინები, რომლებიც ჯერ ჯანმოს მიერ არ არის დამტკიცებული, საერთაშორისო დონეზე მოგზაურობის დამაბრკოლებელი ფაქტორი.

წყარო: BBC.com

"ეს რადიკალური ოპოზიციის მცდელობაა, აჩვენონ ტურისტებს, რომ საქართველოში ჩასვლა არ შეიძლება" - გავრილოვი პოზნერთან დაკავშირებულ პროტესტზე

"სიტყვები არ მაქვს, მხოლოდ მეშინია, მტკივა, მწყინს..." - რა ვიდეოს აქვეყნებს პოზნერის ერთ-ერთი სტუმარი "ინსტაგრამზე" და როგორ ეხმიანებიან მას

"კრემლი გმობს ექსტრემისტი ნაციონალების აგრესიულ ქმედებებს - მივესალმებით საქართველოს პრემიერის განცხადებას" - პესკოვი