ავტორი:

"აშშ-ში 30 მლნ დაინფიცირებულს შორის 500 ათასზე მეტი გარდაიცვალა, 140 მლნ-ზე მეტი აცრილი ადამიანიდან სიკვდილის ერთი შემთხვევაც არ ყოფილა" - ამერიკაში მცხოვრები ქართველი მეცნიერი

"აშშ-ში 30 მლნ დაინფიცირებულს შორის 500 ათასზე მეტი გარდაიცვალა, 140 მლნ-ზე მეტი აცრილი ადამიანიდან სიკვდილის ერთი შემთხვევაც არ ყოფილა" - ამერიკაში მცხოვრები ქართველი მეცნიერი

საქართველოში მეტ-ნაკლებად სკეპტიკურად უყურებენ ვაქცინაციის პროცესს, მაგრამ დასაწყისისთვის ქვეყანაში "ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემოტანამ, მასთან დაკავშირებული უარყოფითი მსოფლიო აჟიოტაჟიდან გამომდინარე, სკეპტიკოსთა რაოდენობა გაზარდა. ამას დაერთო ტრაგიკული ფაქტი - "ასტრაზენეკას" ვაქცინის გაკეთების შემდეგ ახალგაზრდა ქალის გარდაცვალება, რამაც ძალიან შეაფერხა პროცესი - ადამიანები იცრებოდნენ, მაგრამ - კანტიკუნტად. თუმცა მალევე შემოიტანეს "ფაიზერის" ვაქცინაც, საზოგადოების ნაწილმაც გაიარა რეგისტრაცია და დღეს საქართველოში ამ ვაქცინითაც დაიწყო აცრები. და მაინც, სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი კვლავ იკავებს თავს ვაქცინაციისგან.

რა ვითარებაა ამ მხრივ ამერიკის შეერთებულ შტატებში? თუნდაც ნიუ-ჰემფშირის შტატის ქალაქ ჰანოვერში, სადაც ჩვენი მკითხველისთვის კარგად ნაცნობი მეცნიერი - ჰანოვერის დარტმოუთის კოლეჯის პროფესორი ფრიდონ შუბითიძე და მისი ოჯახი ცხოვრობს. სხვათა შორის, ბატონი ფრიდონი და მისი მეუღლე, იმავე კოლეჯის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი ირმა შამათავა-შუბითიძე გუშინ აიცრნენ, ერთი დღით ადრე კი ვაქცინაცია ჩაუტარდა მათ ქალიშვილს - სალომეს.

ბატონ ფრიდონს ამერიკაში დავუკავშირდით, მოვიკითხეთ, აცრის შემდეგ თავს როგორ გრძნობენ და ვთხოვეთ, მოეთხრო მათი ოჯახის ვაქცინაციის პროცესის დეტალები - რა პროცედურები გაიარეს და რომელი ვაქცინით აიცრნენ?

ფრიდონ შუბითიძე:

