ავტორი:

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სპუტნიკ V შეაქვთ - როგორ ხვდება მოსახლეობა რუსულ ვაქცინას: "საცდელი ბაჭიები რომ ვართ, ახლა გაიგეთ?!"

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სპუტნიკ V შეაქვთ - როგორ ხვდება მოსახლეობა რუსულ ვაქცინას: "საცდელი ბაჭიები რომ ვართ, ახლა გაიგეთ?!"

რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში კოვიდ-19-ის მორიგი ტალღა დაიწყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, აფხაზეთში უახლოეს დღეებში დაიწყება რუსული სპუტნიკ V-ის შეტანა. მანამდე კი, ე.წ. პრეზიდენტის საკოორდინაციო შტაბის ინიციატივით, დღეიდან კოვიდ-რეგულაციები ისევ ამოქმედდა. დაიხურა საბანკეტო და სპორტული დარბაზები, რესტორნები და კვების სხვა ობიექტები.

აფხაზეთის "ოპერატიული შტაბის" ცნობით, ბოლო მონაცემებით, რეგიონში ინფიცრების სულ 13 645 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 13 101 გამოჯანმრთელდა, 217 კი - დაიღუპა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, რეგიონის მოსახლეობა ახლა ორი მძიმე არჩევანის წინაშეა - სრული "ლოქდაუნი" ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს შიმშილის ზღვრამდე მიიყვანს, და მეორე - მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვებს კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან, არც აცრა უნდათ, ვინაიდან არცერთ ვაქცინას არ ენდობიან, მით უფრო, რუსულ სპუტნიკ V-ს, რომელიც აფხაზეთში ამ დღეებში უნდა შემოიტანონ.

არსებული ინფორმაციით, რუსული სამხედრო ბაზების პერსონალი უკვე აიცრა სპუტნიკ V-ის ვაქცინით.

"შეთანხმება მიღწეულია და აფხაზეთის ხელმძღვანელობა რუსული ვაქცინის ტრანსპორტირებაზე მუშაობს. ვაქცინის პირველი პარტია, მარტის ბოლოსთვის უნდა შემოსულიყო, თუმცა ტექნიკური ხარვეზების გამო ვერ მოხერხდა. ამჯერად კი, რუსეთთან მოლაპარაკებებს ასლან ბჟანია ხელმძღვანელობს", - წერს აფხაზური მედია.

ადგილობრივ ჟურნალისტებთან საუბარში, აფხაზეთის მთავარი "სანიტარი" ლუდმილა სკორიკი ამბობს, რომ ვაქცინამ რეგიონს სულზე უნდა მოუსწროს, რადგან მალე "ქვეყანაში სიტუაცია კონტროლს ვეღარ დაექვემდებარება. არადა, ვაქცინის ტრანსპორტირება ძალზე რთულია, რადგან მისი გაყინვა მინუს 18-20 გრადუსზე მხოლოდ ერთხელ არის შესაძლებელი. საჭიროა სპეციალური ტრანსპორტი, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს", - ამბობს სკორიკი.

მისივე თქმით, ვაქცინაცია ვირუსისგან თავდაცვის ერთადერთი გზაა, ამიტომ მოსახლეობის 70% უნდა აიცრას.

"მთავარია, საკურორტო სეზონი როგორმე მშვიდად ჩავატაროთ. ამისთვის, აუცილებელია დისტანცია, ბირბადე და ვაქცინა", - ამბობს სკორიკი, რომლის თქმითაც, სპუტნიკ V რეგისტრირებულია 60 ქვეყანაში და მისი ეფექტურობა 91,6%-ია.

რუსული ვაქცინის ეფექტურობისა არ სჯერა აფხაზეთის მოსახლეობის უმეტესობას. მოსახლეობის ამ ნაწილის თქმით, რუსეთის დუმის წევრები და ხელისუფლების სხვა პირველი პირები უცხოეთში იკეთებენ "ფაიზერსა" და "ასტრაზენეკას", მოსახლეობის საშუალო ფენა კი, მათ შორის, არმია და პოლიცია, რუსულ ვაქცინას უნდა დასჯერდნენ.

"ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც ნაჩუქარ ცხენს კბილებს არ უსინჯავენ. რუსები სოციალურ ქსელებში წერენ, თუ როგორ არიდებს ხალხი თავს სპუტნიკით აცრას. New York Times-ის კვლევის თანახმად, რუსეთი კოვიდ-19-ით სიკვდილიანობის მაჩვენებლით ლიდერობს. არადა, ისრაელში მასობრივი ვაქცინაციის შემდეგ, თითქმის დაუბრუნდნენ ჩვეულებრივ ცხოვრებას. სად არის ლოგიკა?" - წერენ აფხაზები.

სხვების თქმით, რუსეთი ბიოლოგიური იარაღს აწარმოებს, გამოცდილება აქვს და, შესაბამისად, არც ვაქცინის გამოგონება გაუჭირდება.

