ავტორი:

"მალე გახარიას სუფთა პოლიტიკური წონა გამოჩნდება" - როგორ აფასებს IRI-ს კვლევის შედეგებს ექსპერტი

"მალე გახარიას სუფთა პოლიტიკური წონა გამოჩნდება" - როგორ აფასებს IRI-ს კვლევის შედეგებს ექსპერტი

IRI-ს ბოლო კვლევაში, რომლის ჩატარებაც თებერვლის ბოლოს დასრულდა, საზოგადოების განწყობების თვალსაზრისით, რამდენიმე საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა. მაგალითად, გამოკითხულთა 60% ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო საქმიანობაზე ბოიკოტს მხარს არ უჭერს; 45% რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მხარს უჭერს, 45% კი - არა; რაც შეეხება პარტიებს, მომავალ კვირას არჩევნები რომ იყოს, 35% "ქართულ ოცნებას" დაუჭერდა მხარს, 18% კი - "ნაციონალურ მოძრაობას"; ლიდერების ინდივიდუალურ რეიტინგში პოლიტიკოსებს შორის ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებული - 65% გიორგი გახარიას ერგო.

აღნიშნული კვლევის შედეგების შესახებ AMBEBI.GE-ს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე ესაუბრება.

- თუ ზოგადად, მთლიანობაში შევაფასებთ ამ კვლევას, ჩემი შეფასებით, ის საკმაოდ ახლოსაა იმ რეალობასთან, რაც დღეს ქვეყანაშია და რაზეც დიდი ხანია, ყოველგვარი კვლევების გარეშე ვსაუბრობდით - ეს უბრალოდ, კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, თუ რა პოლიტიკური ვითარებაა ქვეყანაში. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობის 60% თვლის, რომ ბოიკოტს თავი უნდა დაანებოს ოპოზიციამ და პარლამენტში შევიდეს - ეს მნიშვნელოვანი მოსაზრებაა, რომელსაც ანგარიში უნდა გაუწიონ. და როდესაც ოპოზიცია ლაპარაკობს, რომ რიგგარეშე არჩევნებს 60% უჭერს მხარს (ეს კიდევ ცალკე თემაა, იქ ეს მუხლი ჩაშლილია), ეს ასე არ არის - უმრავლესობა მოითხოვს, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს.

მეორე, რაც მნიშვნელოვანია, ისაა, რომ პარტიათა - "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის თანაფარდობა, როგორც ბოლო პერიოდში, ასევე არჩევნებამდე და არჩევნებამდე 1 წლით ადრეც, თითქმის არ იცვლება - ახლაც 35% არჩევნებზე მხარს დაუჭერდა "ქართულ ოცნებას", ხოლო 18%, ფაქტობრივად, ორჯერ ნაკლები "ნაციონალურ მოძრაობას". ასეთი თანაფარდობა, თითქმის ორჯერ დიდი სხვაობა უკვე დიდი ხანია, ამ ორ პოლიტიკურ ძალას შორის არსებობს. აქ თუ რაიმე მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია ის, რომ ყოველ შემთხვევაში, ამ გამოკითხვით ჯამური ოპოზიციური ხმები 60% კი არა, 34%-ია, რაც კიდევ ერთხელ იმაზე მიანიშნებს, რომ ფაქტობრივად, 2-თვიანმა (ვინაიდან ეს კვლევები თებერვალში ჩატარდა) ბოიკოტის რეჟიმმა ოპოზიციური სპექტრის ამომრჩეველში გარკვეული გადაადგილება და გადაჯგუფებები მოახდინა და განსაკუთრებით, ეს იმ მცირე პარტიებს დაეტყო, რომელიც 1-დან 3-4%-მდე იღებდნენ ხმების რაოდენობას.

- მთავრობის წარმომადგენელთა თვალსაზრისით, საზოგადოებაში რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე საკმაოდ დიდი აზრთა სხვადასხვაობაა, მისი რეალურად ჩატარება კი ამ აზრთა სხვადასხვაობას უფრო მეტად გაამძაფრებდა. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას?

