ავტორი:

"ლუქს-კარანტინი" მფრინავების, მძღოლების და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ხშირად ხვდებიან პრეზიდენტს - როგორ იცავს ვლადიმირ პუტინი თავს კორონავირუსისგან

"ლუქს-კარანტინი" მფრინავების, მძღოლების და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ხშირად ხვდებიან პრეზიდენტს - როგორ იცავს ვლადიმირ პუტინი თავს კორონავირუსისგან

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის ბი-ბი-სის რუსულმა სამსახურმა («BBC russian») გამოაქვეყნა ვრცელი ჟურნალისტური გამოკვლევა, სათაურით: "კრემლის "ლუქს-კლასის“ კარანტინი: როგორ მუშაობენ სამედიცინო ობსერვატორები პუტინის მფრინავებისა და მასთან მოსაუბრეებისათვის პანდემიის დროს“. პუბლიკაციაში გადმოცემულია რუსეთის პრეზიდენტის მომსახურე პერსონალის ცხოვრებისა და მუშაობის პირობები "კოვიდ-19“-ის პანდემიის პირობებში. მასალაში ნაჩვენებია, თუ როგორ იმყოფებიან კარანტინში ვლადიმირ პუტინის მფრინავები, მძღოლები, ექიმები და უბრალოდ, ის ადამიანები, რომლებიც ხშირად ხვდებიან პრეზიდენტს და მასთან აქტიური ურთიერთობა აქვთ. პუბლიკაციაში ყურადღება ეთმობა როგორც სამედიცინო დამკვირვებელ-ობსერვატორების ფუნქციებს, ასევე ვლადიმირ პუტინის კორონავირუსის ინფექციისაგან დაცვის უზრუნველსაყოფად თანხების ხარჯვის კრემლისეულ მეთოდებს.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

შარშან, 2020 წლის მარტის ბოლოს, როცა რუსეთში კორონავირუსის პირველი დაავადებულები გამოვლინდა, პრეზიდენტისა და ქვეყნის სხვა პირველი პირების მომსახურე სპეციალური ავიარაზმის "როსიას“ ეკიპაჟი პირველად "ჩაიკეტა“ კარანტინში, მოსკოვის ახლოს მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში, სახელწოდებით "დესნა“. მას შემდეგ პილოტები, მძღოლები, მედიკოსები და ის ადამიანები, რომლებიც ვლადიმირ პუტინს ხშირად ხვდებიან, რეგულარულად ატარებენ რამდენიმე კვირას კრემლის სანატორიუმებში და სასტუმროებში. პამდემიისაგან მათ დასაცავად პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოს მიერ გამოყოფილი იყო 6,4 მილიარდ რუბლზე მეტი (დაახლოებით 85 მილიონი დოლარი).

როგორ მუშაობს ეს სისტემა?

  • სპეცმომსახურების გამო დახურულნი

კრემლის ყველაზე მსხვილ ოთხ სანატორიუმს - "ვატუტინკას“, "დესნას“ (მოსკოვის ოლქში), "დაგომისს“ და "რუსს“ - სოჭში, სადაც ვლადიმირ პუტინი ყველაზე მეტ დროს ატარებს, ყველაზე მეტი დაფინანსება აქვთ - დაახლოებით ორი მილიარდი რუბლი. ეს სანატორიუმები, პანსიონატები და სასტუმროები შარშან მარტიდან ფაქტიურად "სპეცმომსახურებაზე“ არიან გადაყვანილნი: ჩვეულებრივ ადამიანს მათში ნომრის დაჯავშნა და სარგებლობა არ შეუძლია. თავდაპირველად გაცხადდა, რომ ისინი მოქალაქეთა მომსახურებისათვის მხოლოდ 2020 წლის ზაფხულის ბოლომდე იქნებოდნენ დახურულნი, მაგრამ როგორც გამოცმების გამოკვლევით გაირკვა, ისინი ამ დროისთვის, 2021 წლის გაზაფხულისათვის, ისევ დახურულია და ჯერაც არ გახსნილან. უფრო მეტიც, რამდენიმე კონტრაქტის ვადა გაგრძელდა.

  • წინასაფრენი მომზადება მოსკოვში

კრემლის კურორტების ყველაზე მსხვილი ოფიციალური დამკვეთი მთელი წლის განმავლობაში ავიარაზმი "როსია“ გახდა, რომლის მთავარი მგზავრები არიან პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და პრემიერ-მინისტრი მიხეილ მიშუსტინი. ასეთი რეისები ოფიციალურად "განსაკუთრებულ მნიშვნელოვნად“ მიიჩნევა და როგორც წესი, უმაღლეს დონეზე არიან დაცვით უზრუნველყოფილი.

