ავტორი:

„ვოისის“ ბოლო და მთავარი ეტაპი იწყება - როგორია ჟიურის მოლოდინი

„ვოისის“ ბოლო და მთავარი ეტაპი იწყება - როგორია ჟიურის მოლოდინი

თებერვლის ბოლოს, „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ მსოფლიოში ყველაზე რეიტინგული მუსიკალური მეგაშოუ „ვოისი“ დაიწყო. მაყურებელთა ინტერესი, გარდა შოუს ინტრიგისა, ჟიურის შემადგენლობამ მიიქცია, სტეფანესა და სალიოს გარდა მუსიკალურ პროექტში წლების შემდეგ ნიკოლოზ რაჭველი ჟიურის ამპლუაში დაბრუნდა, ნიაზ დიასამიძის გამოჩენა მოულოდნელი იყო, რადგან მუსიკოსი აქამდე არცერთი კონკურსის ჟიურიში არ ყოფილა.

ლიცენზირებულ შოუს, ქართულ სატელევიზიო ბაზარზე წლების განმავლობაში ლიდერი კომპანია „ნოვა პროდაქშენი“ „პირველ არხთან“ ერთად ამზადებს.

17 აპრილს შოუს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. ბრმა კასტინგისა და რიგნის შემდეგ მწვრთნელები უკვე მაყურებელთან ერთად გადაწყვეტენ კონკურსანტების ბედს.

როგორია მათი მოლოდინი, რა სირთულეები ახლავს მონაწილეების მომზადების პროცესს, ამის შესახებ AMBEBI.GE მეგაშოუს ოთხივე მენტორს ესაუბრა.

სტეფანე მღებრიშვილი:

- მეოთხედ ვარ „ვოისის“ მწვრთნელი, ასევე, არაერთი პროექტის ჟიურიში ვყოფილვარ: „ნიჭიერი“, „საქართველოს ვარსკვლავი“... ამ შემთხვევაში განსხვავება იმაშია, რომ ფორმატია სრულიად განსხვავებული. ზიხარ ზურგით, ვერ ხედავ რა ხდება შენ უკან. ასევე, დრამატულია რინგები, რაც მწვრთნელისთვის საკმაოდ მძიმეა. ცდილობ, მონაწილეებს არ დაუახლოვდე, მაგრამ ახალგაზრდები არიან, გამოუცდელები, თვალებში უყურებ და გიყვარდებიან. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროექტში საქართველოში საუკეთესო ლაივ-ბენდი ზის. ეს ბიჭები გენიოსები არიან.

- როგორც ვიცით, ბოლომდე ჩართული ხართ მონაწილეების მომზადებაში.

- დიახ, ვალდებული ხარ, რომ ბავშვებს სათანადო ყურადღება მიაქციო, ეს პროექტის ნაწილია. როდესაც რეპერტუარს ვარჩევ მონაწილეებისთვის, პირველ რიგში, მათგან გამოვდივარ, მაგრამ არის ხოლმე შემთხვევები, როცა თავად ითხოვენ კონრეკტულ სიმღერას. თუ ეს ჩემთვის მიუღებელია ან უკვე გადაღეჭილია, უარს ვეუბნები.

- ჟიურის სხვა წევრებზე რას გვეტყვით...

- მე და ნიკა მემანიშვილი ბავშვობის მეგობრები ვართ. წლების განმავლობაში ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს. ნიაზს ძალიან დიდ პატივს ვცემ. მიყვარს როგორც ადამიანი და მუსიკოსი. სალიოსთანაც ვმეგობრობ, ძალიან საყვარელია, მაგარი ვინმეა, მომწონს მისი მუსიკა. შეხმატკბილებულები ვართ ერთმანეთთან, არ გვაქვს კონკურენციის მომენტი. მუსიკალურადაც განსხვავებულები ვართ.

