ავტორი:

"გურამის ოცნება იყო,  გამხდარიყო მწერალი,  ჩემი ოცნება იყო,  მყოლოდა ბევრი შვილი. იმას აუხდა,  მე - ვერა"  -  გურამ დოჩანაშვილის სიყვარულის ისტორია

"გურამის ოცნება იყო,  გამხდარიყო მწერალი,  ჩემი ოცნება იყო,  მყოლოდა ბევრი შვილი. იმას აუხდა,  მე - ვერა"  -  გურამ დოჩანაშვილის სიყვარულის ისტორია

უცნაური ბუნება ჰქონდა გურამ დოჩანაშვილს, აშკარად - მარტის: მალ-მალე ეცვლებოდა გუნება-განწყობილება... ხან ბრაზობდა, ხან იმორცხვებდა; თან გაგირბოდა და თან უყვარდი; მაინც ვერ გელეოდა... უბრალოდ, ძალიან დიდი იყო... უფრო ზუსტად - ძალიან დიდი არის და იქნება მუდამ!

უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში, რაც მასთან ხშირი ურთიერთობა დავიწყე, კლასიკური გაგებით, ინტერვიუ პირისპირ არასდროს ჩამიწერია. ერთადერთი, რამდენიმე სატელეფონო საუბარი გვქონდა და ისიც - მხოლოდ დაბადების დღის მისალოცი, თუმცა სიტყვა "ინტერვიუ" არც მაშინ მიხსენებია. უკანასკნელად შარშან მივულოცე დაბადების დღე - პანდემიის გამო ვერ ვეწვეოდი და ამიტომ - შორიდან. და მაინც, უბედნიერეს ადამიანად მივიჩნევ თავს, ამ ხნის განმავლობაში მადლიერი ვარ უფლის, მასთან ხშირად სტუმრობის, მასთან ერთად მოგზაურობისა და ურთიერთობის ბევრი შანსი რომ მომცა. ამ ურთიერთობამ არათუ მე გამაცნო და დამაახლოვა მის სამყაროსთან, არამედ - კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი, რადგან მასთან და მის მეუღლესთან - ქალბატონ ნათელა სეფიაშვილთან გატარებული წუთების, დღეების, წლების ნაყოფია გზადაგზა, საუბარში შეგროვებული თითოეული სიტყვა, რომელიც შემდეგ ვაქციე სტატიებად და, შესაბამისად - მისი ცხოვრების ერთგვარ მატიანედ. ამ აკინძული ამბების წყალობით მივხვდი, რამდენ სიყვარულს ატარებდა მისი და, ერთი შეხედვით, მკაცრი, ხისტი ბუნების ქალბატონის - ნათელა სეფიაშვილის სიყვარული, ქალბატონის, რომელიც ბატონი გურამის წიგნების კორექტორი და რედაქტორიც იყო და მცირედ - მისი დაუმორჩილებელი ბუნებისაც.

მახსოვს, 2014 წელს რომ დავურეკე საიუბილეო - 75-ე დაბადების დღის მისალოცად, ბატონი გურამის მობილურზე ქალბატონმა ნათელამ მიპასუხა. ხალისიანი იყო, - კიდევ ერთი იუბილე გვაქვს - თანაცხოვრების 50 წლისთავი. ბევრი ურეკავს გურამს და ულოცავსო, მერე კი სიცილით დააყოლა, - რა დრო გავიდა... მე კი ჩემი თავი 17 წლის მგონია, არადა, ახლახან ვიწექი რეანიმაციაში. თურმე, წნევაც უნდა გავიზომო, წამალიც უნდა დავლიო და 17 წლის კი არა, უკუღმა 17-ის - 71-ის ვარო... თუმცა, ალბათ, მთავარია, სულიერად როგორ გრძნობ თავს, ჰოდა, ამიტომ მაინც დავრბივარ კონცერტებსა და გამოფენებზე. ეგ კი არა, კომპიუტერის კურსებზეც კი ჩავეწერე, მაგრამ დღეს გაკვეთილს ვაცდენ და გურამს ვდარაჯობ - ჩაძინებულია და რომ გაიღვიძებს, მეშინია, სასმელი არ დალიოსო. უცებ ბატონმა გურამმა დაუძახა და ქალბატონმა ნათელამ ჯერ მას უპასუხა, შემდეგ ჩემთან დაიჩივლა:- რამდენი ხანია, არ დაულევია. მარხულობს. თან უშველებელ ნაწარმოებს ასრულებს. გუშინ სადღაც წაიყვანეს და ნასვამი დაბრუნდა, ბოთლით ხელში. მთხოვა, დილით გაღვიძებული დამხვდი, რომ არ გადავაბაო. მაგრამ ცოტა ხნით ჩამთვლიმა და მაშინ დაულევია... ამიტომაა, ერთი წუთითაც არ ვშორდები.

  • 57 წელიწადი - ერთად

57 წელიწადი ერთად ყოფნისთვის საკმაოდ დიდი პერიოდია. მივხვდი, იოლი არ იქნებოდა ბატონ გურამთან - ასეთ შემოქმედთან თანაცხოვრება და ქალბატონი ნათელას ერთი წინადადებაც კი საკმარისი აღმოჩნდა ამის დასტურად, - გურამის ოცნება იყო, გამხდარიყო მწერალი, ჩემი ოცნება იყო, მყოლოდა ბევრი შვილი. იმას აუხდა, მე ვერ შემისრულდა, სამწუხაროდო... - ალბათ, სხვაგვარი არც გამოდის უდიდესი შემოქმედის მეუღლეობა! გააგრძელეთ კითხვა