კონტრაქტების უმრავლესობა სასტუმროებთან და სანატორიუმებთან დაიდო "დაცული პირების სანიტარულ-ეპიდემოლოგიური უზრუნველყოფის“ მიზნით. ავიარაზმი "როსიას’ წარმომადგენლებს ყოველი ფრენის წინ სამედიცინო ტესტებს უკეთებენ, ასევე ახდენენ იმ პირების შემოწმებასაც, რომლებიც თვითმფრინავების ტექნიკურ მდგომარეობას ამოწმებენ.

ბი-ბი-სის ერთ-ერთი წყაროს თქმით, ფრენის მომზადების დავალება ჩვეულებრივად პილოტებს, სტიუარდესებს და ფლაით-მენეჯერებს ეძლევათ, თუმცა ზოგჯერ მათ სიაში სარეზერვო ეკიპაჟიც ხვდება. შეიძლება ითქვას, რომ ათობით პილოტი, სტიუარდესა და სხვა სპეციალისტები, რომლებიც ავიარაზმ "როსიას“ საბაზისო აეროპორტ ვნუკოვოში ირიცხებიან, ფრენების წინ კარანტინში, სახლიდან მოშორებით ცხოვრობენ - სასტუმრო-სანატორიუმებში, სამჯერადი კვებით, რამდენიმე დღით დაწყებული, ორი ან კვირის განმავლობაში.

  • კარანტინი სოჭში და ყირიმში

მფრინავებთან დადებულ კონტრაქტებში არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ ვისი "სანიტარულ-ეპიდემოლოგიური კეთილდღეობა“ უნდა უზრუნველყონ მათ კარანტინში "ჯდომის“ დროს. თუმცა, ავიარაზმ "როსიას“ ფრენების უსაფრთხოების მაღალი დონე შეიძლება იმით აიხსნას, რომ სწორედ მათ თვითმფრინავებს მიჰყავთ სოჭში უმაღლესი თანამდებობის პირები ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად. ამას ირიბად ადასტურებს ის ფაქტი, რომ სოჭში შექმნილი კოვიდიზოლატორებს ორჯერ მეტი დაფინანსება აქვთ, ვიდრე მოსკოვში არსებულებს.

პანდემიის დროს ვლადიმირ პუტინი თავის სოჭის რეზიდენციაში ბევრს მუშაობდა. მის ახლოს მდებარე სანატორიუმებში - "დაგომისში“, "რუსში“ და "სოჭში“ ობსერვატორების მთელი არმია იყო განლაგებული. გარდა მისა, იქ იყვნენ არამხოლოდ პუტინის, მიშუსტინისა და ლავროვის თვითმფრინავების, არამედ სამთავრობო ვერტმფრენთა ეკიპაჟებიც - "ყველასათვის იყო დაჯავშნული ნომრები“.

ერთ-ერთი რუსული პოპულარული გამოცემის "პროექტის“ მონაცემების მიხედვით, აღნიშნულ სანატორიუმებში განთავსებულები იყვნენ აგრეთვე პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, პირადი ფოტოგრაფები და ტელეოპერატორები, გადამღები ჯგუფის "მოსკოვი/კრემლი/პუტინის“ წევრთა ნაწილი.

არავინ იცის ზუსტად, თუ რამდენ ხანს იქნებიან დახურული ეს დასასვენებელ-გამაჯანსაღებელი ობიექტები. სანატორიუმ "დაგომისის“ პრესსამსახურში ამბობენ, რომ ობსერვატორთა განთავსების შესახებ მონაცემები "დახურულ ინფორმაციას“ მიეკუთვნება და პასუხისათვის პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოს უნდა მიმართოთო. მსგავსი პასუხები ჰქონდათ "რუსისა" და სოჭის მესვეურებსაც

რაც შეეხება ყირიმში მდებარე სანატორიუმებს:

რუსეთის პრეზიდენტის მომსახურე პერსონალისთვის (მათ შორის, ავიარაზმ "როსიას“ პილოტებისთვისაც) გამოყოფილი იქნა სანატორიუმი "ნიჟნაია ორეანდა“, იალტის ახლოს. მაგალითისათვის გავიხსენოთ ვლადიმირ პუტინის ყოფნა ყირიმში, ავტოტრასა "თავრიდის“ გახსნის დროს, ივლისში. მფრინავები სწორედ "ნიჟნაია ორეანდაში“ იმყოფებოდნენ, ერთადგილიან ლუქს-ნომრებში, სამჯერადი კვებით და ტრანსფერით.

