ავტორი:

რუსეთი სომხეთში ახალ ატომურ ელექტროსადგურს ააშენებს - რას წერს რუსული გამოცემა?

რუსეთი სომხეთში ახალ ატომურ ელექტროსადგურს ააშენებს - რას წერს რუსული გამოცემა?

რუსულ გამოცემა კომერსანტში" («КоммерсантЪ») გამოქვეყნებულია სტატია, სათაურით: "ცოტა ატომური დენი თუ გაქვთ? // რუსეთმა სომხეთში შეიძლება ახალი ატომური ელექტროსადგური ააშენოს", რომელშიც საქართველოს მეზობელი სამხრეთკავკასიური ქვეყნის ატომური ენერგეტიკის პერსპექტივაა მიმოხილული (ავტორი - პოლინა სმერტინა).

სომხეთი, რომელიც ადრე თავს არიდებდა რუსული დიზაინის მქონე ახალი ატომური ელექტროსადგურის (აეს) მშენებლობის საკითხში მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას, ახლა უკვე ამ მიზნით მოლაპარაკებას იწყებს. ახალი სადგური საჭიროა ძველის ჩასანაცვლებლად, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ ყავლი დიდი ხნის წინ გაუვიდა, "შენახვის ვადა" მაინც გაუგრძელეს. მეწამორის 407 მეგავატის სიმძლავრის მქონე ენერგობლოკი, საბოლოოდ, 2036 წელს უნდა დაიხუროს. ახალი აეს-ის მშენებლობის ღირებულება 3-7 მილიარდ დოლარს აღწევს. რუსეთს შეუძლია სომხეთს მცირე და საშუალო ენერგობლოკები შესთავაზოს, მაგრამ როგორც ექსპერტები ამბობენ, ასეთი ბლოკების წარმოება თვით რუსეთისთვის სიახლეა და ამიტომ მათ შესაბამისი საიმედო რეფერენციები ჯერჯერობით არ აქვთ. გარდა ამისა, შესაძლოა პრობლემა გაჩნდეს ატომური რეაქტორის სომხეთში ჩატანასთან დაკავშირებითაც, - ნათქვამია მოკლედ სტატიის დასაწყისში, შემდეგ კი ავტორი უფრო ფართოდ აგრძელებს:

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს, სომხეთში ახალი აეს-ის მშენებლობის სურვილი გამოთქვა. მართალია, ამჟამად არსებული აეს-ის ძველი ბლოკების ახლით შეცვლის საკითხი დიდი ხანია განიხილება, ნიკოლ ფაშინიანის ბაგეთაგან ასეთი სურვილი ღიად პირველად გახმაურდა.

სომხეთს დღეისათვის არ სჭირდება დიდი სიმძლავრის მქონე ატომური ელსადგურის მშენებლობა, მისთვის საკმარისია 1 გიგავატის სიმძლავრეც - ეს იმიტომ, რომ რესპუბლიკის ენერგოსისტემა ძალიან შეზღუდულია. მაგრამ საქმე ისაა, რომ რაც უფრო მცირე სიმძლავრისაა სადგური, მისი მშენებლობა უფრო ძვირი ჯდება.

სომხეთის ამჟამად მოქმედი მეწამორის აეს-ის გენდირექტორის მრჩევლის გერა სევაკიანის თქმით,სომხეთის მეწამორის აეს-ი ერევნიდან 30 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, რომელიც ექსპლოატაციაში 1976-1980 წლებში შევიდა. მას აქვს საბჭოთა დიზაინის ორი ენერგობლოკი ВВЭР-440, რომელიც სეისმომედეგია, თუმცა სპიტაკის მიწისძვრის შემდეგ, 1988 წელს, ელექტროსადგური მაინც გააჩერეს. 1995 წელს კი, როცა სომხეთი უმწვავეს ენერგოდეფიციტს განიცდიდა, მთავრობის გადაწყვეტილებით, სადგური ისევ ამუშავდა. თუ რა მნიშვნელობა აქვს მეწამორის ატომურ სადგურს რესპუბლიკისათვის, საკმარისია ითქვას, რომ რეაქტორები ქვეყნის ელექტრომოხმარების 45%-ს უზრუნველყოფენ.

ექსპერტ ალექსანდრე უვაროვის თქმით, რუსეთს მცირე და საშუალო სიმძლავრის ენერგობლოკების მშენებლობის გამოცდილება ნაკლებად აქვს, თუმცა ეს ფაქტორი პროექტის დამაბრკოლებელი ვერ იქნება. მისი აზრით, სომხეთში შეიძლება გამოყენებული იქნეს ВВЭР-600 ტიპის ატომური რეაქტორი (600 მეგავატი სიმძლავრით), რომელიც რუსეთის კოლის ნახევარკუნძულზე მდებარე აეს-შია აპრობირებული. არის მეორე ვარიანტიც: РИТМ-200 ტიპის რამდენიმე მცირე რეაქტორი (50 მეგავატის სიმძლავრით), მაგრამ ასეთი ვერსიის ნეგატიური მხარე ისაა, რომ მასზე მეტი თანხები დაიხარჯება, პლუს მათ დაჭირდებათ სეისმომედეგობის დონის განმტკიცება.

არ არის გამორიცხული, რომ ახალმა აეს-მა ელექტროენერგიის ტარიფის მატება გამოიწვიოს. ეს საკითხი სომხეთში ძალიან გრძნობიარეა და ბევრჯერ მისი მიზეზით სახალხო მღელვარებაც მომხდარა. რადგანაც დენის ტარიფის საკითხს სახელმწიფო წყვეტს, ამიტომაც მთავრობა საბჭოური ენერგობლოკების ვადების გაგრძელებას მუდმივად ახდენდა (ძველი რეაქტორისგან მიღებული ელეტროენერგია უფრო იაფია). ერევანმა უკვე გამოაცხადა, რომ რეაქტორების ექსპლოატაციის ვადებს კიდევ 5-10 წლით გააგრძელებს.

რაც შეეხება ახალი ატომური სადგურის სავარაუდო მშენებლობასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ პრობლემას, თუ როგორ უნდა ჩაიტანონ რეაქტორები და სხვა მოწყობილობა რუსეთიდან სომხეთში: ცნობილია, რომ სომხეთს რუსეთთან არ აქვს არც პირდაპირი სარკინიგზო და საზღვაო კავშირი. სარკინიგზო კავშირი, რომელიც ადრე, საბჭოთა პერიოდში საქართველოს გავლით ხორციელდებოდა, აფხაზეთის კონფლიქტის გამო გაწყდა. როგორც ექსპერტი მიხეილ ბურმისტროვი ამბობს, პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი ვერსია შეიძლება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო მოძრაობის აღდგენაში მდგომარეობდეს: საკითხი ეხება რკინიგზას ნახჩივანისა და ე.წ. "მეგრის დერეფნის" გავლით, რომელიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტამდე მშვენივრად მუშაობდა. ამჟამად რკინიგზის ორდუბად-გორადიზის მონაკვეთი აყრილია, მაგრამ დაგეგმილია მისი აღდგენა". წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ჩინური წარმოების ვაქცინები დაბალეფექტიანია

ჩინეთში დატბორილ მაღაროში 21 ადამიანია ჩარჩენილი

"ჩვენი  მიზანია, რომ შავი ზღვა იყოს მშვიდობის ზღვა" - რას აცხადებს ერდოღანი ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