ავტორი:

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ აპრილ-ივნისის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ აპრილ-ივნისის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ აპრილ-ივნისის ნომერი #2 (119), რომელშიც წაიკითხავთ:

  • სად მოხდა დიდგორის ბრძოლა / ადგილის დაზუსტებისთვის

დიდგორის ბრძოლა თავისი მნიშვნელობით გამორჩეულია საქართველოს ისტორიაში. მიუხედავად ამისა, დღემდე არ წყდება კამათი, სად მოხდა ბრძოლა და როგორ წარიმართა იგი. ჩვენი ქვეყნის წარსულის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბრძოლას დავითის მემატიანე სულ რაღაც 500 სიტყვას უთმობს და ეს ტექსტიც ზოგადი ფრაზებით არის გაჯერებული. რამდენადაც უნდა გაგიკვირდეთ, მემატიანე იმასაც კი არ აღნიშნავს, სად მდებარეობდა საბრძოლო მოქმედებათა მთავარი ეპიცენტრი.

ქართულ ისტორიოგრაფიაში არსებობს ძირითადად სამი მოსაზრება:

1. ბრძოლა მოხდა სოფელ დიღმის ზემოთ არსებულ ველზე;

2. ილ-ღაზი დავითმა დაამარცხა ნიჩბისის ხევის სათავეებთან, დაახლოებით დღევანდელი მემორიალის მიდამოებში;

3. ქართველები მტერს თავს დაესხნენ ვერეს ხეობაში მარშირებისას, ასევე, მოგვიანებით მთელ კოლონას მანგლისამდე.

დავითის ისტორიკოსის გარდა, ბრძოლის შესახებ ცნობები დაცული აქვს: გოტიე კანცლერს, მათე ურჰაელს, ალ-ფარიკს, ქემალ ად-დინს, იბნ ალ-ასირს, სამუელ ანელს, სმბატ სპარაპეტს, მხითარ აირივანელს, ვარდანსა და სხვებს. ჩამოთვლილ მემატიანეთაგან მხოლოდ ერთი - ალ-ფარიკი იმყოფებოდა დიდგორის ბრძოლის ადგილას. დანარჩენები გადმოცემულ ამბებს ახმოვანებენ. რაც შეეხება არაბ მემატიანეს, მან თავისი თვალით დაათვალიერა დიდგორის მიდამოები და, სავარაუდოდ, ქართველ თანმხლებ პირთა წყალობით საინტერესო მინიშნებები დაგვიტოვა. ალ-ფარიკის ცნობა შეუცვლელია, რადგანაც იგი საქართველოში მოგზაურობდა დიდგორის ბრძოლიდან სულ რაღაც 33 წლის შემდეგ და ამ დროს ყველას კარგად ახსოვდა “ძლევაი საკვირველის” ამბები. მეტიც, ამ მოვლენის მონაწილეთა უმრავლესობა ჯერაც ცოცხალი უნდა ყოფილიყვნენ... თავად ალ-ფარიკის მონათხრობიდან ძალიან საინტერესოა ორი დეტალი: 1. დავითი “დაეშვა მათ წინააღმდეგ ამ მთიდან მაშინ, როდესაც ისინი მთის ძირში იყვნენო”. 2. “მე ვნახე ამ ბრძოლის ველი, როდესაც ჩავედი თბილისშიო”. როგორც ვხედავთ, ბრძოლა მომხდარა მთის ძირში არსებულ ველზე. ალ-ფარიკი ახსენებს ველს - არა მთას, ხეობას, ვიწრობს, არამედ ველს, რომელიც მთის ძირშია გაშლილი და თანაც ისე, რომ ამ მთიდან შესაძლებელია სამხედრო მოქმედებების განხორციელება, ანუ დაშვება და მტერზე თავდასხმა.

ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა, რომელიც წარმოიშობა დიდგორის ბრძოლის ადგილის ლოკალიზაციისას, არის ის, თუ სად უნდა ვეძიოთ დიდგორის ველი. მეორე, ასევე მთავარი ამოსავალი უნდა იყოს ის დეტალი, თუ შუა საუკუნეებში რა ადგილს უწოდებდნენ დიდგორის მთას და იყო თუ არა ამ მიდამოებში ველი...

  • ვირჯილიო კორბო და საქართველო

წმინდა მიწაზე მოღვაწე იტალიელი არქეოლოგის, ვირჯილიო კორბოს (1918-1991) სახელი ადრიდანვე გახდა ცნობილი საქართველოში - გასული საუკუნის 40-50-იანი წლების მიჯნაზე მის მიერ ბირ ელ-ქუტში აღმოჩენილი მანამდე უცნობი ქართული მონასტრის წყალობით. ყველა ქართველ მეცნიერს, ვისაც კი მას შემდეგ თავის ნაშრომებში საზოგადოდ მაინც განუხილავს წმინდა მიწაზე ადრეული ქართული სამონასტრო ცხოვრება, პეტრე იბერის მოღვაწეობა ან ქართული დამწერლობის ისტორია, აღნიშვნის გარეშე არ დაუტოვებია ვირჯილიო კორბოს დამსახურება ქართული კულტურის წინაშე.

ვირჯილიო კორბოს არქეოლოგიური კარიერა ნამდვილად შთამბეჭდავია. მან სამართლიანად მოიხვეჭა წმინდა მიწის უბადლო არქეოლოგის სახელი. მიღებული აზრით, ვერავინ ვერ შეძლებს იმის გამეორებას, რისი გაკეთებაც მან შეძლო: რაოდენობრივად ყველაზე მეტი ობიექტი გათხარა წმინდა მიწაზე, თანაც ეს გააკეთა შესანიშნავი აკადემიური ხარისხით.

საქართველოში ვირჯილიო კორბოს სახელი იმაზე უფრო ადრე გახდა ცნობილი, ვიდრე ის წმინდა მიწის აღიარებული მკვლევრის სახელს მოიხვეჭდა. საქმე ის არის, რომ მას წილად ხვდა ბეთლემის სიახლოვეს, ბირ ელ-ქუტის გორაკზე წმინდა თეოდორეს სახელობის ქართული მონასტრის ნაშთების აღმოჩენის პატივი. ფრანცისკანელი არქეოლოგის მიერ ნაპოვნ არტეფაქტებს შორის იყო ქართული წარწერებიც. იმ დროისთვის ეს ქართულ ენაზე შესრულებული წარწერების უძველესი ნიმუშები იყო, რომელიც კი მანამდე წმინდა მიწის ძეგლებზე აღმოეჩინათ. მეტიც, აღმოჩენილი ოთხი წარწერიდან ორი, სულ მცირე, ნახევარი საუკუნით მაინც უსწრებდა საკუთრივ საქართველოში იმჟამად ცნობილ ყველაზე ძველ ეპიგრაფიკულ ძეგლს - ბოლნისის სიონის სამშენებლო წარწერას. აღმოჩენის დრო იღბლიანად დაემთხვა ფსევდოდიონისე არეოპაგელისა და პეტრე იბერის იგივეობის თაობაზე ე.წ. ნუცუბიძე-ჰონიგმანის თეორიის დღის სინათლეზე გამოსვლას. ვირჯილიო კორბოს მიერ ქართული მონასტრის ტერიტორიაზე ნაპოვნ წარწერებში სპეციალისტებმა უმალ ამოიცნეს პეტრე იბერისა და მისი უახლოესი წინაპრების სახელები...

ობიექტურ მიზეზთა გამო, თავად ვირჯილიო კორბოს საქართველოსთან უშუალო კავშირმა არ მოუწია. იმ დროს გარდაიცვალა, როცა საქართველო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისკენ უკანასკნელ ნაბიჯებს დგამდა. თუმცა, მანამდე ერთი ღირსსახსოვარი ეპიზოდი მოხდა: 1987 წლის ოქტომბერში, იერუსალიმში მომლოცველობითი სტუმრობის ფარგლებში საქართველოს ეკლესიის მეთაურმა, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ წმინდა მიწაზე ქართული სამონასტრო ტრადიციის შესწავლის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისთვის ვირჯილიო კორბოს გადასცა საქართველოს გაქრისტიანების 1500 წლისთავისადმი (1968 წ.) მიძღვნილი სამახსოვრო მონეტა. ეს ჯილდო მოწმობა იყო იტალიელი არქეოლოგის ღვაწლისადმი ქართული მხარისგან გამოხატული გულწრფელი მადლიერებისა და პატივისცემის გრძნობისა.

  • ქართველი მეცენატი ქალი და მისი ნახატების კოლექციის თავგადასავალი

სურათების კოლექციის შეგროვება ქეთევან იაშვილმა თითქოს შემთხვევით დაიწყო. პირველი ნახატი ფრანც რუბოს ტილო “გიმრის იერიში, აულ ღუნიბის აღება” იყო. ამ ნახატით იმიტომ დაინტერესდა, რომ გაახსენდა მამის, მერაბ იაშვილის ნაამბობი, როგორ მონაწილეობდა ის იმამ შამილის წინააღმდეგ ომში... ასე დაუგეგმავად დაიწყო მან მხატვრული ტილოებისა და ხელოვნების სხვა ნიმუშების შეგროვება. მდიდარი კოლექციიდან ცალკე გამოვყოფდით ქართველი კლასიკოსი მხატვრების ნამუშევრებს. აქ ნახავთ გიგო გაბაშვილის, ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის, უჩა ჯაფარიძის, ირაკლი თოიძის, ნათელა იანქოშვილის, კორნელი სანაძისა და სხვათა ტილოებს. გარდა ქართველი მხატვრებისა, ქეთევან იაშვილის კოლექციაში მრავლად არის მსოფლიოს განთქმულ ფერმწერთა ტილოები, ჰიპოლიტ რობიარის, ივან აივაზოვსკის, ივან კრამსკოისა და სხვათა ქმნილებები.