- დიდი მადლობა მოკითხვისთვის. აქ ვაქცინაციის ინფორმაციული კამპანია ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში დაიწყეს, და ოთხი თვეა, პროცესი მიმდინარეობს. ამიტომ სისტემა თითქმის იდეალურ მდომარეობამდეა მიყვანილი. ჩვენს შემთხვევაში, კოლეჯმა ელექტრონული ფოსტით შეგვატყობინა, რომ მსურველი თანამშრომლებისთვის ვაქცინაცია შესაძლებელი იყო. ონლაინ დავრეგისტრირდით და დავნიშნეთ ვაქცინაციის თარიღი და დრო. გავიარეთ შესაბამისი პროცედურა, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) მიერ ჩამოყალიბებული კითხვარები, უამრავი შეკითხვა დაისვა პროფესიონალების მხრიდან და მხოლოდ ამის მერე უპრობლემოდ ავიცერით "მოდერნათი“. 30-45 წუთამდე იქვე დაველოდეთ მოსალოდნელ უკუჩვენებებს. ადამიანები ერთმანეთის მოშორებით ისხდნენ მოსალოდნელი უკუჩვენებების მოლოდინში. ყველაფერი იყო გათვალისწინებული. საჭიროების შემთხვევაში, მზად იყო პირველადი დახმარების ყველა ნივთი - საკაცით დაწყებული, მედიკამენტებით დამთავრებული. გაწვრთნილი პერსონალი პროფესიონალურად ასრულებდა ყველა აუცილებელ პროცედურას. ასევე, აუცილებლად აღსანიშნავია, რომ აცრის შემდგომ დავრეგისტრირდით CDC-ის ვებგვერდზე და შევიყვანეთ ჩვენი ვაქცინაციის ინფორმაცია. მომდევნო სამი საათის განმავლობაში, სისტემატურად, ტელეფონით მოდიოდა შეკითხვები, რა სიმპტომებს ვგრძნობდით და რა დახმარება გვჭირდებოდა. საბედნიეროდ, ყველაფერმა უპრეცედენტოდ ჩაიარა. ასევე, ორგანიზებულად ჩატარდა აცრები სალომეს კოლეჯშიც, ოჰაიოს შტატში.

ვაქცინაციის წინ

- ბატონო ფრიდონ, უამრავ სამეცნიერო კვლევაში მონაწილეობთ, პანდემიის გამოჩენისთანავე ძალიან დაგვეხმარეთ, რადგან ერთ-ერთი პირველი იყავით, ვინც ყველასთვის გასაგებ ენაზე აგვიხსენით კოვიდ-19-ის, ასე ვთქვათ, ანატომია, ასევე, პირველმა გვამცნეთ "მოდერნას“ მიერ ვაქცინის დასამზადებლად დაწყებულ კვლევებზე. აგვიხსენით, რა განასხვავებს ერთმანეთისგან არსებულ ვაქცინებს, თუნდაც საქართველოში შემოტანილ "ასტრაზენეკასა“ და "ფაიზერს“, რა ინფორმაცია გაქვთ მათ გვერდით მოვლენებზე, უკუჩვენებებზე, მათგან გარდაცვალებაზე და კიდევ, თქვენი აზრით, რატომ უნდა გაჩენილიყო საქართველოში ამგვარი უარყოფითი დამოკიდებულება ვაქცინაციისადმი?

- რაც შეეხება საქართველოში "ასტრაზენეკას“ შემოტანას და პირველ სამწუხარო შემთხვევას - ქალბატონი მეგი ბაქრაძის გარდაცვალებას, - მეგი ჩემი ახლობელი იყო. ალბათ, ყველამ ნახა, ინტერვიუს დროს როგორ ცდილობდა იგი ვაქცინაციის სიკეთეში ხალხის დარწმუნებას. მიუხედავად იმისა, რომ მეგის ცხოვრება ტრაგედიით დასრულდა, მე ვიტყოდი, რომ საკუთარი თავგანწირვით მან ბევრის სიცოცხლე დაიცვა!

შეიძლება სრული ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, სამწუხაროდ, საქართველო, საინფორმაციო თვალსაზრისით, ვაქცინაციის პროცესისთვის საკმარისად არ იყო მომზადებული.

