ავტორი:

"ამ ეტაპზე ფართო "ლოკდაუნი" არ იგეგმება" - დაწესდება თუ არა ახალი შეზღუდვები აღდგომის დღეებში და რას გეგმავს მთავრობა

"ამ ეტაპზე ფართო "ლოკდაუნი" არ იგეგმება" - დაწესდება თუ არა ახალი შეზღუდვები აღდგომის დღეებში და რას გეგმავს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ფართო „ლოკდაუნი“ არ იგეგმება.

კითხვაზე, ხომ არის მოსალოდნელი, რომ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვები დაწესდეს, გაბუნია ამბობს, რომ ყველაფერი კეთდება, რომ ადგილობრივი მატების ლოკალიზება მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს.

„ამ ეტაპზე ფართო „ლოკდაუნი“ არ იგეგმება, უფრო მეტიც - ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ადგილობრივი მატების ლოკალიზება, რადგან ყველას გვესმის, რომ ფართომასშტაბიან შეზღუდვებს ქვეყანა სოციალური და ბიზნესაქტივობების მიზნებისთვის ძალიან რთულად გადაიტანს, ამდენად ძალიან სწრაფად წერტილოვანი რეაგირება მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გაბუნიამ.

ამასთან, მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეპიდემიური სურათი ნამდვილად საყურადღებოა.

„შემთხვევების მატება აღინიშნება. კონკრეტულ რეგიონებსა და კონკრეტულ დასახლებულ უბნებში. ამდენად დღეს ჩვენთვის მთავარი არის ეპიდემიის გავრცელების ადგილზე ლოკალიზება. ამის მექანიზმი არის ინტენსიური ტესტირება და ასევე ნიღბების და ყველა იმ წესების დაცვა, რაც დაწესებულია. ჯერჯერობით ვცდილობთ, რომ ლოკალიზება მოხდეს ამ გზებით, შემდეგ სიტუაცია როგორც განვითარდება, ამის მიხედვით მივიღებთ სხვა გადაწყვეტილებებს. სრულიად დაუშვებელია, რომ ეპიდემიას ესკალაციის შესაძლებლობა მივცეთ“, - განაცხადა გაბუნიამ.

გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში 3000-ზე მეტი საწოლი რჩება მობილიზებული, რათა ინფიცირების რაოდენობის მატების შემთხვევაში, სამედიცინო ქსელი მზად იყოს. მისივე ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, 1685 პაციენტი რჩება კლინიკაში, რომელთაგან 67 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია.

ამასთანავე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საყურადღებო რჩება ვირუსის გავრცელების ყოველდღიური მაჩვენებელიც.

„ახალდადასტურებული შემთხვევა 24 საათის განმავლობაში არის 529 შემთხვევა ანუ შემთხვევების რაოდენობა საყურადღებო რჩება. დადებითობის მაჩვენებელი ბოლო ორი კვირის განმავლობაში არის 1,8%, 7-დღიანი დადებითობის საშუალო მაჩვენებელი არის 1,73% - ესეც გარკვეულწილად იმატებს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მნიშვნელოვანია ტესტრების პროგრამის აქტიური გაგრძელება, 24 ათასი ტესტი იყო ჩატარებული გასული 24 საათის განმავლობაში და უკვე იმ რეგიონებში, სადაც განსაკუთრებით აქტიურად შეინიშნება შემთხვევების მატება, დაიწყო აქტიური ტესტირების, უფრო ლოკალიზებული ტესტირების პროგრამა, გურიაში არის უკვე აქტიურად ამ მიმართულებით მუშაობა. რაც შეეხება სტაციონარებს, 1685 პაციენტი იმყოფება კლინიკებში ამ დილის მდგომარეობით, აქედან 325 პაციენტი არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, 67 - არის რეანიმაციულ განყოფილებაში, 3000-ზე მეტი საწოლი რჩება მობილიზებული იმისთვის, რომ შემთხვევების მატება თუ იქნება, სამედიცინო ქსელი იყოს მზად,“ - განაცხადა გაბუნიამ.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში: იგოეთში, სამთავისსა და ქვემო ჭალაში პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები მოეწყო. უწყების განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ იქნა მიღებული.

მათივე ცნობით, აღნიშული სოფლების ტერიტორიაზე შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს ადგილზე უტარდებათ თერმოსკრინინგი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ტესტირება.

შიდა ქართლის რეგიონის სამ სოფელსა და კასპის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არ წესდება სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, ატარონ პირბადე და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

შსს-ის ცნობით, პოლიციის თანამშრომლები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად სოფელში ინტენსიურად პატრულირებენ. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა აქცია გრძელდება - რას პასუხობს შსს ბრალდებას, რომ პოლიცია რიონის ხეობაში საკომუნიკაციო სიგნალს სპეცაპარატურით ახშობს

გურამ დოჩანაშვილს 6 აპრილს დაკრძალავენ, სამოქალაქო პანაშვიდები სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება

"მიმდინარეობს მასობრივი ტესტირება" - ოზურგეთის, ლანჩხუთის და ზუგდიდის 4 სოფელში პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები მოეწყო