ავტორი:

"ისე იეჭვიანა, მაშინ მივხვდი, მეგრელი ქალის სიყვარული რას ნიშნავს" -  როგორ ათქმევინა თათია შარანგიამ მეუღლეს ამერიკულ ცხოვრებაზე უარი

"ისე იეჭვიანა, მაშინ მივხვდი, მეგრელი ქალის სიყვარული რას ნიშნავს" -  როგორ ათქმევინა თათია შარანგიამ მეუღლეს ამერიკულ ცხოვრებაზე უარი

"თათიას ვუთხარი, ძალიან კარგად ყვები ჩვენი სიყვარულის ისტორიას, თუმცა დაგასწრებ, უფრო ვრცლად და ლამაზად მოვყვები-მეთქი", - მითხრა ინტერვიუს დაწყებამდე ბიზნესმენმა სანდრო შელიამ, რომელმაც ახალხან ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა. განვლილ ამერიკულ ცხოვრებაზე, ნარკოტიკებსა და ცხოვრების მთავარ სიყვარულზე ამბებს სანდრო AMBEBI.GE-ს უყვება:

ამ წიგნის დაწერის იდეა დიდი ხნის წინ, ამერიკაში ცხოვრებისას მომივიდა. ჩემი ერთ-ერთი სამსახური დაიკეტა და ერთი ქალაქიდან მეორეში გადასვლა მომიწია, მელანქოლიურ განწყობაზე ვიყავი, ამ დროს კი რადიოში ასეთი სიმღერა გაისმა - Midnight train to Georgia - და გავიფიქრე, თუ ოდესმე წიგნს დავწერ, ამ სახელს დავარქმევ-მეთქი, ამიტომ დაერქვა ჩემს წიგნს "ღამის მატარებელი". წიგნი ავტობიოგრაფიულია, მაგრამ გარკვეულწილად გადმოსცემს ჩემი თაობის თავგადასავალს - ჩვენ საბჭოთა კავშირის ეპოქაში დავიბადეთ, თინეიჯერობა ეროვნულ მოძრაობას დაემთხვა, შემდგომ იყო რთული 90-იანები...

- სანდრო, როგორ შეძელით იმ ბნელ წლებში ამერიკაში სასწავლებლად წასვლა?

- არ იყო მარტივი. მე ვიყავი ის იშვიათი გამონაკლისში ჩემს თაობაში, ვინც ამერიკაში წასვლა შეძლო. ძალიან კონტრასტულ ვითარებაში აღმოვჩნდი, რადგან ამერიკა თავისი ბედნიერების პიკში სწორედ 90-იანებში იყო, საქართვეელოში კი ურთულესი პერიოდი იდგა... კონკურსში გავიმარჯვე და ასე წავედი, მაგრამ ამ კონკურსში გასვლა ბევრჯერ ვცადე, რიგით მერამდენე იყო, ვერც ვიტყვი. საუკეთესო კოლეჯებში ვგზავნიდი განცხადებებს, მაგრამ არ მიღებდნენ. წარმატება ასე მარტივად არ მოდის. ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია, არ დანებდე. ამერიკაში წასვლა იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაც წავიდა და ეგრევე გაუმართლა. ვაშინგტონში ცხოვრებაც დიდი გამოწვევაა, ბევრი სირთულე ახლავს. ამერიკა არა ოცნების, არამედ შანსის ქვეყანაა, თუ მოისურვებ, არანაირი საზღვრები არ გექნება, ოღონდ შრომა და ენერგია უნდა ჩადო.

- რა სირთულეები გაიარეთ?

- უამრავი. ერთ-ერთი კომპანია, რომელშიც ვმუშაობდი, დაიხურა, სხვა შემოსავალი არ მქონდა და ჩემთვის შეუფერებელ სამსახურებში მომიწია საქმიანობის დაწყება. ერთი პერიოდი, 3-4 თვე, ერთ-ერთ სასტუმროში ღამის დარაჯად ვმუშაობდი, თანაც ყველაზე საშიშ უბანში. საქართველოს ვერც ერთი ადგილი ვერ შეედრება საშიშროებით იმ ადგილს შუა ვაშინგტონში. ბევრ სახიფათო სიტუაციაში ვყოფილვარ იქაც და სხვაგანაც. თავიდან ძალიან განვიცდიდი. როცა ცხოვრებაში ცდილობ წინ წახვიდე, სულ გექნება რთული პერიოდები, მაგრამ ცხვირი არ უნდა ჩამოუშვა.