"ალბათ ისევ ჯობია დისტანცია დავიცვათ და პირბადე ვატაროთ. ჩემს მოხუცებს ექსპერიმენტებისთვის ვერ გავწირავ. ვაქცინაზე რომ არაფერი ვთქვათ, ჩვენს ექიმებს არ აქვთ შესაბამისი გამოცდილება, რათა თუნდაც ვაქცინის შემდეგ დაწყებული გართულებები ვაკონტროლოთ. ჩემი მშობლები გუდაუთაში ცხოვრობენ, რომელიმეს რამე რომ გაურთულდეს, სანამ ჩვენი თითქმის დაშლილი სასწრაფოს "უაზები" იქამდე ავლენ, ყველაფერი დასრულდება. ამიტომ ვერ გავრისკავ", - წერს ერთ-ერთი ადგილობრივი ემირ წვიჟბა.

"საქართველოს აქვს "ასტრაზენეკა" და "ფაიზერი". "ასტრზენეკამ" ადგილობრივი გარდაცვლილი ექთნის გამო, უკვე დააფრთხო ქართველები, "ფაიზერს" უფრო ენდობიან. ახლა ნახეთ თქვენ, საქართველოში სირბილი "ფაზიერის" გამო, ენგურს გადატოპავენ კი არა, რუსეთიდან ჩავლენ, შემოვლითი გზებით, რადგან იქ ყველაფერი უფასოა, თანაც აფხაზ პაციენტებს თან ჰყვებიან. რა თქმა უნდა, პოლიტიკურ ელიტასა და მასთან დაახლოებულ ბიზნესწრეებს ვგულისხმობ. რას ვიზამთ, როგორც ჩვენში ამბობენ, ექიმს ეროვნება არ აქვს, ალბათ მეც მოვერიდები "სპუტნიკს" და თბილისს ვესტუმრები, რადგან რისკი ნაკლებია", - წერს "ლაშა აფხაზსკი".

"ვაქცინა კიდევაც რომ ვარგოდეს, შენახვის პირობებს ვერ დავიცავთ, ზოგჯერ ელექტროენერგია დღე-ღამეში მხოლოდ 4 საათით მოგვეწოდება და ამ პირობებში, რანაირად უნდა იმუშაოს მაცივარმა?!" - წერს ლიანა ადლეიბა.

"საცდელი ბაჭიები რომ ვართ, ახლა გაიგეთ?! ჩემი ახლობელი საჯარო მოხელეები ამბობენ, რომ "სპუტნიკით" აიცრებიან, ოღონდ იმავდროულად ენგურის საზღვრის გახსნის ამბებს არკვევენ. თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც მხოლოდ რუსულ მედიცინას აღიარებს, და ციტრამონსაც კი რუსული წარმოებისას იღებს. ისინი ალბათ თვალდახუჭულად აიცრებიან", - წერს თამარ ახვლედიანი.

"როგორც ფრინველის და ღორის გრიპი გადავიტანეთ, ისე გადავიტანთ ამასაც. რუსეთს ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მათ ვაქცინას მხოლოდ კრემლი და რუსეთის მოკავშირე ქვეყნები აღიარებენ, ოღონდ ბოლომდე ისიც არ ვიცი, სინამდვილეში ვინ იკეთებს და ვინ არა. თურმე პუტინმა გაიკეთა, ოღონდ არა საჯაროდ, ანუ ისიც არ ვიცით, მართლა გაიკეთა თუ არა და თუ გაიკეთა, რომელი, რადგან მასთან შეხვედრამდე, ნებისმიერ ადამიანს ლამის სისხლს უფილტრავენ. თუ ვაქცინა გაკეთებული აქვს, ესე იგი, იმუნიტეტიც უნდა ჰქონდეს და დაცვა რაში სჭირდება?!" - წერს ალექსი გაბლია.

ეპიდ-ვითარება გამწვავდა ოკუპირებულ ცხინვალსა და ახალგორის რაიონში. ბოლო მონაცემებით, ცხინვალის ე.წ. ჯანსაცვის სამინისტროს ცნობით, რეგიონში სულ 3 252 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 2 883 გამოჯანმრთელდა, თუმცა ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობაზე ოსური მხარე ინფორმაციას არ ავრცელებს.

ცნობისთვის, საქართველოს ხელისუფლებამ გამყოფ ხაზს მიღმა მცხოვრებ მოქალაქეებს, მათ შორის სამედიცინო სფეროს მუშაკებსა და 65 წელზე მეტი ასაკის მქონე პირებს, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ვაქცინაციის პროცესში ჩართვა შესთავაზა, თუმცა, თბილისის შეთავაზებაზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. ხელმძღვანელობებმა უარი განაცხადეს.

რუსული გამოცემა: "რატომ არის აფხაზეთში უუფლებო რუსეთის მოქალაქე და რატომ ვერ ყიდულობს უძრავ ქონებას?" - რუსების პრეტენზიები აფხაზების მიმართ

"უამრავი საქმეა მოსაგვარებელი, თუმცა პუტინი ამბობს, "გავფრინდებითო" - რა მესიჯებით დაბრუნდა ბჟანია რუსეთიდან და რას ამბობს ქართულ მხარესთან ურთიერთობაზე?

სუს-ის ინფორმაციით, სოფელ ღოღეთთან ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსმა სამხედროებმა ბოძები დაამონტაჟეს