- პროცენტულ რაოდენობას თუ თავს დავანებებთ, პოლარიზაცია საზოგადოებაში ისედაც მიდის და რაც დრო გავა, შეიძლება კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაკრისტალდეს კიდეც, ანუ, ე.წ. მერყევი ამომრჩევლის რაოდენობა შემცირდეს და ფაქტობრივად, ისინი ორ ჯგუფზე გადანაწილდეს. ამას ხელს უწყობს დღევანდელი ვითარება, გუშინდელიც და ისიც, რომ ოპოზიციური ფლანგი ფაქტობრივად, "ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ჩამოყალიბდა და დღეს ორი პოლუსია, რეალურად თუ შევხედავთ - "ქართული ოცნება“ და "ნაციონალური მოძრაობა“ და მის ირგვლივ შეკრებილი დიდი თუ მცირე, ბოიკოტის მომხრე პარტიები; მესამე პოლუსი ჯერჯერობით არ ჩანს და არც იკვეთება. ეს პროცესი ხელს აძლევს როგორც "ქართულ ოცნებას“, ისე "ნაციონალურ მოძრაობას“, ამაზე ორივე მხარე კარგა ხანია, მუშაობს, რომ ქვეყანაში მესამე ძალა არ გაჩნდეს - გნებავთ ერთი სუბიექტი, გნებავთ კრებითი მესამე ძალა, თუნდაც, მცირეპროცენტიანი პარტიები თუ შეძლებდნენ, "ნაციონალურ მოძრაობს“ კი არ მიეკედლებოდნენ, არამედ, რაიმე დამოუკიდებელ გაერთიანებას ცალკე შექმნიდნენ, მაგალითად, ბლოკის სახით. ასე რომ, როცა არჩევნები ჩატარდება, მაშინაც იქნება პოლარიზაცია - ამ მიმართულებით მიდის ეს ქვეყანა და ესაა ყველაზე ცუდი, რომ პოლარიზაცია ხდება. რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა თანაფარდობა 45-45%-ზეა, ამ 90%-დან ძალიან მნიშვნელოვანი, დაახლოებით, 20-30% მაინც ის ადამიანები არიან, ვინც არჩევნების ჩატარებას ან არჩატარებას კატეგორიულად კი არ ითხოვენ, არამედ, არჩევნების მომხრეები თვლიან, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებამ შესაძლოა, შედეგი მოიტანოს და ეს პოლარიზცია დაასრულოს. შესაბამისად, არასტაბილური გარემოდან გამომდინარე და ამის შიშით, ურჩევნიათ, იყოს რიგგარეშე არჩევნები და გადაწყდეს ეს პრობლემა, ვიდრე - პოლარიზაცია გაგრძელდეს.

- რაც შეეხება პირად რეიტინგებს, აქ პოლიტიკოსებს შორის გიორგი გახარია ლიდერობს 65%-ით. თქვენთვის რამდენად მოსალოდნელი იყო, რომ გახარია ასე ლიდერობდა პოლიტიკოსთა მოწონების თვალსაზრისით და თქვენი აზრით, ეს რამ განაპირობა?

- მუდმივად ვამბობდით, რომ "ქართულ ოცნებაში“ ორი ლიდერია - კალაძე და გახარია, ეს სიახლეს მე მგონი, არავისთვის წარმოადგენდა. ამ ორ ადამიანს ჰქონდა და დღესაც აქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური კაპიტალი. ამიტომ ჩემთვის ის, რომ ამ პოლიტიკოსთა შორის ლიდერის პოზიციაზე გახარია აღმოჩნდა, მოულოდნელი სრულიადაც არ ყოფილა - ისევ და ისევ, მთლიანი კონტექსტიდან გამოდინარე თუ ავიღებთ, როცა მოსახლეობის 60% მხარს უჭერს ოპოზიციის პარლამენტში შესვლას და როდესაც ლაპარაკია ლიდერებზე, რა თქმა უნდა, იქ გახარიას ფიგურა წამყვანი იქნებოდა. თანაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ის დროა, როცა გახარია ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა. ამანაც, რა თქმა უნდა, ხელი შეუწყო იმას, რომ მისი ფიგურა წინ წამოწეული ყოფილიყო. ის საკმაოდ თვითდაჯერებული პიროვნების და ლიდერის შთაბეჭდილებას ტოვებდა, შეეძლო გადაწყვეტილებების მიღება, ბოდიშის მოხდაც და ა.შ. ბევრი ფაქტორი იყო, რამაც მისი რეიტინგის ზრდა და დამდგარი შედეგი განაპირობა.

- ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან გამოთქმული იყო მოსაზრება, რომ ამგვარი პოლიტიკური კრიზისის დროს კვლევა არ უნდა ტარდებოდეს და ეს კონტრპროდუქტიულია. საპირისპირო შეფასებით, სწორედ კრიზისის დროსაა საჭირო, შესწავლილი იქნას საზოგადოების განწყობები...

- მე ყოველთვის და ყველა ვარიანტში კვლევების მომხრე ვარ, რადგან კვლევები ზოგად სურათს იძლევა - საპირისპირო და ცუდი შედეგი რა უნდა მოიტანოს, არ მესმის, თუ კვლევა ნორმალურად ტარდება და რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის მიერ არაა ჩატარებული. ამასთანავე, ზოგადი სურათი, თუ რა ხდება, კრიზისის დროსაც საინტერესოა. მაგალითად, ეს კვლევა ძალიან საინტერესოა პოლიტიკური სპექტრისთვის, თუ ამ სპექტრს ქვეყანაში არსებული განწყობების რეალური აღქმის სურვილი აქვს...

- თუმცა ამბობენ, რომ შეიძლება, ეს კვლევა არც გვაძლევდეს რეალური აღქმის საშუალებას, რადგან თებერვლის ბოლოს ჩატარდა. შესაბამისად, ზოგი იმასაც მიუთითებდა, რომ მას შემდეგ საგრძნობლად შეიცვლებოდა რეიტინგები. ეთანხმებით ამ მოსაზრებას? თქვენი აზრით, დღეს რომ ჩატარებულიყო კვლევა, ბევრად განსხვავებულ სურათს მივიღებდით?

- როგორც ვთქვი, "ქართულ ოცნებას“ ორჯერ მეტი ამომრჩეველი უჭერს მხარს, ვიდრე "ნაციონალურ მოძრაობას“, ეს არჩევნებამდეც ასე იყო და შარშან ამ დროსაც ასე იყო. არის თემები, რომელიც, ფაქტობრივად, არ იცვლება, მუდმივასავითაა. ასევე, შესაძლოა, დღეს გახარიას რეიტინგი, გამომდინარე იქიდან, რომ ის გადადგა და პრემიერი აღარ არის, აღარ იყოს 62%, რადგან, რა თქმა უნდა, "ქართული ოცნების“ მხარდაჭერებიდან ნაწილი თვლის, რომ გახარიამ გუნდი მიატოვა და არასწორად მოიქცა, ისინი მას უკვე აღარ ჩათვლიან ლიდერად, მაგრამ ამავე დროს, გახარიას სუფთა პოლიტიკური წონა გამოჩნდება - ეს თემები შეიძლება, მერყევი იყოს, ისევე, როგორც კალაძის რეიტინგი და ა.შ. ე.ი. ამა თუ იმ ლიდერის პირადი რეიტინგი შეიძლება, ცვალებადი იყოს, მაგრამ ის, რომ 60% მოითხოვს, რომ ბოიკოტის რეჟიმი შეიცვალოს და ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს, ვფიქრობ, რომ დაახლოებით, ასევე დარჩება. შესაბამისად, არის თემები, რომელიც მუდმივი იქნება, და თემები, რომელიც იცვლება - გააჩნია, რას ეხება. ასე რომ, ცალსახად იმის თქმა, რომ ახლა ჩატარების შემთხვევაში კარდინალურად განსხვავებულ ვითარებას მივიღებთ, სწორი არაა, ეს ასე ნამდვილად არ მოხდება.