ავტორი:

"მე და მამა შინ  2 "ბომბი“  ვართ... დედაჩემი ამის ფონზე რანაირად ახერხებს ლავირებას, წარმოდგენა არ მაქვს" - რას ჰყვება ცნობილ მამასა და ბერკლიში სწავლაზე ანა დოი?

"მე და მამა შინ  2 "ბომბი“  ვართ... დედაჩემი ამის ფონზე რანაირად ახერხებს ლავირებას, წარმოდგენა არ მაქვს" - რას ჰყვება ცნობილ მამასა და ბერკლიში სწავლაზე ანა დოი?

ჟურნალისტობა უნდოდა, მაგრამ გადაწყვეტილება მოულოდნელად შეცვალა. ცნობილი ქართველი რეჟისორის დავით დოიაშვილის ქალიშვილი ანა, იგივე ანა დოი ბერკლის პრესტიჟულ მუსიკალურ სასწავლებელში ჯაზ-ვოკალის მიმართულებით სწავლობს. პანდემიის გამო ის ბოსტონიდან თბილისში დაბრუნდა და დღემდე აქ არის.

"წესით უნივერსიტეტი უკვე დამთავრებული უნდა მქონდეს, მაგრამ პანდემიამ შემაფერხა. აკადემიური ავიღე, თუმცა აქ რომ ჩამოვედი, დისტანციურ სწავლებაზეც ვიყავი, ახლა ისეთი საგნებში მაქვს გამოცდები, მათი ონლაინ ჩაბარება არ გამოვა", - გვეუბნება ანა, რომელიც ძალიან ნიჭიერია, საოცრად მღერის და აქვს კიდევ სხვა უნარებიც, მათ შორის, იმიტაციის, რასაც სერიოზულად არც უყურებს.

საქართველოში ჩამოსულ, საქმიან და აქტიურ გოგონას უქმად რა დასვამდა და სხვადასხვა შემოქმედებით საქმიანობაში ჩაერთო.

- როდესაც კორონამ თავიდან სახლებში ჩაგვკეტა, მეგობებთან - ნინი ნუცუბიძესთან, მარიამ ჯანჯღავასა და გიორგი გიგაშვილთან ერთად, ბევრი ახალი პროექტი დავიწყეთ, მათ შორის, საავტორო სიმღერის წერაც, ზაფხულში, გია ყანჩელის საიუბილეოდ, უღრან ტყეში კონცერტები გვქონდა, ჩემი რამდენიმე მუსიკალური ნომრით ამა თუ იმ გადაცემაშიც ვიყავი, გიორგი ცაგარელისა და ბახვა ბრეგვაძის მეშვეობით, მუშაობა დავიწყეთ ინოლა გურგულიას პროექტზე, ანუ ინოლას ალბომი მზადდება. ბევრს ვშრომობთ და საქმე დასასრულისკენ მიდის. ნიკოლოზ რაჭველმა საოცარი არანჟირება გააკეთა, რითაც ახალი სუნთქვა შესძინა ინოლას უკვდავ სიმღერებს. მგონია, რომ ახალ თაობას, რომელსაც ძალიან უყვარს მისი მუსიკა, კიდევ უფრო შეუყვარდება. რამდენიმე ისეთი სიმღერაცაა, რომელიც ჯერ არ გაჟღერებულა. დანარჩენი კი, ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან, გიორგი ცაგარელთან და ბექა გოჩიაშვილთან ერთად სრულდება. ჩემი აზრით, საინტერესო ვერისიები შევქმენით და მოუთმენლად ველით, რომ ყველამ მოისმინოს და შეგვაფასოს.

- როგორი აღმოჩნდა შენთვის ბერკლის პრესტიჟული მუსიკალური სასწავლებელი. რა მიიღე იქ ისეთი, რასაც თუნდაც ჩვენი კონსერვატორია ვერ მოგცემდა?

