ავტორი:

ყველაზე საინტერესო ფაქტები სტივენ კინგზე - საშინელებათა ჟანრის მეფეზე, რომელიც 40 წელზე მეტია, მთელს მსოფლიოს თავისი ფანტაზიით აშინებს

ყველაზე საინტერესო ფაქტები სტივენ კინგზე - საშინელებათა ჟანრის მეფეზე, რომელიც 40 წელზე მეტია, მთელს მსოფლიოს თავისი ფანტაზიით აშინებს

სტივენ კინგი მრავალი წლის მანძილზე, ყველაზე მდიდარ მწერლად ითვლებოდა მსოფლიოში. ის 250-ზე მეტი ნაწარმოების ავტორია.

როდესაც სტივენის მამა ოჯახიდან წავიდა, მწერლისთვის ეს ძალიან მოულოდნელი იყო. ის უბრალოდ სახლიდან სიგარეტის საყიდლად გავიდა და აღარ დაბრუნდა. დედა სტივენს ეუბნებოდა, რომ მამამისი მარსიანელებმა მოიტაცეს და მასაც დიდი ხნის მანძილზე სჯეროდა, რომ ეს სიმართლე იყო. როდესაც უკვე დიდი იყო, მხოლოდ მაშინ გაიგო, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში, მამამისი სადღაც ახლოს ცხოვრობდა და ის უბრალოდ სხვა ქალთან წავიდა. მამა-შვილი ერთმანეთს აღარ შეხვედრიან.

მწერლობის პირველი მცდელობა სტივენს ბავშვობაში ჰქონდა, როდესაც დაწერა მოთხრობა კომიქსების საფუძველზე. მაშინ დედამ უთხრა, რომ მოთხრობა კარგი იყო, მაგრამ მას სჯეროდა, რომ სტივენს საკუთარი ნაწარმოების შექმნაც შეეძლო. მალე, ასეთი ოთხი მოთხრობა მართლა დაიწერა და თითოში დედამ სტივენს ჰონორარი - 25 ცენტი გადაუხადა.

მომავალი მეუღლე სტივენმა კოლეჯში გაიცნო. წყვილი მალევე დაქორწინდა და 3 წელიწადში, 3 შვილიც შეეძინათ. ოჯახი ტრეილერში ცხოვრობდა. სტივენი რამდენიმე ადგილას მუშაობდა, რომ ოჯახი ერჩინა. მათ შორის, სამრეცხაოშიც მორიგეობდა. სწორედ სამრეცხაოში დაწერა წიგნები: „ღამის ცვლა“ და „ზოგჯერ ისინი ბრუნდებიან“.

საკუთარი ოთახის კედელზე, ახალგაზრდა სტივენს სპეციალურად ჰქონდა დაჭედებული ლურსმანი, რომელზეც გამომცემლობებიდან მიღებულ უარის წერილებს აკრავდა. რაღაც დროის შემდეგ, ლურსმანმა ვეღარ გაუძლო სიმძიმეს და სტივენს მისი შეცვლა მოუწია.

რომანის „კერი“ ხელნაწერმა, რომელმაც კინგს პირველი მსხვილი ჰონორარი - 200 000$ მოუტანა, მისცა საშუალება ოჯახს, თავი დაეღწიათ სიღარიბიდან. ეს ხელნაწერი სტივენის ცოლმა ნაგვის ურნიდან ამოიღო და მეუღლეს გამომცემლობებში დააგზავნინა, მაგრამ 30-ჯერ მოვიდა უარი. ტაბიტამ აიძულა ქმარი, დაემუშავებინა რომანი და Doubleday-ში გააგზავნა. თავიდან, კინგმა 2500$ აიღო, შემდეგ, გამომცემლობამ უფლებები NAL -ს მიჰყიდა 400 000$-ად, საიდანაც სტივენს 50% ერგო. ამ თანხით მას უკვე შეეძლო თავი მთლიანად მწერლობისთვის მიეძღვნა.

მიუხედავად ამისა, სტივენ კინგს არ უყვარს რომანი, საიდანაც მისი კარიერა დაიწყო. ის ყვებოდა, რომ მას არ სჯერა გმირების და განსაკუთრებით არ ესმის მთავარი გმირის - კერის.

ერთადერთი ნაწარმოები, რომელმაც მწერალს უსიამოვნებები მოუტანა, დღეისათვის აკრძალულია და არ იყიდება. ეს არის „Rage” (გაბრაზება). მისი ამოღება ქსელიდან თავად კინგმა მოითხოვა, რადგან სკოლის მოსწავლეებმა დაიწყეს სროლა. ერთ-ერთ არასრულწლოვან დამნაშავეს სწორედ ეს წიგნი უპოვეს. ის ზუსტად ისე იქცეოდა, როგორც წიგნის სიუჟეტში იყო მოთხრობილი.

თუ სტივენ კინგს შემთხვევით გადაეყრებით ქუჩაში და მას ავტოგრაფს სთხოვთ, ის არ მოგიწერთ ხელს. კინგი მხოლოდ სპეციალურად დაგეგმილ ღონისძიებებზე არიგებს ავტოგრაფებს. ფანატები ფიქრობენ, რომ ეს მის ფობიასთანაა დაკავშირებული, მაგრამ მწერალი ამბობს, რომ მას უბრალოდ არ უყვარს, როდესაც ცნობილი ადამიანებისაგან იდეალებს ქმნიან.

