ავტორი:

"პირველი ემოცია იყო დუმილი - ხმას ვერ ვიღებდი..."ჩაკეტვის" გამო,  საორსულო ტანსაცმელი ვერ ვიყიდეთ და ჩემს შარვლებს იცვამდა" - ანდრია გველესიანი და მაიკო ვაწაძე პირველი შვილის მოლოდინში

"პირველი ემოცია იყო დუმილი - ხმას ვერ ვიღებდი..."ჩაკეტვის" გამო,  საორსულო ტანსაცმელი ვერ ვიყიდეთ და ჩემს შარვლებს იცვამდა" - ანდრია გველესიანი და მაიკო ვაწაძე პირველი შვილის მოლოდინში

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი წყვილის, მსახიობების, ანდრია გველესიანისა და მაიკო ვაწაძის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა - ისინი სამწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, პირველ შვილს ელოდებიან. ანდრია და მაიკო AMBEBI.GI-ს უამბობენ, როგორ ემზადებიან ცხოვრების მთავარი მოვლენისთვის

ანდრია:

- ორსულობა ძალიან მოულოდნელი იყო. ძაღლი წავიყვანე ძაღლების გამოფენაზე და იქ მსაჯთან ვიჩხუბე, უხასიათოდ ვიყავი და ამ დროს დამირეკა მაიკომ და პირდაპირ მითხრა - "ორსულად ვარ". ჩემი პირველი ემოცია იყო დუმილი – გავოგნდი, ხმას ვერ ვიღებდი. მიხაროდა, მაგრამ ნორმალურად ვერ განვიცადე. ხუთ თვემდე საერთოდ არ ვთქვით. რაღაც განსაკუთრებულ მომენტს ველოდით, თან მაიკოსაც მუცელი არ ეტყობოდა. ჩვენი ქორწინების დღეს გავამხილეთ – სამ თებერვალს "ინსტაგრამზე" მაიკოს ფოტო დავდე, წარწერით - "თებერვლის სამი, ქორწინებიდან სამი წელი და უკვე სამნი". ჯერ ჩვენ თვითონ ბავშვები ვიყავით და არ ვჩქარობდით. ჩვენს ურთიერთობას ჰქონდა ეტაპები, ჯერ სამწლიანი მეგობრობა გვაკავშირებდა, შემდეგ – შეყვარებულობის სამწლიანი პერიოდი, მერე უკვე დავინიშნეთ, დავქორწინდით და აქაც სამწლიანი პერიოდი გამოგვივიდა. ძალიან მახარებს, რომ ყველაფერი ასე, ეტაპობრივად განვითარდა.

- როგორ ემზადებით ბავშვის დასახვედრად?

- ანდრია: ჯერ არ გვიყიდია, მაგრამ უკვე გვჩუქნიან რაღაცებს. იმედი გვაქვს, რომ ჯერ არ ჩაგვკეტავენ და ბავშვი შიშველი არ დაგვრჩება. ორსულობის პირველი სამი კვირაც "ჩაკეტილები“ ვიყავით, მაიკოსთვის საორსულო ტანსაცმელი ვერ ვიყიდეთ და ჩემი შარვლების ჩაცმა უწევდა.

- სქესს ამხელთ?

- კი, ბიჭია. ჩვენთვის სქესს არ ჰქონდა მნიშვნელობა. ჩემს დაზე უფროსი ვარ და მე გავზარდე, მამა-შვილივით ვიყავით. აქედან გამომდინარე, სულ მინდოდა გოგო, თუმცა გულის სიღრმეში ვიცოდი, რომ პირველი შვილი ბიჭი მეყოლებოდა.

- მაიკო, ორსულობამ ხასიათი რამდენად შეგიცვალა?

- ხასიათი მაინცდამაინც არ შემცვლია. ვცდილობ, რომ უფრო მშვიდი ვიყო. ისეთ რაღაცებს აღარ ვაქცევ ყურადღებას, რაზეც აქამდე ვნერვიულობდი. ეს ჩემდაუნებურად მოხდა. მკვეთრი ტოქსიკოზი და უცნაური სურვილები არ მქონია.

- ანდრია: ხასიათი უკეთესობისკენ შეეცვალა. მარწყვზე ნამდვილად არ მირბენია, ალუჩაზე კი – ხშირად.

- რა ემოციებია, როცა მშობელი ხდები?

- მაიკო: სანამ არ დავინახავთ და ყოველდღიურ რუტინაში არ გადავა, ვერ აღვიქვამ.