- ჯაზ-ვოკალისტი ვარ, ცნობილია, რომ ჯაზის შესწავლა ყველაზე უკეთ ამერიკაშია შესაძლებელი. იქ წასვლა ამიტომაც გადავწყვიტე. ვიდრე გავემგზავრებოდი, ვოკალისტობას საოპერო მიმართულებით ვფიქრობდი, ეს საბოლოოდ რომ გადამეწყვიტა, ნამდვილად არსად წავიდოდი. ჩემი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა გვაქვს საქართველოში და საუკეთესო პედაგოგები გვყავს.

მოკლედ, რადგან ჯაზის შესწავლა გადავწყვიტე, ამერიკაში პროფესიის დასაუფლებლად წავედი. ისე მოხდა, რომ ძალიან გამიმართლა და საოცნებო უნივერსიტეტში მოვხვდი. რა მოლოდინიც მქონდა ნახევრად გამიმართლდა, ნახევრად - არა. ბერკლიში ყოველ დღე საოცარ ადამიანებთან მიწევს ურთიერთობა, ასევე იქ ჩამოსულ გენიალურ მუსიკოსებთან, ვის კონცერტებსა და მასტერკლასებზე დასწრებაც შემიძლია და პირადად გასაუბრებაც.

იქ სასწავლებლად დიდი შრომაა საჭირო, რადგან დიდი კონკურენციაა... ამასთანავე, არის პატარ-პატარა იმედგაცრუებებიც. ეს ბერკლიში კი არა, ყველგან ასეა, ნებისმიერი პროფესიის დაუფლებისას. საერთოდ, ძალიან მიყვარს სწავლა - თეორიული საკითხების, ისტორიის, ფსიქოლოგია-ფილოსოფიის, რაც ნებისმიერ უნივერსიტეტში აუცილებელია და რაც ჩემთვის სასიამოვნო პროცესია. შესაბამისად, იქ ცხოვრება და სტუდენტური გამოცდილება ალბათ, ცხოვრებაში ყველაზე კარგად გამახსენდება.

- და გამოგადგება კიდეც... მუდმივად დედ-მამის სიახლოვეს მყოფი გოგონა, პატარა ქვეყნიდან უცებ დიდ ამერიკაში წახვედი. დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მზად იყავი? როგორ შეეგუე იქაურობას?

- იმის მიუხედავად, რომ ჩემი მშობლები მუდმივად აქტიურად იყვნენ ჩემს ცხოვრებაში ჩართული, მაძლევდნენ იმის ფუფუნებას, რომ ვყოფილიყავი დამოუკიდებელი. ვიდრე იქ წავიდოდი, აქ კვინტეტში ვმღეროდი, სულ ვმოგზაურობდით, გვქონდა გადაღებები, ჩაწერები, ამიტომ, ჩემთვის ეს გრაფიკი და რეჟიმი არ არის უცხო...

მთელი ბავშვობა რაც მახსოვს, დედაჩემს და მამაჩემს ეს მიდგომა ჰქონდა, რომ შვილებს ყოველთვის, როგორც უფროს ადამიანებს, ისე მოგვმართავდნენ, როდესაც რაღაც საკითხი იყო გადასაჭრელი, 10 წლის ასაკშიც კი აზრს მეც მეკითხებოდნენ. მაშინ შეიძლება ამას ვერ ვაცნობიერებდი, რასაც ახლა სათანადოდ ვაფასებ. მოკლედ, დამოუკიდებლად ცხოვრება გამიჭირდა-მეთქი, რომ ვთქვა, მოგატყუებთ. თავიდან ცხადია, მქონდა კულტურული შოკი, არც ის იყო მარტივი, მუდმივად იმ ენაზე მელაპარაკა, რომელიც ჩემთვის მშობლიური არ არის, მაგრამ ამის დაძლევა შესაძლებელია.

წარმოიდგინეთ, აქ ჩამოსვლა ბევრად გამიჭირდა, ვიდრე იქ ყოფნა... იქ ცხოვრებამ პიროვნულად ძალიან შემცვალა, გარდა იმისა, რომ მუსიკალურადაც გავიზარდე.