სალომე ვაქცინაციის შემდეგ

ვიდრე ვაქცინამდე და მის აგიტაციამდე მივალთ, ასეთ მაგალითს მოგიყვანთ - ზაფხულში ჩვენს ქალაქში დაიწყეს მსჯელობა, ბავშვებს ევლოთ სკოლაში თუ სასწავლო პროცესი კვლავ დისტანციურად დაეწყოთ. სკოლის ხელმძღვანელობამ და მშობლებმა მოაწყვეს დისტანციური ონლაინ შეკრება, სადაც მოიწვიეს ვირუსოლოგები და ჰოსპიტლის საუკეთესო სპეციალისტი, რომლებმაც ძალიან მყარი არგუმენტებითა და მონაცემებით დაგვარწმუნეს მშობლები, ყველაზე სკეპტიკურად განწყობილებიც კი, რომ თუ ბავშვები და უფროსები დაიცავდნენ რეკომენდაციებს, ვირუსის გადაცემის საფრთხე მინიმუმამდე დავიდოდა. 95%-ზე მეტმა გადაწყვიტა, რომ ბავშვები სკოლას უნდა დაბრუნებოდნენ. 7-8 თვეა, ბავშვები სკოლაში დადიან და გადადების შემთხვევა, თითქმის, არ ყოფილა. აქ მთავარი მარტივად და სწორად ახსნილი ინფორმაცია აღმოჩნდა და ჩვენი გადაწყვეტილებაც შესაბამისი იყო. ალბათ, მიმიხვდით, რატომაც მოვიყვანე ეს მაგალითი. რაც შეეხება ვაქცინისადმი დამოკიდებულებას, თქვენთან, ისევე, როგორც ჩვენთან და მსოფლიოს ნებისმიერ ნაწილში, არსებობს ჯგუფი, რომელიც დარწმუნებულია და არც მალავს, რომ ვაქცინა უნდა გაიკეთოს, რადგან მას ასე სწამს, მაგრამ არსებობს სხვა ჯგუფიც, რომელსაც უჭირს დაჯერება, რომ ვაქცინაცია საჭიროა და ფიქრობს, რომ იგი ვნების მომტან რამეს შეიცავს და ა.შ. ასეთი ჯგუფები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილშია. ამიტომ, უპირველესად, ადამიანებს უნდა ავუხსნათ, რა არის ვაქცინა და როგორ მუშაობს იგი, შემდეგ კი უნდა მივცეთ მათ არჩევანი - ვაქცინაცია გადაწყვიტონ თუ დარჩნენ მის გარეშე. წნეხი არ შეიძლება, გზა თავად უნდა აირჩიონ და, შესაბამისად, ამით პასუხისმგებლობაც საკუთარ თავზე აიღონ.

ვაქცინაციის შემდეგ მოსაცდელი დარბაზი

როდესაც ლაპარაკია ადამიანებამდე სიახლის მიტანაზე, თუ ადამიანი მასში კარგად არ არის გარკვეული, ზოგადად, ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე, საკუთარ თავზე სიახლის გამოცდა არავის უნდა. გარშემო ახალი რეალობა გვაქვს, ეს პრეპარატებიც ახალია, ამიტომ მათდამი დამოკიდებულება ფაქიზი უნდა იყოს, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც მასზე ინფორმაციის მიწოდება ევალება. ადამიანებს სრული და ზუსტი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ. არ შეიძლება, რამე იყოს საეჭვო. როდესაც "ასტრაზენეკა“ საქართველოში შემოიტანეს, ზუსტად ის პერიოდი იყო, როდესაც ევროპის ქვეყნებმა მისი გამოყენება შეაჩერეს და დაიწყეს კვლევა. ვფიქრობ, საქართველოშიც უნდა ეთქვათ, მოდი, დაველოდოთ ამ კუთხით ჩვენზე გამოცდილ ევროპელებს და კვლევის შედეგებსო.

- იქნებ, მოსახლეობისთვის შედარებით მარტივად აგვიხსნათ, მაინც რა განასხვავებს დღეს არსებულ და დამტკიცებულ ვაქცინებს ერთმანეთისგან?