- ანდრია: პირველი შვილია და ძნელია აღქმა. ალბათ მერე, პირველი, მეორე და მეხუთე შვილი რომ გვეყოლება, კიდევ უფრო აღქმადი იქნება. რაღაც მოვლენაა და ჯერ ვერ ვხვდებით – რა. პირველი ხუთი თვე, სანამ მაიკოს მუცელი დაეტყობოდა, გვავიწყდებოდა, რომ ორსულადაა და ვახსენებდით ხოლმე ერთმანეთს, ახლა უკვე მუცელი გვახსენებს. რომ ამბობდნენ, ცხოვრებაში შვილი არის მთავარიო, ადრე ვერ ვხვდებოდი, ახლა უკვე ვგრძნობ, რომ ასეა. ეს არის ყველაზე კარგი მოლოდინი, რაც შეიძლება, ადამიანს ჰქონდეს.

- პანდემიის პერიოდი როგორ გადააგორეთ?

- ანდრია: სწორედ, პანდემიის პერიოდმა განაპირობა მაიკოს ორსულობა, ანუ ყველაზე კარგად გავატარეთ. ჩვენს ცხოვრებაში დიდად არაფერი შეცვლილა, მანამდე სულ გარეთ ვიყავით და სულ გვინდოდა სახლში ერთად ვყოფილიყავით. მახსოვს, გავცივდი, ერთი კვირის განმავლობაში 37.2 გრადუსი მქონდა ტემპერატურა და ყველას კორონავირუსი გვეგონა, თუმცა ის გვაბალანსებდა და ქმნიდა ატმოსფეროს, რომ მაიკოს იდეალური ხასიათი აქვს.

- ერთმანეთის რა თვისებები მოგწონთ ყველაზე მეტად?

- მაიკო: უცებ გამახსენდა, რა არ მომწონს. მომწონს ის, რომ ყველაზე ყურადღებიანი, კეთილი და თბილი ადამიანია. ყველა ის თვისება აქვს ანდრიას, რაც მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. რაც არ მომწონს არის ის, რომ ძალიან ცვალებადი ხასიათი აქვს.

- ანდრია: სამწუხაროდ, იმპულსური ვარ. შეიძლება, ძალიან პოზიტიურ განწყობაზე ვიყო და უცებ სრულიად შევიცვალო. მაიკოში კი ძალიან რთულია გამოვყო. მასში ისიც კი მომწონს, რაც შეიძლება სხვას არ მოეწონოს. ორივე ჯიუტები ვართ, მაგრამ ყველაზე მეტად ის მხიბლავს, რომ ხშირად მითმობს. გვერდით რომ არის, მაშინაც კი მენატრება. ვფიქრობ, წყვილის ჯანსაღი ურთიერთობაც მონატრებაა – როცა სულ გენატრება. ეს არის ფორმულა იმისა, რომ ურთიერთობა ლამაზი იყოს.

- რამდენად რომანტიკულები ხართ?

- მაიკო: ანდრია ძალიან რომანტიკულია, ჩემზე მეტად. თავიდან, შეყვარებულობის პერიოდში, სულ სიურპრიზებს მიწყობდა, არ ეზარეობდა. თუ ბათუმში ვიყავი, არ დაიზარებდა და მოულოდნელად ჩამოდიოდა. ჩემთვის სანთლებიც დაუნთია. ერთხელ ჩემს აივანზე რომეოსავით ამოვიდა. იმ პერიოდში "რომეო და ჯულიეტაში“ შეყვარებულებს ვთამაშობდით. მოულოდნელად სახლის აივანზე ამოვიდა, ყველას ეძინა და ეგრევე გავაპარე.

- ანდრია: ხელის თხოვნაც ძალიან რომანტიკული იყო. კლიპის გადასაღებად ვიყავით წასულები, თუმცა რეალური ჩანაფიქრი მაიკოსთვის ხელის თხოვნა იყო. მთელი დასავლეთ საქართველო მოვიარეთ, სულ ვმალავდი ამ ბეჭედს და ბოლოს, სვანეთში რომ ავედით, მესტიაში ვთხოვე ხელი.

ავტორი: ხათუნა კორთხონჯია

"ჩემი 10-კაციანი დაბადების დღით შოუს აგორება სირცხვილია...თქვე არასწორებო" - რას წერს მუსიკოსი ინფორმაციაზე, რომ შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები კოვიდით მის წვეულებაზე დაინფიცირდნენ

ბათუმელი "მონიკა ბელუჩი" დაინიშნა - ხელის თხოვნა აკვალანგისტის დახმარებით (+ფოტო და ვიდეო)

ჯარედ ლეტოს დაუჯერებელი გარდასახვა - ახალ როლში ფანებს მისი ამოცნობა უჭირთ (ფოტოები)