- მინდა, "ანა-ბანა“ გაგახსენო, პროექტი, რომლის ერთ-ერთი სეზონი მოიგე და რომელმაც შენს მუსიკალურ კარიერას საფუძველი ჩაუყარა...

- ეს ჩემი ცხოვრების პირველი ეტაპი იყო, ტრამპლინი ჯადოსნურ სამყაროში... მანამდე საერთოდ არავინ იცოდა ჩემს ოჯახში რომ ვმღეროდი, არც მე ვიცოდი... მაგრამ ისე მოხდა, რომ ჩემს ერთ-ერთ დაბადების დღეზე ბავშვები ვთამაშობდით და ვიდეო გადამიღეს, რომელიც ინტერნეტში აიტვირთა, რასაც შემდგომ ჩემი ბულინგი მოჰყვა მოტივით, რომ ვერ ვმღერი და უნიჭო ვარ. 10 წლის ვიყავი და ჩემი ხასიათი სწორედ მაშინ გამოვაჩინე - ვთქვი, ეს ასე არ არის, მიყვარს სიმღერა და შემიძლია კიდეც! დედაჩემს და მამაჩემს ვუთხარი, "ანა-ბანაზე“ უნდა გავიდე-მეთქი. სასაცილოდ არ ეყოთ. არასდროს მიმღერია და არც მქონდა ამის მოთხოვნილება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ოჯახში ხელოვნების - თეატრის, ლიტერატურის, მუსიკის პატივისცემა სულ იყო და ამ გარემოში ვიზრდებოდი.

- მოკლედ, მუსიკის მიმართ ინტერესი 10 წლის ასაკამდე არასდროს გამოგივლენია...

- არა, ჟურნალისტობა მინდოდა... მამაჩემმა ჩემი სურვილის შესახებ რომ გაიგო, გაიცინა და ქალბატონ მარინა ბერიძესთან დარეკა, - ანა მოვა შენთან, უთხარი, რომ სმენა არ აქვს და უკან გამოუშვი, ამის სცენაზე დადგომა სად შემიძლიაო...

არასდროს არაფერზე მინერვიულია ისე, როგორც იმ დღეს მარინა ბერიძესთან რომ მივედი. ვხვდებოდი, რომ რაღაც დიდი ამბავი უნდა გადაწყვეტილიყო. მარინას ბავშვობიდან ვიცნობ, მამაჩემის და საერთოდ, ჩვენი ოჯახის ახლო მეგობარია. რომ მომისმინა, თვალზე ცრემლები მოადგა და სხვა ოთახში გავიდა. დავიძაბე, ვიფიქრე, - ეტყობა, ისე ცუდად ვიმღერე, რომ არ იცის, როგორ მითხრას და მამაჩემს ურეკავს-მეთქი, მერე გამოვიდა და მითხრა, - "ანა-ბანას“ კასტინგზე გელოდებიო...

მერე მუსიკაში პირველი ნაბიჯები გადავდგი საოცარ მუსიკოსებთან - ლევან დეისაძესთან, პაატა ანდრიაძესთან ერთად, რეპეტიციები ცოცხალ ბენდთან მქონდა. ჩემი ვოკალის საუკეთესო პედაგოგები არიან - მანანა მორჩილაძე და ჩაჩი, რომლებმაც მასწავლეს, თუ როგორ უნდა სცე პატივი ბგერას და როგორ მოეპყრა. მთავარი საძირკველი მანანა მორჩილაძემ შემიქმნა. ისე მოხდა, რომ "ანა-ბანას“ გამარჯვებული გავხდი და, როგორც უკვე ვთქვით, ასე დაიწყო ჩემი კარიერა.

- ანა, მამასავით შენც "დოის'' გეძახიან?..

- კი, მამაჩემი "დოია“, მე "ანა დოი“ ვარ, ჩემი ძმაც "დოია“, მამიდაჩემიც, რომელიც დრამატურგია... რაღაც ასე გამოვიდა...