  • კარანტინი ვლადიმირ პუტინის სტუმრებისათვის

24 ივნისს, გამარჯვების 75-ე წლისთავის აღნიშვნისას ვლადიმირ პუტინი წითელ მოედანზე ომის ვეტერანებს შეხვდა, 80-კაციან ჯგუფს. როგორც ბი-ბი-სიმ გაარკვია, ვეტერანები, პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოს კონტრაქტით, სანამ ქვეყნის მეთაურს შეხვდებოდნენ, ორკვირიან კარანტინი მოსკოვის ოლქში მდებარე გამაჯანსაღებელ კომპლექს "კლიაზში" გაატარეს (საკონტრაქტო თანხა - 19,5 მილიონი რუბლი).

სხვათა შორის, კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა სამხედრო აღლუმის დროს დაადასტურა, რომ "ვეტერანთა ჯგუფი კარანტინში საუკეთესო პირობებში იმყოფებოდა: "ჩვენ მათ ჯანმრთელობაზეც ვზრუნავდით“, - აღნიშნა პრესმდივანმა.

ვეტერანების გარდა, კარანტინი მოსკოვის სასტუმროებში გაატარეს ვლადიმირ პუტინთან შეხვედრების სხვა მონაწილეებმაც. მაგალითად, "ბოლშაია იაკიმენკაზე მდებარე "პრეზიდენტ-ოტელში“ იზოლირებულები იყვნენ "სახალხო ერთიანობის დღის“ საზეიმოდ აღნიშვნის მონაწილეები.

  • კარანტინი თუ ექიმების სამუშაო?

პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოს ნება დაერთო პამდემიის პროფილაქტიკისათვის მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხების ნაწილი დაეხარჯა იმ პირების "სამედიცინო დახმარებისათვის“, რომლებიც უწყებას ემსახურებიან, ანუ იმათ, ვინც კრემლში და ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებში მუშაობს, ასევე "მათზე მიმაგრებული კონტინგენტისათვის - გადამდგარი ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის, მათი ოჯახებისთვის და ა.შ. კრემლის მთავარმა სამკურნალო დაწესებულებამ - ცენტრალურმა კლინიკურმა საავადმყოფომ ამ მიზნებისათვის მიიღო ერთ მილიარზე მეტი რუბლი, რომლის გაკრვეული ნაწილი ექიმების მივლინებაში დაიხარჯა სოჭში და ვალდაიში.

2020 წლის შემოდგომაზე მოსკოვში თითქმის 40-ზე მეტ მედიკოსს მოუხდა ღამე სახლის გარეთ, პრეზიდენტის სასტუმრო "არბატში“ გაეტარებინა. ექიმები იქ ცხოვრობდნენ 30 სექტემბერიდან 16 ოქტომბრამდე, შემდეგ კი ნოემბრის თვეში. მართალია, ვლადიმირ პუტინს იმ ხანებში სტუმრები არ ჰყოლია, მაგრამ ექიმები დაკავებული იყვნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებით.

ზამთარში კრემლის ცენტრალურმა კლინიკურმა სავადმყოფომ ექიმები კავკასიის მთებში, "კრასნაია პოლიანაში“ გაგზავნა, სადაც ვლადიმირ პუტინს თხილამურებით სრიალი უყვარს. მართალია, იქ პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოს თავისი სასტუმროები არ აქვს, მაგრამ ისინი "გაზპრომის“ კუთვნილ სასტუმრო "პოლიანაში" ცხოვრობდნენ. მათთან ერთად სასტუმროში იყვნენ კრემლის სატრანსპორტო კომბინატის "როსიას“ ავტომობილების მძღოლებიც, რომლებიც პრეზიდენტს და ქვეყნის პირველ პირებს ემსახურებიან.

იბადება კითხვა: საიდან იღებდა (იღებს) კრემლი თანხებს პანდემიისაგან დასაცავად?

პასუხი: ყოველწლიურად პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოს კუთვნილი სასტუმროები და კურორტები სუბსიდიებს იღებენ, როგორც პრეზიდენტისა და სხვა თანამდებობის პირების, ასევე კრემლის თანამშრომლების მომსახურებისათვის, მათ შორის გადამდგარ მაღალჩინოსნებისთვისაც.

თითქოსდა პანდემიას სასტუმროები უნდა დაეზარალებინა, მაგრამ მოხდა პირიქით - ტურისტული სფეროს წინაშე მდგარი პრობლემების ფონზე კრემლის სანატორიუმებმა უძლიერესი "ფინანსური გადასხმები“ მიიღეს საკარანტინო მომსახურებისათვის. თანხებით უზრუნველყოფა მოხდა სახელმწიფო სათათბიროს მიერ 2020 წლის 31 მარტს მიღებული კანონის საფუძველზე, რომლის თანახმად, მთავრობას ნება ეძლევა თანხები თავისი შეხედულებით დახარჯოს პანდემიასთან ბრძოლის ჩარჩოებში.

