ავტორი:

"ხშირად მეუბნებიან, საიდან იგონებ ამ ამბებსო? თითქმის არაფერს ვიგონებ" - ვინ არის გურჯაანელი "უფლისწული", რომლის პოსტები ინტერნეტსივრცეს ახალისებს

"ხშირად მეუბნებიან, საიდან იგონებ ამ ამბებსო? თითქმის არაფერს ვიგონებ" - ვინ არის გურჯაანელი "უფლისწული", რომლის პოსტები ინტერნეტსივრცეს ახალისებს

სოციალური ქსელი ის სივრცეა, სადაც ადამიანი თავისი განწყობებით, ემოციით ყველაზე კარგად ჩანს. აქედან გამომდინარე - არიან ისეთები, ვინც მხოლოდ საკუთარი ნეგატიური ემოციების გაზიარებით არიან დაკავებული და ისეთებიც, ვინც მხოლოდ პოზიტიურ ემოციებს აზიარებენ. გიგი გილიგაშვილი ის ადამიანია, ვინც მუდმივად ზრუნავს იმაზე, რომ ფეისბუქ-მეგობრები გაამხიარულოს, ღიმილი მოჰგვაროს...

გიგი თავისი იუმორით დიდი ხანია იქცევს ყურადღებას. შეიძლება ითქვას, რომ ინტერნეტვარსკვლავადაც იქცა. მისი სტატუსები "ფეისბუქის" პირად გვერდზე კიდევ იმით გამოირჩევა, რომ უმეტესად კახური დიალექტით წერს, რაც კიდევ უფრო სახალისო განწყობას ქმნის და ასობით ადამიანი წამებში იწონებს.

AMBEBI.GE-მ გიგი გილიგაშვილის ახლოს გაცნობა გადაწყვიტა - ვინ არის, როგორ შეუძლია მუდმივად ამდენი დადებითი ენერგია გაუზიაროს ათასობით ადამიანს და რას ნიშნავს ეს ყველაფერი მისთვის?

პროფესიით სოციოლოგია, მაგრამ თითქმის 20 წელია, ოპერატორად მუშაობს - თავიდან "რუსთავი 2"-ში იყო, მერე ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურში და კიდევ სხვადასხვა კომპანიაშიც საქმიანობდა.

"ახლაც ერთ-ერთ კერძო კომპანიაში ვარ, მაგრამ ფაქტობრივად, უმუშევარი, სამსახურში საქმიანობა კვირაში 3-4 დღე მიწევს და ხელფასიც შესაბამისი მაქვს" - გვეუბნება გიგი.

- და შესაბამისად, მეტი დრო გაქვს საზოგადოებასთან სოციალური ქსელის საშუალებით საკონტაქტოდ, ხომ?

- თუ სადმე სუფრასთან არ ვარ, კი, თუმცა მაშინაც შემიძლია, მაგრამ მეგობრები ვერ იტანენ ტელეფონში რომ ვიყურები - დადე ტელეფონი და ყურადღება მოგვაქციეო, მეუბნებიან.

ჩემთვის სუფრა ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. ოჯახშიც ბევრი წარჩინებული თამადა გვყავდა. დედაჩემის მამა, პაპაჩემი კახეთში ცნობილი თამადა იყო. ერთი რომ - გენეტიკურად მომდევს და მერე - ყოველთვის ვბაძავდი თამადობაში ბიძებსაც, ადამიანებს, ვინც ჩემთვის მისაბაძები იყვნენ. პირველად 15 წლისამ კარდენახში ქორწილში ვითამადე და იმის მერე ხიბლში ჩავვარდი. აუდიტორია, პუბლიკა ჩემთვის დიდი საზრდოა. ნერონივით ამბიციური კაცი ვარ. ოღონდ, ტაში დამიკრან... თან, მეადვილება ადამიანებთან კონტაქტი და ურთიერთობა.

- აუდიტორია გიყვარს და აუდიტორიასაც უყვარხარ... როგორ ფიქრობ, ამის მისაღწევად რა არის საჭირო?

- ალბათ ის, რომ გიყვარდეს ადამიანები. თუ თამაშობ, ამას ყველა ხვდება. თუ ამბობ, რომ გიყვარს, უნდა გიყვარდეს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ადამიანების ბედი, მათი მდგომარეობა, ეს თემა სულ მაღელვებს, რასაც ალბათ ისინიც ხვდებიან, გრძნობენ და საპასუხო დამოკიდებულებასაც ავლენენ.

- შენი სოფელი გურჯაანის რაიონი სოფელი არაშენდაა, საიდანაც სტატუსებით მხიარულ "რეპორტაჟებს" გვაწვდი. რას ნიშნავს ეს სოფელი შენთვის?

- როგორც ყველასთვის, ჩემთვისაც, დაბადების ადგილი ყველაზე მნიშვნელოვანია, ძალიან მიყვარს. გამორჩეულია იმით, რომ ანდრონიკაშვილების სოფელი იყო, რომლებიც კარგი თავადები იყვნენ, აქაურებსაც უყვარდათ. თავიანთ სახლში სამკითხველო გახსნეს, ადამიანებს წერა-კითხვას ასწავლიდნენ, ცდილობდნენ, ცოდნა გაევრცელებინათ. ამიტომ, სოფელს განათლება იქიდან მოჰყვება და მგონია, რომ არაშენდა ამ კუთხით ბევრად განსხვავდება ახლომდებარე სოფლებისგან - ნაკითხი და განათლებული ხალხი ცხოვრობს. შეიძლება, ვცდები, მაგრამ ბევრად ადვილია ამ ხალხთან ურთიერთობა, ვიდრე სხვა სოფლის მაცხოვრებლებთან.

- გურჯაანის და თელავის ისტორიულ "ქიშპს" პოსტებში ვერც შენ სცდები. იქნებ გვითხრა, რატომ არ გიყვართ ასე ერთმანეთი?

- ეგ ამბავი რეალურად საიდან იწყება, არავინ იცის, მეც ვერ გავარკვიე. უფრო კი იმას აბრალებენ სიმღერა "გურჯაანო შენ კახეთის გული ხარ" რომ შეიქმნა, თელაველები გაბრაზდნენ - კახეთის გული თელავიაო. თუმცა ეს შუღლი მანამდეც არსებობდა, რადგან ეს ისეთი ჩვეულებრივი რამეა, როგორც მაგალითად, საჩხერე-ჭიათურის, ხონი-ზესტაფონის, სენაკი-ზუგდიდის "დაპირისპირება"... უბრალოდ, თელავი-გურჯაანი უფრო კარგადაა დაპიარებული...

უამრავი თელაველი მეგობარი მყავს და სულ იმაზეა ჩხუბი, ჩამოდი თელავშიო. ზოგჯერ ვამბობ - მოღალატე გურჯაანელი ვარ-მეთქი, რადგანაც ხან გურჯაანელების საწინააღმდეგოს ვწერ, მაგრამ ამათ არ სწყინთ. მოკლედ, ეს ძალიან ზედაპირული თემაა და სერიოზული შუღლი არასოდეს შემხვედრია გურჯაანელების და თელაველების.

- რას ნიშნავს 20-წლიანი ოპერატორის სტაჟი შენთვის და როგორია კადრიდან დანახული, ან მასში არეკლილი სამყარო?

- საინფორმაციოს ოპერატორი ვარ, ამიტომ, მიჩვეული ვარ იმას, რომ მაყურებელს ინფორმაცია მივაწოდო, მაგრამ აქვე კონკრეტული დეტალი ისე უნდა გადავიღო, რომ მაყურებლის ყურადღება მივიქციო. კამერით ყველაფრის უფრო ლამაზად ან უფრო ცუდად დანახვა შეიძლება, ანუ ისე, ვიდრე სინამდვილეშია. ეს საინფორმაციო ოპეატორებს ბევრად ადვილად გამოსდით, ანუ რაღაცის გაზვიადება, ან რაღაცის შემსუბუქება, მაგრამ სიტუაციას გააჩნია და ყველაფერი მაინც გამოცდილებაზეა დამოკიდებული. სხვადასხვა გადაღება მიწევს და როგორც წლების წინ ამ საქმეში გამოცდილი ადამიანები მასწავლიდნენ, ვცდილობ, მეც ისე ვიმუშაო. მნიშვნელოვანია, მაყურებელმა გაიგოს, სად ხდება მოქმედება, რასაც იღებ და რა ხდება.

- პოსტებში დედას ხშირად ახსენებ და ამბობ, რომ ის პედაგოგია... შენი განათლება სტატუსებში კარგად იგრძნობა. ეს დედის დამსახურებაა, თუ თავად იყავი ბეჯითი მოსწავლე?

- დედამ ფრანგული ენის პედაგოგად არაშენდას სკოლაში 50 წელი იმუშავა, ახლა პენსიაზეა. მათ შორის, ჩემი მასწავლებელიც იყო. ყელაფერი, რასაც წარმოვადგენ, დედის დამსახურებაა, მათ შორის, ის, რაღაცეების წაკითხვაში ხელს რომ მიწყობდა. ბევრი რამის კეთება ძალით მიწევდა, მაგალითად, გიტარაზე დაკვრა. ძალიან მეზარებოდა, რადგან ბავშვობიდან ზარმაცი ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ დედა ლიტერატურის წაკითხვას მაიძულებდა, თავისუფალი არჩევანის საშუალებსაც მაძლევდა და ახლა ამ ყველაფრისთვის მისი მადლობელი ვარ. მოკლედ, თუ რამე კარგი გამაჩნია, მშობლების დამსახურებაა.

- მამას, როგორსც შენი სტატუსებით ვხვდებით, ქიშვარდი ერქვა და ალბათ ამიტომაც უწოდებ შენს თავს "ქიშვარდაი ბიჭის", ხომ?

- მამა 7 წლია, ცოცხალი აღარ არის. კოლორიტი იყო, ოღონდ, ძალიან სიტყვაძუნწი, ფიზიკურად ძლიერი და ძალიან განათებული... მოკლედ, კარგი კახელი კაცის შვილი ვარ, იუმორიც ჰქონდა... ერთხელ ვენახიდან ქვა უნდა გამოგვეტანა, სტუდენტი ვარ და სოფელში ჩამოვედი. არსად წახვიდე, ვენახიდან ქვა უნდა გამოვიტანოთო - მითხრა. მე მაინც წავედი, სოფელში ქეიფი მომიწია და დილით მამაჩემი მაღვიძებს, - ადექი ქვა გამოვიტანოთო. მე გავარკვიე ეგ საკითხი, ქვამ კარგი მოსავალი იცის, ჯობია, დატოვოთ-მეთქი, - ვუთხარი. კარგი შვილო, თუ კარგი მოსავალი იცის, დავტოვოთო.

ცოტა ხანში ისევ მაღვიძებს - ადე, ვენახში ქვა შავზიდოთ, შენი უსაქმური დედაო... ეს ნათქვამი კახეთში ანეკდოტად გავრცელდა და ყველამ იცის, რომ ქიშვარდაი ნათქვამია.

- კახეთში მეტსახელები უყვართ. შენ რას გეძახიან?

- ამჟამად "ქიშვარდაი ბიჭად" მომიხსენიებენ და "უფლისწულს" მეძახიან. არაშენდელები ''უფლისწულს'' როგორ დამიძახებდნენ, მე დავირქვი და ესენიც შეეჩვივნენ... ახლაც ძალიან მიყვარს ეგზიუპერის "პატარა უფლისწული" თუ რამეს ვაკეთებ, მანდედან ვხელმძღვანელობ, ჩემთვის „ბიბლიასავით“ არის. მერე ერთი მეგობარი დამცინოდა - ქონდარუხი ხარ, ის უფლისწული არ ხარო. ცოტა ხანი ''ქონდარუხი'' ვიყავი, მაგრამ ბოლოს მაინც ''უფლისწული'' დამრჩა.

- კახური იუმორი გამორჩეულია. თან, მგონი, ანეკდოტური სიტუაცია თქვენსკენ ყოველდღე ხდება...

- ხშირად მეუბნებიან, საიდან იგონებ მაგ ამბებსო? თითქმის არაფერს ვიგონებ, ხან ბირჟაზე ვდგავარ, ხან სუფრაზე ვარ, ხან ამბავს ვიღაც მოყვება, ან ერთმანეთს ელაპარაკებიან - ყველაფერი ჩემს თვალწინ ხდება, რეალურ ცხოვრებაში. ჩემი აზრით, იუმორი ყველა ადამიანშია, უბრალოდ, ყველამ უნდა ვიცხოვროთ ჩვენი ცხოვრებით. ამის მერე იუმორიც მეტად გაიღვიძებს და გაღვივდება...

არ მაღიზიანებს არც რელიგიური, არც ეთნიკური და არც სექსუალური უმცირესობები, მე ჩემი ცხოვრებით ვცხოვრობ. თუ გავბოროტდები, გავღიზიანდები, ნელ-ნელა ბოღმა "შამჭამს" და იუმორის გრძნობას დავკარგავ. ეგ დამღუპველი იქნება. ჯერ პირველ რიგში საკუთარ თავზე ხუმრობა უნდა შეგეძლოს. ზოგი ისეთი ამბიციური, ამპარტავანია, კუდი ყავარზე აქვს შეგდებული. ასეთი ადამიანი ცოდოა და სხვის იუმორსაც ვერ იგებს... მე საკუთარ თავზე ისევე ვიცინი, როგორც - სხვაზე, ამიტომ, ჩემი ხუმრობა არავის აღიზიანებს. მიუხედავად იმისა, რომ სტატუსები "ფეიქების" გარეშე, ანუ გინების გარეშე არ გამომდის... ყოველთვის ვცდილობ, ავცდე, მაგრამ არ გამოდის. თუმცა ეს სხვებისთვის გამაღიზიანებელი არ არის. მიხარია, რომ ხალხისთვის კარგი განწყობის შექმნა შემიძლია...