ავტორი:

"დაიწყო ფსიქოლოგიური ძალადობა... უცენზურო ლექსიკით მოგვმართავდა და სტუმრებთან გვიყვიროდა" - რას ჰყვებიან პროდიუსერები ია ფარულავაზე გადაცემიდან წასვლის შემდეგ?

"დაიწყო ფსიქოლოგიური ძალადობა... უცენზურო ლექსიკით მოგვმართავდა და სტუმრებთან გვიყვიროდა" - რას ჰყვებიან პროდიუსერები ია ფარულავაზე გადაცემიდან წასვლის შემდეგ?

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ია ფარულავას გადაცემის პროდიუსერებთან დაპირისპირება ჰქონდა, რის გამოც ეკატერინე გვახარიამ და ქეთი გუნცაძემ გადაცემა "ფარულ კონვერტი" დატოვეს. პროდუსერები ტელეწამყვანს ფსიქოლოგიურ ძალადობასა და შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ.

საიდან დაიწყო უთანხმოება და რაში გამოიხატებოდა წამყვანის მხრიდან ფსიქოლოგიურ ძალადობა, დეტალებზე AMBEBI.GE-ს ეკატერინე გვახარია და ქეთი გუნცაძე ესაუბრნენ.

- როგორ დაიწყო თქვენსა და იას შორის უთანხმოება?

ქეთი:

- ჯერ სამუშაო რეჟიმზე აზრთა სხვადასხვაობის გამო, ერთი წელი გაგვებუტა. ია ყოველთვის რთულად იღებს მისგან განსხვავებულ აზრს, ამ მხრივ სამუშაო პროცესი ჯანსაღად ვერ იმართებოდა. ეგონა, რომ ყოველთვის მართალი იყო და მხოლოდ მის აზრს უნდა გაემარჯვა. ჩვენ, პროდიუსერებს, თუ რაიმე განსხვავებული აზრი გვექნებოდა, თითქოს მტრულად იღებდა. ყოფილა მომენტები, როცა რაღაცებს ამოვჭრიდით გადაცემიდან და ეს არ მოსწონდა, რაც არაერთხელ გამხდარა დაპირისპირების საგანი. ათასნაირი სტუმარი გვყოლია, ხან ჰომოფობიური, ხან ქსენოფობიური აზრი გამოითქმება, რაღაც არასწორი ტერმინოლოგია და ძალიან ბევრჯერ გადაგვირჩენია გადაცემაც და არხიც, ჩვენ ამას სულ ვარეგულირებდით, ყოველთვის, ნებისმიერი ფორმით ვიცავდით ეთიკის ნორმებს.

ეკა:

- მე და ქეთი პროდიუსერები ვართ, ამდენი ხანია ერთად ვმუშაობთ და ჩვენც გვაქვს იდეური განსხვავებები. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ერთ აზრზე ვიყოთ, მაგრამ ეს სრულიად ნორმალურია, ამის გამო ხომ არ შეიძლება მუდმივად სტრესისა და თავის მართლების რეჟიმში იყო, სულ გვიწევდა თავდასხმა - თავდაცვის რეჟიმში ყოფნა.

- ასეთ პირობებში როგორ ახერხებდით მუშაობას?

- ვახერხებდით, ვიყავით სამუშაო რეჟიმში, როგორც მანამდე. ყველაფრს ჩვენ ვამზადებდით - სტუმართან შეხვედრას, სცენარის დაწერას, სიუჟეტების დაგეგმვას, შოუს ელემენტების მოფიქრებას. ამ ყველაფერს გამზადებულს ვუგზავნიდით იას, ის ამას წაიკითხავდა ან არ წაიკითხავდა, არ ვიცი, მოვიდოდა ეთერში, ჩაწერდა და მიდიოდა. არაფერში არ ერეოდა. ამბობდა კიდეც ამას - არაფერში ვერევიო. არ ერეოდა და თან ახერხებდა, რომ სულ პრეტენზიები გამოეთქვა.

- როგორ შერიგდით?

ქეთი:

- იანვრიდან შეგვირიგდა. ჩვენთან ერთად ვინც მუშაობდა და ვისი საშუალებითაც გვეკონტაქტეობდა, ისინი გადავიდნენ სხვა არხზე, მარტოები დავრჩით, შუამავალი აღარ ჰყავდა და იძულებული გახდა შეგვრიგებოდა. ჩვეულებრივად გააგრძელა დარეკვა. ჩვენ არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია, მტრულ დამოკიდებულებაში არ ვყოფილვართ. იანვრიდან ნორმალურად იქცეოდა, მაგრამ ბოლო ერთი თვე გადაწყვიტა გააქტიურებულიყო. პროდიუსერის ფუნქციებიც თავის თავზე აიღო. დაიწყო მონტაჟში ჩარევა და ასე შემდეგ....