პირველი დიდი შეწირულობა - 65 ტილო, ჯერ კიდევ 1963 წელს, ქეთევან იაშვილმა მშობლიურ ქალაქ თელავს უსახსოვრა. შემდეგ კი, თითქმის ყოველ წელს, კოლექციის რაღაც ნაწილს სწირავდა საკუთარი სახელობის გალერეას. 1977 წელს, როდესაც საზეიმოდ გაიხსნა მისი სახელობის სურათების გალერეა თელავის ისტორიული მუზეუმის ტერიტორიაზე, შეწირული ნახატებისა და ხელოვნების სხვა ნიმუშების რიცხვმა ორასს მიაღწია.

საინტერესო ისტორია აქვს კარლ ფონ პილოტის ტილოს “ლუი XVII ტყვედ იაკობინელებთან”. XX საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს ქალბატონი ქეთევანი და მისი მეუღლე ოდესას ესტუმრნენ. ამ დიდი საპორტო ქალაქის ერთ-ერთ სამიკიტნოში სტუმრებმა მაგიდაზე გადაფარებული ფერწერული ტილო შენიშნეს. მათ მიმტანს სთხოვეს, განსაზღვრული თანხის სანაცვლოდ დაეთმოთ ეს “გადასაფარებელი”. ამგვარად შეიძინეს მათ ეს უნიკალური ტილო, რომელიც მცირე რესტავრაციის შემდეგ, იაშვილის გალერეის მშვენება გახდა. საფრანგეთის ტახტის პატარა მემკვიდრე შარლ ლუი, ლუი XVI-ისა და მარია-ანტუანეტას ძე გახლდათ. მისი დედ-მამა რევოლუციონერებმა გილიოტინაზე აიყვანეს, პრინცი კი “გამოსასწორებლად” იაკობინელ მეწაღე სიმონს მიაბარეს... პატარა შარლ ლუი კვლავ აღმოჩნდა “დატყვევებული” თელავის ისტორიული მუზეუმისა და ქეთევან იაშვილის გალერეის საფუძვლიანი რესტავრაცია-განახლების გამო. 2012-2018 წლებში “ლუი XVII” და სხვა სურათები თელავის პირველი საჯარო სკოლის სარდაფში გამოკეტეს. ამჟამად მუზეუმი და გალერეა სრულფასოვნად ფუნქციონირებს, მაგრამ ახალ გალერეაში 200-დან მხოლოდ 60 მხატვრული ტილოს ექსპონირება მოხერხდა...

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

  • მოკლე ამბები. სიმაგრე-სასახლე ზეცაში
  • უახლესი ისტორია. რა ხდებოდა სტალინურ ეპოქაში? / ქართველი ხალხის ეროვნული ერთობისა და თვითშეგნების დაცვისთვის ბრძოლის ისტორიიდან (1925-1975 წწ.) ნაწილი III
  • დიპლომატიის ისტორიიდან. დამოუკიდებლობის პირველი ნაბიჯები / ანკარაში საქართველოს პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის 100 წლისთავი
  • ახალი ამბები. არსებითი უზუსტობა ვახტანგ VI-ის პორტრეტთან დაკავშირებით
  • სიახლე. ხუთტომეული “საქართველოს ისტორია - საკითხავი წიგნი ილუსტრაციებით”
  • ფოტოისტორია. მუსიკის როლი პირუტყვის ზრდის აჩქარებაში - ამერიკულად
  • მონარქები. საფრანგეთის მეფე ლუი XIV (დასასრული)
  • პერსონა. გამოთხოვება ტიმ სევერინთან
  • იუბილარი. 100 წელიწადი, ანუ ერთი საუკუნე ცოტა როდია, მაგრამ... / სიმონ არველაძე: “სიყვარულია ამ ქვეყნად მარადისობის კანონი”...
  • სადაზვერვო თამაშები. მემარცხენე ესერების აჯანყება (ნაწილი I)
  • ეთნოგრაფია. ლელობურთი - ლანჩხუთის სავიზიტო ბარათი / ლელო ლანჩხუთელებისთვის იგივეა, რაც ფეხბურთი - ბრაზილიელებისთვის

უკვე დღეიდან კ. გამსახურდიას სერიის მესამე ტომი „დავით აღმაშენებელი“ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად

როგორ შევაყვაროთ ბავშვს წიგნის კითხვა ?

29 მარტიდან კ. გამსახურდიას სერიის მესამე ტომი „დავით აღმაშენებელი“ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად