ავტორი:

"მოსკოვი დაინტერესებულია, რომ ის საქართველოსთვის ენერგორესურსების ძირითადი მომწოდებელი იყოს" - რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის ენერგოდამოუკიდებლობას?

"მოსკოვი დაინტერესებულია, რომ ის საქართველოსთვის ენერგორესურსების ძირითადი მომწოდებელი იყოს" - რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის ენერგოდამოუკიდებლობას?

საქართველოში განვითარებულ მოვლენათაგან ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ამბავი ჯერ არაშენებულ "ნამახვანჰესს" უკავშირდება, რომლის მშენებლობასაც მოსახლეობის ნაწილი ეწინააღმდეგება. რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილებით, კაშხლის მშენებლობა 9-დან 12 თვემდე დროით გადაიდება. საქართველოს მაღალი თანამდებობის პირები მიუთითებენ, რომ ჰესი უმნიშვნელოვანესი იქნება საქართველოს ეკონომიკური და ენერგოდამოუკიდებლობისთვის. პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა "ნამახვანჰესზე" ლაპარაკისას შემდეგი განცხადებაც კი გააკეთა: "დღეს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ჰიბრიდული ენერგეტიკული ომის გამოკვეთილ ნიშნებს ვხედავთ".

ზოგადად, საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისთვის ჰესების მშენებლობის მნიშვნელობაზე, გარე ძალების ინტერესებსა და კონკრეტულად "ნამახვანჰესზე" AMBEBI.GE-ს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, გიორგი გობრონიძე ესაუბრება.

- უპირველეს ყოვლისა, როცა ვლაპარაკობთ ენერგოდამოუკიდებლობაზე, ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანაში აღნიშნული საკითხები ფუნდამენტურად ნაკვლევი იყოს, გამომდინარე იქიდან, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოება ნაციონალური უსაფრთხოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რაზეც დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი, მდგრადი განვითარება და კი ბატონო, შეიძლება ითქვას, რომ ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება სახელმწიფოს სრულფასოვანი და მდგრადი განვითარებისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობისაა. რაც შეეხება ჰესების მშენებლობას, ჰესები, ისევე, როგორც სხვა ენერგოობიექტები, რომელიც სახელმწიფოს საშუალებას მისცემს, ენერგეტიკული რესურსები გარე ბაზრებისგან დამოუკიდებლად ჰქონდეს და ამ თვალსაზრისით ნაწილობრივ მაინც იყოს თვითკმარი, შეიძლება ითქვას, სტრატეგიული და ფუნდამენტური მნიშვნელობისაა. თუმცა, აქ რამდენიმე გარემოებაა მხედველობაში მისაღები:

პირველი, რომ ჰესები, ისევე, როგორც თბოელექტროსადგურები, მზის სადგურები და ქარის ელექტრო სადგურები, საჭიროა და არ იქნებოდა სწორი იმაზე ლაპარაკი, რომ ჩვენ ენერგეტიკული სიმძლავრეები არ გვჭირდება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ჩვენი ჰიდროენერგო რესურსების ძალიან მცირე ნაწილს, დაახლოებით, 20%-ს ვიყენებთ, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ თვალსაზრისით უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში ჩვენი ნაციონალური უსაფრთხოების ინტერესის ჩვენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არ დავაზარალოთ - ესაა იგივე, გარემოს დაცვა, ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების თავიდან აცილება და ა.შ. ასე რომ, ჩვენ თუ ერთ საქმეს ვაკეთებთ, არ უნდა გავაფუჭოთ სხვა და ეს ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება ითქვას, რომ ჰესის მშენებლობა არ გამორიცხავს იმას, რომ ჰესი აშენდეს უსაფრთხოდ.

- რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად, რომ საქართველო ენერგოდამოუკიდებელი იყოს და ამ თვალსაზრისით, რა პრობლემები გვაქვს, რა უნდა შეიცვალოს, რათა ამას მივაღწიოთ?

- ენერგოდამოუკიდებლობა ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, გამომდინარე იქიდან თუნდაც, რომ საკმაოდ რთულ რეგიონში ვართ. შევხედოთ, ვინ არიან ჩვენი პარტნიორები ამ თვალსაზრისით - ჩვენ ძირითადად რუსულ, აზერბაიჯანულ და თურქულ ენერგორესურსებზე ვართ დამოკიდებული და საბოლოო ჯამში, ვერც ერთი მათგანი ჩაითვლება იმ პარტნიორად, რომელთანაც შეგვიძლია, თავი 100%-ით უსაფრთხოდ ვიგრძნოთ - ეს ერთი მიმართულებაა. მეორეა, რომ გვაქვს სიმძლავრეები, თუნდაც ჰიდრორესურსების სახით, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ, რომ შევამციროთ ეს დამოკიდებულება და თუ ვერ ვიქნებით ბოლომდე დამოუკიდებლები, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მომწოდებლები მაქსიმალურად დივერსიფიცირებული გვყავდეს, რაც ჩვენს რეგიონში რთულად მისაღწევია. ამ ფონზე კიდევ უფრო მაღალია ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობა, ეს ერთ-ერთი საკითხია, რაზეც საზოგადოებაში კონსენსუსი უნდა არსებობდეს, რადგან ჩვენ გვჭირდება ის, რომ ენერგორესურსების გარკვეული ნაწილი მაინც (რადგან ჩვენ არ გვაქვს ბუნებრივი აირი და ნავთობი) ჩვენივე გვქონდეს და ეს ბოლომდე ათვისებული იყოს.

- ამ მიმართულებით როგორია რუსეთის ინტერესები ჩვენ მიმართ?

- რუსეთის ფედერაციას ძალიან მარტივი, გასაგები ეკონომიკური ინტერესი აქვს. ეს არ არის მარტო ინტერესი საქართველოს მიმართ ან საქართველოს წინააღმდეგ, ესაა ინტერესი უპირველეს ყოვლისა, რუსეთის ფედერაციისთვის, რომ მას სურს, ჰქონდეს კონტროლი ენერგორესურსების როგორც მიმღებ, ისე გამანაწილებელ საშუალებებსა და რესურსებზე, რომ იგი თვითონ იყოს ენერგორესურსების ძირითადი მიმწოდებელი მსოფლიო ბაზრისთვის, ყოველ შემთხვევაში, მისი საგრძნობი ნაწილისთვის. რაც უფრო მეტად არიან სხვა სახელმწიფოები დამოკიდებულნი რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკულ რესურსებზე, მით უფრო იოლი ხდება რუსეთისთვის მისი პოლიტიკური დღის წესრიგის იმპლემენტაცია. შესაბამისად, აქ საუბარი იმაზე, რომ რაღაც განსაკუთრებულ კონსპირაციას ვაწყდებით, რომელზეც მსჯელობა ძალიან ჰიპოთეტური იქნებოდა, სწორი არ არის, რადგან ეს ინტერესი ძალიან კონკრეტული და გამოხატულია - მოსკოვი დაინტერესებულია, რომ ის საქართველოსთვის ენერგორესურსების ძირითადი მომწოდებელი იყოს და ჩვენ მასზე ვიყოთ დამოკიდებული, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სახელმწიფო იქნება დაინტერესებული, რომ მეზობელი ქვეყნები მასზე ენერგეტიკულად დამოკიდებულები იყვნენ. ანუ, აქ რაღაც განსაკუთრებული კი არაფერი ხდება, ეს ბუნებრივი მოცემულობაა, რასაც ყველა ქვეყანა აკეთებს, ვისაც ენერგეტიკულ რესურსებზე წვდომა აქვს, რუსეთი კი მსოფლიოში ენერგორესურსების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია. თავისთავად ცხადია, მას აღნიშნული ამბიცია აქვს, ისევე, როგორც ეს აქვს აზერბაიჯანს, ისევე, როგორც ტერიტორიული თავისებურებებიდან გამომდინარე, ეს ამბიცია თურქეთსაც აქვს, რომ იგი იყოს არა მხოლოდ ენერგორესურსების, არამედ ზოგადად, მსოფლიო ვაჭრობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჰაბი.