- როდესაც პოსტი დაწერეთ, ფსიქოლოგიური ძალადობა ახსენეთ... ეს რაში გამოიხატებოდა?

- ნელ-ნელა დაიწყო ფსიქოლოგიური ძალადობა, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ რაც არ უნდა გაგვეკეთებინა, მუდმივად საყვედურებს ვიღებდით. თუ რაღაც ვერ მოვიფქრეთ, რატომ ვერ მოიფიქრეთ? თუ რაღაც მოვიფიქრეთ - ეს რატომ მოიფიქრეთ, ვინ მოიფიქრა ეს "სისულელეო"... ოღონდ ამ ყველაფერს უცენზურო ლექსიკით ამბობდა, ისე, რასაც აქ ვერ ვიტყვი. არც ამაზე გვქონდა პრობლემა, ასე მეტყველებს და თავისი საქმეა, მაგრამ ჩვენს შრომას ხაზს უსვამდა, მხოლოდ თავის მართლებაში ვიყავით. თუ ოდნავ სადმე რაღაც ისე არ იქნებოდა, ეს ჩვენი ბრალი იყო, თუ მაღალ რეიტინგს დაწერდა - მისი დამსახურება. ეს ყველაფერი დიდი ფსიქოლოგიური წნეხი იყო. გადაცემის ჩაწერისას, ჩვენ ხომ საეთეროში ვიყავით მასთან "ყურზე" და სტუმრის თანდასწრებითაც არაერთხელ ყოფილა, რომ გვიყვიროდა - ეს რა დაგიწერიათ, ეს ვინ გააკეთა, მე ამას არ წავიკითხავო...

- ამ ყველაფრის შემდეგ, რა იყო ბოლო წვეთი, რამაც გადაცემიდან წამოსვლის გადაწყვეტილება მიგაღებინათ?

ეკა:

- ახალ მენეჯმენტთან გვქონდა შეხვედრა დანიშნული. შეხვედრის წინ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა "სთორად" ვიდეო ნინუცა მაყაშვილის სტუმრობიდან და დაწერა, - თუ ამ ხალხს ან ტელევიზია ესმის, ან შოუს კეთება, ეს როგორ უნდა ამოეჭრათო. საათნახევრიანი გადაცემიდან რომ 45 წუთი უნდა დატოვო, რაღაცებს ამოჭრი, აბა, რა იქნება. რა გადაცემაც გვქონდა და რაც მოყვებოდა, ძალიან კარგად ვიცოდით. მერე ახალ მენეჯმენტთან შეხვედრისას, 15 ადამიანი ვიყავით შეკრებილი, ზოგიერთს საერთოდ პირველად ვხედავდით და ამდენი ხალხის თანდასწრებით დაიწყო აგრესია ჩვენს მიმართ - ეს ამოჭრეს და რატომ ამოჭრეს, ცუდი სტუმარი მომიყვანეს და ასე შემდეგ. მერე ბოლოს ძალიან უხამსი და შეურაცხმყოფელი სიტყვები მივიღეთ, თან მაღალ ტონალობაში, არც გვინდა გამეორება. ამ ყველაფრის შემდეგ, ჩვენს ერთ-ერთ თანამშრომელს იმპერატიული ტონით მიწერა, - სად არის სცენარიო?

- არხის მენეჯმენტისგან რა რეაქცია მოჰყვა ამ ყველაფერს?

- დღეს გვქონდა შეხვედრა არხის მენეჯმენტთან. მათ ამ ეტაპზე სრულიად ჯანსაღი პოზიცია გამოხატეს და მათთვისაც მიუღებელია თანამშრომლებთან ამ ფორმით ურთიერთობა. შეგვპირდნენ და ახლა ველოდებით ოფიციალური ფორმით ამ ყველაფრის საჯაროდ გაცხადებას.

ქეთი:

- ძალიან შეურაცხყოფილები ვართ. ამხელა სტრესული მუშაობის შემდეგ, პირად შეურაცხყოფაზე გადადის, რაც ძალიან გულსაწყვეტია. რესპონდენტებზე თამამად ვიტყვი, რომ ყველა გვირეკავდა, როგორც გუნდს და მადლობას გვიხდიდა. სტუმრების დამოკიდებულება იყო ის, რაც გვაბედნიერებდა და გვაძლებინებდა.

ავტორი: ხათუნა კორთხონჯია