ავტორი:

"ჯონის მოხუცი დედა დარჩა დაობლებული ბავშვების იმედად, ყველაზე პატარას შიშები დასჩემდა" - ენგურზე გარდაცვლილები საკუთარ სახლებში გადაასვენეს

"ჯონის მოხუცი დედა დარჩა დაობლებული ბავშვების იმედად, ყველაზე პატარას შიშები დასჩემდა" - ენგურზე გარდაცვლილები საკუთარ სახლებში გადაასვენეს

ოკუპირებული აფხაზეთიდან მდინარე ენგურის გადმოკვეთისას დაღუპული 4 მოქალაქის ცხედარი გალის რაიონში გადაასვენეს. ტრაგედია 7 აპრილს მოხდა, როდესაც ისინი მდინარის გავლით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრას ცდილობდნენ...

მაშველებმა თავიდან სამი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს წყლიდან, მეოთხე ადამიანის პოვნა მოგვიანებით გახდა შესაძლებელი... გარდაცვლილებიდან სამი მათგანი ერთი ოჯახის წევრები არიან – ცოლ-ქმარი მაყვალა გამისონია და ჯონი (ელგუჯა) გვალია, რომელთაც სამი შვილი დარჩათ. ასევე, მათი რძალი, 34 წლის თამუნა ცატავა და მეგზური, 62 წლის თამაზ ბასლანძე.

7 აპრილს მდინარე ენგურში დაღუპული მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. 10 აპრილის 00:00 საათიდან 11 აპრილის 00:00 საათამდე, ქვეყანაში სახელმწიფო დროშები დაეშვა. განკარგულებას ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.

როგორც AMBEBI.GE-სთან საუბარში დაღუპული ცოლ-ქმრის ახლობელი ამბობს, ცოლ-ქმრისა და კიდევ ორი დაღუპულის ცხედარი საკუთარ სახლში გუშინ გადაასვენეს...

- დაღუპულები ახლობლებმა ენგურის ხიდამდე მივაცილეთ, მეორე მხარეს კი მთელი სოფელი და იქაური საახლობლო დახვდათ. მაყვალას ძმაც ვერ გადავიდა... ამას ახლა გიყვებით ასე, უემოციოდ, რადგან ამ დღეებში ნანახმა და გადატანილმა ადამიანის სახე წამართვა. ჩემი და იქ ცხოვრობს, მათთან ახლოს. ბავშვების ყურების საცოდაობით გული მისკდება, ჩვენ აქეთ ამათი საცოდაობით ვიწვით...

ჯონის მოხუცი დედა ჰყავს, ახლა ის დარჩა დაობლებული ბავშვების იმედად. არადა, მოხუცი ძლივს დადის. სამი ბავშვი დაობლდა. ყველაზე პატარა 6 წლის არის, შიშები დასჩემდა. კიდევ ერთი ისე ცუდად გამხდარა, ძლივს გამოუყვანიათ ექიმებს მდგომარეობიდან..

- ბავშვებიც იქით ცხოვრობენ?

- დიახ, სკოლაშიც იქით დადიან... ისე განვიცდი მათ უბედურებას, ჩემს შვილებსაც ვერ ვეფერები, თავს დამნაშავედ ვგრძნობ თითქოს. ალბათ ყველა ვართ დამნაშავე, რაც მოხდა, რადგან ვერაფერი შევცვალეთ. ქართულ მხარეს 5-დღიანი კარანტინი ვერ გავაუქმებინეთ, აფხაზურს გზის გახსნა... ისედაც ნებისმიერ შემთხვევაში აქეთ მოჰყვათ თავიანთი ავადმყოფები და აქ თავს ევლებიან, ჩვენ კი სიცხის დამწევი რომ ვიყიდოთ, ბეწვის ხიდზე გვიწევს გავლა... არ ვიცი, მოხუცი ბებიის იმედად იქ როგორ იქნებან ბავშვები, მაგრამ რა ქნან, აქეთ დასარჩენიც არ აქვთ.

- დაღუპულები ერთ ეზოში ცხვრობდნენ, არა?

- დიახ, თამუნას პატარა ბიჭის ყურება ცალკე გვიკლავს გულს, დედის სითბოს ვერავინ შეუცვლის, მაგრამ იმას მამა მაინც დარჩა, რომელიც ჩაიხუტებს და მოეფერება... სიტყვებს ვერ ვპოულობ იმ უბედურების აღასწერად, რაც იქ ხდება.

- მეოთხე ადამიანი გამცილებელი იყო... უსაფრთხო გზები არ იცოდა?

- დიახ, მას შემდეგ, რაც რამდენიმე გადასასვლელიდან აფხაზურმა მხარემ მხოლოდ ერთი, ენგურის ხიდი დატოვა, მდინარე ენგურის გავლით სახიფათო გზის გავლა გვიწევს. გამცილებლები ის ადამიანები არიან, ვინც მგზავრებს ეხმარებიან უსაფრთხოდ გადაკვეთონ "საზღვარი". ისინი არიან გალის სოფლებში, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მამაკაცები, ვინც კარგად იცის მდინარე ენგური, მისი კალაპოტები, ადიდების ადგილები, თავისებურებები და მიმდებარე ტერიტორია.

ისინი წინასწარ ათვალიერებენ პერიმეტრს, არიან ტუ არა ახლო-მახლოს რუსი ან აფხაზი მესაზღვრეები და მგზავრებს ინფორმაციას აწვდიან. შედარებით უსაფრთხო დროა გამთენია ან გვიან ღამე. ზოგიერთი მგზავრებს ბოლომდე, ზუგდიდამდე მიჰვება, ზოგი უბრალოდ მიმართულებას აჩვენებს, სად შეიძლება მავთულხლართებიდან დაუზიანებლად გაძრომა და სად არის მდინარის დაბალი კალაპოტი, რადგან თუ რუსებმა შეგვნიშნეს, მაშინვე გავრბივართ და ამ დროს ძნელია მიხვდე, სად არის დაბალი ან მაღალი კალაპოტი. ზოგჯერ არის, რომ მეორე მხარეს ისევ ჩვენები დგანან და გვანიშნებენ, აქეთ წამოდიო, მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება.

ტასაცმელი ზურგით მოგვაქვს, საიმედოდ შეფუთული, რათა ნაპირზე მანქანში ან ტყეში გამოვიცვალოთ, მაგრამ თუ ძაღლი მოგვიქსიეს, ვის აქვს ბარგის თავი, ვყველაფერს ვყრით და გავრბივართ. ეს არის ჩვენი ცხოვრება...

მთავარ ფოტოზე: მაყვალა გამისონია და ჯონი გვალია, მათი ვაჟი და თამუნა ცატავა

"ელიტ ელექტრონიქსი“ "ჰოთსეილის“ პარტნიორი გახდა

პაატა იმნაძის განცხადებით, ერთ-ერთ რაიონში ქელეხის სუფრის შემდეგ, კიდევ ერთი "კლასტერი“ გაჩნდა

"ინფექცია ცირკულირებს და ვრცელდება... ჰოსპიტალური სექტორი სრულ მზადყოფნაშია, რათა პაციენტების მზარდი რაოდენობა მიიღოს" - თამარ გაბუნია