ავტორი:

"გამოძიება ამოიღებს ფლაკონს, რომელიც საქმეში დამაგრდება" - მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები პაატა იმნაძის და ლევან რატიანის გამოკითხვას მოითხოვენ

"გამოძიება ამოიღებს ფლაკონს, რომელიც საქმეში დამაგრდება" - მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები პაატა იმნაძის და ლევან რატიანის გამოკითხვას მოითხოვენ

ვაქცინაციის შედეგად გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები დღეს პროკურატურას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის გამოკითხვის მოთხოვნით მიმართავენ.

უფლებადამცველებს მიაჩნიათ, რომ შესაძლოა, მათ გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება შეეძლოთ.

მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატის, ვახტანგ ბარამაშვილის განცხადებით, დღეს ისინი იმ ინექციის კოლოფის გადაცემას ელოდებიან, რომლითაც მეგი ბაქრაძე აცრეს.

"გამოძიების ფარგლებში გარკვეული ფაქტები იდენტიფიცურებულია, თუმცა, ფაქტთა უმეტესობა იდენტიფიცირებულია სწორედ იმ პირების მიერ, რომლებიც საქმეში ცრუ მოწმის სახით მონაწილეობენ. გამოძიება ამოიღებს ფლაკონს, რომელიც საქმეში დამაგრდება. გვექნება საშუალება, რომ ეს ფლაკონი დავათვალეროთ. როგორც უკვე ბევრჯერ გავაჟღერეთ, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რატომ აწერია ფლაკონს 11 სთ და 40 წუთი, ან თუ 11 სთ-სა და 40 წუთზე ვაქცინაციის პროცესი დაიწყო, რანაირად მოხერხდა 35 წუთის განმავლობაში 10 ადამიანის აცრა“,-განაცხადა ბარამაშვილმა.

ცნობისთვის, 27 წლის ექთანს მეგი ბაქრაძე „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ის ახალციხიდან თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.