- კონკრეტულად "ნამახვანჰესს" რომ შევეხოთ, პრემიერმა ამაზე საუბრისას შემდეგი განცხადება გააკეთა: "დღეს ჩვენ ვხედავთ ჰიბრიდული ენერგეტიკული ომის გამოკვეთილ ნიშნებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ". დაეთანხმებოდით თუ არა ამ განცხადებას და რაში გამოიხატება ეს?

- როდესაც ვლაპარაკობთ ზოგადად, ჰიბრიდულ ომსა და ნებისმიერი ტიპის უსაფრთხოების გამოწვევაზე, ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, როგორ უყურებს ამ გამოწვევას თვითონ სახელმწიფო. ჩვენ იმ რეალობაში ვცხოვრობთ, როდესაც სახელმწიფოს მკაფიოდ გაწერილი პოლიტიკური ხედვა ნაციონალურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არ გააჩნია - ბოლოს დაახლოებით 10 წლის წინაა განახლებული ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია. თვითონ ტერმინი "ჰიბრიდული ენერგეტიკული ომიც" რას შეიძლება ნიშნავდეს - გასაგებია, რომ აქ პრემიერ-მინისტრმა ალბათ იგულისხმა ის, რომ ჩვენს ენერგოდამოუკიდებლობას ეწინააღმდეგებიან გარე ძალებიც, რაც იდეაში, ლოგიკურია, მაგრამ მეორე მხრივ, არ შეიძლება, იქით წავიყვანოთ საუბარი, რომ ყველა ადამიანი, ვისაც საქართველოში პროტესტი აქვს ან გარკვეულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით კითხვები უჩნდება, მაინცდამაინც ამ უცხო ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგის განმახორციელებელია.

რასთან დაკავშირებითაა "ნამახვანზე" კითხვები? პირველი კითხვები მაინც უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩნდება, რამდენად იქნება მოსახლეობა და საზოგადოება დაცული იმისგან, რომ არ მოხდება გარკვეული ტექნოგენური კატასტროფა, როდესაც აღნიშნული ობიექტი აშენდება. მით უმეტეს, კომპანია, რომელიც მოცემულ ობიექტს აშენებს, საზოგადოებაში მაღალ ნდობას არ იწვევს. ჩვენ ნანახი გვაქვს მის მიერ განხორციელებული ერთი პროექტი, ეს უკვე აჭარაში აშენებული ჰიდროელექტრო სადგურია, სადაც სამიდან ორი გვირაბი ჩამოიშალა და მიუხედავად იმისა, რომ ჰესის მშენებლობა 2 წლის წინ დასრულდა, ის დღემდე არ ფუნქციონირებს და არ იძლევა იმ შედეგს, რა შედეგიც მას უნდა მოეტანა.

აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, როცა კითხვები ჩნდება და უმჯობესია, სახელმწიფომ იმაზე იმუშაოს, რომ ასეთ კითხვებს ელემენტარულად, გაეცეს პასუხი. როცა ლაპარაკობენ, რომ შეცდომები იქნა დაშვებული, უკაცრავად და, ეს შეცდომები აქაც რომ არ იქნება დაშვებული, ამისგან ჩვენ დაზღვეულნი ვართ?

ერთია, რომ გვჭირდება სიმძლავრეები, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, ეს სიმძლავრეები იმავდროულად, უსაფრთხო უნდა იყოს - მე არ უნდა მქონდეს იმის შიში, რომ ჰესი როცა აშენდება, შეიძლება, ერთ დღეს დავიტბორო იმის გამო, რომ ვიღაცას რაღაც შეეშალა, მაგალითად, ვერ გათვალა, რა სიმყარის უნდა ყოფილიყო კაშხალი, როგორი უნდა ყოფილიყო გვირაბი და ა.შ. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ შემთხვევაში, საფრთხეები უნდა გამოვრიცხოთ და საზოგადოების პროტესტიც უპირველეს ყოვლისა, აქეთაა მიმართული.

