არჩევნებთან დაკავშირებით ყველაფერი დღესავით ნათელია, ოპოზიციამ ვერ წარმოადგინა ვერც ერთი მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები გაყალბდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მედიატორ კრისტიან დანიელსონის მედიაციით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არგუმენტები რომ არ არსებობს, ამის დასტური იყო ის, რომ დღეს საერთაშორისო პარტნიორებმა წარმოადგინეს დოკუმენტი, რომელშიც არავითარი ჩანაწერი არ იყო რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით.
„არჩევნებთან დაკავშირებით ყველაფერი დღესავით ნათელია, ოპოზიციამ ვერ წარმოადგინა ვერც ერთი მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები გაყალბდა. სამაგიეროდ, ჩვენ წარვადგინეთ მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ PVT სწორედ რადიკალური ოპოზიციის მიერ გაყალბდა. ჩვენ შევთავაზეთ გადამოწმების ყველა საშუალება, მათ შორის გადათვლა, ჯერ კიდევ მეორე რაუნდის დროს, შევთავაზეთ პოლიტიკური დებატები, დროებითი საგამოძიებო კომისის შექმნა და ა.შ. ყველაფერზე უარი თქვეს და რატომ? იმიტომ, რომ მათმა 11 ათასმა პარტიულმა კომისიის წევრმა ხელი მოაწერა იმ ოქმებს, რომელსაც შემდეგ თვითონვე აკრიტიკებდნენ. ყველაფერი დღესავით ნათელია. არჩევნები არ გაყალბებულა, რასაც ასევე ადასტურებს ყველა შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტის დასკვნა, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ ეუთო/ოდირის დასკვნაზე, ნული მტკიცებულებებია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით და ამ ყველაფრის კიდევ ერთი ცხადი დასტური იყო ის, რომ დღეს საერთაშორისო პარტნიორებმა წარმოადგინეს დოკუმენტი, რომელშიც არავითარი ჩანაწერი არ იყო არც რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, არც პირდაპირი და არც არაპირდაპირი ფორმით“, - განაცხადა კობახიძემ.
მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში, რიგგარეშე არჩევნების საკითხი არ იყო მოცემული, რაც ნიშნავს იმას, რომ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის თემა დიალოგში, როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე მედიატორის მხრიდან განხილული არ იყო, - ამის შესახებ შემაჯამებელი შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, სწორედ რიგგარეშე არჩევნები იყო ერთ-ერთი საკითხი, რის გამოც ოპოზიციამ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციურმა სპექტრმა დოკუმენტზე დათანხმებისთვის მზადყოფნა და პასუხისმგებლობა ვერ გამოხატა.
„რაც მნიშვნელოვანია, უნდა ვთქვათ, რომ მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ოპოზიცია არ დაეთანხმა. მათ ვერ გამოხატეს მზადყოფნა და პასუხისმგებლობა ამ დოკუმენტის ხელმოსაწერად. ეს სამწუხაროა და ამან ხელი შეუშალა შეთანხმებას და პოლიტიკური დიალოგის წარმატებით დასრულებას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც მინდა ვთქვა - ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური მმართველი ძალა, რომელიც ერთგულია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, ასევე ერთგულია ემსახუროს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებს, რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია არ დაეთანხმა მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს, ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ ის ფუნდამენტური რეფორმები, რაც დღეს შემოთავაზებულ დოკუმენტში იყო მოცემული, განვახორციელოთ რაციონალურად საქართველოს პარლამენტში, ჩვენი პირადი პასუხისმგებლობით, ჩვენი გუნდის პასუხისმგებლობით. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი რაც მოხდა, არის ის, რომ მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში, რიგგარეშე არჩევნების საკითხი არ იყო მოცემული, რაც ნიშნავს იმას, რომ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის თემა დიალოგში, როგორც ჩემი მხრიდან, ასევე მედიატორის მხრიდან არ იყო განხილული. ამის დამატებას ითხოვდა ოპოზიცია და ეს იყო ერთ-ერთი საკითხი, რის გამოც ხელი არ მოაწერეს შეთანხმებას“, - განაცხადა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ კრისტიან დანიელსონის ჩართულობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შემაჯამებელი შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყო. შეხვედრაზე მედიატორებმა პოლიტიკურ მხარეებს კრიზისიდან გამოსვლის თაობაზე მათ მიერვე მომზადებული დოკუმენტი გააცნეს. მხარეები დოკუმენტზე 6 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ, თუმცა საბოლოოდ, მედიაციის მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა.