ავტორი:

"აშშ-ს საქართველოსთვის მილიარდობით დოლარის დახმარება აქვს გაწეული, ქვეყნის მთავრობა რისკავს სენატორების კეთილ ნებას" - ჯორჯ კენტი

"აშშ-ს საქართველოსთვის მილიარდობით დოლარის დახმარება აქვს გაწეული, ქვეყნის მთავრობა რისკავს სენატორების კეთილ ნებას" - ჯორჯ კენტი

საქართველოსთვის სასწორზე იმ მომავლის გაგრძელებაა, რომელსაც მისი ლიდერები ამბობენ, რომ ქვეყნისთვის სურთ - ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა სენატორების კეთილ ნებას რისკავს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ჯორჯ კენტი "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში აცხადებს.

როგორც ჯორჯ კენტი ამბობს, უნდა მოხდეს სამომავლო გზაზე შეთანხმება და ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს იმ გამოწვევების გადალახვას, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას.

"ქართველებმა უნდა გააცნობიერონ, რომ არსებობს ეროვნული პროექტი წარმატებისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ არ უნდა ეცადო შენი პოლიტიკური მოწინააღმდეგის ბოლომდე განადგურებას. პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა. უნდა მოხდეს სამომავლო გზაზე შეთანხმება და ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს იმ გამოწვევების გადალახვას, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას.

2003 წლის შემდეგ, საქართველო რეგიონში იმის დემონსტრირების ლიდერი იყო, თუ რის მიღწევა შეუძლიათ ქვეყნებს, თუ მათ სისტემური რეფორმების გატარება ნამდვილად სურთ. კიდევ ერთი ფაქტორი ისაა, რომ საქართველო საერთო უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ბევრი ქვეყანა შეერთებულ შტატებს სთხოვს დახმარებას და დაცვას. საქართველო კი გამოვიდა და თქვა, რომ ჩვენ გვსურს კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ და დღეს, საქართველოს ნატოს ავღანეთის მისიაში სიდიდით მეოთხე წარმომადგენლობა აქვს. საქართველომ საკუთარი მნიშვნელობის დემონსტრირება შეძლო და სწორედ ამის გამო, შეერთებული შტატები საქართველოს საკუთარ სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

ვფიქრობ, საქართველოსთვის სასწორზე იმ მომავლის გაგრძელებაა, რომელზეც მისი ლიდერები ამბობენ, რომ ქვეყნისთვის სურთ. წარმატების მისაღწევად საქართველოს საარჩევნო სისტემის ძირეული და სასამართლო სისტემის რეფორმები სჭირდება. სასამართლოს რეფორმა აბსოლუტურად კრიტიკულია ქვეყნის წარმატებისთვის. საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ სასამართლო სისტემაში თანასწორუფლებიანობას. უცხოელ ინვესტორებსაც იგივე მოლოდინი აქვთ. თუ ეს არ მოხდა, საქართველოს მთავრობას არ ექნება საკუთარი მოქალაქეების ნდობა და ისინი ვერ შეძლებენ ინვესტიციების მოზიდვას იმისთვის, რომ გამართული ეკონომიკა ჰქონდეთ.

რაც შეეხება საარჩევნო სისტემას - ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) მკაფიო რეკომენდაციები გამოსცა, რომლებიც საქართველოს მთავრობას სრულად არ შეუსრულებია. საქართველოს რეფორმები სჭირდება. წერტილი. ესაა საარჩევნო და სასამართლო რეფორმები. ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სასამართლოს რეფორმაზე, ეუთოს რეკომენდაციები საარჩევნო რეფორმაზე უკვე წლებია ცნობილია. მათი ბოლომდე მიღება არ მოხდა სასამართლო რეფორმის მეოთხე პაკეტში, რომელიც გასულ წელს არჩევნებამდე გატარდა. ახლა დროა, საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა და ქვეყნის პარლამენტმა გაატაროს ყველა რეკომენდებული რეფორმა და საქართველოს მოქალაქეებს მისცენ სისტემები და ინსტიტუტები, რომლებიც ქვეყანას წარმატებისთვის სჭირდება.

მე ბოლომდე პატივს ვცემ ჩვენი კონგრესის, ჩვენი სენატის უფლებამოსილებას. ამაში შედის ბიუჯეტის დამტკიცებისა და დახმარების განაწილების უფლებამოსილება. ამერიკის კონგრესი საქართველოსთან მიმართებაში ძალიან ხელგაშლილი იყო. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ამერიკას საქართველოსთვის ხუთ ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება აქვს გაწეული. ახლა ყოველწლიურად 135 მილიონი დოლარით ვეხმარებით. ეს კონგრესის გადაწყვეტილებაა და არა ადმინისტრაციის. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა სენატორების კეთილ ნებას რისკავს, რომლებმაც საქართველოს ეს დახმარება გაუწიეს, იმ შემთხვევაში, თუ მათ საჭირო ნაბიჯები არ გადადგეს. კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს ლიდერებისთვის იმის გაგება, რომ ჩვენი მოლოდინია, რომ ისინი დასასრულამდე მივიდნენ, მიაღწიონ შეთანხმებას და გაატარონ რეფორმები იმისთვის, რომ ქვეყანამ წინსვლა დაიწყოს. ვერ გეტყვით იმას, თუ რა შეიძლება გააკეთოს სენატმა, მაგრამ ვიტყვი, რომ ადმინისტრაცია გააგრძელებს პოლიტიკის გატარებას და საქართველოს პოლიტიკოსებისთვის ბიძგის მიცემას, რომ მათ სწორი ნაბიჯები გადადგან", - განაცხადა ჯორჯ კენტმა.

"ასეთი ტონით იმათთან ილაპარაკეთ, ვისთანაც გაგსვლიათ და თითი ჩაწიე..." - დაპირისპირება კომიტეტის სხდომაზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"არ ვაპირებ წასვლას" - თამარ ჟვანია