ავტორი:

"ლილოდან" მოაქვთ ათასი წვრილმანი და მდინარის კალაპოტზე ზურგით გადმოაქვთ... ჩაკეტვამ ყველა დააზარალა" - რას წერენ აფხაზები ენგურზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ?

"ლილოდან" მოაქვთ ათასი წვრილმანი და მდინარის კალაპოტზე ზურგით გადმოაქვთ... ჩაკეტვამ ყველა დააზარალა" - რას წერენ აფხაზები ენგურზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ?

მთელი დღეა, ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილი მდინარე ენგურის გადმოკვეთისას დაღუპული გალელების ამბავს განიხილავს. ზოგი მომხდარში ქართულ მხარეს ადანაშაულებს, რომელმაც ენგურსიქით მცხოვრებთათვის 5-დღიანი კარანტინი დააწესა. სხვების თქმით, სამი ადგილობრივი გარდაცვალების ფაქტზე, ქართული მხარის დანაშაულთან ერთად, აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობაც არ უნდა დაავიწყდეთ, რომელმაც ენგურის ხიდის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.

აფხაზეთიდან თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონოდ გადმოსვლის დროს, მდინარე ენგურის გადმოკვეთისას, გალის რაიონის სოფელ წარჩეს სამი მკვიდრი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მეოთხე ადამიანის ცხედარს ჯერ კიდევ ეძებენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, "მდინარე ენგურით გადმოსვლას ისინი რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამკვიდრებული უკანონო დაკავებებისთვის თავის არიდების მიზნით ცდილობდნენ".

ადგილობრივების ცნობით, ისინი ენგურსაქეთ უკანონოდ ცდილობდნენ გადმოსვლას, რადგან კანონიერად გადმოსვლისთვის საჭირო საშვები არ ჰქონდათ და ქართული მხარის მიერ დაწესებული 5-დღიანი კარანტინის გავლაც არ სურდათ. აფხაზები მომხდარს სოციალურ ქსელებში ეხმაურებიან.

"წელიწადზე მეტია ხალხი იხვეწება, გზა გახსენით, რომ ავადმყოფები გადავიყვანოთ, წამალი და სიცოცხლისთვის აუცილებელი პროდუქტი შემოვიტანოთო, მაგრამ არავის ესმის... არადა, ყველამ ხომ ვიცით, რაც ხდება გალისა და ოჩამჩირის ბაზარზე, ან სამედიცინო დაწესებულებებში?.. ჯერ ერთი, ყველაფრის დეფიციტია, გალის საავადმყოფოს სიცხის წამალსაც კი ენგურჰესიდან აძლევდნენ, ნაცნობობით, დარეკვით, ჩაწყობებით და მეორეც, რაც იყიდება, შაქარი და ჩაიც კი სამმაგი ფასი ღირს.

როგორ უნდა იარსებოს ამ ხალხმა, თუ არსებობის წყაროს ვუსპობთ? ბავშვები დაობლდნენ და ამ სიტუაციაში, არც ის მაინტერესებს, რომელი მხარის ბრალეულობა იკვეთება და აღარც პოლიტიკა" - წერს ერთ-ერთი ადგილობრივი აფხაზი ინტერნეტმომხმარებელი ირაკლი სუხუმსკი.

"ენგურის ხიდზე გადაადგილებისას, რუსი მესაზღვრეები პრობლემებს უქმნიან ჩვენს მოქალაქეებსაც, რომლებიც საქართველოში სამკურნალოდ, ან სხვა პირადი მიზნებისთვის გადადიან. პატივს ვცემ რუსი მესაზღვრეების შრომასა და თანადგომას, მაგრამ იქნებ კეთილი ინებოს ჩვენმა ხელისუფლებამ და მათი მუშაობის სპეციფიკა დეტალურად განსაზღვროს - 78 წლის ავადმყოფ ქალთან ერთად ორი საათი მალოდინეს უმიზეზოდ, მას წნევამ აუწია და ისევ ჩემსავით შეყოვნებულმა გალელებმა მომიმართეს ხელი..." - ამბობს ლუიზა ჩხოტუა.

"ეს ტრაგედია ისევ და ისევ იმან გამოიწვია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ვერა და ვერ შეძლო, საზღვრის იქით გადასასვლელი გზები საიმედოდ ჩაეკეტა... საჭიროა, მტკიცე კედლის აშენება, რათა მხოლოდ და მხოლოდ ლეგალურად, ცივილური გზებით გადავიდეს ხალხი და ტრაგედიებიც არ მოხდება. სანამ ამის უზრუნველყოფა არ იქნება, არაერთი მსხვერპლიც გვეყოლება და ტრაგედიების მოსმენაც მოგვიწევს" - წერს ვახტანგ ლაკობა.

"ეს პრობლემა აფხაზებსა და ქვეყნის დანარჩენ მოსახლეობასაც აწუხებს, რადგან გვინდა ამის აღიარება თუ არა, სურსათიც და სხვა დასახელების პროდუქტი მაინც შემოდის საქართველოდან, თანაც ბევრად ხარისხიანი და მისაღებ ფასშიც, მოწოდებაც სტაბილურია... ამიტომ ჩვენი აფხაზები გადადიან იქით, ქართველებთან შეთანხმებით, "ლილოდან" მოაქვთ ათასი წვრილმანი და მდინარის დაბალ კალაპოტზე ზურგით გადმოაქვთ, ან რუს მესაზღვრეებს უხდიან ფულს... ასე რომ, ჩაკეტვამ ყველა დააზარალა, უბრალოდ, ამაზე ღიად საუბარი არამომგებიანია" - წერს ტანია ქვარცხავა.

აფხაზურმა მხარემ პანდემიის მიზეზით, ე.წ. ენგურის გამშვები პუნქტი, 2020 წლის 14 მარტს კოვიდ-პანდემიისას ჩაკეტა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ჰუმანიტარულ კორიდორს ხსნიდა.

აფხაზური მხარის განცხადებით, საზღვრის უკანონოდ კვეთის მცდელობითვის 1 იანვრიდან 1 აპრილამდე რუსმა მესაზღვრეებმა გალის რაიონის 3 000 მკვიდრი დააკავეს. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ისინი გამაფრთხილებელ გასროლას აკეთებენ. ხანდახან საქმეში გაწვრთილ ძაღლებსაც რთავენ.

სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარზე არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი, გარკვეული კატეგორიის პირებისთვის 11 თებერვალს ორმხრივად გაიხსნა. თუმცა, აფხაზურ მხარეს, ხიდის გახსნასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ე.წ. გადასასვლელის გადაკვეთა, გასული წლის 16 ოქტომბრიდან, კვირაში სამჯერ, გალის რაიონში მცხოვრებ პენსიონერებსაც შეუძლიათ. მოქალაქეების ენგურის ხიდზე ტრანსპორტირებას, ორივე მიმართულებით, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობა უზრუნველყოფს.

რას ამბობს ოკუპირებული აფხაზეთი ენგურში დაღუპულ მოქალაქეებზე

"რუსული ოკუპაციის უსამართლო და აგრესიული ხასიათი განსაკუთრებით იგრძნობა ენგურის გადმოკვეთის დროს" - რას წერს ლიეტუვის ელჩი ენგურის ხიდის გადასასვლელ პუნქტში ვიზიტის შემდეგ

"დამწუხრებული ვარ გალის რაიონის 4 მკვიდრის გარდაცვალების გამო, ეს ტრაგედია ასახავს იმ ტკივილს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა იტანს" - ევროპარლამენტარი