წიგნების ეკრანიზაციები სტივენ კინგისთვის დამატებითი შემოსავალია. მაგალითად, რომანის სახელად - „ის“ ეკრანიზაციამ მას 700 მილიონი დოლარი მოუტანა. ამ რომანს კინგი ოთხი წელი წერდა. სიუჟეტს საფუძვლად ნორვეგიული ზღაპარი უდევს. ის სტივენის წიგნებს შორის სიდიდით მეორე ადგილზეა.

სტივენს ძალიან უყვარს საკუთარი რომანების ეკრანიზაციებში ეპიზოდური როლების შესრულება. ის მინიმუმ 14 როლშია გადაღებული.

კინგი ხშირად ამბობდა, რომ მას არ აქვს ჯანსაღი ფსიქიკა და სწორედ ეს მსუბუქი არაადეკვატურობა ეხმარება მას ასეთი რთული სიუჟეტების მოფიქრებაში. მწერალს ეშინია თვითმფრინავების და ფსიქიატრების. ის ოცნებობს, რომ თავის ფობიაზე (ობობების შიში) დაწეროს ძალიან შთამბეჭდავი რომანი. ამასთან, სტივენი ტრისკაიდეკაფობიითაც იტანჯება. მას ეშინია 13 რიცხვის და ცდილობს ნებისმიერი საშუალებით გაექცეს ამ რიცხვს.

სტივენ კინგმა აღიარა, რომ მის მიერ 1983 წელს დაწერილი რომანი „შინაური ცხოველების სასაფლაო“ თავადაც შიშის ზარს სცემდა. ეს მწერლის ერთ-ერთი ყველაზე საშიში რომანია. ბევრმა არ იცის, რომ ამ რომანის დაწერაზე რეალურმა ამბებმა იქონია გავლენა. კინგი ორინგტონის ხმაურიან გზაზე ქირაობდა სახლს. ამ გზაზე იმდენი შინაური ცხოველი დაიღუპა, რომ მეზობლების ბავშვებმა, სახლების სიახლოვეს, ველზე მკვდარი ცხოველების დასაფლავება დაიწყეს. სტივენის ქალიშვილის კატა - სმოკიც ამ სასაფლაოზე დამარხეს, როცა ის მანქანამ გაიტანა. მალე, სტივენ კინგის ვაჟი კინაღამ დაიღუპა ამავე გზაზე.

„სიკვდილი - გამოცანაა, დაკრძალვა - საიდუმლოება“. სტივენ კინგი.

კინგი თავიდან არ აპირებდა ამ წიგნის დაბეჭდვას, რადგან თვლიდა, რომ ის ზედმეტად მძიმეა იმისთვის, რომ მკითხველს სიამოვნება მოჰგვაროს, თუმცა ცოლმა მას აზრი შეაცვლევინა.

რომანის „ბნელი კოშკი“ პირველი პუბლიკაცია 1978 წელს - The Magazine of Fantasy & Science Fiction-ს ეკუთვნის. კინგი ამბობდა, რომ ამ ისტორიაზე რვა წელი ფიქრობდა. 1982 წელს გამოიცა „ბნელი კოშკის“ კიდევ ოთხი ნაწილი, რომლებიც შემდგომში გაერთიანდა და ერთ წიგნად იქცა.

სტივენ კინგი: „რა უცნაურია: ადამიანი იზრდება და ივიწყებს თავის ბავშვობას, თავისი რიტუალებითა და ბავშვური შელოცვებით. ბევრი რამ იკარგება გზაში, მაგრამ რაღაც მაინც რჩება, იჭედება ტვინში, გებღაუჭება ძლიერად და შენ ამ ტვირთს მთელი ცხოვრება ატარებ. ყოველ წელს, ის სულ უფრო და უფრო მძიმდება.“

„ბნელი კოშკის“ ეკრანიზაცია მთელს მსოფლიოშია ცნობილი.

სტივენ კინგი დღეში 2000 სიტყვას წერს და თუ რომელიმე დღეს რაიმე მიზეზით შეეშლება ხელი, მომდევნო დღებში აუცილებლად დაწერს უფრო მეტს.

მწერალი ხშირად აღმოჩენილა საშიშ სიტუაციებში. მის მანქანას ფურგონი შეეჯახა, თვითმფრინავი, რითიც მგზავრობდა, ძლიერ ტურბულენტურ ზონაში მოჰყვა და ჩამოვარდნის დიდი ალბათობა შეიქმნა. ერთხელ, ის სავარძლიანად დაეცა მიწაზე, რის შემდეგაც თვითმფრინავით ფრენის ფობია გაუჩნდა. ერთხელ, სახლში შეშლილი ფანატი შეუვარდა და მწერლის ცოლს ბომბით ემუქრებოდა. ის ამტკიცებდა რომ კინგმა მას „მიზერის“ მთავარი გმირის იდეა მოპარა.

დღეისათვის, სტივენ კინგის 350 მილიონზე მეტი წიგნია გაყიდული, რომელიც მრავალ ენაზეა ნათარგმნი.