ავტორი:

"ვინც არ უნდა დაისაჯოს, დათოს გაცოცხლება ვერ მოხდება... თუმცა ოჯახს ექნება, თუნდაც მცირედი სამართლიანობის განცდა" - ნესტან ლონდარიძე

"ვინც არ უნდა დაისაჯოს, დათოს გაცოცხლება ვერ მოხდება... თუმცა ოჯახს ექნება, თუნდაც მცირედი სამართლიანობის განცდა" - ნესტან ლონდარიძე

დავით სარალიძის საქმეზე ვინც არ უნდა დაისაჯოს, მისი გაცოცხლება ვერ მოხდება, თუმცა ოჯახს ექნება, თუნდაც მცირედი სამართლიანობის განცდა, რომ მათი შვილის მკვლელები დაისაჯნენ, - ამის შესახებ ზაზა სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც აღნიშნული საქმის მკვლელობის ფაქტზე კიდევ ერთი პირის, გიორგი მენაბდის დაკავებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, საქმე დასრულებული არ არის და დამატებით პასუხისმგებლობაში სხვა პირებიც უნდა მიეცნენ.

"ზაზა სარალიძის მიერ საქმის დასაწყისშივე იყო განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს პირი ფარდულში განვითარებულ მოვლენებში მონაწილეობას იღებდა. იმ მომენტში დღემდე ჩვენი მთავარი მოთხოვნა იყო, რომ გამოვლენილიყო და დასჯილიყო ყველა ის პირი, რომელიც დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილეობა მიიღო.

რამდენად კმაყოფილია დაზარალებული მხარე ამაზე საუბარი ცოტა რთულია, რადგან დავით სარალიძის საქმეზე ვინც არ უნდა დაისაჯოს, მისი გაცოცხლება ვერ მოხდება და ოჯახი ამით კმაყოფილი ვერ იქნება, თუმცა მათ ექნებათ თუნდაც მცირედი სამართლიანობის განცდა, რომ დაისაჯა მათი შვილის მკვლელები.

ჩვენი მთავარი მოთხოვნა გრძელდება, საქმეზე ვერ ვიტყვით, რომ დასრულდა მანამდე, ვიდრე გარკვეული პირები პასუხისმგებლობაში არ იქნებიან მიცემული, ვისმა ქმედებებმაც ეს საქმე დღემდე მოიყვანა“, - განაცხადა ლონდარიძემ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი, გიორგი მენაბდე დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2001 წელს დაბადებული გ.მ. დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. ის თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. უზენაესმა სასამართლომ კი, საკასაციო საჩივარი საერთოდ დაუშვებლად მიიჩნია.

"სათამაშო ტიპის, სპორტული იარაღი ჰქონდა თან... ახლა დიდი ემოციური ფონი აქვს" - რას ამბობს "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელზე ადვოკატი?

დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს პატიმრობა შეეფარდა

მკვლელობა ქობულეთში - ძმამ ძმა სანადირო თოფით მოკლა