ავტორი:

"ოცნების" დღის წესრიგი აღარ შეესაბამება ხალხის საჭიროებებს... ჩვენი თანამოაზრეების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება - რას ამბობენ სამომავლო გეგმებზე დეპუტატები, რომლებიც გახარიას გუნდს უერთდებიან

"ოცნების" დღის წესრიგი აღარ შეესაბამება ხალხის საჭიროებებს... ჩვენი თანამოაზრეების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება - რას ამბობენ სამომავლო გეგმებზე დეპუტატები, რომლებიც გახარიას გუნდს უერთდებიან

"ქართული ოცნების“ დეპუტატებმა - გიორგი ხოჯევანიშვილმა, ალექსანდრე მოწერელიამ, ბექა ლილუაშვილმა, შალვა კერესელიძემ, მიხეილ დაუშვილმა და ანა ბუჩუკურმა მმართველ პარტია დატოვეს. ამის შესახებ დეპუტატებმა განცხადება პარლამენტში გააკეთეს.

გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, არსებული პროცესები იძლევა ვარაუდის გამოთქმის საშუალებას, რომ გიორგი გახარიას გუნდის წევრების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

„რა თქმა უნდა, არსებული პროცესები ჩვენ გვაძლევს იმ ვარაუდის გამოთქმის საშუალებას, რომ ჩვენი თანამოაზრეების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით არსებულ მოთხოვნას, ჩვენ მხარს დავუჭერთ ყველა ისეთ ინიციატივას, რომელიც განმუხტავს რადიკალიზაციას და განმუხტავს ამ დიდ განხეთქილებას საზოგადოებაში. შესაბამისად, წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს,“ - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

მისივე თქმით, გახარიას ლიდერობით ჩამოყალიბებული გუნდი მოემზადება და მონაწილეობას მიიღებს ნებისმიერ შემდგომ არჩევნებში.

„იქნება ეს თვითმმართველობის არჩევნები თუ სხვა არჩევნები, ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზადებას დაიწყებს ამ არჩევნებისთვის და შესაბამისად, მონაწილეობას მიიღებს არჩევნებში,“ - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობიდან გასული კიდევ ერთი დეპუტატის ბექა ლილუაშვილის განცხადებით, რადიკალიზაციის პირობებში, „ქართული ოცნების“, როგორც ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკური ძალის დღის წესრიგი, ამავე ხალხის საჭიროებებს და მიზნებს აღარ შეესაბამება.

როგორც ლილუაშვილმა განაცხადა, პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება უალტერნატივოა.

„ვდგავარ ჩემი თანამოაზრეების გვერდით და ჩემთვის, როგორ პარლამენტის წევრისთვის ქართველი ხალხის და სახელმწიფოს წინაშე აღებული პასუხისმგებლობის ფარგლებში ეს არის უალტერნატივო გადაწყვეტილება.

ჩვენ რამდენიმე თვეა ვაკვირდებით რადიკალიზაციით გაჯერებულ პოლიტიკურ დღის წესრიგს მას შემდეგ, რაც თითოეული ჩვენგანის, პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალის ენერგია უნდა იყოს მიმართული ჩვენი მოქალაქეების და მათი ოჯახების ყოველდღიურ, ეკონომიკურ, ჯანდაცვის გამოწვევებზე და სამწუხაროდ, ეს ასე არ ხდება. ამ ადამიანებმა აღარ იციან, როგორ მიგვანიშნონ, რომ მათთვის მთავარი პრობლემა არის გაზრდილი სიღარიბე, უმუშევრობა, პანდემია და არ აინტერესებთ ძალაუფლების შენარჩუნებისა თუ მოპოვებისთვის გაჩაღებული პოლიტიკური დოღი. სწორედ ამიტომ, მიმაჩნია, რომ რადიკალიზაციის მსგავსი ხარისხის პირობებში, „ქართული ოცნების“ როგორც ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკური ძალის დღის წესრიგი აღარ შეესაბამება ამავე ხალხის საჭიროებებს და მიზნებს. სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო პარტია“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

დეპუტატ შალვა კერესელიძის თქმით, საქმიანობას საქართველოს პარლამენტში, როგორც დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი ისე გააგრძელებს.

„ჩვენ, გიორგი გახარიას გუნდის წევრები „ქართულ ოცნებას“ ვტოვებთ და პარტიის მშენებლობის პროცესში გადავდივართ. მინდა აღვნიშნო, რომ როგორც მაჟორიტარი დეპუტატი მცხეთის, თიანეთისა და ყაზბეგის საქმიანობას საქართველოს პარლამენტში, როგორც დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი ისე გავაგრძელებ. ჩართული ვიქნები, როგორც რეგიონული მიმართულებით, ასევე მაღალმთიანი სოფლების განვითარების საქმეში.

ჩვენ „ქართულ ოცნების“ წევრები ვიყავით, როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებაში, სწორედ ამიტომ კარგად გვაქვს გაცნობიერებული ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა და მზად ვართ გიორგი გახარიასთან ერთად გადავდგათ ქმედით ნაბიჯები“, - განაცხადა კერესელიძემ.

ანა ბუჩუკურის განცხადებით კი, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით საზოგადოება უახლოეს მომავალში გაიგებს.

„გიორგი გახარიასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება - დღეიდან ვიწყებთ პარტიის მშენებლობის აქტიურ ფაზას, შესაბამისად, ვტოვებთ ფრაქციას და პარტია „ქართულ ოცნებას“. ეს გადაწყვეტილება ნამდვილად არ არის მოულოდნელი არც თქვენთვის და არც „ქართული ოცნებისთვის“. რაც შეეხება გეგმებს, უახლოეს მომავალში, გიორგი გახარიასთან ერთად საზოგადოებას მეტ ინფორმაციას მივაწვდით“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

რა შესთავაზა შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს - ევროსაბჭოს პრეზიდენტი სრულ დოკუმენტს აქვეყნებს

"მე არ მჯერა, რომ ეს დოკუმენტი კრიზისს განმუხტავს, თუმცა ის უკეთესია, ვიდრე წინა იყო" - ზურაბ ჯაფარიძე

"მკაფიოდ იყო შემოთავაზებული ევროკავშირის მხრიდან ნიკა მელიასთვის თანხის გადახდა" - ვახტანგ მეგრელიშვილი