- ამერიკაში ახლა არის დამტკიცებული სამი ვაქცინა - "ფაიზერის“, რომელიც პირველი იყო, "მოდერნას“ ვაქცინა, რომელიც ერთი კვირის შემდეგ დამტკიცდა და 2021 წლის დასაწყისში დამტკიცდა "ჯონსონი და ჯონსონის“ ვაქცინაც. ამ სამიდან პირველი ორი, ფაქტობრივად, ერთსა და იმავე ტექნოლოგიაზეა დამყარებული,

ხოლო მესამე - განსხვავებულზე. ამ უკანასკნელის ტექნოლოგია ძალიან ჰგავს "ასტრაზენეკას“ ვაქცინის ტექნოლოგიას. რომ გავიგოთ, როგორ მუშაობს ვაქცინა, შეგვიძლია აღვწეროთ პროცესი: როდესაც ჩვენს ორგანიზმში შემოიჭრება ბაქტერია ან ვირუსი, იგი თავს ესხმის ჩვენს უჯრედებს და იწყებს გამრავლებას. ეს იწვევს ინფექციას. ადამიანს აქვს იმუნური სისტემა, რომელიც ებრძვის ინფექციას/ვირუსს. ყველამ ვიცით, რომ სისხლში გვაქვს წითელი და თეთრი უჯრედები. წითელი უჯრედების დანიშნულებაა, ჟანგბადის მიტანა ქსოვილებში და ორგანოებში, ხოლო თეთრი ანუ იმუნური უჯრედების - ინფექციასთან ბრძოლა. როდესაც ვირუსი ორგანიზმში ხვდება, მაკროფაგები - თეთრი უჯრედები საკუთარ თავზე იღებენ ვირუსებთან ბრძოლას და ნაწილს ანადგურებენ კიდეც, მაგრამ რჩება ნაწილი, რომელსაც "ანტიგენებს“ უწოდებენ. ჩვენი ორგანიზმი ანტიგენებს აღიქვამს, როგორც საშიშებს, მათთან საბრძოლველად წარმოქმნიან ანტისხეულებს და ააქტიურებენ T-უჯრედებს/ლიმფოციტებს. ინფექციის შემდეგ, T-(იმუნური მახსოვრობის) უჯრედებს ახსოვს, თუ როგორ დაიცვას თავი მსგავსი ინფექციისგან.

მეუღლესთან ერთად ვაქცინაციის შემდეგ

მოკლედ, "ფაიზერისა“ და "მოდერნას“ ჯგუფის ვაქცინის მუშაობის პრიციპი შეიძლება დავყოთ სამ ნაწილად: 1. ვაქცინით შეგვყავს ინფორმაციის გადამტანი რიბონუკლეინის მჟავა (mRNA) უჯრედებში, რომელიც ინსტრუქციას აძლევს უჯრედებს რომ შექმნან კორონავირუსის გვირგვიროვანი ფორმის (და არა - კორონავირუსი) ცილები. 2. ადამიანის იმუნური სისტემა (სისხლის თეთრი უჯრედები) იწყებენ რეაგირებას, წარმოქმიან ანტისხეულებს და ააქტიურებენ T-უჯრედებს/ლიმფოციტებს, რომლებიც ანადგურებენ და იმახსოვრებენ გვირგვიროვანი ფორმის ცილებს. 3. თუ მოგვიანებით ადამიანი დაინფიცირდება ვირუსით, T-უჯრედები და ანტისხეულები უკვე მზად არიან ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ვაქცინის იგივე მოქმედების პრიციპი გააჩნია ამერიკული "ჯონსონ და ჯონსონის“ და ინგლისური "ასტრაზენეკას“ ტიპის ვაქცინებსაც, იმ განსხვავებით, რომ პირველ ეტაპზე შეჰყავთ მცირე რაოდენობის უვნებელი ან არაცოცხალი ჩანასახები/ორგანიზმები, რომლებიც შემდეგ იგივე პროცესს იწვევს, რაც ზემოთაა აღწერილი.

- ჩვენთან ბევრისგან გამიგია, არ ავიცრები, წამალს დაველოდებიო, არადა გვეუბნებიან, რომ კორონავირუსთან ბრძოლის ერთადერთი საშუალება ვაქცინებია. შეგიძლიათ დაგვისაბუთოთ - რატომ?