ძალიან გამიხარდა, რომ პანდემიის დროს მომეცა მუშაობის საშუალება და ასევე, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ პროექტს აკეთებდა „ნოვა პროდაქშენი“, რომელთანაც წლების ურთიერთობა მაქვს პროექტებზე: „იქს ფაქტორი“, „საქართველოს ვარსკვლავი“, „ნიჭიერი...“

სალიო:

- მუსიკალური კონკურსის ჟიურიში მეორედ ვარ. პირველად „რუსთავი 2“-ზე მუსიკალური გადაცემა „დიდი სცენაში“ ვიყავი და კარგი გამოცდილება დავაგროვე. ძალიან გამიხარდა „ვოისში“ რომ დამიძახეს. დიდი პროექტია, თან ძალიან ნიჭიერი და მაგარი ბავშვები მოვიდნენ.

მუსიკოსებისთვის ძნელია დღევანდელობა, ვისთვისაც ცხოვრება გაიყინა. ძალიან მენატრებოდა სცენა და მუსიკა. პროექტის ორგანიზატორებს ვუთხარი კომპიუტერულ თამაშ „მარიოში“ მარიო რომ სიცოცხლის ხეს იპოვის და შემდეგ ტურში გადადის ამ მდგომარეობაში ვართ-თქო. ძალიან ბედნიერი ვარ ასევე ჟიურის წევრებით. უდიდესი მუსიკოსები არიან, ყველა გადაღება და რეპეტიცია მათთან ურთიერთობისას ძალიან კომფორტულია.

- პროექტის ყველაზე დიდი სირთულე რა არის, თქვენთვის როგორც ჟიურის წევრისთვის?

- სწორად შეარჩიო სიმღერა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩვენზე არიან დამოკიდებულები. ძალიან დიდი ფიქრი უნდა ამ ყველაფერს. ხშირად ყოფილა შემთხვევა, მიმიცია სიმღერა მონაწილისთვის და არ მოერგო, მერე თავიდან მიწევს ყველაფის დაწყება. ვცდილობ თანამედროვე მუსიკა გავაჟღერო და ისიც, რაც ყველასთვის ნაცნობია.

- ლაივკონცერტს გარკვეული ნერვიულობა ახლავს...

- ერთი სული მაქვს, როდის იქნება კონცერტი. მჯერა, რომ კარგად წარმოაჩენენ მონაწილეები თავს. რეპეტიციებზე კარგად მღერიან და მზად არიან აჩვენონ ის ხარისხი, რაც „ვოისს“ სჭირდება. მიხარია, რომ ჩემი და სტეფანეს ბავშვების ნამღერი „გლობალ ჩარტებში“ მოხვდა.

ნიკოლოზ რაჭველი:

- საქართველოში როგორც კი ტელევიზიით პირველი მუსიკალური კონკურსი გავიდა, იმ დღიდან ვიყავი ჩართული. გარკვეული წლების შემდეგ ამ ყველაფერზე შეგნებულად ვთქვი უარი. გავიდა წლები და ისევ დავბრუნდი. ალბათ პანდემიის გამო გამომიჩნდა მეტი დრო... მე თავად ასე ახლოს არ ვიცნობდი „ვოისის“ ფორმატის თავისებურებებს და როდესაც დავთანხმდი, მეგონა, ჩვეულებრივი ჟიურის წევრი ვიქნებოდი. აღმოჩნდა, რომ ეს მეორეხარისხოვნია და პირველი, შენ ხარ პედაგოგი, პროდიუსერი და ადამიანი, რომელიც ბოლომდე ჩართულია პროექტის მომზადებაში; იღებ მძაფრ გადაწყვეტილებებს შენივე მომზადებულ მუსიკალურ ნომრებზე, ეს ემოციურად უმძიმესი იყო დუეტების შესრულებისას. რომ არ მქონოდა ხელშეკრულებაზე ხელი მოწერილი, შეიძლება წავსულიყავი პროექტიდან...

- საზოგადოება არ იცნობს ისეთ ნიკოლოზ რაჭველს, რომელსაც ხისტი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია...