- ნარკოტიკტთან თუ გქონიათ შეხება?

- ვერ ვიტყვი, რომ ნარკოტიკთან მჭიდრო ურთიერთობა მქონდა. ახალგაზრდობის წლებში იყო პერიოდი, როცა მარიხუანას ვეწეოდი, ალკოჰოლზე ნაკლებად მავნეა, მაგრამ არ მომწონდა, დროს გპარავს, გადუნებს. სამყაროს ფხიზლად ყურებას არაფერი სჯობია.

- შეყვარებულობის დროს ჯერ კიდევ ამერიკაში ცხოვრობდი, რამდენად რთულია დისტანციური ურთიერთობა?

- დისტანციური ურთიერთობა ძალიან რთულია. გვიჭირდა ცალ-ცალკე ყოფნა, რადგან ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა, მაგრამ ძალას გვაძლევდა ის, რომ ვიცოდით, ეს დროებითი იყო. საბოლოოდ საქართველოში ჩამოვედი. ამავე დროს, დისტანციური ურთიერთობა ამძაფრებს გრძნობებს, უფრო ლამაზს ხდის.

მანძილი ეჭვიანობასაც ამძაფრებს. მეც და თათიაც ვეჭვიანობდით ერთმანეთზე. როცა გიყვარს ადამიანი და მას თავისი ცხოვრება აქვს, ბუნებრივად ფიქრობ, რას შვრება, რას აკეთებს შენ გარეშე. მიუხედავად ასე შორს ყოფნისა, სულ ვახერხებდით ერთმანეთის ნახვას. მახსოვს, თათიას ფრენის შიში ჰქონდა და დასძლია - ერთ წელიწადში მარტო ამერიკაში ცხრაჯერ ჩამოფრინდა. გარდა ამერიკისა, სხვა ქვეყნებშიც ვხვდებოდით ერთმანეთს - იტალიაში, საფრანგეთში, ძალიან ლამაზი პერიოდი იყო. იმჟამად თათია სულ პატარა იყო და უფრო მეტადაც ეჭვიანობდა. ამერიკაში ერთ-ერთი კომპანიის უფროსი ვიყავი, რაც იმას ნიშნავს, რომ სულ შეხვედრები მქონდა. ამერიკაში ლანჩზე შეხვედრა ჩვეულებრივი ამბავია, იმ დროს იყენებ იმისთვის, რომ რაღაც საკითხი განიხილო. ერთხელაც თათიამ მკითხა, - რას აკეთებო? რომ ვუთხარი ლანჩზე ვხვდები-მეთქი თანამშრომელ როსის, იქ უკვე იმდენი კითხვა დასვა, რომ მივხვდი, ეჭვიანობდა. არადა, ეს თანამშრომელი 70 წლის იყო თითქმის, ბოლოს იძულებული გავხდი, რომ ჩუმად ჩამერთო "ფეისთაიმი" და მეჩვენებინა, ვისთან ერთად ვიყავი ლანჩზე. წარმოიდგინეთ, როსის რომ დავენახე, რა იფიქრებდა, კაცი უფროსი და სერიოზული მგონია და როგორ იქცევაო... ამერიკელები ურთიერთობებში მეტად ზრდასრული და მშვიდი ხალხია. ჩვენ ვართ ემოციურები, ფიცხები, ცხელსისხლიანები და ძალიან მოგვწონს დრამები. მაშინ მივხვდი, მეგრელი ქალის სიყვარული რას ნიშნავს, ეს, საერთოდ, ცალკე სამყაროა.

- წიგნში ადრინდელ შეყვარებულებზეც წერთ, მათ შორის სოფო ჭყონიაზე, თათიას ამაზე რა რეაქცია აქვს?

- თავიდანვე გადავწყვიტე, რომ თუ წიგნს დავწერდი, გულწრფელი უნდა ყოფილიყო. იქ ვამბობ, რომ ჩემი პირველი შეყვარებული სოფო ჭყონია იყო, კლასელები ვიყავით. ეს პირველ კლასში იყო, მაგრამ, რადგან სოფო ცნობილია, ყველამ აიტაცა, მე სხვა გოგოსაც ვახსენებ, მაგრამ იმას ყურადღება არავინ მიაქცია.

- თათიამ რა გავლენა იქონია საქართველოში თქვენს დაბრუნებაზე?

- დიდი. ყოველთვის ვიცოდი, რომ საბოლოოდ საქართველოში დავბრუნდებოდი, მაგრამ არ ვჩქარობდი. ამ ნაბიჯის გადადგმაში ჩემთვის სიყვარულის ისტორია გადამწყვეტი აღმოჩნდა, თუმცა ეს არ იყო ადვილი. ამერიკაში ყველას აქვს ვალდებულებები, სესხები... ალიმენტს ვიხდიდი, ისეთი შემოსავალი მჭირდებოდა, რაც ალბათ, სულ 50 ადამიანს აქვს საქართველოში, ამიტომ, როგორც კი ჩამოვედი, ეგრევე დავიწყე მუშაობა, როგორც საერთაშორისო ექსპერტმა, რაღაც პროექტები განვახორციელე. გამიმართლა და რამდენიმე პროექტის შემდეგ კერძო ბიზნესი დავიწყე. თათია ჩემი დიდი გულშემატკივარია. ის არა მხოლოდ ცოლი და შეყვარებულია, არამედ მეგობარი და თანამებრძოლიც. იმ შემთხვევაში, თუ ჩემი საქმიანობის მიმართ საკმარის ინტერესს ვერ იჩენს, გვერდით ვისვამ და ვაძალებ, რომ მომისმინოს. ყველაფერი იცის, რასაც ვაკეთებ, ყველა თემა არ არის "გლამურული” და მისთვის საინტერესო, მაგრამ ითმენს და ისმენს. ბედნიერები ვართ, თათიას თავის საქმე აქვს, მე - ჩემი. გადაცემის კითხვებზე რომ მუშაობს, მეც ვეხმარები. ერთმანეთის დიდი მხარდამჭერები ვართ.

- ცხრა წელია ერთად ხართ და თქვენი სიყვარული დღესაც იწვევს ინტერესს...

- ურთიერთობას სჭირდება მრავალფეროვნება. როცა ურთიერთობა რუტინაში გადადის, ცოლ-ქმარი მხოლოდ შვილების მშობლები ხდებიან და ერთმანეთთან უკვე ბევრი არაფერი აკავშირებთ. ცხრა წლის განმავლობაში, ჩვენც გვქონდა მომენტები, როდესაც ურთიერთობის აზარტი შენელებულა. ვიდრე ჟურნალისტურ კარიერას დაიწყებდა, თათიასაც ჰქონდა რთული პერიოდი, არ იყო დაკავებული საქმით და ეს მასზე ძალიან მოქმედებდა. როდესაც ერთი ადამიანი მოწყენილია, ეს მეორეზეც აისახება. ვცდილობთ, მოვიპაროთ დღეები, რათა განვმარტოვდეთ, ხან უცხოეთში, ხან საქართველოში. ორი ღამით წასვლაც კი იდეალურია. კიდევ ერთი რამ, რისი ინიციატორიც მე ვარ ხოლმე - ეს ლანჩზე ერთად წასვლაა. ნებისმიერ რესტორანში რომ შეხვიდეთ და გადახედოთ, ვერ ნახავთ ცოლ-ქმარ წყვილს, ან არიან შეყვარებულები, ან საყვარლები, ან მეგობრები ან მთელი ოჯახებით. ურთიერთობა არ შედგება მხოლოდ ფიზიკური კავშირით. შეიძლება, იყოთ კარგი მეგობრები, თანამებრძოლები, მაგრამ კიდევ საჭიროა სულიერი კავშირი. სულიერ კავშირს ვერ მიიღებთ, თუ ერთმანეთს დროს არ დაუთმობთ.

ავტორი: ხათუნა კორთხონჯია