- სტატისტიკას თუ შევხედავთ, დღესდღეობით მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირდა 128 მილიონი ადამიანი, აქედან, სამწუხაროდ, გარდაიცვალა 2,8 მილიონამდე. აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირდა 30 მილიონზე მეტი ადამიანი, ხოლო მათგან გარდაიცვალა - 550 ათასზე მეტი. ამერიკაში ვაქცინაციის ერთი დოზა ჩაიტარა 140 მილიონზე მეტმა ადამიანმა, დისტრიბუცია გაუკეთდა 180 მილიონზე მეტ ვაქცინას. ვაქცინის გვერდითი ეფექტებიდან ყველაზე საშინელი რაც არის - გარდაცვალება, ერთიც არ დაფიქსირებულა! ამ მონაცემებს რომ გაეცნობიან, ადამიანებმა უნდა გააკეთონ რეალური არჩევანი - 30 მილიონ დაინფიცირებულს შორის ნახევარ მილიონზე მეტი გარდაიცვალა, 140 მილიონზე მეტი აცრილი ადამიანიდან სიკვდილის ერთი შემთხვევაც არ ყოფილა!

რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, როგორც აგიხსენით ვაქცინაციის პროცესი - იმუნური უჯრედების გააქტიურება რომ ხდება, ეს იწვევს ორგანიზმში ცვლილებას. გვერდით ეფექტებად შეიძლება იყოს ტემპერატურის მატება, ხელის ან მკლავის შესივება, სიწითლე, ქავილი, ძალიან იშვიათად - ლიმფური ჯირკვლების გასივებაც... მაგრამ ეს არის პროცესი, როდესაც ჩვენს ორგანიზმში ჩვენივე იმუნური სისტემა იწვევს გააქტიურებას. მაგრამ თუ ეს პროცესი გაგრძელდა ერთ დღეზე მეტხანს, ადამიანები აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ ექიმს და მისი მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ. ადამიანმა ისიც უნდა იცოდეს, რომ პირველი დოზით აცრას ისეთი გვერდითი ეფექტი არ აქვს, როგორც - მეორე დოზას. ეს, ზოგადად, ვაქცინაციის თანმდევი, ჩვეულებრივი მოვლენაა და ადამიანებისთვის ეს მოულოდნელი არ უნდა იყოს.

მე მგონი, სტატისტიკით, რაც ზემოთ მოვიყვანე, საქართველოს მოქალაქეები უნდა დარწმუნდნენ, რომ ვაქცინაცია არის საშუალება, რაც საზოგადოებას ძალიან სწრაფად დააბრუნებს ცხოვრების ნორმალურ პირობებში. რა თქმა უნდა, ადამიანებს აქვთ არჩევნის უფლება - ან გაიკეთონ ვაქცინა, ან არ გაიკეთონ და დაელოდონ ჯგუფური იმუნიტეტის გამომუშავებას საზოგადოებაში. ეს უკანასკნელი ნიშნავს, რომ ადამიანი მოიხდის ვირუსს და ბუნებრივად გამოუმუშავდება ანტისხეულები, რითიც მომავალში შეებრძოლება ვირუსებს, მაგრამ... თუ ვინმეს გადარჩენა ჯგუფურ იმუნიტეტზე აქვს გათვლილი, მაშინ შესაბამისი სტატისტიკაც უნდა მოიყვანოს. სტატისტიკა კი ლაპარაკობს, რომ 128 მილიონი ინფიცირებულია მსოფლიოში და მათგან, დაახლოებით, 2.8 მილიონამდე - გარდაიცვალა, ხოლო ამერიკაში ვაქცინაციის ერთი დოზა ჩაიტარა 140 მილიონზე მეტმა ადამიანმა და ერთიც არ გარდაცვლილა!

ასე რომ, ადამიანმა თავად უნდა შეარჩიოს პრიორიტეტი!

