ავტორი:

"ეკუთვნოდა თუ არა სისხლის შრატი მეგი ბაქრაძეს, არ წარმოადგენდა დადასტურებულ ფაქტს" - იმუნოლოგიის ცენტრის თანამშრომლის ჩვენება ბაქრაძის საქმიდან

"ეკუთვნოდა თუ არა სისხლის შრატი მეგი ბაქრაძეს, არ წარმოადგენდა დადასტურებულ ფაქტს" - იმუნოლოგიის ცენტრის თანამშრომლის ჩვენება ბაქრაძის საქმიდან

საქართველოს პროკურატურამ ექთნის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე „ახალციხის კლინიკა იმედის“ ექიმებს ბ.ლ.-ს, ვ.ი-ს და ექთანს თ.გ.-ს ბრალი წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალდებულებმა ხელი შეუშალეს მართლმსაჯულებას და პირადი მოტივით, რათა არ გამჟღავნებულიყო, რომ ვ.ი. არ იმყოფებოდა პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის დროს პაციენტთან, გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს.

"კერძოდ, ვ.ი.-ს ჩვენების მიხედვით, 18 მარტს, ახალციხის კლინიკაში, იმუნიზაციის შემდგომი დაყოვნების ოთახში მყოფი მ.ბ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, გართულების დაწყებისთანავე, თითქოს მის მიერ და ასევე მისი ხელმძღვანელობით, პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო პროცედურები. აღნიშნული ფაქტი ჩვენებებით დაადასტურეს ასევე ბ.ლ-მ და თ.გ-მ. თუმცა გამოძიებით დადგინდა, რომ იმუნიზაციის შემდეგ ვ.ი-ს მ.ბ-ს მიმართ რაიმე მედიკამენტი არ გამოუყენებია და იმ დროს, როცა მ.ბ-ს გაუწიეს გართულების შემდგომი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ვ.ი. დაყოვნების ოთახში საერთოდ არ იმყოფებოდა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ჩვენებებაში, რომელიც მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატებმა დღეს გაასაჯაროვეს, რამდენიმე გარემოებაზეა საუბარი. მათ შორის იმაზე, ნამდვილად ბაქრაძის სისხლის ანალიზები მიიტანეს თუ არა ლაბორატორიაში ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტებმა. სწორედ ამ ანალიზებით ლაბრატორიას უნდა დაეგინა, იყო თუ არა ანაფილაქსიური შოკი მედდის გარდაცვალების მიზეზი.

"ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ ჩვენებაში, რომელსაც იმუნოლოგიის ცენტრის თანამშრომელი იძლევა ირკვევა, რომ მათთან ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე მივიდა და მიიტანა ბაქრაძის სისხლის შრატის სინჯები. თუმცა როგორც ჩვენებაში ის ჰყვება, ეკუთვნოდა თუ არა სისხლის შრატი ნამდვილად მეგი ბაქრაძეს, ეს დადასტურებულ ფაქტს არ წარმოადგენდა.

გთავაზობთ ნაწყვეტს იმუნოლოგიის ცენტრის თანამშრომლის ჩვენებიდან, რომელსაც "ტვ პირველი" ავრცელებს:

"პირველი, რითაც დავინტერესდი იყოს ის, რომ ხომ არ იყო გასული 3 საათი, რაზეც მიპასუხა, რომ 3 საათი არ იყო გასული. ამასთან ავუხსენი, რომ საჭირო იყო სისხლის შრატი მოწოდებული ყოფილიყო ცივი ყუთით. აღნიშნული საუბარი შედგა დაახლოებით 14:30 საათზე.

აღნიშნული საუბრის შემდეგ ჩვენს ცენტრში გამოცხადდა ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე თემურ ზარქოშვილი, რომელმაც წარმოადგინა მეგი ბაქრაძის სისხლის შრატის სინჯები ცივი ყუთით, ისე რომ სისხლის შრატი ეკუთვნოდა თუ არა მეგი ბაქრაძეს, არ წარმოადგენდა დადასტურებულ ფაქტს".

როგორც გარდაცვლილი მედდის ოჯახის ადვოკატმა ნინო ამაღლობელმა აღნიშნა, იმუნოლოგიის ცენტრის თანამშრომელი თავის ოქმში განმარტავს ასევე, რომ პასუხისმგბელობას იხსნის იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა იქ მიწოდებული ნამდვილად ბაქრაძის სისხლი.

ამაღლობელი აცხადებს, რომ ოჯახს და ადვოკატებს არ აქვთ პასუხი კითხვაზე, თუ რა გახდა მეგი ბაქრაძის გარდაცვალების მიზეზი.

"ეს ჩვენთვის მოსალოდნელი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ 2 - დღიან შუალედში არაერთი ჩვენება იყო შეცვლილი. ამით საგამოძიებო უწყებამ პრაქტიკულად ჩრდილში მიმალა რეალობა, სხვა პირებზე გადაიტანა ისრები. ჩვენ არცერთ კითხვაზე, თუ რა მოხდა 2021 წლის 18 მარტს, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, ოჯახს და ადვოკატებს პასუხი არ გვაქვს.

აქედან გამომდინარე, საგამოძიებო უწყებას მოუწევს პასუხისმგებლობის აღება, ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა, რომელიც გადამწყვეტი იქნება სიმართლის დასადგენად. ის, რომ შეცვლილი ჩვენების გამო, ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე, კონკრეტული პირების მიმართ დაიწყეს გამოძიება, ძალიან სამწუხაროა, რომ იმ პირებმა ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს, მაგრამ იმსახურებენ. დანარჩენ ნაწილში, უშუალოდ გარდაცვალების ფაქტთან მიმართებით, ვინც უშუალოდ არის ბრალეული პირი, მისი არსებობის შემთხვევაში, ვითხოვთ მისი პასუხისმგებლობის დღის წესრიგში დაყენებას. ეს არის ჩვენი პოზიცია“, - აცხადებს ნინო ამაღლობელი.

შეგახსენებთ, ახალგაზრდა მედდას, წინასწარი მონაცემებით, კოვიდსაწინააღმდეგო აცრის შემდეგ, რომელიც ახალციხეში, კლინიკა „იმედში“, 18 მარტს ჩაუტარდა, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მედდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს როგორც ახალციხის, ისე თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში.

"ჩემს დაკავებაზე გახარიასაც ჰქონდა თანხმობა მიცემული... ახლა რომ ცდილობს თავი ისე მოაჩვენოს, თითქოს წინააღმდეგი იყო" - ნიკა მელია

"მგონია, რომ დღეს ნიკას გაათავისუფლებენ" - ანზორ მელიას კომენტარი სასამართლოდან

ნიკა მელიას განცხადებით, ციხეში 19 კილო დაიკლო