- დიახ, ძნელია და დისკომფორტია ეს ჩემთვის, მაგრამ მამხნევენებენ ჩემი კოლეგები და ჯგუფი, რომელიც ამ პროექტზე მუშაობს, მაგრამ განვიცდი, რომ ასეთი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდი.

- როდესაც დაგიძახეს ჟიურიში, ჰქონდა მნიშვნელოობა ვინ იქნებოდნენ სხვა წევრები?

- რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების მიღება დიდწილად ამ ფაქტორმა განაპირობა. რაც შეეხება კონკურენციას, ეს შეგრძნება ჯერჯერობით არ მაქვს. მათაც ისევე ვგულშემატკივრობ, როგორც საკუთარ თავს. ალბათ ფინალისკენ, როდესაც ერთი იქნება გამარჯვებული, გამარჯვების აზარტი გაჩნდება.

- პანდემია, შეზღუდვები, მუშაობისას ხელს არ გიშლით? - ვიცით, რომ დიდ დროს ატარებთ მონაწილეებთან...

- ძლაიან მიყვარს ჩახუტება. ამიტომ, ჩემს ბავშვებსაც ვეხუტები, სითბოს ვუზიარებ და მათგანაც იგივეს ვიღებ. ამიტომ, სოციალური დისტანცია არ გამომდის. ღმერთმა დამიფარა და ჯერჯერობით გადავურჩი კორონავირუსს.

ნიაზ დიასამიძე:

- თქვენი მუსიკალური კარიერის განმავლობაში პირველად გხედავთ ჟიურიში, როგორ დაგითანხმეს?

- პანდემიამ დამითანხმა... თუ სიმართლე გაინტერესებთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შემდეგ იქ ყოფნა საინტერესო არ აღმოჩნდა. ახალგაზრდა ხალხი გავიცანი, მათთან მუშაობა საბოლოო ჯამში საინტერესო გამოდგა.

- ბოლო წლებია, კახეთში ატარებთ დიდ დროს, კონკურსის გამო, ახლა თბილისში გიწევთ ყოფნა...

- კი, ასე გამოვიდა, რომ ძალიან დაკავებულები ვართ. „ვოისში“ რომ მივდიოდი, არ ვიცოდი სად მივდიოდი და რეალურად, აღმოჩნდა, რომ ბევრი სამუშაოა. როგორც უკვე გითხარით, კარგი ხალხი გავიცანი და ერთად ვმუშაობთ.

- როგორი მოლოდინი გაქვს, 17 აპრილს პირველი ლაივკონცერტი იქნება...

- ამ პროექტის ყველაზე უცნაური მომენტია მონაწილის გაშვება. მუსიკიდან ეს ყველაზე შორს არის, უფრო სატელევიზიო ინტირგაა, სადაც შენც გიწევს ყოფნა, იმიტომ, რომ ამ პროექტში ხარ.

- თქვენი შერჩეული მონაწილეებისგან თუ გიგრძვნიათ ერთგვარი რიდი, რაც თქვენი როგორც მუსიკოსის იმიჯიდან მოდის...

- ჩემ თავზე ბევრს ვერ ვილაპარაკებ, მაპატიეთ, არ მიყვარს. „ვოისში“ მივედი და ვმუშაობ, დანარჩენი ყველაფერი წინ არის. ახლა ლაივზე გადავედით და უფრო საინტერესოა, მე მუსიკაშიც ლაივი მიყვარს და იმედი მაქვს აქაც ძალიან საინტერესო იქნება.

რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ ახალაშენებული ან მშენებარე ბინის შეძენას გეგმავთ

„როცა სხვა ადამიანების მსგავს ისტორიებს ვუსმენ, ვხვდები, რომ ჩვენ ძალიან გაგვიმართლა...” - სმენადაქვეითებული პატარების ცხოვრება და შანსი, რომ სამყარო სრულად შეიგრძნონ

როგორ ზრუნავს მაკდონალდსი თანამშრომლების კეთილდღეობაზე პანდემიის დროს