მედლის მეორე მხარეა, რომ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოების სხვა ინტერესიც, როგორიცაა იგივე, მათი საკუთრების უფლება, მათი ქონებრივი უფლებები, დაცული იყოს. მივდივართ მესამე პრობლემამდეც - რატომაა მთავრობის მიმართ ასეთი უნდობლობა? იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების უდიდესი ნაწილი ბოლო პერიოდში, გარკვეული ხარვეზებით განხორციელდა. ხშირად ჩვენ რაღაც პროექტებს მეცნიერული გათვლებისგან დამოუკიდებლად ვაკეთებთ, არ ვუსმენთ სპეციალისტებს და შემდეგ უფრო რთული და მძიმე შედეგების წინაშე ვდგებით.

სამწუხარო რეალობაა ჩვენს ქვეყანაში ის, რომ გარემოს დაცვის პოლიტიკა ზოგადად, უგულებელყოფილი იყო და ის არ განიხილებოდა სრულფასოვნად, როგორც ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ნაწილი, არადა, ეს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი ფუნდამენტური კომპონენტია, რადგან საქმე ადამიანის საცხოვრებელ გარემოს შეეხება, ადამიანებს კი სრული უფლება აქვთ, ნებისმიერი საფრთხის შესახებ იცოდნენ, რაც მათ შეიძლება, გარემოდან დაემუქროს. სწორედ ამაზეა ლაპარაკი, რომ ეს კითხვის ნიშნები თუ მოიხსნება, თუ შემოვა კომპანია, რომელსაც წარმატებული პროექტების განხორციელების დიდი ისტორია ექნება, თუ ჯეროვანი ექსპერტული კვლევები ჩატარდება და თუ მოსახლეობის ინტერესი ბოლომდე გათვალისწინებული იქნება, არ მგონია, ჩვენი საზოგადოება იმის წინააღმდეგი იყოს, რომ ქვეყანას ენერგოსიმძლავრეები გააჩნდეს.

არასწორია ასეთი მიდგომა, რომ ხალხი ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ გამოდის და ადამიანები საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ნაწილნი არიან. ეს პრობლემა ჰქონდა საქართველოს პოლიტიკურ კლასს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან - ყველას, ვინც მმართველი პოლიტიკური ელიტის მიერ შემოთავაზებულ მეინსტრიმულ იდეას არ ეთანხმება, ვეძახით სახელმწიფოს მტერსა და მოღალატეს, მაშინ, როდესაც შეიძლება, მოისმინოს ადამიანმა კრიტიკა და გაიგოს, რაშია პრობლემა.

სულ მცირე, თვითონაც უნდა გაუჩნდეთ კითხვები - მე არ მგონია, რომელიმე ნაციონალურ ხელისუფალს აწყობდეს ასეთი რამ, რომ განხორციელდეს გიგანტური ჰესის პროექტი, რომელიც შემდეგ ასეულობით ან ათასეულობით მოქალაქის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის. მთავრობამ უნდა წარმოადგინოს ყველა გარანტია იმისა, რომ პროექტი, რომელიც ხორციელდება, 100%-ით უსაფრთხოა - აქ საუბარი არაა 99%-იან უსაფრთხოებაზეც, რადგან ეს არაა თუნდაც, გაზეთების გასაყიდი ჯიხურის ჩადგმა რომელიმე პარკში, აქ ლაპარაკია ჰიდროელექტრო სადგურზე, რომლის პატარა ავარიასაც შეიძლება, საკმაოდ სერიოზული პრობლემები მოჰყვეს როგორც გარემოსთვის, ისე - ადამიანებისთვის.