ამ კანონის მიხედვით, მთავრობამ, მიხეილ მიშუსტინის ხელმოწერით, 2020 წლის განმავლობაში პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოს სამსახურს თითქმის 4,2 მილიარდი რუბლი გადაურიცხა, რომელიც შემდეგ სამმართველომ თავისი შეხედულებით გადაუნაწილა სხვადასხვა სასტუმროებს და სანატორიუმებს.

"ბი-ბი-სის" რუსულმა სამსახურმა პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოს კითხვები გაუგზავნა დაფინანსებისა და თანხების განაწილების დაზუსტების მიზნით, მაგრამ როგორც კრემლიდან გამოგზავნილი პასუხით ირკვევა, "სამმართველო საკარანტინო ღონისძიებების ორგანიზატორი არ არის და ამიტომ ეს კითხვები მას არ ეხება“. თითქმის იგივე პასუხი გასცა დასმულ კითხვებს კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმაც: "მე სამმართველოს პასუხს ვერაფერს დავამატებ“. კითხვაზე, თუ რამ განაპირობა ვლადიმირ პუტინის ჯანმრთელობის დასაცავად ასეთი მასშტაბური ღონისძიებები და არის თუ არა მსგავსი პრაქტიკა სხვა ქვეყნებში, პესკოვმა არ უპასუხა.

  • "გუბერნატორული“ კარანტინი კრემლში: უთო და სამი საწოლი

პრეზიდენტის საქმეთა სამმართველო ფულს იხდის არა მარტო იმ ობსერვაციაში, რომელიც პირველი პირების ფრენასთან არის დაკავშირებული, არამედ იმ პირების კარანტინისთვისაც, რომლებიც პრეზიდენტთან კონტაქტობენ. ამ სისტემას მეორე მხარეც აქვს: თუ პრეზიდენტი რომელიმე რეგიონში ვიზიტით მიდის, ადგილობრივმა ჩინოვნიკებმა, პრეზიდენტის შეხვედრის წინ საკუთარი კარანტინის ხარჯები თვითონ უნდა გადაიხადონ.

თუ როგორ მუშაობს ეს სისტემა, განვიხილოთ ვლადიმირ პუტინის ნიჟნი ნოვგოროდში ოლქში (საროვში) ვიზიტის მაგალითზე, რომელიც გასული წლის ნოემბრის ბოლოს განხორციელდა, პანდემიის გაგანია მეორე ტალღის დროს

პრეზიდენტის ადგილზე ჩასვლის წინ საოლქო ხელმძღვანელობამ რეგიონის ბიუჯეტიდან ერთი მილიონი რუბლი გამოჰყო სხვადასხვა შესყიდვებისათვის, რომელიც ითვალისწინებდა პანდემიის პროფილაქტიკას იმ ღონისძიებებზე, რომლებიც პრეზიდენტის ვიზიტს შეეხებოდა. ღონისძიებების მომზადებისა და ორგანიზების მიზნით პრეზიდენტის ადმინისტრაციის 20 თანამშრომელი ადგილობრივ პანსიონატში განათავსეს - 15-დღით, სამჯერადი კვებით, რაც ბიუჯეტს 150 ათასი რუბლი დაუჯდა.

ყველაზე ორიგინალური შესყიდვა იყო კაკლის ფერი სამი ხის საწოლის შეძენა, მასთან ერთად - ლეიბის, საბნის, გადასაფარებელი თეთრეულის ექვსი კომპლექტის, ერთი უთოსა და ოთხი სეიფის ყიდვა. ეს ყველაფერი ნიჟნი ნოვგოროდის კრემლში - ადგილობრივი მთავრობის რეზიდენციაში მიიტანეს. სწორედ იქ მოხდა გუბერნატორ გლებ ნიკიტინისა და მისი ორი თანაშემწის თვითიზოლაცია ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის წინ.

სხვათა შორის, "საგუბერნატორო კაფეს“ ცალკე კონტრაქტი გაუფორმეს ობსერვაციაში მყოფი თანამშრომლების კვებისათვის. ასევე ოლქის ადმინისტრაციის დაკვეთით, მათთვის დამზადებული იქნა პლასტიკური ქეისი დოკუმენტებისათვის და 5-მეტრიანი ბანერი "ობსერვაციაში მყოფი ოლქის მთავრობის წევრების მუშაობის ადგილის უზრუნველსაყოფად“. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

"გრიბოედოვის ძეგლის შეურაცხყოფა და პოზნერის წინააღმდეგ პროვოკაცია არის მცდელობა, გაართულონ რუსულ-ქართული ურთიერთობები" - ზახაროვა

ვლადიმერ პუტინი რუსეთის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დაასახელეს - "მას კონკურენციას ვერავინ უწევს"

ფართომასშტაბიანი ესკალაციის დასაწყისი? - რუსეთის სამხედრო მობილიზება უკრაინის საზღვართან და დაპირება, რომ აშშ უკრაინას მარტოს არ დატოვებს