ეს, რაც შეეხება დამოკიდებულებას, მაგრამ ყველაზე მთავარი კიდევ რა არის, იცით? - პუნქტებში, სადაც აცრები ტარდება, წარმოდგენილი უნდა იყოს ყველა საჭირო სპეციალისტი, თანაც - ტრენინგებგავლილი, მაგალითად, თუ ვინმეს ალერგია ჰქონდა ან აცრის შემდეგ გაუჩნდა - იქ უნდა იყოს ალერგოლოგი და ა.შ. გარდა ამისა, ყველა სპეციალისტს უნდა ჰქონდეს თავისი წილი პასუხისმგებლობა. ერთ მაგალითს მოგიყვანთ - საქართველოში ბევრი მიცნობს, იციან, რომ ვმუშაობ ამერიკაში და აქ შევქმენი აუფეთქებელი ბომბების აღმოჩენის ტექნოლოგიები - სისტემებიდან კომპიუტერულ პროგრამამდე. ამ სისტემებით, რომელზეც 20-21 წელიწადია, ვმუშაობ და ამ სამუშაოს გარეშე ერთი დღეც არ ვყოფილვარ, პროცესი უკვე გადავიდა რეალური ტერიტორიების გაწმენდაზე. თქვენ წარმოიდგენთ, რომ გაწმენდის მონაცემები თავად მე, ავტორმა რომ დავამუშაო, 2 წელიწადში ერთხელ უნდა გავიარო აკრედიტაცია და შესაბამისი სერტიფიკატიც უნდა ავიღო? ასე იქმნება ერთიანი ჯაჭვი, სადაც მე მხოლოდ ჯგუფის ერთი ნაწილი ვარ. თუ სადმე რამე გაიპარა და რასაც ვეძებთ, მისი დეტექტირება ვერ მოხდა, გაწერილი პროტოკოლით პროცესი დაუყოვნებლივ წყდება და ყველა ერთად ვეძებთ მიზეზს. ეს ინფორმაცია მყისვე გადაეცემა ადამიანებს, ვისი ტერიტორიაც იწმინდება. აქ იმის თქმა მინდა, რომ როგორც კი ახალციხეში ამგვარი ფაქტი მოხდა (ღმერთმა დაიფაროს, რომ სხვაგანაც რამე მოხდეს), იქვე უნდა ყოფილიყო გაწერილი - ვინ აპარატი აიღო, ვინ ხელი მოაწერა, რა სიტუაცია იყო და ა.შ. ამგვარი პროცესი ყოველთვის დაგვეხმარება, რომ მსგავსი შემთხვევა მომავალში არ მოხდეს.

ამერიკაში ყველაფერი წინასწარ გაწერილია - ვაქცინაციის ყველა პუნქტში არის შესაბამისი ჯაჭვი, რომლის მიერ მომზადებული სრულყოფილი ინფორმაცია ყოველდღიურად იდება აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდზე.

რა თქმა უნდა, ნებისმიერ პრეპარატს - ახალი იქნება თუ ძველი, რომელიც ორგანიზმში შეგვყავს, შეიძლება მოჰყვეს რეაქცია. რეაქციის მართვა შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის იქ უნდა იყვნენ სხვადასხვა კუთხით პასუხისმგებელი პირები. თუ ასეთი ადამიანები არ აღმოჩნდებიან ადგილზე, ხალხს, ზოგადად, პროცესისადმი და თუნდაც, ვაქცინისადმიც ეკარგება ნდობა. ეს მოხდა "ასტრაზენეკას“ შემთხვევაში.

ავტორი: ირმა ხარშილაძე

როგორ ულოცავს Google-ი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს

"ბაბუა სამუდამოდ დაუბრუნდა სამშობლოს!" - რას იხსენებს გენერალ კვინიტაძეზე შვილიშვილი, რომელსაც პოპულარობა ბონდის ფილმმა მოუტანა

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებმა გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს - რა ვითარებაა ადგილზე?