- ცნობილი რეჟისორის დავით დოიაშვილის შვილი ხარ. ამას რა დადებითი და უარყოფითი მხარეები ახლავს?

- ბევრს ჰგონია, რომ ამ ყველაფერს ჩემს ცხოვრებაში რაღაც სიმძიმე მოაქვს. არადა, აბსოლუტურად პირიქით არის. ძალიან პატარა ასაკიდან ვუყურებ მამაჩემს, გამუდმებულად როგორ შრომობს, მთელი დღე მისი გონება მხოლოდ საქმეზეა მიმართული, მსახიობია ბაბუაჩემი - ვაჟა გელაშვილი, მისი რეპეტიციები სახლშიც მინახავს. მამიდაჩემი, მანანა, როგორც უკვე ვთქვი, დრამატურგია. ჩემთვის ეს გარემო მშობლიური და ბუნებრივი იყო ყოველთვის და არის. არ ვართ ქართული ტრადიციული ოჯახი.

- რას გულისხმობ?

- მაგალითად, ბავშვი სკოლაში რომ მიდის, მამამ უნდა მიიყვანოს, მაგრამ ჩვენთან ასე არ ხდებოდა და არც მქონია ამის მოთხოვნილება, - მირჩევნია, მამაჩემმა აკეთოს ის, რაც მას, ჩემი აზრით, ძალიან კარგად გამოსდის, ვიდრე ის, რომ ჩემს სკოლის ღონისძიებას დაესწროს. ამით არც მე შემემატება რამე და არც - მას... მამას ყოველი დღის გათენება თავისი საქმის გამო უხარია.

მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთთან დიდ დროს ვერ ვატარებთ, ყოველთვის ვიცით, ერთმანეთის ცხოვრებაში რა ხდება. სიყვარულის თავისებური გამოხატულება გვაქვს. ამიტომ ჩემთვის დათო დოიაშვილის შვილის ამპლუა, პირველ რიგში, საპასუხისმგებლოა, ძალიან მიხარია და ამით ვამაყობ. გარდა იმისა, რომ დათო ხელოვანია, არის საოცარი ადამიანი, ყველა ჩემი მეგობრისთვის კარგი მრჩეველი, ისინი მას აზრს ხშირად ეკითხებიან. რა თქმა უნდა, ეს მეამაყება. როგორც ახერხებს, ჩვენთან ერთად არის და ცდილობს, ახალ თაობას ისეთი მუხტი მისცეს, რაც ბევრ რამის გაკეთებაზე სტიმულს მოგვცემს, შიშებს და კომპლექსებს მოგვიხსნის...

- დედა - ქეთი ენდელაძე, ვიცი, რომ მუდმივად თქვენზე ზრუნავს და არც არასდროს უმუშავია.

- დედა მთელი ცხოვრება ჩვენს გვერდითაა, არ მუშაობს. ყველგან მას დავყავდით... საოცარი ზრუნვა შეუძლია, დიდი სიყვარულის, დადებითი მუხტის და ენერგიის ადამიანია. მისი ასეთი განწყობა განსაზღვრავს იმას, რომ ყოველთვის ყველგან კომფორტი გვაქვს.

ანას დედა ქეთი ენდელაძე

ყველას ვუსურვებ, მშობლებში ისე გაუმართლოს, როგორც მე გამიმართლა. თან, ქეთო არის ადამიანი, რომელიც ყველაფერზე წინსწრებით ფიქრობს, მაგალითად, ყველგან ვიყო კარგ ფორმაში და ა.შ. მოკლედ, ჩემი რთული ხასიათის შემსუბუქებას ცდილობს. მე და მამა შინ 2 "ბომბი“ ვართ, იმიტომ, რომ ორივე ძალიან ენერგიულები ვართ, ყველაფერი გვინდა, რომ გუშინ გვქონდეს გაკეთებული, - მაქსიმალისტები ვართ. დედაჩემი ამის ფონზე რანაირად ახერხებს ლავირებას, წარმოდგენა არ მაქვს. ჩემი ძმა თემური და პატარა დარო, რომელიც 6 წლის ხდება, ძალიან მშვიდები არიან.

თემური

თემური თავის თავის ადამიანია, ჩაფლულია მათემატიკაში, ბიზნესში, მეცნიერება იზიდავს. დედა, ხომ ვამბობ, ყველას ხასიათიდან გამომდინარე, ახერხებს მოგვერგოს და მას ამისთვის ყველაზე დიდი ძალისხმევა სჭირდება.

- წარმატებული ადამიანი ხარ, ბევრს მიაღწიე. მამაშენი დათო დოიაშვილი რომ არ ყოფილიყო, ამდენს შეძლებდი?

- ამაზე ბევრს ვფიქრობ და გეტყვით, რომ არ გავჩენილიყავი იქ, სადაც გავჩნდი და იმ ოჯახსა და გარემოში არ გავზრდილიყავი, ალბათ მე მე არ ვიქნებოდი. ჩემი ყოველდღიურობა იყო - ნიკოლოზ რაჭველი, ნატო მეტონიძის ხმა, საოცარ მსახიობებთან ურთიერთობა, თეატრში სიარული, - ეს ყველაფერი რომ არ ყოფილიყო, ვიმეორებ, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა.

პატარა დარო

- "ფეისბუქზე“ ბახვა ბრეგვაძემ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც შენი კიდევ ერთი უნარი გამოვლინდა, ეს არის იმიტაცია. პაროდიის ობიექტი სკოლის მასწავლებელია. ვიდეოს სოციალურ ქსელში დადებითი გამოხმაურება მოჰყვა...

- ეს ვიდეო ბახვამ თავის ინიციატივით ატვირთა, არ ვიყავი მომხრე, რომ გავრცელებულიყო. ჩემი არც ერთი სკოლის პედაგოგი ასეთი არ ყოფილა და არც ეს ქალია ცუდი, რაღაცნაირად საყვარელი ქალბატონია. ის ჩემი მოგონილი პერსონაჟია, სახელად: ლალი მებუკე.

საოცარი პედაგოგები მყავდნენ, კონკრეტულად, არავის პაროდია არ გამიკეთებია. ასეთი საყვარელი ქალები არსებობენ. მიხარია, თუ დადებითად აღიქვეს ვიდეო, მაგრამ არ მინდა, რომ ჩემი სათქმელი ეს იყოს, მსახიობმა უფრო ღირებული რამ უნდა წარმოადგინო, მაგრამ ეს სახუმაროდ ჩაიწერა. მეგობრები რომ ვიკრიბებით, ასეთი პერსონაჟები გვყავს ხოლმე და ჩვენს წრეში ასე ვერთობით. ვამბობ ხოლმე - ვარ სამი ადამიანი: ერთი ანა თბილისში, მეორე, რომელიც ამერიკაშია და მესამე - როცა განტვირთვა მინდა, ვარ ლალი მებუკე, რომელიც ძალიან საყვარელია.

- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი...

- პანდემიის პერიოდში ყველას შეგვეცვალა გეგმები. ახლა მოუთმენლად ველოდები მამაჩემის ახალი თეატრის გახსნას, მართლა საოცარი სივრცე გამოვიდა. გარდა იმისა, რომ თეატრია და სცენაა, იქ თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ბევრი საინტერესო პროექტი მზადდება, ასევე არის ერთგვარი საგანმანათლებლო ცენტრი, ბიბლიოთეკა, სადაც ლიტერატურის წაკითხვაც იქნება შესაძლებელი. ასე რომ, დათო ძალიან საჭირო საქმის კეთებას იწყებს. ძალიან მიხარია და ამ ყველაფერს დიდი ინტერესით ველოდები. გარდა ამისა, მალე ინოლას კონცერტიც გვექნება. შემდეგ კი უკვე წავალ ამერიკაში ჩემს უნივერსიტეტში, რომ ბოლომდე მივიყვანო საქმე, რომელიც დიდი სიყვარულით დავიწყე.